რატომ იყო ამერიკის კონსტიტუციაში ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში ნორმა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში მხოლოდ 2011 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა
ის, რომ აშშ, ჩვენი სულზე უტკბესი, თანაც უპირველესი სტრატეგიული პარტნიორია, ლამის ბავშვმაც კი იცის ჩვენს ქვეყანაში. უფრო მეტიც, თითქოს სახელმწიფო მოწყობის პრინციპებშიც ვბაძავთ (ყოველ შემთხვევაში, 2013 წლამდე) და დემოკრატიის მზესაც ვიფიცებთ. მეორე მხრივ, არცთუ საფუძვლიანი ცოდნა გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს შექმნის ისტორიასა და თავისებურებებზე (თუმცა ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ დემოკრატიის აკვანი სწორედ ოკეანის მიღმა დაირწა). ისიც ვიცით, რომ აშშ-ის კონსტიტუცია დღიდან რატიფიცირებისა, ლამის არ შეცვლილა (ლამის არ შეცვლილა, რადგან 1995 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუციიდან ლამის ბუნდღა არ არის დარჩენილი). ხოლო, რაკი კონსტიტუცია ქვეყნის ძირითადი კანონია, კანონის უზენაესობა კი – დემოკრატიის აუცილებელი პირობა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციების ანალიზის საფუძველზე, ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად შევეცდებით, გავარკვიოთ რამდენი გვიკლია ამერიკულ დემოკრატიამდე და, საერთოდაც, თუ ვადგავართ გზას, რომელიც „აღთქმულ დემოკრატიასთან“ მიგვიყვანს.
– ვადგავართ თუ ავცდით დემოკრატიზაციის გზას, რას გვეუბნება ამ კითხვაზე პასუხად ამერიკის კონსტიტუციის ისტორია?
– შედარებითი ანალიზით შეიძლება ითქვას, რომ ეს ხალხი, რომელიც ამერიკელ ერად ჩამოყალიბდა, ბევრად სერიოზულად ეკიდება იმ საკითხს, რასაც ქვეყნის ძირითადი კანონი ჰქვია, ვიდრე ის ხალხი, რომელიც ერად ბევრად უფრო ადრე ჩამოვყალიბდით. თუ საუკუნეების გადასახედიდან შევხედავთ ამერიკელებისა და ქართველების დამოკიდებულებას თავიანთი ძირითადი კანონისადმი, ერთ შემთხვევაში აშკარაა სერიოზულობა და აკადემიურობა, მეორე შემთხვევაში კი – პირიქით. ამერიკელები კონსტიტუციის მიღების დროს ფიქრობდნენ, როგორ შეეზღუდათ პრეზიდენტის, მთავრობის უფლებები, როგორ შეენარჩუნებინათ კონგრესის თვითმყოფადობა და როგორ დაემკვიდრებინათ სასამართლოს თავისუფლება. ჩვენ კი, ძირითადი კანონის მიღებით, მუდმივად იმას ვცდილობთ, როგორ შევბოჭოთ ხალხის უფლებები, ხელისუფლება კი აღვჭურვოთ იმ უფლებებით, რომლებიც ადამიანების იმ მოწყვლად მასას, მმართველები რომ უნდა იყვნენ, აქცევს მათ მოსამსახურეებად. ამიტომაც გვაქვს სიტუაცია, როდესაც ქვეყნის ძირითად კანონში შესული ცვლილებები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საზოგადოების შეშფოთების საფუძველია.
– მოვყვეთ ისტორია, როგორ და სად დაიბადა ამერიკის კონსტიტუცია? მე ვიტყოდი, კონსტიტუციების შედევრი.
– ამერიკის კონსტიტუცია 1787 წელს მიიღეს ფილადელფიის შტატში. 55 ადამიანი მუშაობდა მის შექმნაზე. მე დაგისახელებთ სამ უდიდეს მოაზროვნეს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მის შექმნაში და ხელსაც აწერენ მას. ესენი არიან: ჯორჯ ვაშინგტონი, ამერიკის მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტი, ნიუ-იორკის წარმომადგენელი ალექსანდრ ჰამილტონი და პენსილვანიის წარმომადგენელი ბენჯამინ ფრანკლინი. 9 შტატის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება საკმარისი იყო იმისთვის, რომ ძალაში შესულიყო ეს კონსტიტუცია. იცით, რომ ამერიკამ დამოუკიდებლობა 1775 წელს გამოაცხადა, ხოლო კონსტიტუცია დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მეთორმეტე წელს მიიღეს. ეს ადამიანები 12 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და ფიქრობდნენ ქვეყნის ძირითად კანონზე. თუ ამ კუთხით შევადარებთ ამერიკისა და საქართველოს კონსტიტუციებს, საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა, კონსტიტუცია კი 1995 წელს, ანუ ოთხი წლის შემდეგ მივიღეთ. მაშინდელმა სახელმწიფო კომისიამ ისტორიული როლი შეასრულა, როდესაც სამწლიანი მუშაობის შედეგად შექმნა ქვეყნის ძირითადი კანონი. თუმცა ამერიკელები უფრო დიდხანს ზომავდნენ და მუშაობდნენ ქვეყნის ძირითად კანონზე. იმ 55 ადამიანის საქმიანობამ ფილადელფიის შტატში დაუდო დასაბამი ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მიღებას. როგორც გითხარით, ვალდებულება იყო ნაკისრი, 9 შტატის საბჭოს გაეკეთებინა მისი რატიფიკაცია, რომ ძალაში შესულიყო, მაგრამ რატიფიკაცია გაუკეთა ცამეტმა შტატმა და ამის შემდეგ ამოქმედდა ეს კონსტიტუცია ამერიკელი ხალხისთვის.
– ამ ფაქტმა, ფაქტობრივად, დაარწია დემოკრატიის აკვანი მსოფლიოში?
– დიახ, რადგან მეთვრამეტე საუკუნეში არ არსებობდა მსოფლიოში ძირითადი კანონი, რომელიც ხელისუფლებას ყოფდა სამ ნაწილად და ეს იყო პირველი შემთხვევა. ამერიკის სახელმწიფოს შექმნის ისტორია ასეთია: იქ გაიქცა თავისუფალი ან უპოვარი ხალხი, შემდეგ წლებში მათ დაემატა წარმატებული ადამიანებიც და შეიქმნა გარემო. როდესაც ამ მიწის ათვისება დაიწყეს, ყველამ ერთად, უპოვარმა თუ თავისუფალმა, მოინდომა თავისუფლება. ჩემს კაბინეტში თქვენ ხედავთ აბრაამ ლინკოლნის სურათს, იმიტომ რომ, ჩემი აზრით, აბრაამ ლინკოლნი არის ამერიკელების წარმატების მთავარი მიზეზი. მან, როდესაც შავკანიანი მოქალაქეები თავისუფლებად გამოაცხადა და თქვა, რომ ამერიკაში მონობა გაუქმებულია, ამით არა მხოლოდ შავკანიან მოქალაქეებს მოუტანა თავისუფლება, არამედ, უპირველესად, თეთრკანიან მოქალაქეებს. დაბადებით თავისუფალმა და ღმერთისა და კანონის წინაშე თანაბარმა ადამიანებმა შექმნეს შესაძლებლობების ფართო არეალი, რამაც ცუნამის ეფექტი მოიტანა ამ ქვეყნისთვის და მათ შეძლეს, ამ რამდენიმე საუკუნეში ჩამოყალიბებულიყვნენ ერად და შეექმნათ ზემძლავრი სახელმწიფო. ანუ ამერიკის შეერთებული შტატების წარმატების ფორმულა არის თავისუფლება.
– რამდენი და როგორი ცვლილებებია განხორციელებული ამერიკის კონსტიტუციაში დღიდან ამოქმედებისა?
– საერთო ჯამში, ამერიკის კონსტიტუციაში 224 წლის განმავლობაში 27 ცვლილებაა განხორციელებული. მეთვრამეტე საუკუნეში თერთმეტი ცვლილებაა შეტანილი. ცვლილებების მასობრიობის მიზეზი ის არის, რომ 1791 წელს მიღებულ იქნა „თავისუფლების ბილი“, რომელიც ავტომატურად აისახა ამერიკის კონსტიტუციაში და კონსტიტუციაში შესული ათი ცვლილებაც ამასთანაა დაკავშირებული. ეს „თავისუფლების ბილი“ გადმოღებული იყო დიდი ბრიტანეთის „თავისუფლების ბილიდან“, ოღონდ ამერიკელებმა აჯობეს ბრიტანელებს და ბევრად უფრო მეტი თავისუფლება შეიტანეს ამერიკაში, ვიდრე ბრიტანეთში იყო. ამით აიხსნება ის, რომ 27 ცვლილებიდან ყველაზე მეტი – 11 ცვლილება – 1791 წელს შევიდა კონსტიტუციაში.
მეცხრამეტე საუკუნეში ამერიკის კონსტიტუციაში მხოლოდ ოთხად ოთხი ცვლილება შეიტანეს. მეოცე საუკუნეში კი – მხოლოდ თორმეტი.
– მეოცე საუკუნე, მართლაც, ცვლილებებისა და გარღვევის საუკუნე იყო. წარმოუდგენელია, ისე გათვალო საუკუნით ადრე ადამიანის უფლებები, რომ ახალ ეპოქაში მხოლოდ 12 ცვლილება დაგჭირდეს?
– მეოცე საუკუნე, მართლაც, ცვლილებების ეპოქა იყო, რადგან 1948 წლის გაეროს დეკლარაციამ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შესახებ ახალ ეპოქას ჩაუყარა საფუძველი. ამ დეკლარაციამ პირველად დაუშვა რეგიონული სასამართლოების შემოღება, რომლებიც უფლებამოსილი არიან, შეამოწმონ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენ, საქართველო, შევდივართ ევროპის სასამართლოს რეგიონში და სტრასბურგის სასამართლოა ჩვენთვის ის სასამართლო, რომელიც იხილავს საქმეებს საქართველოდან. პლუს ამერიკას თავისი რეგიონული სასამართლო აქვს, აფრიკას – თავისი. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი, ეპოქალური მნიშვნელობის იყო 1948 წელს მიღებული დეკლარაცია და ამ ყველაზე დიდი ცვლილებების საუკუნეში ამერიკელებს მხოლოდ 12 ცვლილება აქვთ განხორციელებული თავიანთ კონსტიტუციაში. ოცდამეერთე საუკუნეში კი – არც ერთი ცვლილება.
– ამ ტერაქტების ეპოქაში?
– დიახ, ამ ტერაქტების ეპოქაში. როდესაც პრეზიდენტმა ბუშმა 2011 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ლობირება გაუწია „პატრიოტის აქტს“, კონგრესმა ის მიიღო, მაგრამ გააუქმა რამდენიმე წლის შემდეგ, რადგან „პატრიოტის აქტი“ აღმასრულებელ ხელისუფლებას აძლევდა იმ უფლებებს, რომლებიც კონსტიტუციურ უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ასევე, ისტორიისთვის და განსჯისთვის, მინდა, გაგაცნოთ ბოლო ცვლილება, რომელიც 1992 წელს შევიდა ამერიკის კონსტიტუციაში – ის უკრძალავს ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს ხელფასების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ კანონი, რომელიც მიღებული იქნება სენატორებისა და კონგრესმენებისთვის ხელფასების გაზრდის თაობაზე, არ შეიძლება, ამოქმედდეს იმავე მოწვევის კონგრესში ან იმავე მოწვევის სენატში. თუ მიიღებენ ცვლილებებს ხელფასის გაზრდის თაობაზე, ის უნდა ამოქმედდეს მომავალი კონგრესმენებისა და სენატორებისთვის. მე შემთხვევით არ მითქვამს ეს თქვენთვის. თუ დავაკვირდებით, ჩვენი ხელისუფლება არათუ ხელფასებს იზრდის, არამედ არ დარჩა არც ერთი სამთავრობო დაწესებულება, რომელმაც ახალი აპარტამენტი არ აიშენა. ერთადერთი პარლამენტი იყო, რომელსაც არ გააჩნდა და ახლა იმასაც უშენებენ 200-მილიონიან ახალ აპარტამენტებს. არადა ამერიკელებმა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ბოლოს შეუზღუდეს კონგრესსა და სენატს უფლება, რომ ხელფასები გაეზარდათ თავიანთთვის.
– მე გადავხედე თქვენ მიერ მოწოდებულ ცვლილებებს, რომლებიც ამერიკის კონსტიტუციაშია შესული და მათი აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია, კიდევ უფრო საფუძვლიანად დაიცვას მოქალაქეების უფლებები. გავაცნოთ მკითხველსაც ამ ცვლილებების შინაარსი.
– 1791 წელს ამერიკის კონსტიტუციაში შევიდა შემდეგი ცვლილებები: „იკრძალება მშვიდობიან დროს ჯარისკაცების განთავსება კერძო სახლებში მფლობელების თანხმობის გარეშე.“ „იკრძალება თვითნებური ჩხრეკა და დაპატიმრება, ასევე, აუცილებელია, რომ დაპატიმრების ორდერი იყოს საფუძვლიანი და სანქცირებული სასამართლოს მიერ“. „პირს, რომელიც ბრალდებულია დანაშაულის ჩადენაში, აქვს სასამართლო განხილვის უფლება. დაუშვებელია ერთი და იმავე დარღვევის გამო პირის ორჯერ გასამართლება და, ასევე, პირის იძულება, მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ. აგრეთვე, სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ამოიღოს კერძო საკუთრება სამართლიანი ანაზღაურების გარეშე.“ ჩვენ კი ახლაღა ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების დროს საკუთრების ჩამორთმევისას მოხდეს მისი ანაზღაურება და ეს ცვლილება ამოქმედდა 2011 წლის პირველ იანვარს. ეს იყო ერთადერთი პოზიტიური საკონსტიტუციო ცვლილება ახალ კონსტიტუციაში.
ასევე, 1791 წელსაა შესული ამერიკის კონსტიტუციაში შემდეგი ცვლილებები: „ბრალდებულს აქვს გარანტირებული უფლება ნაფიცი მსაჯულებისა.“ „იკრძალება ძალიან დიდი გადასახადებისა და ჯარიმების, ასევე, სასტიკი და უჩვეულო სასჯელის დაკისრება.“ ჩვენს ოცდამეერთე საუკუნის კანონმდებლობასთან რომ გავავლოთ პარალელი: არის თუ არა მკაცრი სასჯელი, როდესაც ადამიანს ქურდობისთვის 15-17 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება?! არის ნორმალური სასჯელი, როდესაც უბრალო მოქალაქისთვის ზიანის მიყენების გამო პოლიციელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, პოლიციელისთვის ზიანის მიყენების გამო კი – მოქალაქეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა?! ეს თანასწორობაა?!
1865 წელს შევიდა ცვლილება, რომელმაც აკრძალა მონობა ამერიკაში. 1868 წელს კი კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ „ყველას, ვინც დაბადებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქვს მოქალაქეობის უფლება“ და აკრძალა მოქალაქეობის ჩამორთმევა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.
1870 წელს პირდაპირ აიკრძალა ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა რასის, კანის ფერისა ან იმის გამო, რომ ადამიანი ადრე მონა იყო. 1913 წელს შევიდა ცვლილება, რომლითაც დაინერგა სენატის პირდაპირი არჩევნები. 1920 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით ქალებს მიენიჭათ ხმის მიცემის აქტიური უფლება. 1951 წელს ამერიკის კონსტიტუციამ დაადგინა, რომ ერთსა და იმავე ადამიანს მხოლოდ ორი ვადით შეუძლია პრეზიდენტის პოსტის დაკავება.
– ჩვენმა კონსტიტუციამ ქალებს უფრო ადრე მისცა ხმის უფლება, ისევე, როგორც ამერიკამ, ვიდრე ევროპულმა ქვეყნებმა.
– ჩვენ გვქონდა ასეთი პროექტი: დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში. ჩვენი მიზანი იყო, რომ ქართული სამართლებრივი, ისტორიული და ლიტერატურული ძეგლების შესწავლის საფუძველზე, გაგვეცა პასუხი კითხვაზე: დასავლური ღირებულებები არის ქართული კულტურის ნაწილი თუ ის სუფთა დასავლური ღირებულებებია, რომლებსაც ქართული კულტურა არ იცნობს არც თავის ისტორიულ, არც ლიტერატურულ და არც სამართლებრივ ძეგლებში. მე პირდაპირ ვთქვი, რომ დასავლური ღირებულებები ეს არის ქართული კულტურის ნაწილი. დასავლეთზე ადრე არსებობდა ქართული ისტორიული, ლიტერატურული და სამართლებრივი ძეგლები ამ ღირებულებებზე. როდესაც ჩვენი წინაპარი ამბობს, „ლეკვი ლომისა სწორიაო“, ეს ხომ ქალისა და მამაკაცის თანაბარუფლებიანობაზე საუბარია?! როდესაც ამბობს ჩვენი წინაპარი: „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“ ხომ ნიშნავს სამართლიანი ძალის უპირატესობას?! და უამრავი ასეთი მაგალითის მოტანა შეიძლება. ამიტომ მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ დასავლური ღირებულებები არ არის ახალი, ეს არის იმის გაგრძელება, რაც ქართულ ისტორიულ სამართალსა და ლიტერატურაში იყო ასახული. ამას უბრალოდ კარგი კვლევა სჭირდება. ჩემი მიზანი იყო, სამართლებრივად დამედასტურებინა, რომ ყველა ღირებულება, რომელსაც ეფუძნება ადამიანის უფლებები, მოცემული იყო ქართული სამართლის ძეგლებში. საქართველოში გაცილებით ადრე აიკრძალა სიკვდილით დასჯა.
– საერთოდაც, არ იყო ქართულ სამართალში დასჯის მკაცრი წესები. მეტიც, დიდი ყურადღება ექცეოდა ადამიანის პატივსა და ღირსებას. როგორც ვიცი, მაგალითად, ქურდი, რომელიც ცოლ-ქმრის საძინებელში შეიპარებოდა, უფრო მკაცრად ისჯებოდა, ვიდრე უბრალოდ ქურდი.
– დღეს მსოფლიო ცივილიზაციები უკვე შეთანხმდნენ იმაზე, რომ ყველა უფლება შეიძლება, შეიზღუდოს, გარდა პატივისა და ღირსებისა. თუკი აუცილებელი მოგერიების, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გაქვს მეორე ადამიანისთვის სიცოცხლის მოსპობის უფლება, პატივისა და ღირსების შელახვის უფლება არასდროს გაქვს, იმიტომ რომ ადამიანი სხვა ცოცხალი არსებებისგან სწორედ ამით განსხვავდება. ძვალი და ხორცი ყველას აქვს, მაგრამ ყველა ცოცხალ არსებათაგან მხოლოდ ადამიანს აქვს პატივი და ღირსება. სწორედ ეს არის ადამიანობის გამოხატულება და ამიტომაც არის ეს ღირებულება აბსოლუტური. მაგრამ, ეს რომ ხალხს გააგებინო, ჯერ თავად უნდა გწამდეს და, მეორე, უნდა იცოდე. როგორც ჩანს, არც სწამთ და არც იციან. ამიტომ მინდა, კიდევ უფრო კარგად გავიაზროთ, რომ დემოკრატიული ღირებულებები არის ქართული ცხოვრების წესი. ჩვენი ისტორია, ჩვენი სამართლებრივი და ლიტერატურული ძეგლები ამის დასტურია. უბრალოდ ჩვენ 70 წლის განმავლობაში წაგვიშალეს მეხსიერება, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ 2003 წლამდე იყო ბნელი და უკუნი. მე ვამბობ: ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რაც 2003 წლის შემდეგ იყო, მაგრამ უფრო მეტად უნდა გვახსოვდეს, რაც მანამდე იყო, რადგან ისტორია ყველაზე კარგი მსაჯული და მასწავლებელია მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული ღირებულებები არის ქართული კულტურის ნაწილი და არავითარ შემთხვევაში – თავსმოხვეული. დასავლეთმა ეს აიტაცა და გახადა თავისი კულტურის ნაწილი. თუ ხალხს ამას გავაგებინებთ, ის უფრო ადვილად მიიღებს ამ ღირებულებებს, ვიდრე ფრანგული თუ გერმანული წესებით ცხოვრებას.