სვებედნიერი მხოხავები
„დამგესლონ ცეცხლისფერმა მორიელებმა ბარემ“
თბილისში არა მხოლოდ მცხუნვარე ამინდია, ამ მცხუნვარე ამინდის წყალობით, ქვეწარმავალნიც მოგვძალებიან. თუმცა ქვეწარმავლების კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი ბ-ნი წიკლაური (გურამი და არა ნუგზარი) გვაიმედებს, რომ „თბილისში გველების მომრავლებაში საგანგაშო არაფერია“, ოღონდ, არა იმიტომ, რომ აღარ იგესლებ-იკბინებიან, იმ მარტივი მიზეზით, რომ მხოხავები, ჩვეულებისამებრ, მაისის ბოლოს აქტიურდებიან, აქტივობის პიკს კი ივნის-ივლისში აღწევენ.
მეორე მხრივ, ქვეწარმავლებისგან თავის დაცვის რამდენიმე საშუალებაც არსებულა: უპირველესად, სანნორმების დაცვა, უმეორესად კი – გაზონ-ბალახების გათიბვა. ხოლო, თუკი ამანაც არ გაჭრა – სამაშველო სამსახურში დარეკვა. ოფიციალური სტატისტიკით, ზემოხსენებულ სამსახურს მაისში 20 გველი გაუსკვანჩავს, ივნისში კი – 61. იშვიათი ჯიშების გველებს ზოოპარკში ათავსებენ, სავარაუდოდ, როგორც ადგილობრივების, ისე ტურისტების მისაზიდად, ბოგანოებს კი უკაცრიელ ადგილებში უშვებენ. ასეთი ჰუმანიზმის მოტივი შემდეგნაირია: გველების განადგურების საჭიროება არ არსებობს (ნეტავ, რატომ?! დისკრიმინაციაში დაგვადანაშაულებენ?!) და, რაც მთავარია, არც შესაბამისი ნებართვა (პოსტრევოლუციურ საქართველოში არა მხოლოდ ორფეხათა, მხოხავთა უფლებებიც დაცულია!). უფრო ზუსტად, ბ-ნი წიკლაური ბრძანებს: „გველი, მიუხედავად მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებისა, ბუნებისთვის თავისებური სარგებლის მომტანია და, ამდენად, მისი მოკვლა ოფიციალური სტრუქტურის მიერ დაუშვებელია.“
ბუნებრივია, სახელმწიფო სტრუქტურების ასეთი ჰუმანიზმი მისასალმებელია (იქნებ მხოხავთა წყალი ორფეხათა მიმართ კანონის გაჰუმანურების საქმესაც გადაესხას), თუმცა, თუკი ზემომოხმობილმა რჩევებმა ვერ გიშველათ, იმის საშუალება აუცილებლად მოგეცემათ, რომ თავი გმირად (თუნდაც, ლიტერატურულ) იგრძნოთ:
„მოუსვენრად ტრიალებდა იგი საწოლში, წრიპინებდნენ მღამიობები, კუთხეებში ფაჩუნობდა რაღაც.
…პირქვედამხობილი იწვა ბნელში და ნატრობდა: სად დაიკარგნენ ის წყეულები, გამოძვრნენ ბნელი ნაპრალებიდან და დამგესლონ ცეცხლისფერმა მორიელებმა ბარემ.“