ტყვე ქალწული
მეგრე უყურებდა წიგნებით მოვაჭრეს და ფიქრობდა: „ხომ არსებობენ ადამიანები, სიფათშიც რომ ვერ შემოკრავ, რადგან შეგეშინდება, ხელი არ გაგესვაროს“. არადა, აშკარად დიდი სურვილი ჰქონდა, მისთვის ცხვირ-პირი გაელამაზებინა. როცა სენ დენის ქუჩის 27 ნომერში მივიდა, უკვე იცოდა, ვისთანაც ჰქონდა საქმე. მას ეჟენ ლაბრი ერქვა. არცთუ გამორჩეული ან განსაკუთრებული გარეგნობის ფრანგი იყო, მაგრამ მსუქანი. უფრო სწორად გასიებული. მეგრე აიმრიზა. თითქოს სახის ლამაზი ნაკვთები ჰქონდა, მაგრამ მუქი თვალები ისე საზიზღრად უბრწყინავდა, კომისარს შეაჟრჟოლა. თან, მეგრეს აშკარად „ეტენებოდა“. მეგრემ იცოდა, რომ ლაბრი პოლიციის „სპეციალური“ აგენტიც იყო. ანუ, „ჩამშვების“ საპატიო საქმესაც არ თაკილობდა. თითქოს, საჭირო კაციც იყო, სამართალდამცველებისთვის, მაგრამ კომისარს ასეთებზე ყოველთვის გული ერეოდა. „ბინძური ტიპიაო“, – ბურტყუნებდა. თან უკან მიჰყვებოდა. გაცილებით ერჩივნა, ყაჩაღებისთვის ედევნა ან ყალბი ფულის მჭრელები აღმოეჩინა, ვიდრე ამ არარაობასთან ჰქონოდა საქმე. მაგრამ ვერაფერს შეცვლიდა. იმ წიგნის ბუტიკის მფლობელი, სადაც ტრაგედია მოხდა, სწორედ ლაბრი იყო და სხვა არავინ.
ლაბრის ბუტიკი ძეხვეულის მაღაზიასა და საპარიკმახეროს შორის მდებარეობდა. ლაბრიმ რკინის ჟალუზი გახსნა და მაღაზია გააღო. ოთახი საკმაოდ ვიწრო და ღრმა იყო, დერეფანივით. ერთი მეტრი სიგანის ვიტრინა ბოლომდე ჰქონდა მეპატრონეს ათვისებული. იქ გამოეფინა წიგნები მაცდუნებელი სათაურებით – ბევრს რომ გპირდებიან ხოლმე, ისეთები. ცელოფანში გამოხვეული, პრიალა ყდებში, თვალსაც რომ მოგტაცებენ და ცნობისმოყვარეობასაც გაგიღვივებენ.
საღამოს ხუთი საათი იქნებოდა... წინა საღამოს, ზუსტად ამ დროს მოხდა ტრაგედია. ყოველ შემთხვევაში, სასამართლო ექსპერტმა გარდაცვალების ეს დრო დააფიქსირა.
მეგრემ კარი შიგნიდან ჩაკეტა, ჯაჭვზე...
– მაჩვენე შენი კაბინეტი...
ოთახის სიღრმეში, სავაჭრო დახლს მიღმა, ვიწრო კიბე გამოჩნდა, რომელსაც საკმაოდ უცნაური, პაწაწინა ოთახისკენ მიჰყავდით. ბუდუარს ჰგავდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ კედლის თაროები წიგნებით იყო სავსე. მაგრამ იდგა წითელი დივანი, ეკიდა უზარმაზარი სარკე და წითელი ფარდაც კი ჩამოეფარებინათ. ამ ფარდის მიღმა იყო კარი, რომელზეც კლიენტებს წარმოდგენა არ ჰქონდათ და რომელსაც მაღაზიის მეპატრონის ერთ ციდა კაბინეტში გაჰყავდით. იქ იდგა უბრალო, კანტორის ტიპის მაგიდა, ზედ დაწყობილი ქაღალდებით. სკამი... მარცხნივ პატარა გაზქურა, ჩაიდანი, ფინჯნები... პატარა ტაშტი ხელების დასაბანად.
მეგრემ ლაბრის ზიზღით შეხედა.
– ახლა ის მაჩვენე, საიდან უყურებდი, რა ხდებოდა მეორე ოთახში. ლაბრიმ გადასწია კედელზე დაკიდებული კალენდარი და მონეტისხელა სათვალთვალოში მეგრემ ბუდუარი დაინახა. ისევ აექავა ხელები და ისევ არანორმალურად მოუნდა, ამ ნაძირალასთვის ცხვირიდან სისხლი ედინა... დიახ, ლაბრი არამზადა იყო. არამზადა ფრთხილი და სისხლის სამართლის კოდექსით შეიარაღებული... მას კლიენტის მიზიდვის თავისებური ხერხი ჰქონდა: „მადმუაზელ ემილენა თავად გიჩვენებთ განსაკუთრებულ ეგზემპლარს“, – შემპარავი ჩურჩულით ეტყოდა ხოლმე კლიენტს და მართლაც, მადმუაზელ ემილენას კლიენტი ბუდუარში ჩაჰყავდა... ლაბრი კი ამ დროს თავისი სათვალთვალოთი სარგებლობდა... მეგრეს ზიზღით შეაჟრჟოლა. ორი დღის წინ ლაბრიმ თავისი საქმე გაყიდა. რვა დღის შემდეგ კი, წიგნების მაღაზია თავის გამყიდვლიანად ახალ მფლობელს უნდა გადასცემოდა. წინა ღამით, თერთმეტ საათზე, პოლიციელმა, რომელიც ქუჩაზე პატრულირებდა, შეამჩნია, რომ ბუტიკში სინათლე ენთო. ეს საეჭვოდ მოეჩვენა. შიგნით შევიდა. პირველ სართულზე არავინ დახვდა. ბუდუარში ჩასულმა კი იატაკზე გართხმული მადმუაზელი აღმოაჩინა. რა თქმა უნდა, მკვდარი.
ლაბრი ჯერ კიდევ დილით დაკითხა ოლქის გამომძიებელმა... რა თქმა უნდა, მასზე ეჭვი არ მიუტანია. თუმცა, მეგრე განსხვავებული აზრის იყო. მან ლაბრის მოსთხოვა, წინა დღე დეტალურად აღედგინა. ლაბრიმ თვალები მოჭუტა.
– ჩვეულებრივი დღე იყო. საღამოს ხუთზე ჩაი ავადუღეთ. ემილენამაც დალია... ქალაქში საქმეები მქონდა და ადრე წავედი. მაღაზიის დაკეტვა მადმუაზელ ემილენას მივანდე. მე მას სრულიად ვენდობოდი.
– ანუ, როცა მიდიოდით, მადმუაზელი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
– ჰო. რომ მომკვდარიყო, მე ამას შევნიშნავდი... აშკარად ცოცხალი იყო.
მეგრე გაცოფდა და იფეთქა.
– შენ, ეი, ნაძირალავ, აბა, მოყევი, როგორ იყო სინამდვილეში! არ გაბედო და წინააღმდეგობა არ გამიწიო, თორემ მერე სხვანაირად დაგელაპარაკები.
– მეც დაგეხმარებით, – სწრაფად წამოიძახა ოლქის გამომძიებელმა.
ლაბრიმ დაფეთებულმა დააცეცა თვალები.
– მე... მე... ის ბუდუარში ვიპოვე. გაუნძრევლად იწვა. ვიფიქრე, დაიღალა და წამოწვა-მეთქი. საქმეზე გავედი, უკან დაბრუნებას ვაპირებდი...
– კრეტინო, რატომ ექიმს არ დაუძახე?
– ჩვენს საქმეში ხმაურს უნდა ერიდო. თანაც, არ მეგონა, საქმე ასე სერიოზულად თუ იქნებოდა. გეფიცებით, არაფერი დამიშავებია მისთვის. მე რომ მას ცუდად მოვპყრობოდი, ამდენი წლის განმავლობაში იმუშავებდა ჩემთან? მადმუაზელი ძალიან კარგად იცნობდა კლიენტის ფსიქოლოგიას. ბუდუარში ცუდი არაფერი ხდებოდა, გეფიცებით. ზოგიერთი კი ცდილობდა თავისას, მაგრამ ემილენამ იცოდა, როგორ გაეცა ამისთანებისთვის საკადრისი პასუხი და ძვირად ღირებული წიგნიც მიეყიდა.
მეგრემ ისე მომუშტა ხელი, რომ თითები ეტკინა... ბუტიკის საზიზღარი მფლობელი კი აგრძელებდა.
– ვიცი, რასაც ფიქრობთ, მაგრამ ლოგიკურად განსაჯეთ, რატომ უნდა მდომოდა მისი სიკვდილი, რისთვის? მე ხომ საკუთარი თავის მტერი არ ვარ. საქმე გავყიდე, კარგი ფული გადამიხადეს... უკვე შევიძინე სახლი ნიცაში, სადაც ცხოვრების დარჩენილი დღეების გატარებას ვაპირებ მშვიდად.
– ასე, არა? – მეგრე ხვდებოდა, რომ ეს ნაძირალა რაღაცას მალავდა. მაგიდის უჯრა გამოწია და საბუთებში ქექვა დაიწყო. იპოვა კიდეც, რასაც ეძებდა – სასიყვარულო ბარათები. ერთ-ერთი აიღო და წაიკითხა: „ძვირფასო, უკვე სამი დღეა, არ მინახავხარ... ჩემო საყვარელო, არ შემიძლია უშენოდ... ვგრძნობ, როგორ მეკვრება სუნთქვა და ვიხრჩობი...“
მეგრემ ბარათი ცხვირწინ აუფრიალა ლაბრის.
– აჰა, აბა, ეს რა არის? სასიყვარულო დრამა?
ლაბრიმ მხრები აიჩეჩა.
– რატომაც არა?! მაგრამ მე ის არ მომიკლავს.
– ტყუი, საყვარლები იყავით...
– კომისარო, გააჩნია, რა აზრს ჩადებთ მაგ სიტყვაში. მე ცოლიანი კაცი ვარ...
– რაც მეტს ვფიქრობ ამ საქმეზე, – თქვა მეგრემ, – მით უფრო მინდა, ცხვირ-პირი დაგინაყო.
– უფლება არ გაქვთ...
მეგრემ ვეღარ მოითმინა. მუშტი მთელი ძალით შემოსცხო ცხვირში და ფურთხიც მიაყოლა, – აი, ასე... ახლა შეგიძლია თქვა, რომ კიბეზე დაგორდი. მოწმეც გვყავს.
– ჰო, ნამდვილად ასე იყო, – დაუდასტურა ოლქის გამომძიებელმა. მერე კომისრისკენ დაიხარა და წასჩურჩულა, – ბატონო კომისარო, სასამართლო ექსპერტმა თქვა, რომ მადმუაზელი ქალწული იყო.
მეგრე ცარცივით გათეთრდა.
– ნაძირალა. ასეც ვიცოდი. ლაბრი, შე ნაბიჭვარო. შენ დაარწმუნე ის საცოდავი არსება, რომ სიყვარული ფიზიკური სიახლოვის გარეშეც შეიძლება. მას შენ სისტემატურად აძლევდი ტრანკვილიზატორებს. აქ, ამ ნახევრად სარდაფში გყავდა გამოკეტილი. იმიტომაც იყო ასეთი ფერმკრთალი და მელანქოლიური... კლიენტებსაც ეს იზიდავდა... ყველაფერი ზუსტად გათვალე. ისეთი არამზადა ხარ, რომ რისკზე არ წახვედი. მინიმალური რისკიც კი არ დაუშვი... აღიარე, აღიარე, რომ წამლის მაგივრად შხამი მიეცი... მაგრამ ძალიან დიდხანს კვდებოდა და შენც წახვედი, უპატრონოდ მიაგდე... ბინძურო ნაძირალავ!
ლაბრი დაფეთებული აცეცებდა თვალებს.
– მან თავი მოიწამლა, გეუბნებით, თავი მოიწამლა...
– რა თქმა უნდა, შხამი თვითონ დალია, როცა უთხარი, რომ გააჩუქე, როგორც უსარგებლო ნივთი... მაღაზიასთან ერთად გადაულოცე ახალ მეპატრონეს... რაღაში გჭირდებოდა... ხომ მართალია?! მისი უმანკოებით ვაჭრობდი... არაკაცო! ემილენამ მწუხარებისგან გონი დაკარგა და სიკვდილი ამჯობინა სიცოცხლეს. შენ დარწმუნებული ხარ, რომ კარგად იცი სისხლის სამართლის კოდექსი... მე საპირისპიროს დაგიმტკიცებ... დაპატიმრებული ხარ!
თარგმნა
ნინო წულუკიძემ