ლიტერატურული კრებულის “ხვამლის„ პრეზენტაცია ანუ “ჩავეგურამოთ„
ვინ იფიქრებდა, თუ 2009 წელს „თბილისელებისთვის” მოცემული ინტერვიუდან, სულ რაღაც ერთ წელიწადში არც კი, გურამ გაბიძაშვილი ამქვეყნიდან წავიდოდა... ვინ იფიქრებდა, რომ საქართველოს განძსაცავის მაძიებელთა „რაინდული ორდენი” წინამძღოლს დაკარგავდა... 30 ივნისს ხელოვნების ცენტრ „მუზაში” გაიმართა ლიტერატურული კრებულის „ხვამლის” პრეზენტაცია. წიგნი შეადგინა და გამოსცა მწერალმა ირაკლი ლომოურმა და მისივე სიტყვებით, მიეძღვნა გურამ გაბიძაშვილს – „ამ გენიალურ და არაჩვეულებრივ კაცს”... საღამოს ესწრებოდნენ გურამის მეგობრები, მწერლები, მეცნიერები, მხატვრები, კრებულის თანაავტორები. პრეზენტაციის ბოლოს კი შედგა ფილმის „ხომლის” მეორე ნაწილის ჩვენება, რომლის რეჟისორიც დავით გოგუაძეა.