რატომ თქვა უარი გიგი უანდერმა ამერიკაში მაღალანაზღაურებად კონტრაქტზე და სად იმღერა მისი აკომპანემენტით სტივ უანდერმა
შეიძლება, გიგი ჭიპაშვილის სახელი ბევრისთვის ნაცნობი არ იყოს, მაგრამ, როგორც კი გიგი უანდერს გაიგებენ, მაშინვე მიხვდებიან, ვისზეა საუბარი. უკვე წლებია, მას ასე იცნობენ. ალბათ მიხვდით რომ, ამ ფსევდონიმის მთავარი მიზეზი სტივ უანდერის დიდი სიყვარულია. გიგი უანდერად თანაკურსელებმა მაშინ „მონათლეს,” როცა ბერკლიში სწავლობდა და მას შემდეგ სწორედ ამ სახელით იცნობენ.
გიგი უანდერი: 161-ე სკოლაში ვსწავლობდი, მე-8 კლასიდან კი მუსიკალურ ათწლედში გადავედი. ამის შემდეგ კონსერვატორიაში ჩავაბარე და ბაკალავრი გავხდი. მერე ბოსტონის კონსერვატორიიდან მომივიდა მოწვევა და იქ წავედი მაგისტრატურაში. რომ ჩავედი, ძალიან სერიოზული კონკურსი იყო, მაგრამ 700 მონაწილიდან 3 კაცში ამირჩიეს. ეს კლასიკური მუსიკა იყო, მერე კი, ბერკლიში, პოპმუსიკისა და ჯაზის სკოლაში 7 000 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას და ოთხნი აგვირჩიეს. მართლა ძალიან გამიმართლა.
– ბერკლიში რამდენ ხანს იყავი?
– ორი წელი. კიდევ ვაპირებ წასვლას. ზამთარში გამოცდა უნდა ჩავაბარო, მაგრამ, უკვე სხვა განხრით. იანვრამდე აქ ვარ, ამჯერად კი ჯაზ-ფესტივალისთვის ვემზადები.
– ვიცი, რომ აჩიკო ნიჟარაძის ბენდში უკრავ. ჯგუფი „siti lifi” როგორ შეიქმნა?
– აჩიკომ მითხრა ერთხელ, ცოცხალი ბენდი მინდა ძალიანო. მართალია, აჩიკოს ბავშვობიდან ვიცნობდი, მაგრამ, ყველაზე მაგარი ის იყო, რომ მას მუსიკოსი კი არა, საერთოდ სხვა პროფესიის ვეგონე. მე დაგეხმარები-მეთქი, რომ ვუთხარი, გაუკვირდა. მართლა დავეხმარე – 10 დღეში უკვე 5 მუსიკოსი გვყავდა.
– როგორც ვიცი, ერთ-ერთ კონკურსზე სხვა მუსიკოსი გავიდა შენი დაწერილი სიმღერით, რადგან თავად არ შეგეძლო მონაწილეობის მიღება. მან გაიმარჯვა, მაგრამ, სამწუხაროდ, შენი სახელი იქ არ დაფიქსირებულა.
– სხვათა შორის, მსგავსი რამ კიდევ მოხდა: ტეხასში არის ერთი კონკურსი, სადაც 3 000 სიმღერა იყო გატანილი. რადგან ამერიკის მოქალაქე არ ვარ, მონაწილეობის უფლება არც იქ მქონდა. ჩემი კომპოზიციით მეგობარი გავუშვი, რომელიც გიტარისტია. საბოლოოდ, ერთი გოგო და ეს ბიჭი აირჩიეს.
– ახლა როგორ იქნება საქმე?
– მგონი ამ შემთხვევაში მოხერხდება, ფესტივალზე წავიდე. იქაური არ ვარ, მაგრამ, ყველანაირად ვეცდები, სიმღერაზე ჩემი გვარი დაიწეროს. ამერიკაში რომ ვიყავი, ბიჭებმა მომისმინეს და კონტრაქტი დამიდეს, რომლის მიხედვითაც, თვეში, ყველა ვარიანტში 7 000 დოლარი უნდა გადაეხადათ, არ ჰქონდა მნიშვნელობა, კონცერტი იქნებოდა თუ არა. მერე მე ფილადელფიაში წავედი – გაკვეთილები მქონდა იქ. საბუთი რომ მომივიდა, რომ მათ ჯგუფში მიღებული ვიყავი, ვიზაც გამზადებული იყო და ყველაფერი. ბოლოში კი ეწერა, რომ, ან „გრინ კარტა“ უნდა მქონოდა, ან მათი მოქალაქეობა, მე კი არც ერთი არ მქონდა. ასე დავკარგე ეს სამსახური, მაგრამ, არა უშავს, აუცილებლად დავბრუნდები და რამეს გავაკეთებ.
– შენს ოპტიმიზმში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რადგან, სადაც ბედი სცადე, ყველაფერში გაგიმართლა.
– სხვათა შორის, ვერც იმას ვიტყვი, საქართველოში არ გამიმართლა-მეთქი. ვოკალისტი არ ვარ, 24 საათი რომ ვჩანდე. მართლა ძალიან გამიმართლა, როგორც პიანისტს. „ბრავო რეკორდსმა” ითამაშა დიდი როლი, სადაც ალბომი ჩავწერეთ. ეს მათთვისაც პირველი პროექტი იყო. მერე „ფეის კონტროლში” დამპატიჟეს სტუმრად – მოთხოვნადი, ახალი სახე ხარო, მითხრეს. მას მერე იქ ხშირად ვარ. გამართლება ბედის ბრალიც არის და ცოდნისაც – ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. ბევრი შრომაა ჩადებული ჩემში – უცხოეთში ისეთი პედაგოგები მყავდა, ისეთ ხალხთან მქონდა კონტაქტი და მასტერკლასები, არ არსებობს, ეს ყველაფერი დაკარგულიყო. მასტერკლასები მქონდა არეტა ფრანკლინთან, ბილი ჯოელთან, ალისია ქისთან, ჯორჯ ბენსონთან და ასე შემდეგ.
– თითქმის ყველა ბავშვს ეზარება მუსიკაში მეცადინეობა. შენს შემთხვევაში როგორ იყო?
– გაკვეთილებზე ძალით არ მატარებდნენ, სახლში კი მართლა მეზარებოდა მეცადინეობა. სმენით რასაც ვუკრავდი, ვუკრავდი, მაგრამ, ნოტებით რაც უნდა მესწავლა, ეს უკვე დეიდაჩემის დიდი დამსახურებაა. ორი წელი მართლა ძალით ვსწავლობდი, მერე კი უკვე სერიოზულად მოვკიდე ხელი.
– თბილისში გიგი უანდერად გიცნობენ და შენი ნამდვილი გვარი არც იციან. ფსევდონიმი სტივ უანდერის სიყვარულით შეირჩიე?
– უანდერი ბავშვობიდან მიყვარდა. ამერიკაში რომ ვიყავი, სულ მინდოდა მის კონცერტზე დასწრება, მაგრამ ძალიან იშვიათად ატარებს კონცერტებს. ბოლოს 2008 წელს ჰქონდა ტურნე. მაშინ მხოლოდ ბილი ჯოელის კონცერტზე მოვახერხე დასწრება. ერთ ღამესაც, ჩემმა მეგობარმა დამირეკა, უანდერმა კონცერტის ჩატარება გადაწყვიტა, თან, ჩვენს უბანთან ახლოსო. გავგიჟდი. წავედით იმ დარბაზში. მენეჯერმა გვითხრა, მოლაპარაკება მიდის, მაგრამ, ჯერ ზუსტად არ არის გარკვეულიო. ერთ დღეს სახლში ვბრუნდებოდით და გზის მოპირდაპირე მხარეს უანდერის აფიშას მოვკარით თვალი. მოძრაობა დავარღვიეთ, ტრასიდან გადავუხვიეთ და მივედით იმ დარბაზში, სადაც უანდერის კონცერტი იგეგმებოდა. გვითხრეს, ბილეთები ორ კვირაში გაიყიდებაო. ამაზე სულ გავგიჟდი – მერე რომ ვეღარ ვიშოვო-მეთქი? გამოვართვი ტელეფონის ნომერი და ათი დღის შემდეგ დავურეკე – გახსოვარ-მეთქი? რა დამავიწყებს შენს თავს, რაც შენ ილაპარაკეო, – მითხრა. ბილეთები დავჯავშნეთ, კონცერტსაც დავესწარით და ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით. დარბაზში რომ ვისხედით, ვიღაც ტიპი მოვიდა და თქვა, უანდერს მიღება აქვს, ხალხი ელოდებაო. მაშინვე გავვარდი. დაცვის ბიჭს რომ ვკითხე, რა ხდება-მეთქი, მიპასუხა, 18 კაცს მიიღებს და მათთან ფოტოებს გადაიღებსო.
– ეს 18 ადამიანი როგორ შეირჩა?
– 1 500 დოლარი ღირდა პირველი რიგის ბილეთები. ყველა არა, მაგრამ რამდენიმე ადამიანი, ვისაც პირველ რიგში ჰქონდა ბილეთები, სამახსოვრო ფოტოებსაც გადაიღებდნენ უანდერთან. რიგი არ ვიცი, აუცილებლად უნდა შემიშვათ-მეთქი, – ვეუბნებოდი დაცვის ბიჭს. გაიხედე უკან, ვერ ხედავ, რიგში 4 000 კაცი დგას, სად უნდა შეგიშვაო. ანუ, თურმე, თუ სტიკერი გქონდა, მაშინ შეძლებდი სტივთან ფოტოს გადაღებას. მერე სტიკერის ძებნა დავიწყე, რადგან მე 1 500-დოლარიანი ბილეთი ნამდვილად არ მქონდა ამ კონცერტზე. მივედი და ვიღაცას ვთხოვე, სტიკერი მომეცი-მეთქი. ისე შემომხედა, მგონი, გიჟი ვეგონე. ამან რომ არ გაამართლა, ისევ დაცვასთან მივვარდი – აუცილებლად უნდა შემიშვათ, უანდერის ისეთი ფანი ვარ, მკლავზე მისი ტატუც კი მაქვს გაკეთებული-მეთქი და ვაჩვენე. კაცი გაგიჟდა – თეთრკანიანმა შავკანიანის ტატუ როგორ გაიკეთეო. ტვინი რომ შევუჭამე, ბოლოს მკითხა, ვინ ხარ, ბოლოს და ბოლოს, მითხარიო. არავინ, სტუდენტი ვარ, ბერკლიში ვსწავლობ-მეთქი. აი, ბერკლი რომ გაიგო, ერთი წუთი დამელოდეო, მითხრა, სადღაც შევიდა და უკან სტიკერით ხელში გამოვიდა, სტიკერი მომაკრო და შემიშვა.
ოთახში სტივი რომ შემოვიდა, ისე გავგიჟდი, მისკენ გავიქეცი. დაცვამ გამაჩერა – ჯერ არ არის შენი დრო, დაიცადეო. ჩემი რიგი რომ მოვიდა, სტივს მივვარდი და გადავეხვიე. უანდერის შვილმა რომ დამინახა, გაგიჟდა. როგორც წესი, ხალხი მხოლოდ ფოტოს იღებს, მადლობას უხდიან და მიდიან; მე კი გავექანე, გადავეხვიე და ვკოცნიდი, ტატუზე ხომ საერთოდ გაგიჟდნენ. მერე ვუთხარი, ისე არ წავალ, რამე რომ არ დაგიკრათ-მეთქი. მისი სიმღერის დაკვრა რომ დავიწყე, უანდერი ადგა – მიკროფონი ჩამირთეთო და ამყვა. მოკლედ, ოთხი სიმღერა დამაკვრევინა, სტივი გვერდით მედგა და მღეროდა. მერე შვილმა მითხრა, ბაღში გადი და არ წახვიდეო. ზუსტად 20 წუთში სტივ უანდერი შვილთან და მუსიკოსებთან ერთად გამოვიდა. შვილმა ყველა გამაცნო. ჩემი გეგმების შესახებ მელაპარაკნენ, უანდერმა რჩევებიც მომცა, რაც მართლა გავითვალისწინე.
ახლახან დუბაიშიც ვიყავი უანდერის კონცერტზე. მისმა მუსიკოსებმა სასტუმროში რომ დამინახეს, გაგიჟდნენ – აქაც შენ ხარო?! 24 საათი ერთად ვიყავით.
– უანდერთან გადაღებული ფოტო თუ გამოგიგზავნეს?
– კი, როგორ არა. ერთი სურათი ბარში გადავიღეთ და ის არ გამოუგზავნიათ – სად დაიკარგა, ვერ გავარკვიე. ამოჩემებული კი არ მყავს, უბრალოდ, ჩემთვის სტივ უანდერი ყველანაირად დახვეწილია და მუსიკალურად ახლოს არის ჩამთან, თორემ, პოლ მაკარტნიც ანალოგიურად მიყვარს, ბილი ჯოელიც და კიდევ რამდენიმე მუსიკოსი. სხვათა შორის, ბილი ჯოელზეც იგივე ჩავატარე – მივვარდი, ვაკოცე და ველაპარაკე.
– ბილი ჯოელს სად შეხვდი?
– ბერკლიში ორსაათიანი ღია გაკვეთილი ჩაგვიტარა. ძალიან მაგარი იყო.
– როგორ წარმოგიდგენია შენი თავი 5-10 წლის შემდეგ?
– 5-10 წელიწადში სად ვიქნები, მართლა არ ვიცი, მაგრამ, ის კი ვიცი, იმდენს ვისწავლი და იქამდე მივალ, რომ დედამიწის ნებისმიერ წერტილში, მუსიკალური თვალსაზრისით, ყველას დავჭირდე. იმ დონეზე მაინც მივალ, რომ ჟიურიში დავჯდე, ვიღაცას მოვუსმინო და ობიექტურად შევაფასო, რომ არ დაიჩაგროს. ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის ხარისხი და პროფესიონალიზმი იქნება, რაც ახლა მართლა არ არის საქართველოში. კონკურსი მართლა არ მესწავლება, რადგან, საქართველოშიც და მის გარეთაც, 24 კონკურსზე მაქვს მონაწილეობა მიღებული. მაგრამ, ვიცოდი, სად რას ვუკრავდი. ისიც წინასწარ ვიცოდი, ჟიური წინასწარ რას მეტყოდა. მომზადებული ვიყავი და ვიცოდი, კონკრეტულ პიროვნებას რა მოსწონდა. მაგალითად, გურევიჩის კონკურსზე მასწავლებელს ვეუბნებოდი, გამიშვი და გავიმარჯვებ-მეთქი. მართლაც ასე მოხდა. თუმცა, ზოგჯერ ისიც მითქვამს, ამ კონკურსზე არ გავალ-მეთქი. ალბათ, ეს გრძნობა წინასწარ მოდის. ისეთი პედაგოგები მყავდა აქაც და იქაც, სხვანაირად არც შეიძლება, მოხდეს. მაგალითად, „კოკა-კოლას“ სარეკლამო მუსიკა ვისი დაწერილიც არის, ისიც მასწავლიდა. ერთხელ ჩემი დაწერილი მუსიკა მოვასმენინე, რომელიც ძალიან მომწონდა. მოუსმინა და გვერდზე გადადო – ეს არავის არასდროს არ მოასმენინო, რადგან აქ არასდროს გახდება პოპულარულიო. ამ დროს, მოიტანდა რაღაც საშინელებას, რაც, თავადაც კარგად იცოდა, რომ არ ვარგოდა, მაგრამ, იტყოდა, ნახეთ, რა მაგარი პოპულარული გახდესო და მართლაც ასე ხდებოდა.
– ალბომის გამოშვებას არ გეგმავ?
– სხვათა შორის, არც ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ, „საქართველოს ბანკის” წარმომადგენელმა დამირეკა – გვითხარი ალბომი რა ჯდება, გაფინანსებთო. გავგიჟდი. დუბაიში, უანდერის კონცერტზე რომ წავედი, მაშინაც „საქართველოს ბანკმა” დამაფინანსა. არც ამას ველოდი. თვითონაც წავიდნენ – უანდერი ჩვენც გვიყვარს და შენ როგორ დაგტოვებდითო.
– დღეში რამდენ საათს უკრავ?
– ადრე 10-12 საათს ვუკრავდი ხოლმე, მაგრამ ახლა დღეში ორი საათი ვმეცადინეობ.