რას გამოიყენებდა გიორგი სუხიტაშვილი ბოროტად, ქალის ფიქრების გაგება რომ შეძლებოდა
როცა გიორგი სუხიტაშვილს ვუსმენ, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ქალებსა და სიყვარულს უმღერის. მაგრამ, მიუხედავად ამისა, „ქალის ტყავში“ საკუთარი თავის წარმოდგენა ძალიან გაუჭირდა. ისიც კი თქვა, წინა ცხოვრებაში მაინც რომ ვყოფილიყავი ქალი, უფრო ადვილად გავართმევდი თავს დაკისრებულ ამოცანასო. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც შეძლო, ქალებზე, მამაკაცებზე და მათ პრობლემებზე გულახდილად ესაუბრა.
გიორგი სუხიტაშვილი: ქალი, მამაკაცი, მათი ურთიერთობა... ეს საკმაოდ რთული საკითხია. ღმერთმა შექმნა ეს სამყარო ისე, რომ ამ ორ არსებას უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შესძლებოდათ. რომლის „ტყავში“ ყოფნაა უფრო ადვილი და მომგებიანი, ამას ვერ გეტყვი. ხშირად გამიგია, ქალებს რომ უთქვამთ, რატომ კაცად არ დავიბადეო.
– ამას მაშინ ვამბობთ ხოლმე, როცა ვინმეს ცემა გვინდა.
– (იცინის) არა მარტო ცემა. კიდევ არის რაღაც-რაღაცეები, რომლის გამოც ღირს კაცად ყოფნა. თუმცა, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მამაკაცებმა თავისი პატარა უპირატესობა ბოროტად გამოიყენონ. პირიქით, იყო მამაკაცი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ამის დავიწყება არ შეიძლება.
– მამაკაცები რომ ამბობენ ხოლმე, კიდევ კარგი, ქალად არ დავიბადეო?!
– ჰო, ზოგჯერ ამბობენ. თუმცა, პირადად მე არ მახსენდება ასეთი შემთხვევა. ჩემი გადასახედიდან, კაცად ყოფნა ჯობია, ოღონდ, თუ მართლა კაცი ხარ, მთელი შენი შეგნებით და მოქმედებით უნდა იყო, თორემ, მარტო ის იძახო, მე კაცად დავიბადეო, არ არის საკმარისი. ვითომ, მამაკაცობას ისევ ქალად ყოფნა სჯობია? შეიძლება, იმიტომ, რომ ქალს ბევრი ისეთი რამ ეპატიება, რაც კაცისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
– მაინც, რა ეპატიება ქალს?
– პატარ-პატარა სისულელეები. ნუ მიწყენენ ქალბატონები, მაგრამ ყოველთვის ვერიდები საქმიან ურთიერთობას ქალთან. თუ სერიოზული საქმეა, მირჩევნია, კაცთან მქონდეს. რადგან ქალი არაპროგნოზირებადია. შეიძლება, ისეთი რამე ჩაიდინოს, რაც იმ საქმესთან არანაირ კავშირში არ იქნება და გაუთვალისწინებელი პრობლემები შეიქმნას. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ასეთი შემთხვევა. შეცდომაც დაუშვია ქალს და იძულებული გავმხდარვარ, მეპატიებინა. მაშინ, როცა მამაკაცს იმავე შეცდომას არ ვაპატიებდი. ქალი ძალიან ემოციურია, რასაც საქმეშიც ავლენს.
– ანუ, ემოციურობაა ჩვენი ნაკლი?
– პირიქით, მაგ ემოციურობის გამოა ქალი საყვარელი და საფერებელი. ქალი უნდა განსხვავდებოდეს მამაკაცისგან ამ სისათუთით. თორემ, თუ ჩაცუცქულმა საქმეები მირჩია, ის რაღა ქალია! სხვათა შორის, ზოგიერთი ქალი ხშირად თამაშობს დაბნეულობას, თავს სუსტად გაჩვენებს. მაგრამ მე ეს არ მაღიზიანებს. პირიქით, შეიძლება, ავყვე კიდეც ამ თამაშში, იმიტომ, რომ ქალს ესეც უხდება. მთავარია, ამ თამაშმა მახინჯი ფორმა არ მიიღოს და ფარსად არ გადაიქცეს.
– წარმოიდგინე, რომ ერთ დღეს ყველაფერი გაიგე, რასაც ქალები ფიქრობენ...
– (იცინის) მელ გიბსონის გმირივით? მე რომ პირველად ეგ ფილმი ვნახე, მაშინვე საკუთარი თავი წარმოვიდგინე მის ადგილას. რა არის იცი? თინეიჯერობის ასაკში, ალბათ, ძალიან მომეწონებოდა და კარგადაც გავერთობოდი, იქნებ ბოროტადაც გამომეყენებინა. (იცინის), მაგრამ ახლა უფრო სერიოზულად ვფიქრობ ამაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ოთხმოცდაათი პროცენტი ცუდია, როცა იცი, რას ფიქრობენ ქალები. ათი პროცენტი კი საინტერესო და სასარგებლოც არის. ყოველ შემთხვევაში, მე არ მინდა. ერთი-ორი დღე კიდევ შეიძლება, მაგრამ მერე პრობლემები შემექმნება.
– გავიგე. შენთვის, „ქალის ტყავში“ შესვლის მცდელობა პრობლემებთან ასოცირდება.
– მე მსახიობი ვარ და სხვადასხვა გმირის „ტყავში“ შესვლა ჩემი პროფესიაა. თუ შენს გმირს ფეხი სტკივა, შენც რაღაცნაირად უნდა განიცადო ეს ტკივილი, რომ მაყურებელმა დაგიჯეროს. ეს არ არის ადვილი. მით უმეტეს, არ არის ადვილი „ქალის ტყავში“ შეძრომა.
– ჰო, მაგრამ, თუ ამას კაცი შეძლებს, ის უკეთ გაუგებს ქალებს.
– ქალს რომ გაუგო, ამისთვის მის „ტყავში“ შესვლა აუცილებელი არ არის. მთავარია, ყურადღებიანი იყო და მოინდომო. ურთიერთობების აგება ქალთანაც და კაცთანც მარტივ პრინციპზე უნდა იყოს დამყარებული: არ უნდა გაუკეთო მას ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ.
– როგორი არ უნდა იყოს ქალი?
– მე არ მომწონს უზრდელი, უხეში და კეკლუცი ქალები. რა ვქნა, არ მომწონს, მთელი ცხოვრება რომ კეკლუცობენ. საშინელებაა უჭკუო ქალიც, ვერაფერზე რომ ვერ დაელაპარაკები. ძალიან ლამაზიც რომ იყოს და თმის ღერიდან დაწყებული – ფრჩხილებით დამთავრებული, ყველაფერი ლამაზი ჰქონდეს, არ მომეწონება, თუ ყველაფერზე საკუთარი აზრი არ გააჩნია. „ცარიელ“ ქალთან ურთიერთობა არ არის საინტერესო. მომწონს მრავალფეროვანი ქალი, რომელმაც ჩხუბიც კი თავის დროზე იცის.
– ანუ ჩხუბიც აუცილებელია?
– რა თქმა უნდა. ოღონდ, თავ-პირი კი არ უნდა დაამტვრიოთ ერთმანეთს, ზომიერ ჩხუბს ვგულისხმობ, რომელსაც ძალიან „გემრიელი“ შერიგების პროცესი მოჰყვება ხოლმე, რაც თავისთავად, ურთიერთობაში ახალი ეტაპის დაწყების საშუალებაც არის და კიდევ უფრო პოზიტივია. ანუ, მე იმის თქმა მინდა, რომ სიყვარულით თუ ჩხუბობ, ესეც სასიამოვნოა.
– ქალი უფრო მეზღაპრეა, თუ კაცი?
– არც ერთს ჰყავს ბადალი ამ საქმეში და არც მეორეს. (იცინის) ორივე მეზღაპრეა, როცა უნდა, რომ ზღაპრების სჯეროდეს. მაგრამ ეს ცუდი არ არის. ზოგჯერ კი, უბრალოდ, აუცილებელია. მოდი, იმაშიც შევთანხმდეთ, რომ ქალი სიყვარულში ძალიან მეოცნებეა. უყურებს ფილმებს, სერიალებს და უნდა, რომ ცხოვრებაშიც ასე იყოს. იმდენად უნდა, რომ მერე იგონებს თავისთვის „იდეალურ“ სიყვარულს და იჯერებს ამას. არაფრით არ უნდა, დაინახოს რეალობა და ის მამაკაცი, რომელიც გვერდით ჰყავს. მე ვიცნობ ასეთ ქალებს. ისეთ რომანტიკულ ამბავს მოყვებიან ხოლმე თავისი ცხოვრებისას, რომ არ იცოდე, სინამდვილეში როგორი ცხოვრება აქვთ, დაიჯერებ. ვდებილდები ხოლმე, როცა ვუსმენ. (იცინის) კაცებისთვის ასეთი რაღაც არ შემინიშნავს. კაცი მაშინ არის მეზღაპრე, როცა ქალებთან თავისი „გმირობების“ შესახებ ყვება, მაგრამ მე ასეთ კაცებს პატივს არ ვცემ.
– ცოდვაა ქალი, რომელსაც სიყვარული არა აქვს და იგონებს.
– უსიყვარულოდ ქალიც ცოდვაა და კაციც. სიყვარულის დეფიციტი სერიოზული პრობლემაა. ძალიან ცუდი რამეები ხდება, როცა ადამიანებს ერთმანეთი აღარ უყვართ. ხომ ხედავ, რაც ხდება? ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ სულიერება დავკარგეთ ადამიანებმა და ამან სიყვარულის დეფიციტიც წარმოშვა. სიყვარულსაც სწავლა უნდა, უნდა გაზარდო შენში სიყვარული. ამაგი უნდა ჩადო და მერე უდიერად ვეღარ მოექცევი. შენი ამაგი დაგენანება.
– იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ თუ ქალს პირადი ცხოვრება არ ეწყობა, ეს მისი ბრალიც არის?
– რა თქმა უნდა. ზოგიერთი ქალი გასათხოვრობის ასაკში უკვე გაუთხოვარია. ისეთი პრეტენზიები აქვს და ისეთი მოთხოვნები, რომელი მამაკაცი მიეკარება! არ მინდა გათხოვებაო, – ქალი რომ იტყვის, აბა, რა უნდა? რატომ არ უნდა უნდოდეს?
– აბა, რა ქნას, თუ კაცი ჩუმად არის, თვითონ აუხსნას სიყვარული?
– რატომ არა? არ უნდა დამალო გრძნობა, თორემ, შეძლება, მთელი სიცოცხლე ინანო, რომ დამალე და არ თქვი. ბევრი მინახავს ასეთი ადამიანი. ის წამი, ის მომენტი აღარასოდეს დაბრუნდება, ამიტომ უნდა გამოიყენო. შეცდომას ყველა ვუშვებთ, ყველა ადამიანი ცოდვილია. მთავარია, საკუთარ თავთან იყო მართალი.
– წარმოიდგინე, რომ ქალი ხარ და მითხარი, როგორი ქალი იქნებოდი?
– ამაზე კი მართლა არასოდეს მიფიქრია. (იცინის) ალბათ, სულელი არ ვიქნებოდი. კიდევ რა მინდა, იცი? ჩვენი ქალები მეტად ღვთისმოშიშები რომ იყვნენ. მე რომ სხვანაირი დედა მყოლოდა, არ ვიცი, როგორი ადამიანი ვიქნებოდი. ამიტომაც მინდა, რომ ქალებმა მეტად გააცნობიერონ თავიანთი როლი და მისია. აღზარდონ შვილები უფლის შიშით და სიყვარულით, მაშინ ყველაფერი ძალიან კარგად იქნებოდა. ქალს უზარმაზარი ფუნქცია აქვს, მით უმეტეს, ქართველ ქალს, რომელიც ყოველთვის იყო ერის გადამრჩენი. ბოლოს და ბოლოს, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ამით ყველაფერია ნათქვამი.
– მამაკაცის როლს ხომ არ აკნინებ?
– არანაირად. მამაკაცს აქვს თავისი ფუნქციაც და თავისი წილი პასუხისმგებლობაც, მაგრამ მას ყოველთვის ეტყობა, როგორმა ქალმა გაზარდა და როგორი ქალი ჰყავს გვერდით. თუ ქალთან „ხმლის ტრიალი“ გჭირდება, ცუდად გქონია საქმე. არ არის საჭირო თამაში და თავის მოტყუება. ვეღარც „ქალის ტყავში“ შესვლა გიშველის და ვერაფერი.
ნინო წულუკიძე