პოლიტიკური კალეიდოსკოპი
სამეფო ქორწილი – შემოსავლის წყარო
პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილმა ჟურნალ-გაზეთებს 31 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა. სამეფო ქორწილისადმი მიძღვნილმა ჟურნალების საცალო ვაჭრობამ 13 მილიონი დოლარი, ხოლო სპეციალურმა გამოცემებმა და სხვა თემატურმა მასალებმა დამატებით, 18 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანა. ყველაზე დიდი რაოდენობით ჟურნალი „ფიფლ” გაიყიდა (2,2 მილიონი ცალი), რომლის ტირაჟი ქორწილის შემდეგ 80 პროცენტით გაიზარდა. მეორე ადგილზე „US უიქლი” გავიდა, რომელიც 900-ათასიანი ტირაჟით გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ ქორწილს, პირდაპირი ტელეტრანსლაციით, მსოფლიოს 2-მილიარდიანი აუდიტორია ადევნებდა თვალს, რაც რეკორდულ მაჩვენებელია ტელევიზიების ისტორიაში.
ობამა მესის ედრება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ საკუთარ თავში, „ბარსელონას” არგენტინელ ვარსკვლავთან, ლეო მესისთან მსგავსება აღმოაჩინა. თეთრ სახლში ობამამ ამერიკის საფეხბურთო ლიგის გამარჯვებული, კლუბ „კოლორადო რეპიდსის” წევრები მიიღო და საზეიმო ცერემონიის დროს, კლუბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ობამას ათნომრიანი მაისური აჩუქა. თან, შეახსენა, რომ ასეთ მაისურს მხოლოდ გუნდის ლიდერები ატარებენ. ობამა არ დაიბნა და აღნიშნა, რომ ამიერიდან იგი ლიონელ მესივით არის: „მე და მესი ერთ დონეზე ვართ”, – გაიხუმრა ობამამ. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი ჟურნალისტები გააოცა იმან, თუ როგორ ერკვეოდა ობამა ევროპულ ფეხბურთში. შეერთებულ შტატებში ხომ ფეხბურთი გაცილებით ნაკლებპოპულარულია, ვიდრე, მაგალითად, ამერიკული ფეხბურთი ან კალათბურთი.
ტეტჩერის „საიდუმლო
იარაღი” გაიყიდა
ერთ-ერთ საქველმოქმედო აუქციონზე, ლეგენდარული ბრიტანელი პოლიტიკოსის, დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერის, „რკინის ლედად” წოდებული – მარგარეტ ტეტჩერის ცნობილი შავი ჩანთა 25 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. „ასპრეის” ფირმის ტყავის შავი ჩანთა ტეტჩერის განუყრელი აქსესუარი იყო რონალდ რეიგანთან და მიხაილ გორბაჩოვთან შეხვედრების დროს. პრემიერის კოლეგები ხშირად, ჩანთას ხუმრობით ტეტჩერის „საიდუმლო იარაღს” უწოდებდნენ. ჩანთის გაყიდვა ტეტჩერის პირადი თხოვნით მოხდა და მიღებული თანხა მთლიანად ბრიტანელი სამხედრო ვეტერანების დახმარების ფონდში გადაირიცხა.
ჩავესის ნანატრი გამოჩენა
ვენესუელის მთავრობამ ნაციონალური ტელევიზიის ეთერში გაავრცელა კადრები, სადაც ახალნაოპერაციები უგო ჩავესი ფიდელ კასტროსთან ერთად არის დაფიქსირებული. 10 ივნისს ჩავესს ჰავანაში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა მენჯის არეში და მას შემდეგ მის შესახებ არანაირი ცნობა არ გავრცელებულა, რამაც ვენესუელის მოქალაქეები პანიკაში ჩააგდო. კოლუმბიური მასმედიის ზოგიერთი საშუალება ავრცელებდა ცნობას, რომ ჩავესი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც უფრო მეტად ამძაფრებდა ინტერესს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ვიდეოჩანაწერზე მკაფიოდ ჩანს, რომ ჩავესი სპორტულ კოსტიუმშია გამოწყობილი და ასევე, სპორტულ ფორმაში ჩაცმულ ფიდელ კასტროსთან საუბრობს. ჩავესი და კასტრო დიდი ხანია, მეგობრობენ და ვენესუელელი კუბური რევოლუციის კომანდანტეს ხშირი სტუმარია ჰავანაში.
პუტინი რუსული ანიმაციის აღორძინებას გეგმავს
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი რუს მულტიპლიკატორებს შეხვდა და დაჰპირდა, რომ 2012 წლის ბოლომდე, რუსული ანიმაციის დასახმარებლად, რუსეთის მთავრობა 2,5 მილიარდამდე რუბლს დახარჯავს. პუტინმა ხაზი გაუსვა, რუსული ანიმაციის მნიშვნელობას და ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია „სოიუზმულტფილმის” ბაზაზე შეიქმნას რუსული ანიმაციის ცენტრი, რომელიც პუტინის პატრონაჟით გააგრძელებს საქმიანობას.