თამაში ბედთან
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-26(548)
აქოშინებულმა დევიმ მინერალური წყალი მოსვა და ღრმად ამოისუნთქა. მარიკას შედარებით ყოჩაღად ეჭირა თავი. თუმცა, დაღლილობა მასაც ეტყობოდა.
– უჰ, რამდენი ხანია, ასე არ მიმხიარულია, – თქვა ექსპერტმა, – ზოგჯერ, მავიწყდება კიდეც, რომ გვამების გარდა, სხვა გასართობიც არსებობს.
მარიკამ ეჭვით შეხედა.
– თქვენ ამას სერიოზულად ამბობთ? არ მჯერა.
– რა თქმა უნდა, სერიოზულად ვამბობ. თანაც, მთელი სერიოზულობით. აბა, შენ როგორ გგონია, რომ არ ვერთობოდე, ამდენ ხანს გავუძლებდი ყოველდღე მიცვალებულების ყურებას? თანაც, როგორი მიცვალებულების. ძილში გაპარულები ჩემთან არ მოჰყავთ.
მარიკას გაეცინა. დევიმ მრავალმნიშვნელოვნად დაუქნია თითი.
– აი, შენც გამხიარულდი, ჩემო გოგონა. ამ ცხოვრებას იუმორით თუ არ შეხედე, გაგიჟდები. ეს ჩემი ოქროს წესია. პაპავა ვერ დავარწმუნე, თორემ...
– მე მესმის მისი. ძალიან რთული სამუშაო აქვს.
– მეც რომ მესმის, იმიტომაც ვეუბნები, ზოჯერ დაიკიდე-მეთქი. თან ეჭვიანი ცოლიც ჰყავს...
– მართლა? თუმცა, არ მიკვირს, სახლში თითქმის არასდროსაა. ალბათ, ძნელია, დაიჯერო, რომ მთელ დროს სამსახურში ატარებს.
– როცა ქმარი განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი გყავს, სხვა გზა აღარ გრჩება, უნდა დაიჯერო. პრინციპში, მეც ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ვარ. ამიტომაც ვერკვევი კარგად მსგავს სიტუაციებში. ჩემი ცოლი ბალერინაა... სულ გასტროლებზეა და ბავშვიც თან დაჰყავს.
– ბავშვი რამხელაა? – დაინტერესდა მარიკა.
– ჩემთვის ძალიან პატარა... ისე, ოცდაერთი წლის. დედამისის წყალობით, სულ მენატრება. თან, ისე გაიზარდა, ვერ გავიგე. მამაშენის გაცნობა მინდა, არ მოვა?
მარიკამ დედისკენ გაიხედა. მას შვილის მზერა არ შეუნიშნავს, მოპატიჟებული ბავშვების მშობლებთან ლაპარაკით იყო გართული.
– ეტყობა, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. ალბათ, სასწრაფო ოპერაცია აქვს... ყოველ შემთხვევაში, დედაჩემისთვის მოუწევს სერიოზული ახსნა-განმარტებების მიცემა.
– ჩვენი წასვლის დროა, – თქვა დევიმ, – პაპავამ ორი საათი გაიმეტა. ხომ არ დაგავიწყდა?!
მარიკამ ამოიოხრა.
– ჰო, მერე ეტლი ისევ გოგრად გადაიქცევა და ზღაპარიც დამთავრდება... სულ მინდოდა, მეკითხა, ხშირად გქონიათ შემთხვევა, როცა დანაშაული ვერ გაგიხსნიათ?
– არა.
– არა რას ნიშნავს?
– არა ნიშნავს არას. არ არსებობს გაუხსნელი დანაშაული. ადრე თუ გვიან, დამნაშავე მაინც ავლენს თავს.
– ანუ, ყველაფერი თავისთავად ირკვევა?
– მთლად თავისთავადაც არა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, გარდაუვლობის კანონი მუშაობს.
– ანუ, არ არსებობს იდეალური დანაშაული?
დევიმ მხრები აიჩეჩა.
– მე ექსპერტი ვარ, საყვარელო, ეგ პაპავამ უფრო იცის. მაგ საქმეში „მხეცია“, თუმცა, მეც არ გამიგია, რომ იდეალური დანაშაული არსებობს. ისევე, როგორც ჭეშმარიტებაა ის, რომ ამ სამყაროში იდეალური არაფერია.
– მე იმ გოგოსთან შეხვედრაც დავგეგმე. უბრალოდ, ერთხელ კიდევ უნდა დავურეკო და შევახსენო. თვითონ მითხრა, ყველაფერი მავიწყდებაო.
– რა გინდა ათქმევინო?
– ბატონმა თემურმაც იგივე მკითხა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, სერიოზულად ვერ აღმიქვამთ.
– არა. ეგ არაფერ შუაშია. შეიძლება, თემო ფიქრობს, რაღაც პერიოდის განმავლობაში მასზე დაკვირვებაა აუცილებელი. შენ ნუ გწყინს. ძალიანაც სერიოზულად აღგიქვამთ. ოღონდ ამას გულწრფელად ვამბობ.
– გმადლობ.
– სამადლობელი არაფერია. წავიდეთ?
– ჰო. ოღონდ ჯერ დედაჩემს უნდა გამოემშვიდობოთ. ისეთი უცნაური ტიპია, აუცილებლად ეწყინება.
– ოო, ქალბატონი თათა ამას არ იმსახურებს... ძალიან მომეწონა...
***
წყვილს აშკარად ეტყობოდა, რომ ერთმანეთში ურთიერთობას არკვევდნენ. ბიჭი ემოციურად, ხელების გაშლით, ხმამაღლა ლაპარაკობდა. გოგო უფრო თავს იმართლებდა. მერე ერთბაშად აფეთქდა. იყვირა და გასაქცევად მოემზადა, მაგრამ ბიჭმა არ გაუშვა. მკლავში სტაცა ხელი და თავისკენ მოქაჩა. გოგო გაუძალიანდა.
– ხომ არ ჩავერიოთ? – გულუბრყვილოდ იკითხა ვახომ.
– არავითარ შემთხვევაში, – გააპროტესტა მარიკამ, – პირიქით, უნდა ვაცადოთ. ზუსტად ის ხდება, რასაც ველოდებოდი და მაინტერესებს, რით დამთავრდება ეს ყველაფერი.
– ჩხუბი რომ დაიწყონ?
– უკვე ჩხუბობენ, ძვირფასო, – ირონიულად გაიცინა მარიკამ.
ვახომ უხერხულად ჩაახველა. ამ გოგოს გვერდით თავს უცნაურად გრძნობდა – შებოჭილად და დაძაბულად. სისულელეებს ამბობდა, ახლაც ასე დაემართა.
– იმის თქმა მინდოდა, სერიოზული არაფერი მოხდეს-მეთქი.
– თუ საქმე მანდამდე მივა, მერეც მოვასწრებთ ჩარევას. არ არის პრობლემა.
ვახომ ჩუმად ამოიოხრა და მარიკას მისამართით უკმაყოფილოდ გაიფიქრა, მეტისმეტად თავდაჯერებულიაო. წყვილი კი ისევ აგრძელებდა ჩხუბს თუ კამათს. ბოლოს ისევ გოგომ იმარჯვა, თუ ბიჭს მობეზრდა მასთან ჭიდილი, ხელი ჩაიქნია, შებრუნდა და წავიდა. გოგო იქვე, ბორდიურზე ჩამოჯდა და ატირდა.
– აი, ახლა დროა. ოღონდ მარტო მე მივალ „აბორდაჟზე“. შენ ნუ გამოჩნდები.
ვახომ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა. ხმამაღლა კი არაფერი უთქვამს.
მარიკა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გოგოს. მის წინ ჩაიცუცქა, ჯიბიდან ქაღალდის ხელსახოცი ამოიღო და გაუწოდა. გოგომ ცრემლიანი თვალებით შეხედა. თუმცა, ხელსახოცი გამოართვა.
– თქვენ ვინ ხართ?
– მე დაგირეკეთ, დილით.
– დილით? ჰო, გამახსენდა, მაგრამ ახლა თქვენთან საუბრის გუნებაზე ნამდვილად არ ვარ. თავს საშინლად ვგრძნობ.
მარიკა გვერდით მიუჯდა.
– ჰო. ვხვდები, მაგრამ არ გირჩევნიათ, მელაპარაკოთ? გულზე მოგეშვებათ. მე მოგისმენთ. იქნებ ერთად, თქვენი პრობლემის გამოსავალიც მოვნახოთ.
– ნუ წუხდებით, როგორმე თავად მივხედავ საკუთარ პრობლემებს. მით უმეტეს, რომ თქვენ ეს საერთოდ არ გაწუხებთ.
მარიკა ასე ადვილად არ აპირებდა დანებებას.
– წარმომიდგენია, ახლა რასაც გრძნობთ, – უთხრა თანაგრძნობით.
– მართლა? თქვენ რა, შორიდან მითვალთვალებდით? – გაღიზიანდა გოგო.
– „მითვალთვალებდი“ ცოტა ისეთი ნათქვამია... უბრალოდ, ხომ უნდა შეგხვედროდით...
– შემთხვევით, არა? თუმცა, გულახდილად გეტყვით, ფეხებზე მკიდია, რას იფიქრებთ ჩემზე. ის კრეტინი კი, აუცილებლად ინანებს. აი, ნახავთ...
მარიკას ლამის გაეღიმა. გოგოს ისტერიკას აღარაფერი უკლდა...
– ერთი აზრი გამიჩნდა. აქვე, ახლოს პატარა კაფეა... ყავა დავლიოთ და დამშვიდდებით. თუ თქვენ არ გენდომებათ, საერთოდ არაფერს გკითხავთ.
გოგოს ყოყმანი დაეტყო.
– თქვენ გათხოვილი ხართ?
მარიკამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– არც შეყვარებული გყავთ?
– არა, – აღიარა მარიკამ.
– ესე იგი, ვერაფრით დამეხმარებით.
– ყოველ შემთხვევში, ვცდი...
– კარგი. დავლიოთ ყავა. აქ ჯდომას და ტირილს, აზრი მაინც არ აქვს.
– რა თქმა უნდა, მეც სწორედ მაგის თქმა მინდოდა. როგორც მივხვდი, შეყვარებულს ეჩხუბეთ.
– ჰო. კრეტინია... ისე, ჩვენს ჩხუბში დამნაშავე თქვენ ხართ.
– ჩვენ?
– დიახ, თქვენ. კიდევ თქვენი გამომძიებელი... მამაჩემი და რა ვიცი, ყველა... საერთოდ ვერ ვიგებ, რა კავშირი მაქვს იმ ამბავთან. ნუთუ ჩემი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ მამაჩემს იდიოტური სურვილი გაუჩნდა, დედაქალაქში ჩამოსული საიმედოდ დავებინავებინე?
– წამოდი, წამოდი, ყავა დავლიოთ... – მარიკამ გოგოს გაუღიმა და მხარზე მეგობრულად დაადო ხელი...
***
პაპავა ყველაფერს ელოდა, საკუთარ კაბინეტში ცოლის დანახვის გარდა.
– მაკა, აქ რას აკეთებ? როგორ შემოხვედი, საშვი ვინ დაუშვა?
– დევიმ. დავურეკე, ვთხოვე და უარი არ უთქვამს. აბა, რა გეგონა, მარტო შენ კი არ შეგიძლია ჩემთვის საშვის დაშვება. მადლობა ღმერთს, მეგობრები მაინც მყავს ერთგული.
თემო შეიჭმუხნა.
– ჰო, კარგი. არ გეკითხები, რატომ მე არ დამირეკე-მეთქი. აზრი არ აქვს, შენთან ახლა ამაზე დავას. პირდაპირ მითხარი, რა გინდა?
– დავისა და კამათისთვის არც მე მოვსულვარ. ისე, თუ გაინტერესებს. შეგიძლია, საკუთარ მობილურს დახედო და ნახო, რამდენჯერ დაგირეკე, – ნიშნისმოგებით მიუგო ქალმა. თემომ მობილური აიღო...
– ხმა ჰქონია გამორთული... ვმუშაობ, არ მცალია.
– ვიცი, საყვარელო, ვიცი... შენ არასოდეს გცალია. მით უფრო, ჩემთვის... საერთოდ, რატომ მომიყვანე ცოლად. ან სახლი რად გინდა? აქაც მშვენივრად გრძნობ თავს და უფლება რომ მოგცე, ღამეც დარჩებოდი.
– ხომ ხვდები, რომ სისულელეს ლაპარაკობ. არადა, სულელი ნამდვილად არ ხარ.
– გმადლობ, ჩემზე ასეთი აზრის რომ ხარ, მაგრამ მე თვითონ, საკუთარი თავი სულელზე სულელი მგონია. შევცდი, იურიდიულზე უნდა ჩამებარებინა. მაშინ, ჩემთან საუბარი ასეთი მოსაწყენი აღარ იქნებოდა შენთვის. ურთიერთობაც გაცილებით საინტერესო გახდებოდა. მეც დავუწყებდი დევნას კრიმინალებს და გვექნებოდა იდეალური ოჯახი.
– როდისმე მითქვამს შენთვის, რომ გამომძიებელ ცოლზე ვოცნებობდი? პირიქით, ზუსტად ისეთი ცოლი მყავს, როგორიც ყოველთვის მჭირდებოდა. შეეცადე, გამიგო და არ იეჭვიანო. მაშინ ყველაფერი შესანიშნავად იქნება.
– ვცდილობ, მაგრამ შენ არ მაძლევ ამის საშუალებას.
– მაკა, გეხვეწები, ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ, აქ სკანდალი არ მომიწყო და სახლში რაზეც გინდა, იმაზე ვილაპარაკოთ.
– არაფერზე არ ვაპირებ ლაპარაკს. ფული მჭირდება.
– ფული?! – თემო დააბნია ცოლის მოულოდნელმა და კატეგორიულმა განცხადებამ.
– ჰო, ფული. რა ვქნა, ჯერ სხვა სპონსორი არ მყავს და არც მე მაქვს შემოსავალი, რასაც ძალიან ვნანობ.
– მე შენ ადრეც გითხარი, მუშაობა დაიწყე-მეთქი.
– მაგას ყოველთვის ისე ამბობდი, ჩემს გასაჩუმებლად. მოგენდომებინა და მიშოვიდი სამსახურს, მაგრამ არა, თავიც არ შეიწუხე.
– მაკა, – ამოიოხრა თემომ, – ეს ჩემი სამსახურია. ყოველ წუთს შეიძლება, ვიღაც შემოვიდეს. ვერ ხვდები, როგორ იდიოტურ სიტუაციაში მაყენებ?! მაგრამ არა, ხვდები და სპეციალურად იქცევი ასე. გინდა, მოთმინებიდან გამომიყვანო. მოგცემ ფულს, მარტო ეს არის შენი პრობლემა?
– არც შემეკითხები, რისთვის მინდა? – პროვოკაციული შეკითხვა დაუსვა ქალმა.
– დარწმუნებული ვარ, ქუჩაში არ გადაყრი.
– მთლად არ ვყრი, თუმცა... მოკლედ, სამოგზაუროდ ვაპირებ წასვლას და საგზურის დასაჯავშნად თანხის ნაწილი მჭირდება.
თემომ უსიტყვოდ ამოიღო ჯიბიდან საფულე და ცოლს საკრედიტო ბარათი გაუწოდა.
– გამომართვი. საღამოს ვილაპარაკოთ. ვეცდები, ადრე მოვიდე.
– კარგი. ესე იგი, საერთოდ არ გაინტერესებს, სად მივდივარ და ვისთან ერთად... – მაკამ საკრედიტო ბარათი გამომწვევად შეათამაშა ხელში. თემო მიხვდა, რომ ქალი სპეციალურად წელავდა დროს... ცოლთან ურთიერთობაში ლოგიკა აშკარად ღალატობდა.
– პირდაპირ მითხარი, რა გინდა? – გაიმკაცრა ხმა.
– არაფერი. რაც მინდოდა, მივიღე უკვე. ახლა წავალ... მაკა ადგა და ჩანთას მოჰკიდა ხელი... – შენი თანაშემწე რატომ არ არის აქ?.. – ბოლოს მაინც გაყიდა თავი.
– დავალებაზე მყავს გაშვებული... მოიცა, აქ მის სანახავად მოხვედი? ჰმ, აქამდე როგორ ვერ მივხვდი... მაკა, გეყოფა, რა... ძალიან გთხოვ, გეყოფა! ეს უკვე მეტისმეტია. მაგ ბავშვზე მაინც როგორ ეჭვიანობ?
– საკუთარ ბავშვზე იფიქრო, აჯობებს. ვიღაც ექიმის მისამართი და ტელეფონი მომცეს... სასწაულებს ახდენსო, მაგრამ რა აზრი აქვს? რისთვის ვიწვალო და ვეწამო, შენ შვილი აშკარად არ გჭირდება.
თემოს სული შეეხუთა. რას არ მისცემდა, მაკა რომ გაჩუმებულიყო და წასულიყო. პირველად ინატრა, ახვლედიანს მაინც დაერეკა. ცოლის ხასიათი იცოდა. არაფერს მოერიდებოდა და აქვე აუტეხდა სკანდალს, მაგრამ მაკამ გააოცა – გაუღიმა, შებრუნდა და წავიდა...
თემომ ვერც დაიჯერა თავისი „ბედნიერება“, რომ კარი ისევ გაიღო... კაცს ჰაერი აღარ ეყო... მოემზადა, მობრუნებული ცოლისთვის საკადრისი პასუხი გაეცა და ხელში დევი შერჩა. ყურებამდე გაღიმებული, სუპერმარკეტის საფირმო ცელოფნით...
– მობრძანდი აქ! სწორედ შენი ნახვა მინდოდა. გააფრინე?! მაკასთვის რომ საშვი დააშვებინე, რას ფიქრობდი?
– რა მექნა, აბა... მეთქვა, არა, თემოსი მეშინია და ვერ დაგეხმარები-მეთქი?! – ხელები გაშალა დევიმ, – მაოცებ, გეფიცები.
– გაოცებ, ჰო? არა, გეუბნები, ზოგჯერ საერთოდ ვერ აზროვნებ. ვერ უთხარი, სამსახურში არ არისო?!
– ბიჭო, მითხრა, სასწრაფო საქმე მაქვს თემოსთან. ვურეკავ და არ მპასუხობს, აქვე ვდგავარ, შენობასთანო და ეგეთი უნამუსო გგონივარ, მეგობრის ცოლი ქუჩაში დამეტოვებინა?
– მეგობარზეც რომ გეფიქრა, კარგი იქნებოდა. თითქოს, მაკას არ იცნობდე.
– ეე, არ გეწყინოს და შენც ხარ დამნაშავე, ჩემო ძმაო. ვერ ისწავლე ცოლთან ლაპარაკი. ქალებს სჭირდებათ მოფერება, ყურადღება... და მორჩა!
– ნერვებს რომ მომიშლის, თანაც არაფრის გამო, მერე მისი არც დანახვა მინდა და არც მოფერება.
– აი, გეუბნები, რა, მაგრად გეშლება. ბიჭო, მოეფერები და ნერვებსაც აღარ მოგიშლის... რა ვერ გაიგე?!
– მოსაკლავი ხარ, მაინც, – ჩაიბურტყუნა თემომ.
– ჯანდაბას, მომკალი, მაგრამ ჯერ ვჭამოთ. დარწმუნებული ვარ, დღეს არაფერი გიჭამია. ჰო, მართლა, ახალი ხომ არაფერია?
– ნოდარს ველოდები. დამირეკა, ამოვალ, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრაო. იქნებ, მის საქმეში რამე მნიშვნელოვანი გამოიკვეთა.
– ვიმედოვნოთ, რომ ასეა. ხაჭაპური მოვიტანე. შეჭამ?
– მაგით დანაშაულს ვერ გამოისყიდი... ძალიან ვარ გაბრაზებული...
***
მარიკამ ყავა მოსვა და მოსაუბრეს თანაგრძნობით გაუღიმა.
– საქმე იმაზე ცუდად ყოფილა, ვიდრე თავიდან ჩანდა.
– ჰო, ალბათ, აღარ შევურიგდები. ყელში ამომივიდა მისი იდიოტური ეჭვიანობა. ეს მაინც, ბოლო წვეთი იყო ჩემს მოთმინების ფიალაში. მაინც როგორ მითხრა, რომ შეიძლება, მეც მიმიძღოდეს ბრალი მომხდარში.
– ნია, რა იცოდა შენმა შეყვარებულმა მოკლულზე?
– ვისზე? არაფერი... მართლა. ან საიდან უნდა სცოდნოდა, როცა თვალით არასდროს უნახავს. მეც არასოდეს მილაპარაკია მასზე.
– რატომ?
გოგო გააღიზიანა მარიკას შეკითხვამ.
– როგორ თუ რატომ? კიდევ ვერ მიხვდი, რომ ეს ადამიანი არანაირად არ იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი? არანაირად-მეთქი!
– დამშვიდდი, ნუ ნერვიულობ. თუ უყვარხარ, გაიგებს და ბოდიშსაც მოიხდის.
– ვუყვარვარ? კი, როგორ არა... – ხელი აიქნია გოგომ, – ხომ ნახე, როგორ მეჩხუბა. ვერაფერი შევაგნებინე. არა, არ ღირს მასთან შერიგება. მამაჩემს კი, არ ვიცი, რას ვუზამ, ასეთ დღეში რომ ჩამაგდო!
– შენს შეყვარებულს ვინ უთხრა მომხდარის შესახებ?
გოგო შეყოყმანდა.
– მე... – თქვა ბოლოს უხალისოდ.
– რატომ?
– რა ვიცი. იმიტომ, რომ სულელი ვარ და ენას ვერ ვაჩერებ. რა მრჯიდა? რა მინდოდა? მაგრამ, ვფიქრობდი, შეყვარებულებმა ერთმანეთს არაფერი არ უნდა დაუმალონ-მეთქი.
– მეც ასე მიმაჩნია.
– არა, არა, სისულელეა. აი, ჩემმა გულახდილობამ სადამდე მიმიყვანა. იდიოტმა, შენი საყვარელი იყოო...
– ასე გითხრა პირდაპირ?
– თითქმის. ბინიდან თუ წამოხვედი და აღარ გჭირდებოდა, რისთვის აგრძელებდა ქირაობას. ესე იგი, იქ ჩუმად ხვდებოდით ერთმანეთსო. კრეტინი. მე რა ვიცი, მას ბინა რაში სჭირდებოდა. შეიძლება, მართლაც ჰყავდა საყვარელი, მაგრამ ეს მე ნამდვილად არ ვიყავი.
– მე მჯერა. კიდევ გკითხავ რაღაცას...
გოგომ თავი დაუქნია.
– ამ დღეების განმავლობაში იმ კაცის ოჯახის რომელიმე წევრი ხომ არ დაგკავშირებია?
– არა.
– კარგი. ახლა დამშვიდდი და ბარემ განყოფილებაშიც წამომყევი, წერილობითი ჩვენების მისაცემად.
– წამოვალ. საქმე მაინც არაფერი მაქვს... იდიოტი.
– ყველაფერი კარგად იქნება, აი, ნახავ.
გოგომ მხრები აიჩეჩა.
– გააჩნია, რა იგულისხმება კარგად ყოფნაში. ახლა გუნება საშინლად მაქვს მოშხამული... და ვერ ვიტან. მისი ნახვის სურვილიც არ მაქვს.
– გაგივლის... წავიდეთ?
– წავიდეთ. ისე, შენ გეტყობა, ძალიან ჭკვიანი ხარ, შეყვარებული რომ არ გყავს.
– ეგ შემთხვევით მოხდა, – გაეცინა მარიკას და რატომღაც ნიკა გაახსენდა, თავისი ფართო მხრებით და გულწრფელი ღიმილით...
***
ნოდარ დევიძე თითქმის ფეხაკრეფით შევიდა კაბინეტში და უსიტყვოდ მიუჯდა მაგიდას. დევიმ თემოს გადახედა.
– ამან რაღაც ძალიან სერიოზული იცის. ისეთი სერიოზული, რომ გამარჯობის თქმაც დაავიწყდა.
– დილით ხომ მოგესალმე დერეფანში, – უთხრა ნოდარმა ისე, რომ „პროვოკაციული“ ფრაზის ავტორისთვის არც შეუხედავს. თემოსთან ჰქონდა საქმე და მას უყურებდა.
– აბა, მიდი... რა გაარკვიე?
– სუტინიორი იყო.
– ვინ?
– ვინ და ის ჩემი მოკლული – ფუგანი თუ ფაილოძე.
– ვა... ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. სად იყო სუტინიორი? აქ თუ იქ, გერმანიაში? – ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა დევიმ. თემო ჯერ ჩუმად იჯდა და მხოლოდ თითებს ათამაშებდა მაგიდის ზედაპირზე.
– ალბათ, აქაც. ეგ ჯერ არ ვიცი, მაგრამ აქ რომ ნორჩი გოგონების „გაქირავებით“ იყო დაკავებული, ამაში ეჭვი უკვე აღარ მეპარება. ერთმა ყოფილმა მოდელმა ამოიცნო. დღეს უკვე აღარც ის კლუბები არსებობს, სადაც ფაილოძე თავის ბნელ საქმეებს ატრიალებდა და იმ გოგონების მოძებნაც რთულია. მე გამიმართლა, რომ შემთხვევით ერთი ვიპოვე.
– ის ერთი ვინ არის? – ჰკითხა თემომ.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ არის. იმ პირობით მომიყვა ფაილოძის შესახებ, თუ მის ვინაობას კონფიდენციალურად დავტოვებდი. პრინციპში, ჩვენ ხომ ინფორმაცია გვჭირდება და არა თავად ინფორმატორი, – მხრები აიჩეჩა ნოდარმა.
თემომ ისე გახედა დევის, თითქოს ეუბნებოდა: „აჰა, შეხედე ახლა ამას, რა გინდა, რომ შეაგნებინოო“. დევის ჩაეღიმა.
– მოიცა, ნოდარჩიკ, შენ, რა თქმა უნდა, კარგად იმუშავე და არ შემიძლია, შენი დამსახურებები არ ვაღიარო, მაგრამ ინფორმატორი ზოგჯერ ეჭვმიტანილიც არის ხოლმე. ასე რომ, ასე მარტივადაც არ არის საქმე.
– არა, არა, – ენერგიულად გადააქნია თავი ნოდარმა, – გამორიცხულია. ამ შემთხვევაში, ეს გოგო არ გამოდგება.
– მოიცა, რას ნიშნავს, „ეს გოგო არ გამოდგება“? შენ, რა, ყველა ვერსია რომ უნდა მოსინჯო, არ იცი? – გაბრაზდა თემო.
– ვიცი. მაგრამ უკვე მოვსინჯე და ვიცი, რასაც ვამბობ. საერთოდაც, ფაილოძის სუტენიორობას ხანდაზმულობის ვადა აქვს, მინიმუმ, თორმეტი-ცამეტი წელი. ჩემი ვერსია ასეთია: ფაილოძე საქართველოდან სწორედ ამ თავისი საქმიანობის გამო გადაიხვეწა. ალბათ, რომელიმე გოგოს პატრონთან ან „შემკვეთთან“ შეექმნა პრობლემა... გაასწრო და ათი წელი, საქართველოში ფეხი არ ჩამოუდგამს. როცა გადაწყვიტა, ჩემი ამბავი არაკეთილმსურველებს დავიწყებული ექნებათო, შეცვლილი სახელითა და გვარით მოევლინა სამშობლოს. მაგრამ, არ გაუმართლა. სავარაუდოდ, ვიღაცამ იცნო. მასზე ისევ გავიდნენ და მოკლეს კიდეც. მანდ კიდევ არის რაღაც ნიუანსები, მაგრამ არსი გასაგებია. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ სერიულ მკვლელზე ლაპარაკი ზედმეტია. არც ამ სამი მკვლელობის ერთ „სიბრტყეში“ გამოძიებას აქვს აზრი. ამიტომ, ყველამ ჩვენს საქმეებს მივხედოთ.
ნირწამხდარმა თემომ ჩაახველა. ნოდარ დევიძე მის პასუხს ელოდა.
– რაც თქვი, ლოგიკასთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ მიზანი თუ დაადგინე, რატომ ჩამოვიდა ფაილოძე-ფუგანი თბილისში. რა მიზნით?
– ამას რა მნიშვნელობა აქვს? – გაიკვირვა დევიძემ, – თუ ვიტყვით იმას, რომ მკვლელობა წარსულში მისი საქმიანობით იყო პროვოცირებული, აქ რისთვის ჩამოვიდა, ნაკლებად აქვს მნიშვნელობა.
– კარგი, დევიძე... წადი... – ამოიოხრა პაპავამ... ყველაფერი გასაგებია.
– ძალიან კარგი. ხვალ ახვლედიანს ძიების შედეგები უნდა გავაცნო და სინდისი დამშვიდებული მექნება, – გამომძიებელმა შვებით ამოისუნთქა და იღლიაში ამოჩრილი საქაღალდით, სწრაფად დატოვა ოთახი, კაბინეტში რამდენიმე წუთი სრული სიჩუმე იდგა.
– ელაპარაკე ახლა ამას, – თქვა ბოლოს პაპავამ.
– აბა! – დაუდასტურა დევიმ, – რა ნერვები აქვს, შემშურდა!
– ნერვები რა შუაშია? ტვინი აქვს „სწორხაზოვანი“. რა ენაღვლება, ახლა ახვლედიანს ეტყვის, რომ საქმეში სამხილები არ არის და შემოდებენ თაროზე. აი, ასე დამთავრდება ეს ამბავი.
– მდა, სიძულვილი სერიოზული ძალაა და საშიში იარაღიც, – გაიზმორა დევი და დაამთქნარა, – მხოლოდ ძალიან ძლიერ ადამიანს შეუძლია ისეთი შეცდომის პატიება, რომელმაც მას ცხოვრება დაუნგრია. მაგრამ, ხშირად სიძულვილი მარტო ერთ კონკრეტულ ადამიანს კი არა, მთელ საზოგადოებას უქმნის საფრთხეს. ყველაზე უწყინარი, მშვიდობისმოყვარე ადამიანიც კი, რომელიც ნაძირალას ეტყვის, რომ ნაძირალაა და საკადრის პასუხსაც გასცემს, მოკლავს მოძალადეს – კანონის დამცველთა, ანუ ჩვენი მხრიდან მოძალადედ აღიქმება და არა სიკეთის მთესველად.
– რას ლაპარაკობ. ვერ გავიგე, ამით რისი თქმა გინდა?.. რომ ფაილოძე სიკვდილის ღირსი იყო და ჩვენ სხვა ფუნქცია და მისია გვაკისრია?!
– მეც მაგას გიხსნიდი, სხვა ფუნქცია რომ გვაკისრია, თორემ წესით, ფაილოძისა და ბერაძის მსგავსი ნაძირლების ლიკვიდაციისთვის, მათ მკვლელებს ორდენებს უნდა ვაძლევდეთ.
– კარგი რა, როდის აქეთ ხარ ძალადობის მომხრე?
– სხვათა შორის, დიდი ხანია. უბრალოდ, ხმამაღლა არ ვამბობდი ამას, – ჩაიცინა დევიმ.
– ნოდიაზე რაღას იტყვი?
– ჰო, ეგ კიდევ სხვა შემთხვევაა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ჩვენი კეთილსინდისიერი ბიზნესმენი იქნებოდა ანგელოზი.
– ჩვენი საქმე არ არის მოკლულებისა და მკვლელების მორალური ფასეულობების კვლევა. ადამიანური პოზიციიდან რომც გეთანხმებოდე, ამის ხმამაღლა თქმის უფლება არ მაქვს. თუმცა, იმაში გეთანხმები, რომ თითოეულ ჩვენგანს ღირსების საკუთარი კოდექსი აქვს და მხოლოდ ამის მიხედვით ვწყვეტთ, როდის ვიქცევით კარგად, როდის კი – ცუდად... დევიძე კმაყოფილია. ის თავისი სინდისის წინაშე მართალია. ვერაფერს იტყვი. მეც, ალბათ, მართალი ვარ, როცა დეისაძის დაცვას და გამართლებას ვცდილობ.
– შენ ის გეცოდება.
– მე ვგრძნობ, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია.
– თემო, გახდე მკვლელი, არ ნიშნავს, მოწოდებით იყო მკვლელი. ეს სხვადასხვა რამეა და თავადაც იცი.
– დეისაძეს უნდა დაველაპარაკო. კიდევ ერთხელ უნდა ვცადო...
დევიმ ამოიოხრა.
– ვერ ისვენებ, რა... ერთი გაუხსნელი საქმე არ გყოფნის და მეორეც უნდა დაამატო?
– გაუხსნელ საქმეში ნოდიას მკვლელობას გულისხმობ? მაგას გავხსნით. ამაში ეჭვი არ მეპარება. მარიკა და ვახო არ დაბრუნდნენ? ფოტოები რომ ჰქონდათ წაღებული ამოსაცნობად, რა გაარკვიეს?
– მარიკა იმ გოგოსაც უნდა შეხვედროდა... ნოდიას მეგობრის შვილს... მოვა, ახალი ამბებით დატვირთული... დიდი მოუსვენარი ვინმეა... გამოვა მაგისგან რაღაც...
– ჰო, სულელი ნამდვილად არ არის, – უხალისოდ დაეთანხმა თემო.
– შენ რა, არ მოგწონს მარიკა?
– მომწონს, როგორ არა... მაგრამ შენ რომ ხარ აღფრთოვანებული... ძალიან დაუმეგობრდი...
– რატომაც არა?! მიყვარს, როცა ახალგაზრდებთან მაქვს ურთიერთობა. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ.
– ისინი კი შენგან სწავლობენ... – ირონიით გაიღიმა თემომ, – რა გენაღვლება, ლილიკო აქ იშვიათად არის და, შენც სრული თავისუფლება გაქვს.
– ლილიკო აქ რომ არის, მაინც სრული თავისუფლება მაქვს, – ნიშნისმოგებით თქვა დევიმ, – დავიმსახურე და იმიტომ.
– ერთი, ეჭვიანი ყოფილიყო, დავინახავდი, როგორ დაიმსახურებდი, – ამოიოხრა პაპავამ.
– მივხვდი, რის თქმაც გინდა. რა გიყო, არ მიჯერებ, თორემ არც შენ გექნებოდა მაკასთან პრობლემა.
თემომ ხელი ჩაიქნია.
– შენ მაკა ლილიკო ხომ არ გგონია? ზოგჯერ ისეთ რამეს გააკეთებს და იტყვის, შეიძლება, ჭკუიდან შეგშალოს...
– უნდა მოუსმინო და გაუგო. აბა, როგორ გინდა, მარტო დამნაშავის ფსიქოლოგიის ცნობა გეყოფა? საკუთარი ცოლის ფსიქოლოგია არ უნდა იცოდე?
თემომ პასუხად ამოიოხრა და ხელი ჩაიქნია.
– არ გვინდა ამაზე. სახლშიც მეყოფა... ყოველ საღამოს ურთიერთობას ვარკვევთ. მგონი, უკვე მარიკაზეც ეჭვიანობს.
– მერე, გააცანი და აღარ იეჭვიანებს.
– ჰმ, რა ადვილად ლაპარაკობ... მაგრამ მოვრჩეთ... ნოდიას ცოლს კიდევ ერთხელ უნდა ვესაუბრო...
– ვერსია ხომ არ გაქვს?
– ქმრის სიკვდილმა საკმაოდ შეძლებულ ქალად აქცია. თან, თუ ღალატობდა კიდეც... უნდა გადავამოწმოთ.
– საბედისწერო ქალს არ ჰგავს... ჩვეულებრივი ბებიაა...
– მაკვირვებ... ჩვეულებრივი ბებია რას ნიშნავს – მკვლელობას ვერ დაუკვეთდა? რამდენი ასეთი ჩვეულებრივი ბებია გინახავს დამნაშავის სკამზე.
დევიმ შუბლი მოისრისა.
– ვიხსენებ...
– შენ გაიხსენე, მე კი წავედი. მარიკა და ვახო რომ მოვლენ, უთხარი, დამელოდონ... მალე დავბრუნდები... ნოდიას შვილებთანაც მაქვს შეხვედრა, მაგრამ მანამდე მის ქვრივს „შევაჯანჯღარებ“, – პაპავამ მობილური ჯიბეში ჩაიტენა და ძეხვის ნაჭერი პირისკენ გააქანა, – ტელეფონი რეკავს, უპასუხე, რა... – შემობრუნდა იქვე კართან მისული და დევის მაგიდაზე აწკრიალებულ აპარატზე მიანიშნა... დევიმ ყურმილი აიღო.
– დიახ... არა, პაპავა გასულია. კი, აუცილებლად ვეტყვი... რა თქმა უნდა... – დევიმ ყურმილი შუბლთან მიიდო და პაპავას უცნაურად გახედა.
– ჰა, რა იყო? – ვეღარ მოითმინა პაპავამ.
– დეისაძეს შენთან შეხვედრა და ლაპარაკი უნდა... სასამართლომდე... რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ვუთხრაო...
გაგრძელება შემდეგ ნომერში