რის გამო მოუწია საყვარელ ადამიანთან „იძულებითი“ დაშორება სალომე ბაკურაძეს და როდის ითვალისწინებს ის მის ნათქვამს
მომღერალი სალომე ბაკურაძე იმდენად კომუნიკაბელური და თბილი ადამიანია, რომ მის გვერდით არავინ მოიწყენს. ის საკმაოდ აქტიურიცაა. როგორც თავად ამბობს, თავს ბედნიერად გრძნობს, საყვარელი ადამიანის მხარდაჭერაც არ აკლია და თავის საყვარელ საქმესაც სიამოვნებით აკეთებს. თუ რა სიახლეებია მისკენ, რატომ მოუწია შეყვარებულს ორი თვით „იძულებით“ დაშორებოდა და რატომ იკავებს თავს გათხოვებაზე, ამაზე თავად გვესაუბრება.
სალომე ბაკურაძე: რადგან ცოცხალი ვარ, ჯანმრთელი და აქტიური, ეს უკვე ნიშნავს, რომ იღბალი მწყალობს. ისე, დავაკვირდი, ამ ბოლო დროს, ხშირად მეუბნებიან – სალომე, როგორი იღბლიანი ხარო (იცინის). მადლობა ღმერთს, რომ ეს მართლაც ასეა. ვის რას ვუშავებ, ვიყო ბედნიერი. დაკვირვებული ვარ, თუ დილა კარგი განწყობით დავიწყე, ის დღე ძალიან იღბლიანი მაქვს. მაგრამ, თუ დილიდანვე მოვიღუშე, მაშინ საღამომდე ასე ვივლი. ასე რომ, თავს ბედნიერად მივიჩნევ, გარშემო მყოფები კარგად მყვანან, საყვარელი ადამიანიც გვერდით მიდგას და აქტიურად ვაკეთებ საყვარელ საქმეს.
– ამბობენ, შეყვარებულ ადამიანს თვალები სხვანაირად უციმციმებსო.
– მართალია, შეყვარებულიც ვარ და თვალებიც მიციმციმებს. ასეც უნდა იყოს, აბა, რა (იცინის). როცა ადამიანს სიყვარული შეგიძლია, ეს ბედნიერებაა და ამ დროს თვალებიც უნდა გიციმციმებდეს, გონებაც და საერთოდ მთელი სხეულიც. თუ გიჟობა და აფეთქებები არ არის, ორი შეყვარებული ადამიანის ცხოვრებაში, ასეთი ურთიერთობისა და სიყვარულის არ მწამს.
– ესე იგი, სიყვარულის დროს აფეთქებებიც „მოსულა“?
– სულ აფეთქებული შეყვარებული ადამიანი ჩემს მტერს, მაგრამ ხანდახან აფეთქებებიც „მოსულა“. ასეთი ფეთქებისა და გიჟობის პერიოდები ყველა ადამიანს აქვს და მას ვერავინ უარყოფს. თუ აფეთქება გინდა, უნდა აფეთქდე და თავი არ მოთოკო. თუმცა, ორ შეყვარებულ ადამიანს, გარდა ამ აფეთქებებისა და გიჟობისა, ბევრი დაფიქრებაც სჭირდება. მე და ვასკა ასე ვართ – ხან ვგიჟობთ, ხან ვფეთქდებით, ხან ერთმანეთს ვყვებით ზედ და ხანაც სერიოზულად ვაზროვნებთ. სიყვარული აწყობილი ურთიერთობაა და აქ აკრძალვები არ „მოსულა“. რჩევა და გათვალისწინება, კი ბატონო.
– დავიჯერო, ვასკას შენთვის რაიმე არ აუკრძალავს?
– კატეგორიული აკრძალვისა რა გითხრათ, მაგრამ, მაგალითად, უთქვამს აქ არ წახვიდეო. მეც რომ დავფიქრებულვარ მის სიტყვებზე, მივმხვდარვარ, რომ იქ წასვლა, მართლაც არ ღირდა ჩემთვის და მისთვის დამიჯერებია. ეს ჩვეულებრივი მომენტია. ხომ იცით, თუ ადამიანს გულით უყვარხარ, ის ცუდს არ გირჩევს. ვასკა რეალურ შოუში – „შეგირდში” იღებდა მონაწილეობას. ძალიან განვიცდიდი და ვნერვიულობდი მასზე. ახლა ვხვდები, რას განიცდიდნენ ახლობლები, როცა მე გამოვდიოდი სცენაზე კონკურსში. მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა თავად რომ მომიწია ვასკაზე ნერვიულობა, მივხვდი, რა რთული ყოფილა ამის განცდა. ვუთხარი კიდევაც ვასკას, ახლა ვხვდები, თურმე ჩემზე როგორ ნერვიულობდი-მეთქი და გაეცინა. მთელი ორი თვე და ერთი კვირა „იძულებითი” დაშორება გვქონდა და გიჟურად განვიცდიდი. (იცინის).
– მერე, როგორ გაძელი ორი თვე და ერთი კვირა საყვარელი ადამიანის გარეშე?
– მართალია, გავძელი და არა – მივეჩვიე მის გარეშე ყოფნას. აი, ეს არის მთავარი. თავისი კარიერისა და საქმისთვის ასე იყო საჭირო და მე ეს კარგად გავითავისე. მე ჩემი მხრიდან ვგულშემატკივრობდი. ისიც ასეა. ყოველთვის გვერდით მიდგას, მგულშემატკივრობს და ჩემი წარმატებების ოთხმოცდაათი პროცენტი, სწორედ ვასკას დამსახურებაა. ის დიდ სტიმულს მაძლევს. როცა ეთერში არ გადიოდა, სულ იმას ვფიქრობდი, ნეტავ, ახლა რას აკეთებს-მეთქი (იცინის). რომ დამირეკა და მითხრა, პროექტი დავტოვეო, მეგონა, მატყუებდა. მისი შესაძლებლობები ვიცი და მეგონა მეტს მიაღწევდა. თუმცა, ეს პროექტი შოუა და მასში მონაწილეობაც დიდი გამოცდილებაა.
– ამ პროექტიდან გამომდინარე, რა აღმოაჩინე საყვარელ მამაკაცში ისეთი, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდი?
– რა დავინახე და უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე აკეთებს – ნიჭიერია, თავშეკავების უნარი აქვს, დიდი ადამიანობა გააჩნია, სწორად აკეთებს საქმეს, სწორად აზროვნებს, ადამიანს არ გაწირავს პირადი სიამოვნების გამო და მომავალი წინ აქვს. საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველაფერი ადამიანურ ურთიერთობებზეა აწყობილი და თუ ეს თვისება გაგაჩნია, აუცილებლად წარმატებული იქნები. ვასკა კარგი პიროვნებაა და მის გვერდით მსიამოვნებს ყოფნა.
– რატომ არ ჩქარობთ ოჯახის შექმნას?
– არ ვიცი. ამ თემაზე არც ვსაუბრობთ. უკვე ხუთი წელია, ვიცნობთ და გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ჯერჯერობით არ ვჩქარობთ სიყვარულის დაკანონებას. თუ გადავწყვეტთ, ქორწილს არ გამოგაპარებთ (იცინის).
– სალომე, ის რომ მამაკაცისთვის იყო ყოველთვის სასურველი, ამისთვის ქალის მხრიდან თამაში ღირს?
– ცხოვრებაში თამაში გვინდა თუ არა, მაინც გვიწევს. მაგალითად, შეიძლება, ვინმეს მიერ ნაჩუქარი რამე არ მოგეწონოს, მაგრამ არ შეიმჩნიო და ისე დაიჭირო თავი, ითამაშო, თითქოს ძალიან მოგეწონა. ეს ელემენტარული ეტიკეტია. ეს ბოროტული თამაში არ არის. უბრალოდ, იმ ადამიანის განაწყენებას ერიდები. მაგრამ, ქალის მხრიდან საყვარელი მამაკაცის მიმართ თამაშის, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ, ყველაფერზე უნდა საუბრობდე მასთან, ენდობოდე, გიყვარდეს. ემოციების მოთოკვა უნდა შეგეძლოს ამ მხრივ. თუმცა, მე იმდენად ემოციური ვარ, მის მოთოკვას ვერ ვახერხებ (იცინის). თუმცა, საკმაოდ გულახდილი ვარ და ეს ჩემი პლუსია.
– დავიჯერო, შეყვარებულისთვის თაყვანისმცემლის არსებობა არ დაგიმალავს?
– (იცინის). კი, როგორ არ დამიმალავს. უბრალოდ, არ მინდა, რამე ეწყინოს, ცუდად მიიღოს და ამიტომ არ მითქვამს. ვუფრთხილდები, რაიმე პრობლემა არ შეემთხვას ჩემ გამო და ამიტომ, არ ვეუბნები. ტყუილი რა შუაშია?
– ეჭვიანი თუ ხარ და ეჭვიანობის გამო თუ აფეთქებულხარ?
– ეჭვიანი ვარ, მაგრამ ამ დროს არ ვფეთქდები და არც სკანდალებს ვაწყობ, სხვათა შორის, ვასკა როცა ჩინეთში სწავლობდა და ერთი წელი ჩემგან შორს იყო, მაშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე ეჭვიანი ვყოფილვარ.
– ჩინელ გოგონებზე ეჭვიანობდი?
– არა, ჩინელებზე არა. იმ სასწავლებელში მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იყვნენ გოგონები ჩასული. თუმცა, რომ მირეკავდა, სულ ვეუბნებოდი, არ ჩაიკეტო და გაერთე-მეთქი, ყურმილს რომ ვკიდებდი, მერე ვიწყებდი ნერვიულობას და ეჭვიანობას (იცინის).
– ის თუ ეჭვიანობს შენზე და გაჩვენებს ამას?
– არა, არ ეჭვიანობს. ერთადერთი, თუ საჭესთან ვზივარ და მობილური რეკავს, ბრაზდება რომ ვპასუხობ. მაგრამ, თუ მესიჯის აკრეფა დავიწყე, სულ მთლად ცოფდება (იცინის). აი, ამ დროს ჩხუბობს. ისე, როცა მშია, საჭესთან შემიძლია, ისე მოვულხინო, თქვენი მოწონებული. ერთხელაც, ძალიან მშიოდა. საჭესთან ვიჯექი, ერთ ხელში მჭადი მეჭირა, მეორეში ყველი და ისე მშიოდა, მგელივით ვჭამდი. უცბად, მანქანა გამომიხტა გვერდიდან და ძალიან ცუდი მანევრი გააკეთა. ვასკა კინაღამ ამოხტა ტყავიდან: ე, გოგო გააგდე ეს მჭადი და ყველი და მოკიდე ხელი საჭეს, ის, მგონი, ბორშჩიანი თეფშით ზის საჭესთან და შარში არ გამხვიოთო (იცინის).