რა მოხდა ლაშა ხარაზიშვილის ცხოვრებაში მისი სურვილის გარეშე და რა შანსს არ უშვებს ხელიდან სალომე გოგიაშვილი
აღმოჩნდა, რომ სალომე გოგიაშვილი და ლაშა ხარაზიშვილი ჯერ კიდევ ტელევიზიამდე დიდი ხნით ადრე იცნობდნენ ერთმანეთს – უნივერსიტეტში თანაკურსელები იყვნენ, თუმცა, სულ სხვადასხვანაირად სწავლობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წლებია, ერთმანეთს იცნობენ, კითხვები მაინც ბევრი გაუჩნდათ.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია სალომე გოგიაშვილი
– ლაშა, ვიცი, რომ ძალიან ბედნიერი ხარ, ერთ სამსახურში რომ მუშაობ.
– კი, ძალიან. შენ განსაკუთრებით გესმის ჩემი, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ.
– აი, ახალი ინფორმაციაც – თანაკურსელები რომ ვიყავით, ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცოდა. მითხარი, ეს პროფესია რომ არ აგერჩია, რას გააკეთებდი?
– იმდენად დიდი ხანია, ამ სფეროში ვარ, არ მიფიქრია სხვა საქმის კეთება. მაგრამ, ალბათ, მაინც ჰუმანიტარულ სფეროში ვიმუშავებდი, არც მათემატიკოსი ვიქნებოდი, არც ასტროფიზიკოსი და არც კოსმონავტი.
– საინფორმაციო შენ თვითონ გადაწყვიტე თუ...
– მე არ გადამიწყვეტია. დილის გადაცემა მიმყავდა „პირველ არხზე“, რომლის დირექტორიც მაშინ ზაზა შენგელია იყო. ერთ-ერთ სეზონზე მითხრა, საინფორმაციოში მინდა, გადაგიყვანოო. მეც დავთანხმდი – სიახლე იყო, მაინტერესებდა საკუთარი ძალების მოსინჯვა. მერე დავრჩი, შემოვრჩი და ამდენი წელია – „ნიუსებში“ ვარ.
– შეიძლება, მიგყავდეს საინფორმაციო, მაგრამ, შინაგანად გინდოდეს შოუს ტიპის გადაცემის გაკეთება. არ გიფიქრია ამაზე?
– მაქვს ჩემი გადაცემა – „სპეციალური რეპორტაჟი”, მაგრამ, ვხვდები, რასაც გულისხმობ – შოუს აუდიტორიით, ბევრი სტუმრით და თემების გაშლით. ქართულ ბაზარზე მსგავსი შოუ ძალიან ცოტაა და, თან, რთულიც არის, დიდი ფინანსები სჭირდება, უამრავ სხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული. თან, კარგად უნდა მოიფიქრო, ჩამოაყალიბო, რა და როგორ გინდა. ჩემს საქმეს კი იმდენი დრო მიაქვს, რომ სხვაზე ჯერ არაფერზე ვფიქრობ.
– ყოფილა ინფორმაცია, რომლის წაკითხვაც არ გდომებია და მაინც წაგიკითხავს?
– ძალიან ბევრია ასეთი ინფორმაცია. ყოველდღიურად უამრავი ისეთი ინფორმაცია მოდის, რომელიც შენ ან საერთოდ არ გაინტერესებს, ან კატეგორიულად არ ეთანხმები, მაგრამ, აქ ყველაფერი იმისთვის არ კეთდება, რომ ლაშა ხარაზიშვილს მოეწონოს. შენი ბადე გაქვს, სადაც ზის გადაცემა, რომელზეც უამრავი ადამიანი მუშაობს.
– მეამბოხე არ იღვიძებს ხოლმე შენში?
– მეამბოხე სული „ნიუსებში“ ვერ იმუშავებს. აქ ყველა იმდენად არის ერთმანეთზე დამოკიდებული: ჟურნალისტი – წამყვანზე, წამყვანი – რედაქტორზე და ასე შემდეგ, რომ, ასე გიჟივით – მე რაღაც არ მომწონსო – ბუნტი ატეხო, გამორიცხულია.
– ვერ ავუვლით გვერდს მოდელირებულ „სპეციალურ რეპორტაჟს”. ამ ფაქტზე დღემდე ლაპარაკობენ და მკითხველს, ალბათ, დააინტერესებს, რა და როგორ მოხდა? გიცნობ და ზუსტად ვიცი შენი განწყობაც და ისიც, თუ რა ცუდად იყავი იმ პერიოდში, რამდენი ბოდიშის მოხდა და თავის მართლება მოგიწია.
– კი, თავის მართლებაც მომიწია, თვითონ არხიც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იყო. ამის შემდეგ ძალიან ცუდი ტენდენცია დაიწყო. რაღაცეები არასწორად იყო გაკეთებული, გათვლილი. ხარვეზებიც იყო. ყოველ ადამიანს კონკრეტული დავალება ჰქონდა შესასრულებელი. ჩემი როლი იყო „სპეციალურ რეპორტაჟში” ჩასმული „ქრონიკის” იმიტირებული ბლოკი, რომელიც არარეალურ მოვლენებს ყვებოდა. ამიხსნეს, რატომ და როგორ კეთდება ეს გადაცემა. რაღაც მომენტში მსახიობის როლიც მქონდა, რადგან ის, რასაც ვამბობდი, რეალურად არ ხდებოდა. მერე ბევრმა მითხრა, როგორი დრამატული ყოფილხარო. სიცილით რომ წამეყვანა, რა გამოვიდოდა?! მაყურებლის ასეთ მძაფრ რეაქციას არავინ ელოდა. სპეციალურად ვიღაცის გასამწარებლად ეს არ გაკეთებულა. ამის გამო ბოდიში მეც მოვიხადე, არხმაც...
– კარგი, შევეშვათ მძიმე თემებს და გადავიდეთ ცოტა მსუბუქზე. მაყურებელი გხედავს ეკრანზე, სადაც სულ სერიოზული ხარ. როგორი ხარ რეალურად, რას აკეთებ ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა ისვენებ?
– შენ ხომ იცი, როგორიც ვარ – აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანი. მაქსიმალურად ვცდილობ, ყველა ის წუთი გამოვიყენო, რომელიც თავისუფალი მაქვს, დავუთმო ოჯახს, მეგობრებს, დასვენებას. ყველაფერს ვედები და, ხან როგორ გამომდის ამ დროის გატარება, ხან – როგორ. რომ ვთქვა, აი, თავისუფალ დროს სულ ამას ვაკეთებ-მეთქი, ასე არ არის. სხვადასხვა რაღაცით ვერთობი.
– მითხარი, როგორი მამაა ლაშა?
– ალბათ, კარგი, რადგან ვცდილობ, რაც კი დრო მაქვს, მაქსიმალურად ჩემს შვილს დავუთმო...
– ღამით ზღაპრებს უყვები ხოლმე?
– შენ წარმოიდგინე, ვუყვები, აბა, სხვანაირად როგორ?! მამობა მარტო ის ხომ არ არის ღამე სახლში მიხვიდე და კანფეტი მიუტანო? მის აღზრდაში მაქსიმალურად ჩართული ვარ. ვნახოთ, მთავარია, ის რა შეფასებას მისცემს ამ ყველაფერს, რომ გაიზრდება; რას იტყვის, როგორი მამა მყავსო.
– მახსენდება უნივერსიტეტის პერიოდი, შენ როგორ მაგრად სწავლობდი, მე კი სამარცხვინო სტუდენტი ვიყავი.
– მთელ ფაკულტეტზე ძალიან ბევრი გოგო და ოთხი თუ ხუთი ბიჭი ვიყავით. მანამდე საყმაწვილო ტელევიზიის სტუდიაში ვსწავლობდი და უფრო ვიცოდი, ამ სფეროში რა ხდებოდა, მუშაობაც ადრე დავიწყე და უფრო მოტივირებული და მონდომებული ვიყავი. ჩემი უკეთ სწავლაც, ეტყობა, აქედან ჩანდა, თორემ, ცუდი და სამარცხვინო ნამდვილად არ ყოფილხარ, რა სისულელეა!
– ძალიან ბევრს ვაცდენდი და ამის გამო სულ იყო საყვედურები. მახსოვს, ერთხელ, რაღაც დაჯილდოება გვქონდა და მაჯილდოებდნენ, როგორც ყველაზე ორიგინალურ სტუდენტს. დაჯილდოების დროს, რომ გამომაცხადეს, მაშინაც არ ვიყავი – არ არის ეს სამარცხვინო?! (იცინიან). ბოლოსკენ, მინდა გკითხო: ზაფხულში რა გეგმები გაქვს, როგორ აპირებ დასვენებას?
– ივლისის ბოლომდე გამოწერილი მაქვს თბილისში ყოფნა და თან სამსახურში სიარული. ჩემი მეწყვილე, ირინა ხიზანიშვილი, დეკრეტულშია – ბავშვი უნდა გააჩინოს და მარტო დავრჩი. თვის ბოლომდე მარტო ვმუშაობ. შვებულება აგვისტოში დავგეგმე და, ერთი სული მაქვს, ქალაქიდან როდის გავალ. შვილთან ერთად, მარტო თუ, რას ვიზამთ – ზუსტად არ ვიცით. თუ ქვეყნის გარეთ გავედით მე და ნია, ბავშვის წაყვანას ვერ შევძლებთ. ისე, ზღვა რომ აუცილებლად იქნება, ეს გადაწყვეტილი ამბავია.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ლაშა ხარაზიშვილი
– ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ რაღაცას მოჰკიდე ხელი: ხარ რადიოში, ტელევიზიაში, სხვადასხვა პროექტში. როგორ ათავსებ ამ ყველაფერს ერთმანეთთან?
– მიუხედავად იმისა, რომ უცებ ბევრი სამსახური დამატყდა თავს, იდეა ყოველ მათგანში ერთი და იგივეა. ტელევიზიაშიც, რადიოშიც და კლუბშიც წამყვანი ვარ, უბრალოდ, სხვადასხვა ხასიათის. შეთავსება, თუ დროის მხრივ მივუდგებით, ძალიან მიჭირს. არის დღეები, როდესაც საერთოდ ვერ ვიძინებ, სამსახურიდან სამსახურში მიწევს წასვლა და ეს ურთულესია. ასე, შეიძლება, ერთი, ორი, სამი თვე გაქაჩო, მაგრამ, მერე ხვდები, რომ მთლიანად ინგრევი. თუმცა, რადგან მინდა, რომ ვიყო დამოუკიდებელი, მქონდეს ჩემი შემოსავალი, რაღაცეები თვითონ გავაკეთო, ვიცი, რომ ამისთვის ერთი სამსახური საკმარისი არ არის; თანაც მენანება, ნებისმიერი შანსის ხელიდან გაშვება.
– ანუ რეალიზებას ახდენ ბოლომდე?
– კი, აბსოლუტურად.
– მაგრამ, ხანდახან ცხოვრებაც ხომ არის საჭირო?
– კი, აუცილებლად. როგორც კი პატარა თავისუფალი დრო რჩება, იქ ეგრევე ჩემს ცხოვრებას ვაკვეტებ, ოღონდ, რამდენად წარმატებულად – ეს აღარ ვიცი.
– სად უფრო კარგად გრძნობ თავს?
– ტელევიზიაში. თუმცა, რადიოში უფრო თავისუფალი ვარ, რადგან იქ არ ჩანს ვიზუალი და ამ მხრივ მოშვებული ვარ; ვლაპარაკობ იმას, რაც მინდა – ამ მხრივ შეზღუდვა არ მაქვს; როცა მინდა და რომელიც მინდა, იმ სიმღერას ვუშვებ. ტელევიზიაში კი მუდამ მაქვს „ყური“, სადაც სულ ჩემი კონტროლი ხდება. იმასაც გააჩნია, „ყურში“ ვინ „გიზის“.
– ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ორი განსხვავებული გადაცემა მიგყავს „იმედზე”: მსუბუქი, დილის ეთერის და, მერე უკვე საღამოს, პიკანტურ და ინტიმურ თემებზე აგებული „ყოფილი ცოლების კლუბი”. არსად არ ხარ მარტო, შენთან ერთად თანაწამყვანები, პროდიუსერები, რედაქტორები არიან... სად უფრო კარგად ხარ?
– ყველასთან ძალიან კომფორტულად ვარ. ჯაბა ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ასევე, კახა მიქიაშვილი. იასა და ნუკის ახლა დავუმეგობრდი, მაგრამ, რაღაც უცებ შევიკარით ერთ ოჯახად, ვფიქრობთ ერთმანეთის წარმატებაზე, „გაქაჩვაზე“. თუ ეკრანს უკან სტაფს შევეხებით, მაშინ, თამარ ღვინიანიძე, რომელიც „ყოფილი ცოლების კლუბის” პროდიუსერი და რედაქტორია, არის ადამიანი-კომფორტი.
– უფრო პროფესიონალთან გიწევს მუშაობა?
– კი, ვაშა და ურა მას! საოცარი ადამიანია. დილით ძალიან რთულია მუშაობა. დილის ხუთ საათზე რომ დგები და რვაზე უკვე ეთერში ხარ, ფიზიკურად როგორც არ უნდა ფხიზლობდე, ტვინი ვერ იღვიძებს. თან, მოდიან სტუმრები, რომელთა შესახებ საერთოდ არაფერი ვიცით. რთულია ეს ყველაფერი, მით უფრო, რომ ბუნებით ღამის ადამიანი ვარ.
– ცოტა ხნით დავანებოთ სამსახურს თავი...
– დიდი ხნით იყოს (იცინიან).
– ღამის ცხოვრება ახსენე. როგორ ერთობი, უფრო სად გიყვარს ყოფნა?
– ძალიან მიყვარს ყოფნა იქ, სადაც ჩემი მეგობრები არიან, სადაც ისეთი მუსიკაა, რომელიც ჩემთვის მისაღებია – არა ელექტრონული და კლუბური. მე და ჩემს მეგობრებს ერთი გემოვნება გვაქვს და ისეთ ადგილებში წასვლის სურვილი მათ არასდროს უჩნდებათ, მე რომ არ მომეწონოს. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, გართობა არის მეგობრის ნახვა, უბრალოდ, სადმე კაფეში დაჯდომა და საუბარი, რომ გავიგო, ცოცხალია თუ არა.
– როგორ ფიქრობ, ამ ქალაქში, ქვეყანაში როგორი იმიჯი გაქვს, რამდენად სწორად არის ის ჩამოყალიბებული?
– იმიჯი რეალურისგან მკვეთრად არ განსხვავდება, რადგან ეკრანზე ისეთს არაფერს ვაკეთებ, სადაც, შეიძლება, თამაში მომიწიოს. „დილაში“ ვარ ზუსტად ისეთი, როგორიც ვარ. შეიძლება, ტექსტი არ იყოს ჩემი, რედაქტორის ტექსტს ვახმოვანებდე, მაგრამ, მაინც ვირგებ საკუთარ თავზე; დანარჩენი კი – სტილით, ვიზუალით, ზუსტად იგივე ვარ. „ყოფილ ცოლებში” უმეტეს შემთხვევებში უფრო მეტის თქმა მინდა, ხშირად უფრო მეტად გალანძღვა, მაგრამ, თავს ვიკავებ. ეს გადაცემა რეალურ ისტორიებზეა და როდესაც გესმის ქალების ასეთი ტანჯვა, გაცილებით მეტის თქმა გინდა, მაგრამ, თავს იკავებ. ბევრი განსხვავებული აზრი და უამრავი კრიტიკული შეფასება მომისმენია საკუთარ თავზეც.
– ალბათ ასე უნდა იყოს კიდეც, მით უმეტეს, რომ წამყვანი ხარ.
– კი, მაგრამ, კრიტიკა უნდა იყოს ჯანსაღი. რადგან გაირუჯე, ამიტომ მახინჯი ხარ – ეს არანაირი კრიტიკის საზღვრებში არ წერია. რომ გითხრა „ვატარებ-მეთქი“, მოგატყუებ, გულზე მხვდება. ახლა მათთან ბრძოლის ახალი სტრატეგია მაქვს: ეგრევე გადავდივარ კომპლიმენტებზე და მადლობებზე: „გმადლობ, რომ ასეთი ფორმით, მაგრამ, მაინც მითხარი ის, რასაც ფიქრობ“. ამის მერე ეგრევე დადებითი შეფასებები იწყება. ხვდები, რომ ის იმ ადამიანის კომპლექსია და არა რეალური პრობლემა. არ შეიძლება, ადამიანმა იმიტომ გაგლანძღოს, რომ გაშავდი. მახინჯი, იდიოტი და განუვითარებელი ხარ, რადგან გარუჯული ხარ – ეს მეტისმეტია.
– გარუჯვას შევეხეთ და, რა გეგმები გაქვს შვებულებასთან დაკავშირებით?
– იმის გამო, რომ ბავშვებთან დიდ დროს ვერ ვატარებ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხული და მთელი შვებულება მათთან ერთად გავატარო, დამოუკიდებლად. ზღვაზე გვინდა წასვლა, მაგრამ, არა საქართველოში, ალბათ, უფრო თურქეთში. ჯერ ფიქრის მდგომარეობაში ვარ.
– ერთსაც გკითხავ, მაინც ჩემიანი ხარ: შენ გვერდით ხშირად ხედავენ ადამიანს, რომელსაც მე კარგად ვიცნობ, მაგრამ ბევრს კითხვის ნიშანი უჩნდება...
– დიახ, ეს ადამიანი ჩემთან ერთად ხშირად ჩანს, რადგან ჩემი თავისუფალი დრო მასთან არის დაკავშირებული. ძალიან კომფორტულად ვარ მის გვერდით. რთულია, ჩემი რეჟიმის მქონე ადამიანს გაუძლო. ხუთ საათზე რომ ვიღვიძებ და საღამოს რვაზე რომ ვამთავრებ გადაღებებს, აბსოლუტურად გამოფიტული ვარ. ეს ადამიანი ახერხებს იმას, რომ ამ მდგომარეობაშიც კი გამიწიოს სათანადო მეგობრობა, გვერდში დგომა. ყურადღებით და სიყვარულით ახერხებს, რომ თავიდან შევივსო და ყველაფრის ძალა მქონდეს. ხშირად არის, რომ დაღლილობისგან საჭესთან დაჯდომაც კი არ შემიძლია. ამიტომ, 5 საათზე ისიც დგება, ტელევიზიაში მომყვება, ესწრება გადაღებებს და უკან მოვყავარ. ამას ძალიან ბევრი კაცი არ იზამს და ძალიან ვაფასებ.
– მართლა რთულია ეს ყველაფერი.
– კი, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი სირთულეები... მაგრამ, გააჩნია, ის მინუსები რამდენად არ გაწუხებს ბევრი პლუსის ფონზე. ჩვენ ერთად კარგად ვართ და ეს მომწონს.
– ბოლო კითხვა: ლაშა ხარაზიშვილი გიყვარს?
– ვგიჟდები ლაშა ხარაზიშვილზე და ყოველთვის ვამბობ, რომ სულ რამდენიმე ჩამოყალიბებული ბიჭი ჟურნალისტი გვყავს: ლაშა, ბექა ელბაქიძე და ზალიკო...
– მეც ვგიჟდები სალომე გოგიაშვილზე (იცინიან).