მომვლელს – 34 მილიონი დოლარის მემკვიდრეობა
104 წლის ამერიკელმა იუგეტ კლარკმა 400 მილიონი ქონების მემკვიდრემ, სპილენძის მაგნატისა და სენატორის, უილიამ კლარკის ქალიშვილმა, რომელიც მაისში გარდაიცვალა 34 მილიონი დოლარი თავის მომვლელს უანდერძა. ნათესავებს კი მდიდარმა მოხუცმა ერთი ცენტიც არ დაუტოვა.
იუგეტ კლარკი კარჩაკეტილი ცხოვრების წესს მისდევდა და, უპირატესობას საავადმყოფოში ყოფნას ანიჭებდა და არა, ნიუ-იორკის ან კალიფორნიის მდიდრულ სახლებში. ამისთვის მან 1991 წელს დაიქირავა ექთანი – მომვლელი ქალი, ხადასუ პერი, რომელიც 2005 წელს შედგენილი შვიდსტრიქონიანი ანდერძის თანახმად, მისი ოფიციალური მემკვიდრე გახდა.
პერის, რომელიც ყველაზე მეტ დროს ატარებდა მილიონერთან, იუგეტ კლარკი „მეგობრად და ლოიალურ კომპანიონად მოიხსენიებს“. ფულის გარდა, მომვლელი მიიღებს მოხუცის თოჯინების კოლექციას, რომელშიც ასევე შედის თოჯინების სახლი და ტანსაცმელი. საერთო ჯამში, ექსპერტების შეფასებით, ის რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს.
თოთხმეტი მილიონი კლარკმა თავის ნათლულს, ვანდა სტიკეს უანდერძა, 500-500 ათასი – ადვოკატსა და ბუღალტერს, რომლებიც ძიებაში იმყოფებიან მას შემდეგ, რაც სამართალდამცველი ორგანოები მათი ფინანსური საქმიანობით დაინტერესდნენ. კლარკის ქონების დიდი ნაწილი – 275 მილიონი ხელოვნების ფონდის შექმნას გადაეცემა.
ცნობილია, რომ მილიონერი 1928 წელს გათხოვდა. ქორწინება ხანმოკლე იყო, იუგეტი უშვილო გამოდგა. ის გაურბოდა საზოგადოების ყურადღებას და არ გამოირჩეოდა მდიდრული ანუ ფუფუნების საგნებისადმი სიყვარულით, მამამისი კი მონტანას შტატის სენატორი იყო 1899-1900-სა და 1901-1907 წლებში.