რატომ არ მისცეს საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულ გოგა მესხს დაწესებული ფულადი ჯილდო და რისი აღიარება არ ეთაკილება მას
მომღერალი გოგა მესხი, როგორც ყოველთვის აქტიურად მუშაობს და ახალ-ახალი მიღწევებიც აქვს. არც ამჯერად ყოფილა გამონაკლისი და გოგამ მორიგი წარმატება მოიპოვა. მან კიდევ ერთ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გემზე, სამი დღის განმავლობაში ტარდებოდა. გოგა მესხი კონკურსზე გამარჯვებულად არა მხოლოდ ჟიურის შეფასებით დასახელდა, არამედ ინტერნეტ-გამოკითხვების მიხედვითაც. მიუხედავად იმისა, რომ გოგა გვიან ღამით დაბრუნდა თბილისში, არ დაიზარა და რამდენიმე საათში შეგვხვდა, რომ ჩვენი მკითხველისთვის ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაგვეწერა.
– გოგა, ამ კონკურსზე საიდან აღმოჩნდი?
– გულახდილი ვიქნები და გეტყვით, რომ ამ კონკურსზე სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ჩვენი ჯგუფის, „ვივოს” ხელმძღვანელმა და პედაგოგმა, ზაზა წურწუმიამ დამირეკა და მითხრა, სალომე მჭედლიძე (ერთ-ერთი მოსწავლე) კარგად მღერის ძალიან და მინდა, რომელიმე საერთაშორისო კონკურსში მივაღებინო მონაწილეობაო. შევეცდები, რამე გავარკვიო-მეთქი, დავპირდი. მოკლედ, მივდექ-მოვდექი, გადავრეკე-გადმოვრეკე და გავურკვიე, რომ ასეთი კონკურსი ეწყობოდა. სხვათა შორის, სალომე მართლა კარგად მღერის და ერთ-ერთ ნომინაციაში მანაც აიღო პრიზი. ის „ნუცას სკოლის” მონაწილეა. ზაზამ შემომთავაზა, შენც წამოდი თუ მოახერხებო და მეც დავთანხმდი. მოკლედ, ისე გამოვიდა, როგორც ამბობენ – ბევრი ვეცადე შენთვისო, გამომივიდა ჩემთვისო (იცინის). სიმართლე გითხრა, წასვლაზე იმიტომ დავთანხმდი, რომ გემმა მომხიბლა, რომელიც 12 სართულისგან შედგებოდა და მოკლედ, ერთი ქალაქი იყო. მონაწილეობა ორ ნომინაციაში მივიღე, „მოდერნ-კლასიკში“ და პოპ-როკში.
მესამე ნომინაციაში სპეციალურად შენთვის დაწერილი სიმღერა უნდა შეგესრულებინა, მაგრამ მე არასწორად გავიგე და „თენდება” ვიმღერე, რაც საბოლოოდ, კონკურსგარეთ ჩამითვალეს. რომ გითხრა, ძლიერი კონკურსანტები არ იყვნენ-მეთქი, მოგატყუებ. განსაკუთრებით 4-5 კონკურსანტი იყო, მართლა ძალიან ძლიერი კონკურენტი.
– რიგაში რამდენი დღე იყავით?
– ორი დღე. მონაწილეებმა ერთმანეთი გავიცანით და ღია ცის ქვეშ, ასე ვთქვათ, გაცნობის კონცერტი გავმართეთ. ამის შემდეგ გემზე გადავინაცვლეთ და შვედეთისკენ ავიღეთ გეზი.
– რამდენი მონაწილე იყავით?
– სულ 18 განაცხადი იყო, მაგრამ ორმა ვერ მოახერხა ჩამოსვლა. მიუხედავად ამისა, კონკურსანტების რიცხვი არ შემცირებულა, რადგან ორი ლატვიელი დუეტშიც მღეროდა და ინდივიდუალურადაც. მე პოპ-როკში გავიმარჯვე, რასაც მართლა არ ველოდებოდი. ჩემი აზრით, „მოდერნ-კლასიკის“ ნომინაციაში გაცილებით კარგად ვიმღერე.
– ჟიურის წევრები კონცერტზე გაფასებდნენ?
– გემზე დილის 11 საათზე დავბინავდით. ცოტა ხანში ორგანიზატორებმა გამოგვიცხადეს, რომ რა ნომინაციებშიც მღერით, ახლავე იმღერეთ, რადგან უნდა გადავიღოთ და ჟიურის წევრებს გადავუგზავნოთო. მაშინ არც ვიცოდი, მერე გავიგე, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ბატონი ჯემალ სეფიაშვილიც იყო. მოკლედ, ჩანაწერები ჟიურის წევრებს ინტერნეტის საშუალებით გადაუგზავნეს და მოასმენინეს, რაც ჩემთვის ცოტა უცხო ხილია. ორგანიზატორებმა ეს იმით ახსნეს, რომ გემის მსვლელობის დროს შესაძლოა ზოგ მონაწილეს კარგად ვეღარ ემღერა, ცუდად რომ გამხდარიყო ან რაიმე მსგავს შემთხვევაში. მათ კი უნდოდათ, ჟიურის წევრებს ჩვენი რეალური მონაცემები სცოდნოდათ. კონკურსზე კი ყველა მონაწილემ ისევ ვიმღერეთ. გემით სულ 2 000 კაცი მგზავრობდა და მართლა საოცარი სიტუაცია იყო.
– მართალია, ყველა მონაწილეს გულის სიღრმეში, ალბათ, გამარჯვების იმედი გქონდათ, მაგრამ, როცა ეს ოფიციალურად გამოცხადდება სულ სხვაა. როგორი იყო შენი რეაქცია?
– ძალიან გამიხარდა, რა თქმა უნდა. ჟიურის გარდა ინტერნეტ-გამოკითხვაც იყო, რაც წინასწარ მართლა არ ვიცოდი. რომ მცოდნოდა, ჩემს მეგობრებს თბილისშიც ვეტყოდი, ელემენტარულად მხარი დაეჭირათ. იქიდან ხომ არ ავტეხდი განგაშს „ფეისბუქით” – აბა, თქვენ იცით, „დამილაიქეთ“-მეთქი. მიუხედავად ყველაფრისა, ინტერნეტ-გამოკითხვაშიც ლიდერი ვიყავი და აქაც გავიმარჯვე.
– პრიზი რა იყო?
– თითოეულ ნომინაციაში 10 000 ლარი იყო დაწესებული. რომ ჩამოვედი, ბებიას გავეხუმრე, გიყვარს ჩემი დიპლომები და ერთიც მიუმატე-მეთქი.
– ფული?
– რომ მოეცათ, მართლა არ დავმალავდი. როგორც წავედი, ისე ჩამოვედი. სამწუხაროდ, ალბათ, იქაც ხდება სპონსორების მხრიდან გადაგდება. მაგრამ არა უშავს...
– კონკურსის პარალელურად, ალბათ, კარგადაც ერთობოდით.
– ძალიან კარგი სიტუაცია იყო. კონკურსანტები დავმეგობრდით და მშვენიერ დროს ვატარებდით. გემზე კარაოკე-კლუბიც იყო, დისკო-კლუბიც და კიდევ ბევრი რამ. ცოტა შტორმი დაგვემთხვა... სამაგიეროდ, შტორმის დროს, ცეკვა თუ გვინდოდა, ჩვენ ვიდექით და გემი თვითონ გვარწევდა. მართლა ბევრი ვიხალისეთ.
– როგორც ვიცი, შენთვის კონკურსები ამით არ ამოწურულა და აგვისტოშიც მიემგზავრები.
– ვერაფერს გამოგაპარებთ კაცი. აგვისტოში მაროკოში მივდივარ. შარშან ეგვიპტეში რომ ვიყავი, ისევ ის შემადგენლობა ატარებს მაროკოში საერთაშორისო კონკურსს. დამიკავშირდნენ და მეც მიმიწვიეს. სამი სიმღერა უნდა ვიმღერო და პლუს 10 დღე დავისვენო ფეშენებელურ სასტუმროში. რატომაც არა?!
– ახალი კლიპი გადაიღე, როგორც ვიცი და ამაზე არ აპირებ გაჩერებას.
– კიდევ ვგეგმავ კლიპის გადაღებას, სახის სიმღერაზე „შენ რა სექსი ხარ,” რომელიც ჩემებური ინტერპრეტაციით ვიმღერე. ჩამოვედი თუ არა თბილისში, რამდენიმე საათში ზარი ახლობელთან გავაკეთე და „ძვალს” დავუკავშირდი. მართალია, ეს სიმღერა ჩაწერილიც მაქვს უკვე და რადიოშიც ტრიალებს რამდენიმე არხზე, მაგრამ კლიპისთვის დუეტში მე და „ძვალი” ახალ ვერსიას ვამზადებთ. მითხრა, მე გაგირეპავო და ამას რა ჯობია, „ძვალი” ხომ რეპის ნათლიმამაა. მართლა მაგარი ვერსია გამოვა, დარწმუნებული ვარ.
– გასულ წელს ევროპული „ემტივის” აღმოჩენა გახდი. პრიზი კი მათ ეთერში შენი კლიპის დატრიალებაა. საქმე ისაა, რომ კლიპი საკუთარი სახსრებით უნდა გადაიღო, რაც საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა.
– ეს ჩემი ძალიან მტკივნეული თემაა. იმედი მაქვს, გამოჩნდება ვინმე ღვთისნიერი ადამიანი, რომელიც კლიპის გადაღებას დამიფინანსებს და ამის შემდეგ, ჩემს ვიდეორგოლს ევროპულ „ემტივიზე” დავატრიალებ. მართალია, ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რომ ამის საშუალებას მაძლევს „ემტივი,” მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვიყენებ.
– გოგა, გულახდილად რომ მითხრა, გიმართლებს, თუ ეს ასეც უნდა ყოფილიყო?
– რა თქმა უნდა, ყველა ადამიანში იღბალი ძალიან დიდ როლს თამაშობს. არ მეთაკილება იმის თქმა, რომ ჩემზე კარგადაც მღერიან, რაც ჩემთვის ერთგვარი სტიმულიცაა. ნიჭიერია და არ ჩანსო, რომ ამბობენ – ეს არ მესმის. მეც მქონდა ისეთი პერიოდი, სახლში ვიჯექი, მაგრამ ცოტა თუ არ დაიქოქე და ხალხი არ შეაწუხე, ისე არაფერი გამოდის. მით უმეტეს, ჩვენი პროფესია ისეთია, ხალხს ყოველთვის უნდა შეახსენო თავი და აჩვენო, რაღაც შეგიძლია. მთავარი ხომ ხალხის სიყვარულია, რასაც მართლა ვგრძნობ. მართლა დიდი მადლობა „ვარსკვლავების აკადემიას“ ამისთვის.
– რა ჯდება კლიპის გადაღება?
– დაახლოებით, 30 000 დოლარი მაინც. ღმერთმა ყველას ბევრი მისცეს, მაგრამ ზოგისთვის ეს თანხა კაზინოში ერთი შესვლაა. დიდი იმედი მაქვს, რაღაც გამოჩნდება და ამ კლიპს აუცილებლად გადავიღებ.
– ჯგუფ „ვივოს” წევრი ხარ. რეპერტუარის განახლებას თუ გეგმავთ?
– ახალ რეპერტუარზე ნამდვილად ვფიქრობთ. გვინდა 2005 წლის „პატრინოტზე” ნამღერი სიმღერის განახლებაც, რომელსაც სოფო ხალვაშთან ერთად ვმღერით. ყოველ შემთხვევაში, ჯგუფში კარგი შემადგენლობაა და მეც, დათუნა მგელაძეც და გიორგი სუხიტაშვილიც, მზად ვართ, სიახლე შევთავაზოთ „ვივოს” მსმენელს.
– ახლა ის მითხარი, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, რამე ცვლილება ხომ არ არის?
– კი. ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს. ვინ არის, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით. შეყვარებული ვარ.
– როგორია შეყვარებული გოგა მესხი?
– ამოუცნობი და როდის რას გავაკეთებ, თვითონ არ ვიცი. ზომიერად რომანტიკულიც ვარ. რომ გითხრა, არ მინდა ოჯახის შექმნა-მეთქი, მოგატყუებ. 26 წლის რომ გავხდი, დეპრესიაში ჩავვარდი, რადგან მგონია, რომ დაოჯახებას ვიგვიანებ. ჩემი უმცროსი ძმა, ჩემი ლევანჩო, მეხუმრებოდა, თმა აღარ ამოგდის, ცოლი მაინც მოიყვანეო.
– ანუ, შეიძლება, მალე ისიც გავიგოთ, რომ დაოჯახდი.
– გავიგოთ არა, მალე მოგიწევს ქორწილში მოსვლა (იცინის).