“აამღერე„ – სასიმღერო ლექსების ახალი კრებული მაცაცო თოხაძისგან
ახალგაზრდა ხელოვანმა მაცაცო თოხაძემ მუსიკისა და პოეზიის მოყვარულთათვის გამოსცა პირველი კრებული – „აამღერე”. კრებულში შესულია 100 ლექსი, მათ შორის, ისიც, რომელიც ახალბედა კომპოზიტორმა, მეუღლესა და იმ სიყვარულს მიუძღვნა, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ამ სიყვარულმა მაცაცო თავადაც აამღერა. მისი დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა – გიორგი შავლაშვილთან ერთად შესრულებული მისი სიმღერა – „საკუთარი ბედნიერება”, რადიო „არ დაიდარდოს” პოპულარულ ჰიტ-ათეულში ტრიალებს. მაცაცო პროფესიით ფილოლოგია, ძალიან დიდი ხანია, ლექსს წერს და ასევე, მძაფრი ემოციებითა და სიყვარულით სავსე მუსიკას.
მაცაცო თოხაძე: „ეს ჩემი სასიმღერო ლექსების პირველი კრებულია, ვცადე მარტივი, ლაღი და ხალისიანი ყოფილიყო. იმედი მაქვს, მათი წაკითხვისას, სასიმღერო განწყობა დაგეუფლებათ. ბედნიერი ვიქნები, თუ ამ ლექსებზე შეიქმნება სიმღერები, რომელსაც მსმენელი მიიღებს და შეიყვარებს”. როგორც მაცაცო აცხადებს, უახლოეს მომავალში ახალი კრებულის გამოცემას აპირებს და „აამღერე” მომავალში კვლავ შეხვდება მკითხველს.