ვინ იყო პარლამენტის ყველაზე ურჩი დეპუტატი და როგორ აკონტროლებს მურთაზ შალუაშვილი პარლამენტართა ქცევის წესებს
მურთაზ შალუაშვილი არც კლასის დამრიგებელია და არც სკოლის დირექტორი, მაგრამ უკვე ათი წელია, 139 ადამიანის აკადემიურ მოსწრებას კურირებს და ყოფაქცევაში ნიშანსაც „წერს.” ეს ადამიანები კი, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს პარლამენტის წევრები არიან, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მთავარ მანდატურს ხან უსიტყვოდ ემორჩილებიან, ხან კი პრობლემებს უჩენენ. ბატონი მურთაზი ომამდე ტანკისტი არა, მაგრამ მოჭიდავე და პედაგოგი ნამდვილად იყო, შესაბამისად, ძველი პროფესიები მანდატურის სამსახურში ძალიან გამოადგა. მართალია, როგორც თავად ამბობს, ჩვენი კანონმდებლები ბოლო წლებში საკმაოდ დაშოშმინდნენ, მაგრამ პარლამენტის მანდატურთუხუცესს, საქმე მაინც არ აკლია. ის დეპუტატიც ახსოვს, ვინც ყველაზე ურჩი იყო და ისიც, ვინც ყოფაქცევაში ყველაზე მაღალ შეფასებას იმსახურებდა.
მურთაზ შალუაშვილი: 20 წელზე მეტია, რაც ამ შენობაში ვმუშაობ. თავიდან, ბატონი ზვიად გამსახურდიას პირად დაცვაში ვიყავი, მერე თავად ზვიადის მოწადინებით, თენგიზ სიგუას გავყევი თანაშემწედ, როცა ის პრემიერ-მინისტრი გახდა. ომის შემდეგ მუშაობა დავიწყე პარლამენტში, სამეურნეო ნაწილში, მომარაგების უფროსად. მთელი შესყიდვები მე მევალებოდა – სკამი, ქაღალდი, ნათურა, ყველაფერი ჩემი საყიდელი იყო. ამ ყველაფერს ცენტრალიზებულ საწყობებში ვყიდულობდი, მაგრამ მერე ყველაფრის თურქეთში გაზიდვა რომ დაიწყეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. 10 წლის წინ, როცა პარლამენტში მანდატურის სამსახური შეიქმნა, ამ სამსახურში დავიწყე მუშაობა. სადაც თავიდან რიგითი მანდატური ვიყავი, შემდეგ კი უფროსი გავხდი.
– იქამდე პოლიტიკური ნათლობაც გქონდათ.
– დიახ, მე ვიყავი „ქარტია 91”-ში, მაჟორიტარ დეპუტატად ვიყრიდი კენჭს. პარტიის ხელმძღვანელი არ ვყოფილვარ, თუმცა ყველაფერი ვიყავი, სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა ჩვენს პარტიაში დაიწყო. ძალიან პატარა იყო, როცა ჩვენთან მოვიდა. ნიჭიერი, განათლებული ბიჭი გახლდათ, ბევრ რამეში გვეხმარებოდა. იქ უცხოური გაზეთების წაკითხვა და თარგმნა იყო საჭირო, ყველა დავალებას კარგად ასრულებდა, რასაც კი ვაძლევდით (იცინის). მარტო მიშა კი არა, დღეს ვინც კი ცნობილი პოლიტიკური ფიგურაა, ყველა ჩემ თვალწინ გაიზარდა, რომელი ერთი ჩამოვთვალო – მიშა მაჭავარიანი, ვანო მერაბიშვილი, ზურა ადეიშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი თარგამაძე, ლევან ბეჟაშვილი. მაშინ მე უკვე ჩამოყალიბებული კაცი ვიყავი, ესენი პატარა ბიჭები იყვნენ. მაგრამ, კოჭებში ეტყობოდათ, რაც იქნებოდა (იცინის).
– თქვენს პრეროგატივაში რა შედის?
– ბევრი, ძალიან ბევრი რამ, ყველაფერი, რაც ამ შენობას და დეპუტატებს ეხებათ, ისიც კი, რომ დეპუტატებმა ერთმანეთი საუბრით არ გაართონ და მის ნაცვლად არ დააჭირონ პულტზე მინუსი (იცინის). უპირველესად ვაკონტროლებთ რეგლამენტის დაცვას, დეპუტატების დასწრებას სასესიო და საკომიტეტო სხდომებზე, დეპუტატთა ქცევას და წესრიგს. ჩვენ ვესწრებით ყველა სხდომას, ჩვენი უფლებებიც რეგლამენტით არის გაწერილი. ექსტრემალურ სიტუაციაში „ევაკუაციის” გეგმაც კი ვიცით (იცინის) და როცა პარლამენტში საპატიო სტუმრები გვყავს, მაშინაც ძალიან აქტიურები ვართ. მათი მასპინძელი ყოველთვის პარლამენტის თავმჯდომარეა, მაგრამ, პროტოკოლის და დაცვის სამსახურთან ერთად ჩვენც ყველა ღონისძიებაში ვართ ჩართული. სტუმრებთან დაკავშირებით ინციდენტები არ ხდება. ისინი ქცევის წესებს არასდროს არღვევენ. მაგრამ, მათაც რომ რამე დააშაონ, ესეც ჩვენი მისახედია (იცინის).
– ჩვენი დეპუტატები არ გეყოფათ, ისინიც თქვენი მისახედები რომ არიან?
– ახლა რაა, არაფერი. ადრე იყო, რაც იყო, პარლამენტში ხელჩართული ჩხუბები რომ იმართებოდა ხოლმე. რამდენჯერმე ისეთი მაგარი ჩხუბიც კი იყო, ჩვენც გაგვიჭირდა მათი გაშველება. ძველი ოპოზიცია და პოზიცია ამ მხრივ საქმეს არ გვაკლებდა. ახლა მოდუნებულები რომ არ ვიყოთ, ბიჭები ერთმანეთთან ვიხსენებთ სპორტულ ილეთებს, რა იცი რა ხდება, ჯანზე ხომ უნდა ვიყოთ (იცინის). დეპუტატები, საბედნიეროდ, დაშოშმინდნენ. დიალოგის რეჟიმში აიყვანეს ურთიერთობა და შეთანხმებები. ახლა შეიძლება ცოტანი რომ არიან ოპოზიციონერები, ამიტომაც ვერ არიან მაგ „ჯანზე,” აი, ყველანი რომ შემოსულიყვნენ, მაშინ გენახათ ჩვენი სამუშაო. ასე გადაწყვიტეს და ასე გვცეს პატივი, თორემ იყო დრო, როცა ჩვენს პირდაპირ მოვალეობას ძალიან აქტიურად ვასრულებდით. გამშველებელს ყოველთვის ბევრი ხვდება და ეს რომ ვიცი, ყოველთვის ყოჩაღი, ფიზიკურად მომზადებული ბიჭები მყავს შერჩეული სამსახურში, ადვილად რომ ვერ მოგვხვდება (იცინის). განსაკუთრებით მობილიზებულები მაშინ ვართ, როცა წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება, სიტუაცია დაიძაბოს. ამ დროს ოპერატიული ღონისძიებების გატარებაც არის საჭირო, ხან ვინმე „გამქრალი” დეპუტატის მოძებნა და მიყვანა-მოყვანაა საჭირო. ჩვენ უცებ ჰოპ, ჰოპ!.. და წამებში მივგვრით იმ ადამიანს დარბაზში (იცინის).
– ვინ იყო ჩვენი პარლამენტის ყველაზე ურჩი დეპუტატი?
– ასლან აბაშიძე. კაცი ოთხი წელი დეპუტატი გახლდათ და ამ შენობაში ერთხელაც არ შემოსულა. ახლა იმას შალვა ნათელაშვილმა „გადაუჯოკრა“, თავის გუნდთან ერთად, ჯერ არ მობრძანებულან პარლამენტში, მაგრამ პრეტენზიები აქვთ პრემიებზეც კი. აბა, კარგი ბიჭი ხარ და ხელფასი დაუგვიანე.
– ვინმე დასჯილა საქართველოს პარლამენტში გაცდენების გამო?
– ჩვენ ძალიან ჰუმანური რეგლამენტი გვაქვს. დეპუტატს თვეში ერთი გაცდენის უფლება აქვს, თუ რამდენჯერმე გააცდინა, თითო გაცდენაზე ხელფასიდან 10 პროცენტი ექვითება. რეგლამენტით დაგვიანებაზე საერთოდ არ გვაქვს პრობლემა, მთავარია, დეპუტატმა სესიის პერიოდში მოასწროს მოსვლა, გაიაროს რეგისტრაცია, ოღონდ მნიშვნელობა არ აქვს, რეგისტრაციას როდის გაივლის. ხომ მოვიდა კაცი და მთავარი ეგაა. დილით გაივლის რეგისტრაციას თუ შუადღეს, რა მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, ახლა დეპუტატი თუ სულ იგვიანებს, შეიძლება, მივუთითოთ ამაზე, დასჯა არ შეგვიძლია.
– გაცდენებზე ხელწერილებს აწერინებთ თუ სამედიცინო ცნობას ითხოვთ?
– ხელწერილს წერენ ჩემს სახელზე, რომ ვერ დაესწრებიან სხდომას ამა და ამ მიზეზის გამო. ხან მივლინებაში არიან, ხან ავადმყოფობის გამო ბიულეტენზე გადიან და მოსვლა არ შეუძლიათ. დეპუტატიც ხომ შეიძლება, გახდეს ავად? ეს საპატიო მიზეზად ეთვლებათ. ამის გამო არც ხელფასი ექვითებათ და არც პასუხს სთხოვენ. ერთი გაცდენის შემდეგ ჩვენი სამსახური აფრთხილებს ხოლმე დეპუტატებს, ხან ვურეკავთ, ხან ვინმეს ვაბარებთ. ხომ ვიცით ვინ ვისთანაა, აპარატს ვაფრთხილებთ – რომ ზომები მიიღონ. ჩემს ინტერესში ნამდვილად არაა, რომ ხელფასი დაექვითოთ. გარედან შეიძლება, სხვანაირად ჩანს, მაგრამ ძალიან ბევრი დეპუტატი ამ ხელფასით ინახავს ოჯახს თვიდან თვემდე.
– ჩვენი დეპუტატები ისე დაშოშმინდნენ. ბოლო პერიოდში პარლამენტის მანდატურებს საქმე გამოგელეოდათ.
– არა, უსაქმოდ ნამდვილად არ ვართ. ეს კარგია, რომ აღარ ჩხუბობენ და უფრო დიპლომატიურად აგვარებენ ერთმანეთთან ურთიერთობას, მაგრამ მარტო ჩხუბი ხომ არაა. ხანდახან დარბაზში მიდი-მოდი და ხმაურიც იციან. კაცების ამბავი ხომ იცით, მოსწონთ რაღაცეების მიყოლ-მოყოლა, ხანდახან ისეთ აზარტში შევლენ ხოლმე, ნამეტანი ხმამაღლა მოსდით საუბარი. ადრე პარლამენტში უფრო მეტი ქალი იყო, თან უფრო ხმაურიანი ქალები. ახლა სულ ექვსი ქალი გვყავს, ერთმანეთზე უფრო ჭკვიანები, თან ერთმანეთისგან შორიშორს სხედან და ქალური ამბები არ გამოსდით, არც ლაპარაკობენ და არც პრობლემებს გვიქმნიან. ახლა რუსუდან კერვალიშვილი რომ ყოფაქცევაში შენიშვნას არ მიიღებს, ამას ლაპარაკი რად უნდა? სხვებიც ასეთი მოწესრიგებულები არიან, უფრო კაცები გამოირჩევიან ხმაურით. პარლამენტის თავმჯდომარე მაგის გამო ჩვენ გვეჩხუბება. ეს რომ არ მოხდეს, მივდივართ ხოლმე ასე გართულ დეპუტატებთან და ვეუბნებით, გაჩუმდით. თუ არ გაჩუმდებიან, მერე „ციც”, ჩვენი მეთოდები გვაქვს – „სეკრეტ ფირმი” (იცინის). ყველამ იცის, რომ ჩვენც ჩვენი საქმე გვაქვს, ამიტომ არავინ გვედავება. არ მახსოვს, ვინმეს ჩვენი ბიჭებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოს, მაშინაც კი, როცა პარლამენტში ძალიან დაძაბული დღეები იდგა. თუმცა, იმ პარლამენტში ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი იყო, ვისაც ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა. მარტო კი არ ჩხუბობდნენ, ხალისიანი ისტორიებიც იყო ხოლმე. ვახტანგ ბოჭორიშვილს ჰქონდა საოცარი იუმორი, ისეთ რამეს იტყოდა, თან ისე გემრიელად, ვერ გადარჩებოდი. ერთხელ ედუარდ შევარდნაძე იყო პარლამენტში მოწვეული, ფრაქციების ხელმძღვანელები გამოდიოდნენ სიტყვით და ზოგი რის გაკეთებას სთხოვდა, ზოგი – რის. ადგა ვახტანგი და თქვა: ხალხო, რას ჩააცივდით ამ კაცს, ამაღამ სახლში რომ მივალ და ჩემმა ცოლმა მთელი ღამე მეძახოს: ვახტანგ, ვახტანგ, რამე გამომივაო?! ასეა, შევარდნაძის საქმეც, რაც გინდა ეძახეთ, ამისგან არაფერი გამოვაო (იცინის). ერთხელ ვიღაც ხმაურობდა დარბაზში, ვახტანგი სიტყვით გამოდიოდა, რაღაცაზე ნერვიულობდა და იმ დეპუტატის სახელი დაავიწყდა, უცებ ასე მიმართა მას: „ეი, ვი, ვგალუბომ“, – ამაზე მთელი დარბაზი ხარხარებდა. ძალიან კარგად მახსოვს რეზო მიშველაძის იუმორი. ო, ძალიან „შაყირისტი“ იყო. ერთხელ მთელ ფრაქციას 200-300-გვერდიან დოკუმენტზე მოაწერინა ხელი, ვითომ ასეთი დავალება ჰქონდა. თან, ეუბნებოდა, მიდი მოაწერეთ ხელი, რომ ვითომ გაეცანით მათ: თორემ პრემიას არ მოგცემენო. ასე ხუმრობა-ხუმრობაში და შაყირში მაგრად აწვალებდა და „ჩაგრავდა” თავის კოლეგებს (იცინის).