რომაული პრინციპით და არისტოტელეს ლოგიკით
ანუ ხელამოუსმელები
ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა (რომელიც, თუ ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს მივენდობით, თვალში რომ ჩავუცვივდეთ, ხელსაც არ ამოისვამს, დიდი-დიდი, ალავერდი და ჯვარი გამოაცხადოს სომხური კულტურის ძეგლებად) გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ქართველი დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნებას გულისხმობდა, ხმა წინააღმდეგ მისცა. შესაძლოა, იმ მიზეზით, რომ „ხელსაც არ ამოისვამენ“, ჩვენს საგარეო უწყებას მეზობლისთვის ახსნა-განმარტება არ მოუთხოვია (ისიცაა, შესაძლოა, მოსთხოვა და ჩვენ არ გაგვაგებინა, – გულები არ ეტკინოთო).
ასეა თუ ისე (უფრო კი, ისე უნდა იყოს), გაეროში უარის ტკიცვის შემდეგ ჩვენს ქვეყანას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია, ჩვენს მინისტრსაც შეხვდა და თავის სამშობლოშიც კმაყოფილი დაბრუნდა. ამის პარალელურად, უქმად არც ჩვენი კანონმდებლები მსხდარან, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებები (რომლებიც საქართველოში სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობისთვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას გულისხმობდა) თვალის დახამხამებაში მოამზადეს, დახამხამებაზე უფრო სწრაფად პარლამენტს წარუდგინეს, ამ უკანასკნელმა კი, საერთოდაც, სინათლის სიჩქარით დაამტკიცა. თუ გავიხსენებთ, რომ ამ ცვლილებით ყველაზე აქტიურად სომხური ეკლესია და თემი იყო დაინტერესებული, რომაული პრინციპით, სავარაუდოა, რომ ყველაზე მეტად სწორედ მათ ესიამოვნებოდათ.
ბუნებრივია, ჩვენ მეზობლების სიამოვნების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა, თუ ამ ორ მოვლენას (გაეროში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციისთვის ხმის წინააღმდეგ მიცემას, საქართველოში კი სომხეთის ინტერესის მხარდაჭერას) ერთმანეთს დავუკავშირებთ და არისტოტელეს ლოგიკას მოვიშველიებთ, გამოდის, რომ, თუკი სომხეთი აფხაზეთს აღიარებს, ჩვენ საპასუხოდ, ეს ჩვენი საქართველო დიდ სომხეთად უნდა გამოვაცხადოთ?!