კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მანიპულირებენ მამაკაცებით სიყვარულის უდიდესი ძალის მქონე როქსანები, როგორია ზეადამიანური სიყვარული და რაშია ყველა ქალის ბედნიერება



„სირანო დე ბერჟერაკი” – მსოფლიოს წამყვანი თეატრების სიამაყე, ამჯერად მუსიკისა და დრამის თეატრში დათო დოიაშვილის მიერ დაიდგა. ედმონ როსტანის უნიკალურად ნათარგმნი პოეზია, საოცარი სცენური დეკორაციები და კოსტიუმები ისე გაჯადოებს, გავიწყებს, რომელ ეპოქაში ცხოვრობ. დოიაშვილის „სირანოს” ერთ-ერთი განსაკუთრებულობა ხუთი როქსანაა, თეატრის უნიჭიერესი მსახიობები: ანა ალექსიშვილი, ნინო მითაიშვილი, ბუბა გოგორიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი და ნანა ბუთხუზი. ინტერვიუზე მხოლოდ ნანკა კალატოზიშვილმა ვერ მოახერხა მოსვლა.
 ბუბა გოგორიშვილი: ეს ქალი იმდენად საინტერესოა, რომ ყველა ასაკში ის არა მხოლოდ ხასიათებითა და სულიერად იცვლება, არამედ იცვლება ფიზიკურადაც. სწორედ ამიტომ უჭირს სირანოს მის მიმართ სიყვარულის გაცხადება.
 ანა ალექსიშვილი: ამოუცნობი ტიპაჟია. გგონია, რომ იცი, შეისწავლე, გაიგე, მაგრამ უცებ, რადიკალურად სხვანაირი ხდება და თავიდან გიწევს შეცნობა. ხვდები, რომ ეს ის არის, მაგრამ თან დაბნეული ხარ მისი ცვლილებით. დოის ვეთანხმებით, რომ ასეთი რამ ხდება, იმდენად იცვლება ადამიანი შინაგანად, რომ ეს გარეგნობაზეც აისახება.
– მაგრამ, ფუნდამენტურ დონეზე, ძირეულ თვისებებში ხომ იგივე რჩება?
ბუბა: ეს არის პიესა არაჩვეულებრივ სიყვარულზე, აღმატებულ, დიდ ადამიანებზე, ქალზე, რომელიც ეპოქალურად უყვართ. არსებობენ ქალები, რომლებიც ეპოქას ქმნიან, კვდებიან და მაინც უყვართ. სწორედ ასეთი ქალია როქსანა, რომელიც იცვლება, იზრდება, არის ძალიან ღრმა, ძლიერი, ნაზი და გრძნობისმიერი.
– პიესაში თითქოს არ არის საბედისწერო ქალი.
ნინო მითაიშვილი: ქმედებებითა და ხასიათით არა, მაგრამ, რეალურად, ასეთია. მას ალალი, გულწრფელი, არაჩვეულებრივი ადამიანი კრისტიანი შეეწირა.
ანა: მგონია, რომ ადამიანი, საბოლოო ჯამში, მაინც თვითონ განაგებს თავის ცხოვრებას. შემთხვევითობებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ, ჩვენს ქმედებებზე, სიტყვებზე, ყოველთვის თავად უნდა ვაგებდეთ პასუხს. ეს ქალი, უბრალოდ გრძნობებით მანიპულირებს. როდესაც იცის, რომ მამაკაცი მის მიმართ გულგრილი არ არის, თავის სასიკეთოდ აკეთებინებს საქმეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კაცი ვალდებულია, ცხოვრება ამ ქალის გამო შეცვალოს. ბოლოს გამოდის, რომ ჩვენსავე წამოწყებულ თამაშში თავადვე ვიხლართებით.
– პირველი როქსანა ანაა?
– დიახ, მე ვარ ღერძი და ჩემგან გამომდინარეობს ყველაფერი. როგორიც იქნება დასაწყისი, ისეთივე იქნება დასასრული.
ნინო: ჩვენ მაინც არაჩვეულებრივ ადამიანებზე ვსაუბრობთ. არიან ქალები, რომლებსაც აქვთ სილამაზე, ინტელექტი, ჭკუა, სოციალური სტატუსი, მაგრამ ძალიან უჭირთ ცხოვრების მოწყობა. არ ვიცი, როქსანას შემთხვევაში ეს ალბათ, სიამაყის გამო მოხდა – არ მოვა და არ გეტყვის, შემომხედე, მიყვარხარო... ის ითხოვს, რომ მისით აღფრთოვანებულები იყვნენ და სულ სიყვარულს ეფიცებოდნენ.
ანა: რომ მიყვარდეს, მივალ და ვეტყვი, მაგრამ როქსანა არ იზამს ამას.
– ხუთივე როქსანა განსხვავებულია, მაგრამ ერთმანეთისგან, ალბათ, მაინც ძალიან ბევრი რაღაც აიღეთ.
ბუბა: რა თქმა უნდა, სულ ვუყურებდით ერთმანეთს. სანამ სახეცვლილებას განიცდის ეს ქალი, წინამორბედისგან „შლეიფად“ მოჰყვება მისი ხასაითის, ჟესტების, მიმიკების პატარ-პატარა ნაწილები, მერე უკვე შენსას აკეთებ.
ანა: მიუხედავად იმისა, რომ მე ვიწყებ, აბსოლუტურად ყველას ვუყურებდი რეპეტიციების დროს და ვცდილობდი, რომ ყველასგან რაღაც ისეთი ამეღო, რომ ამ ქალის ერთიანობა არ დაგვერღვია.
– ნანას კულმინაცია როგორია?
ნანა ბუთხუზი: ბოლო მოქმედება არის იმ ყველაფრის რეზიუმე, რაც მანამდე სცენაზე ხდება. 14 წლის მერე როქსანა რადიკალურად იცვლება – ის მონასტერშია, ეტლში ზის და კრისტიანს ელაპარაკება, რომელიც ომში მოუკლეს. ელოდება სირანოს, რომელსაც ასე უწოდებს ჩემი გაზეთი ხარო. ასაკი ეტყობა, წინამორბედი როქსანები ძალიან ლამაზები არიან, მე ლამაზი არ ვარ. თითქოს აბსოლუტურად სხვა სპექტაკლი იწყება მეხუთე მოქმედებაში. ჩემთან როქსანას სრული სახეცვლილება ხდება. ოთხი მოქმედების განმავლობაში დაგროვილი ეჭვები ქრება, იფანტება და როდესაც ნამდვილ სიყვარულს აღმოაჩენს, მაშინვე კარგავს. ჩემს როქსანას მკვდარი კრისტიანი უკვარს და ამბობს: მკვდარი არ არის! მე გარს მახვევია სიყვარული, რომელიც ცოცხალია! – და ის მართლაც ცოცხალია...
ნანა: ზურა ყიფშიძე თამაშობდა სირანოს როლს და ჩვენთვის ეს დიდი ამბავი იყო. ძალიან ცოტა ახალგაზრდა მსახიობს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მასთან ერთად სცენაზე იდგეს და თან მისი სრულუფლებიანი პარტნიორი იყოს. ყოველი ჩვენგანისთვის, სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს იყო უდიდესი სკოლა. ეს არ შედგა და პირადად მე სპექტაკლზე მუშაობის გაგრძელება ამ „იყო და არა იყო რას“ გამო გამიჭირდა. საბოლოოდ, იმედამ გადასარევად გაართვა თავი ამ რთულ დავალებას, მაგრამ, ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ეს სპექტაკლი ზურა ყიფშიძესთან ერთად მაინც შედგება.
ნინო: მართლა რთული პერიოდი ჰქონდა იმედას. ძალიან ძნელია, როდესაც ზურა ყიფშიძის გვერდით დგახარ სცენაზე, სრულიად სხვა როლს ასრულებ, მისი პარტნიორი ხარ და, უცებ, მას უნდა ჩაენაცვლო. ბევრი იშრომა და შედეგიც მივიღეთ.
– შეგიძლიათ, საკუთარ თავთან გააიგივოთ როქსანა? რა კვალი დატოვა გმირის ხასიათმა თქვენზე?
– არ არსებობს როლი, რომელშიც შენსას არ დებ, მაინც შენი თავიდან გამოდიხარ და მერე ისიც თავისას გაძლევს. ეს გაცვლა შეუქცევადია. მსგავსებას რაც შეეხება, როქსანა ჩემი ხასიათისგან რადიკალურად განსხვავებულია, თუმცა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია, ძალიან მიყვარს.
ბუბა: თავიდანვე ვიცოდით დოისგან, რომ სხვადასხვა აქტში როქსანას სხვადასხვა მსახიობი ითამაშებდა. როდესაც ის პიესას კითხულობდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მესამე აქტი ჩემი იქნებოდა. ყოველთვის მეგონა, რომ ეს უფრო რომეო და ჯულიეტას აივნის სცენის მსგავსი აქტია, ძალიან რომანტიკული, სენტიმენტალური... ასეთი არასდროს ვყოფილვარ და ვფიქრობდი, რომ ასეთ როლს თავს ვერ გავართმევდი. არ ვარ ჯულიეტა. ჯულიეტად უნდა დაიბადო, ვერ გახდები. ჩემი ჯულიეტა საინტერესო არ იქნებოდა. ვუთხარი კიდეც, რომ ვერ წარმომედგინა ეს ყველაფერი. მაგრამ, დიდი რეჟისორები ყოველთვის იმასაც ხედავენ შენში, რაზეც თვითონ წარმოდგენა არ გაქვს. დიდი მადლობა მას, რომ კიდევ ახალი რაღაცეები აღმომაჩენინა საკუთარ თავში.
– ხარ რომანტიკული?
– რომანტიზმი ძალიან დიდი დოზით არის ჩემში: მიყვარს პოეზია, ბუნებაში ყოფნა, ფიქრი, სიარული და ამ დროს როლზე მუშაობა. თუმცა, ნაზი, რომანტიკული ქალის თამაში ვერ წარმომედგინა. მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, როქსანა ძალიან ძლიერიცაა. რაღაცნაირად, ყველაფერი გაერთიანებულია მასში. როქსანასავით ხშირად ვხდები ჩემი ოცნების მსხვერპლი. ვაიდეალებ რაღაცას, წარმოვიდგენ და დავხატავ ვარდისფერ ფერებში და მერე ველოდები, როდის ახდება. ქალები ვიღაცას შემოვსვამთ მწვერვალზე და შემდეგ თავად არ ვაძლევთ ამ მწვერვალიდან ჩამოსვლის საშუალებას. ეს საერთო მე და როქსანას ნამდვილად გვაქვს.
ანა: მაშინ, როდესაც როლზე ვმუშაობდი, მეგონა საკუთარ თავს ვთამაშობდი, მეგონა, ყველაფერი ჩემი ჰქონდა, საერთოდ არ მქონია გაუცხოება. მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, სულ სხვა ქალია, ჩემგან რადიკალურად განსხვავებული.
– არ აქვს მას ისეთი რაღაცა, რაც გინდა, რომ ოცდამეერთე საუკუნის ქალსაც ჰქონდეს – იგივე რომანტიზმი, მოკრძალება...
– არა მგონია, რომ ეს რომანტიზმი დაიკარგა. შეიძლება, გამოხატვის ფორმები შეიცვალა, მაგრამ, ყველა დროში ადამიანებს სიყვარული ყველაზე მეტად ხდის ბედნიერს. ამ ქალში მომწონს მისი ძალა. ძალიან კარგად ხვდება, ვის, როდის, სად და როგორ უნდა მოექცეს.
ნანა: ძალა ქალში საიდან მოდის?! მას აქვს ერთი დიდი უნარი, რითაც განსხვავდება ყველა დანარჩენისგან, რის გამოც ხდება ძალიან ლამაზი, შარმიანი, მიმზიდველი – ეს არის სიყვარულის უნარი. ის არ იყო ცარიელი. ჩვენ არ ვიცით, როგორი იყო ის გარეგნობით, როგორი თვალი, წარბი ჰქონდა, მაგრამ ამბობენ, რომ ლამაზი იყო და, თან, ძალიან ჭკვიანიო. კაცები იხიბლებოდნენ მისით და რატომ?! იმიტომ, რომ მას სიყვარული შეეძლო. სულ ეძებდა რაღაც განსაკუთრებულს, ორიგინალურს, თავგადასავლებს, სავსე ცხოვრებით უნდოდა ეცხოვრა. იმიტომ თქვა უარი დე გიშზე, თუმცა, მასთან შეეძლო კომფორტულად და უზრუნველად ცხოვრება. ხიბლავდა სირანო, რომელიც მისი მეგობარი იყო თუ რა იყო, გაუგებარია. ჩემი აზრით, როქსანასთვის სირანო ყოველთვის მეგობარი იყო და ბოლოს აღმოაჩენს, რომ თურმე სწორედ ის ყოფილა ნამდვილი სიყვარული, რომელსაც მთელი ცხოვრება განიცდიდა. და მთელი ამ ქალის ტრაგედია ის არის, რომ გააცნობიერებს თუ არა ამას, მაშინვე კარგავს. სიყვარულის დიდი ნიჭი, უნარი ასხივოსნებს, ალამაზებს და აჭკვიანებს მას. სიყვარულზე დიდი სიძლიერე არც ერთ ურთიერთობაში არ არსებობს – არც მეგობრობაში, არც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში, საქმიანობაში...
– ტრაგიკულია?
– ჩემს მოქმედებაში თავიდან ბოლომდე ტრაგიზმია, მანამდე კი რომანტიკაა, ძიებაა, სურვილი, იპოვოს იდეალი. მანამდე მხოლოდ სირანო განიცდის, დანარჩენები ზერელედ უყურებენ მოვლენებს. ამ ქალმა ვერ მიიღო ის, რაც ყველა ქალისთვის აუცილებელია – შეხვდეს მამაკაცს, სიგიჟემდე შეუყვარდეს ის, გააჩინოს მისგან შვილები, იყოს კარგი დედა და ცოლი. მან კი მთელი ცხოვრება გაურკვევლობაში გაატარა. არ მგონია, რომ როქსანა სრულყოფილი ქალის სახეა. ამ ქალში ისიც უნდა დავინახოთ, თუ როგორ არ უნდა ვიცხოვროთ და ისეთი თვისებებიც აქვს, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოგვადგება.

скачать dle 11.3