რისი თავი აღარ აქვს ხოლმე ანა ამილახვარს, რატომ მობეზრდა მას კლუბური ცხოვრება და „ძიგძიგი“ და რატომ ითხოვს მისი ორგანიზმი სულ სხვადასხვა რაღაცას
სერიალში „გოგონა გარეუბნიდან” ცოტა ხნის წინ „სწერვა” და გაბოროტებული პერსონაჟი – კესო გამოჩნდა. ის ყველანაირი გზით ცდილობს ბიჭის ხელში ჩაგდებას და გამოუვიდა კიდეც. როგორია სინამდვილეში კესო, ანუ ანა ამილახვარი, ჰგავს თუ არა საკუთარ პერსონაჟს და რამ გახადა მისი ცხოვრება საინტერესო, ამაზე თავად მსახიობი გვესაუბრება.
– ახლახან გამოჩნდი სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”. გვითხარი, ვინ არის ანა ამილახვარი?
– ანა ამილახვარი არის სტუდენტი. ვსწავლობს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მეორე კურსზე ვარ და ეს სერიალი ჩემთვის პირველია. ჩემი დებიუტი შედგა, ასე ვთქვათ (იცინის). ეს ჩემს კარიერაში პირველი პატარა ნაბიჯია და ძალიან მიხარია. ასევე, ვთამაშობ მარჯანიშვილის თეატრში ერთ-ერთ სპექტაკლში. ბატონმა ლევან წულაძემ გააკეთა ახალი პროექტი ახალგაზრდა რეჟისორებისა და მსახიობებისთვის. ეს არის სპექტაკლი „მეწაღის ცოლის ამბავი”, რომელიც უკვე ჩაჯდა თეატრის რეპერტუარში.
– მსახიობობა ბავშვობიდანვე გქონდა გადაწყვეტილი?
– კი, ყოველთვის ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი და ძალიან ბევრი ჰობი მქონდა. ყველაფერს ვიყავი მიდებულ-მოდებული. ვხატავდი, სხვადასხვა გამოფენებშიც მიმიღია მონაწილეობა. კარგად ვცეკვავდი და ძალიან პატარა ვიყავი, უკვე ვირტუოზ ბავშვად მთვლიდნენ. არაერთ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა. ტამტამებზეც კი ვუკრავდი. ბალეტზეც დავდიოდი, მაგრამ სიმაღლის გამო დამიწუნეს. ბალეტისთვის თურმე ზედმეტად მაღალი ვარ. ვმღეროდი კიდეც, მაგრამ ახლა დრო აღარ მრჩება ამისთვის. ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, ხელოვნებას და სცენას უკავშირდებოდა. ამიტომ, მოულოდნელი არავისთვის ყოფილა ჩემი მსახიობობა. ახლა უკვე ვხვდები, რომ ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.
– სერიალში როგორ მოხვდი?
– ჩემმა მეგობარმა ნიკა წულუკიძემ დამირეკა და შემომთავაზა კესოს როლი. მე არც კი ვიცოდი, როგორი გოგო იყო კესო. მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, პირდაპირ დავთანხმდი. შემდეგ ეკა მჟავანაძესთან მივედი და აღმოჩნდა, რომ მე ამ როლზე დამამტკიცეს. რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა.
– შენი გმირი არცთუ ისე დადებითი პიროვნებაა. შენ რას იტყვი მის შესახებ. რეალურად თუ ჰგავხარ მას რამით?
– კი, ნამდვილად უარყოფითი პიროვნებაა. ხომ გითხარი, თავიდან მისი სახელიც კი არ ვიცოდი, ჩემთვისაც აღმოჩენა იყო, რომ ის ასეთი ბოროტი და საშინელი გოგოა (იცინის). რაც შეეხება ჩვენს მსგავსებას, ვერ ვხედავ. არა მგონია, მას რამით ვგავდე. ბევრი მისი საქციელი ჩემთვის გაუგებარია. ისიც კი არ მესმის, როგორ შეიძლება, ბარში გაცნობილ ბიჭს იმ ღამესვე სადმე გაჰყვე. კესო შეყვარებულს ატყუებს, მე ასე, არ მგონია, მოვქცეულიყავი. კესოსნაირი გოგონების კატეგორიას არ მივეკუთვნები.
– მის გემოვნებაზე რას იტყვი, შენთვისაც თუ იქნებოდა მისაღები, მისი მოწონებული ბიჭი?
– რას მეკითხებით, ვერ მივხვდი (იცინის)? მერაბი მშვენიერი ბიჭია და მოსწონს კესოს. ამას, მგონი, არ იტყუება (იცინის).
– ზურაზე და ანაზე რას მეტყვი?
– (იცინის). ზურასა და ანაზე, არ ვიცი, რა უნდა გითხრა. საქართველოში ძალიან სწრაფად და ხანდახან უსამართლოდ ვრცელდება ინფორმაციები. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. დანარჩენი ყველაფერი ილუზიაა. ჩვენი ურთიერთობა სერიალიდან დაიწყო, მანამდე არც ვიცნობდით ერთმანეთს. ის ძალიან კარგი ადამიანია. მიხარია, რომ მისი სახით კარგი მეგობარი შევიძინე. მეგობართან ერთად სეირნობაც შეიძლება და სადმე წასვლაც. ამის გამო ვიღაცამ რაღაცა არ უნდა დაასკვნას.
– ისე, ზოგადად, ზურასნაირი ბიჭები მოგწონს?
– (იცინის). ძალიან მომწონს ჭკვიანი ბიჭები. მთავარი გარეგნობა ნამდვილად არ არის. ყველაფერი უნდა ჰქონდეს ცოტ-ცოტა. რაც შეეხება ზურასნაირ ბიჭებს, ეგ რას ნიშნავს (იცინის)?
– ზურასნაირი ბიჭები ნიშნავს, ზურასნაირ ბიჭებს...
– ზურა არის კარგი ადამიანი. ვიზუალურადაც მშვენიერი ბიჭია. მაგრამ მართლა არ მომწონს, თორემ, ალბათ, რაღაცას ვიზამდი (იცინის).
– კიდევ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიჭი, შენი სიმპათია რომ დაიმსახუროს?
– ვფიქრობ, ვფიქრობ და ბოლოს ისევ ჭკუასთან მივდივარ: უნდა სწავლობდეს. რაღაც საქმით უნდა იყოს დაკავებული. მასში რაღაც პოტენციალს უნდა ვხედავდე. მიყვარს საინტერესო ადამიანები. მგონი, არცთუ ისე სასიამოვნოა, უინტერესო ადამიანთან ურთიერთობა. უჟმური არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. „დასტოინი” ბიჭები მომწონს. მას თავისი საქმე უნდა ჰქონდეს, მე – ჩემი. ჩვენ ერთმანეთს ყველაფრით უნდა გავუგოთ.
– ესე იგი, ამჯერად შენი გული თავისუფალია?
– კი, ახლა მართლა თავისუფალია ჩემი გული. ველოდები იმ ღირსეულ ადამიანს, რომელიც გამოჩნდება და ჩვენ ერთმანეთს გავუგებთ. მე ვფიქრობ, ამ საკითხში ძალიან ჰუმანური ვარ. ვიღებ ადამიანს ისეთს, როგორიც არის. სხვათა შორის, ძალიან კომუნიკაბელური ვარ. მიყვარს ადამიანების გაცნობა, ახალი ურთიერთობები. ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემი პროფესიის ადამიანებისთვის ალბათ, აუცილებელია ყველანაირი ადამიანის გაცნობა. მათი ტიპაჟების ამოცნობა. თუმცა, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, მაშინ არავინ და არაფერი მაინტერესებს.
– რას აკეთებ მაშინ?
– ან სახლში ვარ, ან რაიმე საქმეს ვაკეთებ. თუ კარგ ხასიათზე ვარ, მაშინ ახალი ურთიერთობებისთვისაც სიამოვნებით ვიცლი. ძალიან თამამად შემიძლია, კომპლიმენტი ვუთხრა სრულიად უცხო ადამიანს. არ აქვს მნიშვნელობა გოგოა თუ ბიჭი. არასოდეს მრცხვენია ამის.
– ალბათ, თაყვანისმცემლებიც გეყოლება. თავს ხომ არ გაბეზრებენ?
– არა, თავს არ მაბეზრებენ. არავის არასდროს შევუწუხებივარ. ჩემ გარშემო კი ნამდვილად ვგრძნობ სითბოს. მიუხედავად იმისა, რომ უარყოფით როლს ვასრულებ, მაინც ყველას მოვწონვარ და ჩემდამი სიმპათიებს გამოხატავენ. ამ სერიალმა ძალიან ბევრი დადებითი რამ შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში, – უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა. ძალიან მიხარია, როცა სასიამოვნო კომპლიმენტებს მეუბნებიან.
– ნელ-ნელა პოპულარული ხდები. როგორ ფიქრობ ეს სასიამოვნოა?
– სასიამოვნოა. ცუდი რატომ უნდა იყოს. მართალია, ჯერ ვერ ვგრძნობ პოპულარობას, მაგრამ ბევრი დადებითი ექნება, ალბათ. საერთოდ, ყოველთვის ისეთ წრეში ვარ, ეს ჩემთვის არ ყოფილა უცხო. ძალიან დიდი სამეგობრო მყავს და ყურადღების მომენტი ყოველთვის მქონდა. ხანდახან, ალბათ, არც არის სასიამოვნო ზედმეტი ყურადღება. ყოველთვის ხომ ისეთ ხასიათზე არ ხარ, ყველას უცინო. ზოგჯერ მინდა, არავინ შემამჩნიოს.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
– თავისუფალი დრო, ღმერთო ჩემო, არის რომ თავისუფალი დრო?! (იცინის) ძირითადად მეგობრებთან ერთად ვარ ხოლმე. ყოველთვის ვცდილობ, კულტურულ ამბავში ცოტა გავიზარდო და წავიდე გამოფენებზე. ისე, ყველანაირი დასვენება მომწონს. კლუბებშიც დავდივარ. მთავარია, მეგობრებთან ერთად ვიყო და სად ვიქნები, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ამ ბოლო დროს უფრო წყნარი გართობა მომწონს. ისედაც ისეთი დატვირთული გრაფიკი მაქვს, მერე კლუბისა და ძიგძიგის თავი აღარ მაქვს. ძალიან ვიღლები მთელი დღის განმავლობაში.
– რა განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას?
– მუსიკის მოსმენა. ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ჩემთვის მუსიკა. მაწყნარებს, სტიმულს მაძლევს. მისთვის დრო არასდროს მენანება. ვუსმენ ყველაფერს, ყველა მიმდინარეობას. არ შემიძლია მხოლოდ ერთი ტიპის მუსიკას მოვუსმინო. ყოველთვის სხვადასხვანაირ ხასიათზე ვარ. ორგანიზმი სულ სხვადასხვა რაღაცას ითხოვს.
– ცვალებადი ხასიათი გაქვს?
– კი, ძალიან. არასდროს ვარ ერთნაირ ხასიათზე. დღეს ხომ მხედავ, ხვალ შეიძლება ვეღარ მიცნო. ერთფეროვანი ადამიანი არ ვარ. საერთოდ, ძალიან ემოციური ვარ. ყველაფერს ემოციურად ვუყურებ და აღვიქვამ. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად მოვთოკო თავი და მინდა ეს გამომივიდეს (იცინის).
– როცა ვერ ახერხებ, მაშინ რა ხდება?
– ვცდილობ, სიტუაციას გავერიდო. წივილ–კივილით ნამდვილად არ დავდივარ, თუმცა ყველაფერს ძალიან ემოციურად ვიღებ და ფსიქიკურად ვინგრევი ხოლმე. (იცინის). ძალიან მიხარია, მიყვარს, ვწუხვარ... ყოველთვის ყველაფერი „ძალიან“ არის ჩემს ცხოვრებაში (იცინის). ბოლოს საკუთარ თავს მობილიზებას ვუკეთებ და ყოველდღე თავიდან ვიწყებ ცხოვრებას. თუ რაღაც არ გამომივიდა, დეპრესიაში ვვარდები. თუმცა, მე სხვანაირი დეპრესია მახასიათებს. ამას მარტო ჩემი ახლობლები ხვდებიან – ისტერიკული სიცილი მეწყება და სანამ არ გამოვალ მდგომარეობიდან, ვერ ვჩერდები (იცინის). თუმცა, ეს იშვიათად, ხშირ შემთხვევაში, ჩემს ცუდ განწყობას ვერავინ ხვდება.