გადაკმაყოფილებული
„ხომ ლამაზია ეს ჩემი ციხე, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა“
ჩვენი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს პირველქალი, ჯერ ერთი, რომ პოსტს დიდხანს შემორჩა და, რაც მთავარია, დარწმუნებულია, რომ საქართველოს პენიტენციალური სისტემა ევროპის მრავალი ქვეყნისთვისაა მისაბაძი. მაგრამ, შესაძლოა, იმიტომ, რომ კიდევ უფრო მისაბაძი გახდეს (პრინციპით: ხომ ლამაზია ეს ჩემი ციხე, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!), ევროპის საბჭოს განვითარების ბანკმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და ასე შემდეგ სამინისტროს კრედიტი გამოუყო: გრძელვადიანი, ზედაც დაბალპროცენტიანი. თანხა კი ახალი ციხის აგებაში დაიხარჯება. ისე ომახიანად გვამცნო ჩვენმა ელმედიამ, საპყრობილე 2 000-ადგილიანი იქნებაო, თითქოს შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო შენდებოდეს. სასტუმროა თუ საპატიმრო, ის ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში აშენდება და ევრორემონტითაც დამშვენდება. სამაგიეროდ კი, დასავლეთ საქართველოში არსებული სამი სასჯელაღსრულების დაწესებულება, მოძველებული და საბჭოური სტანდარტების, მიინგრევა. ქ-ნი კალმახელიძე გვარწმუნებს, რომ ახალი ციხე საერთაშორისო სტანდარტებს კიდეც დააკმაყოფილებს და კიდეც გადააკმაყოფილებს.
ხოლო, რაკი, სესხით თუ უსესხოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების ადგილები სწრაფი ტემპით ევროპულდება (რასაც, მაინცდამაინც, ვერ ვიტყვით საქართველოს მოქალაქეების საცხოვრებლებზე), მეორე მხრივ, ტურისტულ მექად ქცევასაც ვლამობთ და, რაც მთავარია (თუ საქართველოს უპირველეს „მეციხეს“ დავერწმუნებით), მთელი ცივილიზებული მსოფლიო შემოჰნატრის ჩვენს საციხო რეფორმებს, იმის პარალელურად, როდესაც ჩვენი ტურისტული ინფრასტრუქტურა უცხოელ ტურისტებს უმასპინძლებს, უცხოელი დამნაშავეებისთვის ეს ჩვენი (და მერე რა, რომ ვალით, წრფელი გულით ნაშენები) ევროსტანდარტების დარი ციხეები ხომ არ შეგვეთავაზებინა?!