თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ათი ყველაზე გახმაურებული სექს-სკანდალი
სექს-სკანდალი პოლიტიკოსის მონაწილეობით, სულაც არ არის უპრეცედენტო მოვლენა. ბოლო დროს, თვე არ გავა ისე, რომელიმე, მაღალი სახელმწიფოებრივი თანამდებობის პირი ინტიმურ კავშირში არ გამოიჭირონ მდივანთან ან სულაც თავისივე სქესის წარმომადგენელთან. პოლიტიკოსთა სექს-სკანდალები მსოფლიო მასმედიის წარმომადგენელთა ობიექტივში ხვდება, ჟურნალებიც უმალ ახდენენ ამ ფაქტების აფიშირებას და არ მოისვენებენ, სანამ ამა თუ იმ პოლიტიკოსის თითოეულ „აღვირახსნილ” ნაბიჯს არ გამოიძიებენ. არ ანებებენ თავს, ისედაც საქვეყნოდ შერცხვენილი რეპუტაციის მქონე პოლიტიკური ისთებლიშმენტის წარმომადგენლებს, სანამ ინფორმაციას მოსახლეობას არ მიაწვდიან. „თბილისელების” დღევანდელ ნომერში თანამედროვე პოლიტიკის ათი ყველაზე გახმაურებული სექს-სკანდალის შესახებ მომზადებულ ტოპ-ათეულს გთავაზობთ.
სექს-სკანდალების რეიტინგში ამერიკელ სენატორს, ლარი კრეიგს „საპატიო ადგილი“ უკავია, რომელიც აღვირახსნილი ქცევის გამო, 2007 წელს მინეაპოლისის აეროპორტის მამაკაცების საპირფარეშოში დააკავა პოლიციამ. კრეიგი ტუალეტში უცნობ მამაკაცებს სექსუალური კავშირის დამყარებას სთავაზობდა და გამომწვევად იქცეოდა. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ წლების წინ ლარი კრეიგი კონგრესის შენობაში დასაქმებულ ახალგაზრდებთან ჰომოსექსუალური კავშირების ფაქტთან დაკავშირებულ საქმეში ფიგურირებდა.
ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორს, ჯეიმს მაკგრივს, ჰომოსექსუალური რომანი ჰქონდა გოლან ცოპელთან, ყოფილ ებრაელ სამხედროსთან. მაკგრივმა თავისი საყვარელი თავისივე მრჩევლად დანიშნა უსაფრთხოების საკითხებში. გუბერნატორის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაში მხილების შემდეგ, მაკგრივმა საჯაროდ აღიარა, რომ „ცისფერია” და თანამდებობიდან გადადგომის განცხადება გააკეთა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი სექს-სკანდალების ხშირი მონაწილეა. მისი სახელი ამ ბოლო დროს უფრო ხშირად მეძავებს უკავშირდება, ვიდრე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს – გახმაურებული სკანდალები და განქორწინება მეუღლესთან, რომელიც დონ სილვიოს რამდენიმე ათეული მილიონი ევრო დაუჯდა. ბერლუსკონი თავის „რეპერტუარს“ არც ახლა ღალატობს და სასამართლო მოსმენა, მის შესაძლო სექსუალურ კავშირზე არასრულწლოვან მაროკოელ მოცეკვავესა და მეძავთან – ქარიმა ალ-მარუგთან, ახლაც მიმდინარეობს.
ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ელიოტ სპიტცერმა იმით გაითქვა სახელი, რომ საკუთარი კარიერა ელიტურ მეძავებზე გაცვალა. კორუფციასა და პროსტიტუციასთან მებრძოლი გუბერნატორი, ნიუ-იორკის ელიტური „ბორდელის” – „ემპერიორს ქლაბ ვიპის” ხშირი სტუმარი გახლდათ და საათში სასურველ ქალებში 5 500 დოლარსაც კი იხდიდა. ის მე-9 ნომრად იყო აღნიშნული, ცნობილი ნიუ-იორკელი „მამაშის” „მადამ დისტრიქტ კოლუმბიას” კლიენტთა წიგნაკში. სპიტცერის პოლიტიკური კარიერა ამ ფაქტების გამომზეურების შემდეგ დასრულდა. პრესაში კი გავრცელდა ცნობა, რომ საერთო ჯამში, მეძავებზე, პოსტზე მუშაობის დროს სპიტცერს 80 000 დოლარი ჰქონდა დახარჯული, მათ შორის საბიუჯეტო თანხებიც.
ამერიკელ სენატორს ჩრდილოეთ კაროლინის შტატიდან და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს 2004 წლების საპრეზიდენტო არჩევნების დროს – ჯონ ედვარდს ბრალად თავისივე საარჩევნო შტაბის წევრებთან სექსუალური კავშირების დამყარება ედებოდა. ვრცელდებოდა ცნობა, რომ მის ერთ-ერთ თანაშემწეს მისგან შვილიც კი ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ ედვარდსის საყვარლებთან ურთიერთობა იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც მისი მეუღლე კიბოს დაავადებით საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა. 2010 წელს ედვარდსის მეუღლე გარდაიცვალა, ხოლო 2011 წლის 3 ივნისს ჩრდილოეთ კაროლინის სასამართლომ ჯონ ედვარდსი დამნაშავედ ცნო საბიუჯეტო თანხების უკანონოდ გამოყენებაში. ყოფილ სენატორს 30-წლიანი პატიმრობა და 1,5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა ემუქრება.
ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, პიტერ რობინსონის მეუღლემ და ჩრდილო-ირლანდიის პარლამენტის წევრმა, 60 წლის აირის რობინსონმა რომანი გააბა 19 წლის კირკ მაკკიმბელთან, რომელსაც გავლენიანი საყვარლის დახმარებით, ბანკიდან საკუთარი ბიზნესის დასაწყებად, თანხის გამოტანა სურდა. აირისის დახმარებით კირკი 50 ათასამდე ფუნტი სტერლინგის მიღებას გეგმავდა. თუმცა, პირველად „ბი-ბი-სიმ” გაახმაურა პრემიერის ცოლის შესაძლო რომანის შესახებ, რაც გახდა კიდეც სკანდალის აგორების წინაპირობა. საბოლოოდ, აირისი გამოტყდა, რომ სექსის გამო ხვდებოდა ახალგაზრდა ბიჭს და ბოდიში მოიხადა. ამბობენ, თვითმკვლელობასაც კი გეგმავდაო, თუმცა მას შემდეგ, რაც მეუღლემ აპატია შეცოდება, აირისმა გადაიფიქრა თავის მოკვლა. სკანდალის გამო პიტერ რობინსონს პოსტის დროებით დატოვება მოუხდა, აირისმა კი დეპუტატის მანდატი ჩააბარა.
სოციალური ქსელის გამო თანამდებობის დატოვება მოუხდა ამერიკელ კონგრესმენს ნიუ-იორკის შტატიდან, ენტონი უინერს, რომელიც „ტვიტერის” საშუალებით პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებს უგზავნიდა ქალბატონებს. გამოძიების თანახმად, უინერმა დაახლოებით ექვს ქალბატონს გადაუგზავნა მის მიერვე გადაღებული ფოტოები. სურათზე იგი ნაწილობრივ შიშველ მდგომარეობაში პოზირებდა და თავის გენიტალიებს ტრუსების ქვეშ მალავდა. საბოლოოდ, ბარაკ ობამას ერთ-ერთმა ფავორიტმა კონგრესმენმა თანამდებობა დატოვა.
ჯონ ენსაინი 11 წლის განმავლობაში ნევადის შტატს წარადგენდა ამერიკის კონგრესის ზედა პალატაში და 1998 წელს მკაცრად აკრიტიკებდა იმდროინდელ პრეზიდენტს ბილ კლინტონს, მონიკა ლევინსკისთან გახმაურებული რომანის გამო. თუმცა, 2008 წელს პრესაში გაჟონა ცნობამ, რომ ენსაინს ორწლიანი რომანი ჰქონდა თავისი აპარატის თანამშრომლის, დუგ ჰემპტონის მეუღლესთან. ამბობენ, დუმილის სანაცვლოდ ჰემპტონმა ენსაინს რამდენიმე ასეული ათასი დოლარი გამოსძალა და საერთო ჯამში, სენატორისგან ერთი მილიონი დოლარის მიღებას გეგმავდაო, თუმცა, საბოლოოდ, ჰემპტონმა მაკომპრომეტირებელი წერილი მაინც გადაგზავნა ტელეარხ „ფოქს ნიუსში” და ამ ფაქტის გახმაურებისთანავე, ერთ დროს ყველა ამერიკელისთვის მისაბაძ პერსონად წოდებულმა სენატორმა ენსაინმა თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადება გააკეთა.
დომინიკ სტროს-კანის საქმე, ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული სექს-სკანდალია. მსოფლიო სავალუტო ფონდის ექსხელმძღვანელს სასტუმროს თანამშრომლის გაუპატიურება პოსტის დატოვებად დაუჯდა და შესაძლოა, ახლო მომავალში იგი ციხეშიც კი მოხვდეს. გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მის მიერ გაუპატიურებული ქალების სავარაუდო სია დგინდება. არაოფიციალური მონაცემებით, სტროს-კანს შესაძლოა, 25-წლიანი პატიმრობა შეეფარდოს. სხვათა შორის სტროს-კანის დაპატიმრებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებზეც, რადგან სავალუტო ფონდის ექსთავმჯდომარე ნიკოლა სარკოზის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა.
„სექს-ტერორისტი” – ასე მოიხსენიებს მსოფლიო მასმედია, ისრაელის ექსპრეზიდენტს, მოშე კაცავის, რომელმაც პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში, პრეზიდენტის კანცელარიის რამდენიმე თანამშრომელ ქალბატონთან თავისივე კაბინეტში დაამყარა სქესობრივი კავშირი. კაცავი შანტაჟისა და დაშინების გზით, კანცელარიის თანამშრომლებს კაბინეტში იტყუებდა და იქ აუპატიურებდა. საერთო ჯამში, კაცავს ათი ქალის გაუპატიურება დაუმტკიცდა და 2010 წლის დეკემბერში ებრაულმა სასამართლომ მას 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.