რომელი ქვეყნის წარმოების ავტომობილებია უკეთესი
საქართველოში ძალიან დიდი პოპულარობა მოიხვეჭა იაპონურმა მანქანებმა. ისინი საკმაოდ უცნაურია, მაგრამ იაფი და ხარისხიანი, რაც ზოგადად, თითქმის შეუძლებელია. რა არის ამის მიზეზი და რა განსხვავებაა ევროპულ, ამერიკულ და იაპონურ ავტომობილებს შორის, ამის შესახებ პროფესიონალი მრბოლელი, მევლუდ მელაძე გვესაუბრა: იაპონური მანქანების პოპულარობას მარტივი მიზეზები განაპირობებს – ხარისხის მოყვარული ხალხი ხარისხიან ნივთებს ქმნის. ისინი მაღალტექნოლოგიურად ამუშავებენ ნებისმეირ დეტალს. მართალია, ევროპული მანქანებიც საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, მაგრამ იმავე დონის მანქანა ევროპაში გაცილებით ძვირი ღირს. სიიაფეს ისიც განაპირობებს, რომ იაპონელები ძალიან ხშირად იცვლიან მანქანებს, ანუ ბევრი მანქანა იყიდება ზოგადად და თან, იაპონელი მწარმოებლები ევროპასთან შედარებით გაცილებით უფრო ხშირად, ანუ სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ უშვებენ ახალ მოდელებს.
– მაგრამ იაპონია ხომ ევროპისთვისაც უშვებს მანქანებს?
– კი. ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც. მკითხველმა უფრო იოლად რომ გაიგოს მაგალითად მოვიყვან „სუბარუ იმპრეზას”, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მანქანაა საქართველოში და ბევრი იყიდება. ვთქვათ 1998 წლის „იმპრეზა”, იაპონიისთვის დამზადებული, მარჯვნივსაჭიანი დაახლოებით 7 000 დოლარი ღირს, იგივე მანქანა კი, იმავე წლის გამოშვებისა და, იმავე კომპლექტაციის ამერიკაში 10 000 ეღირება და ევროპაში – 12-13 000 დოლარი – ამხელა სხვაობას ვიღებთ. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენთან ყველაზე პოპულარული ევროპული მანქანების – „მერსედესისა” და „ბეემვეს” ყიდვა გინდათ, მათი შეძენაც კი იაპონიაში ჯობია. იქ ექსპლუატირებულ ავტომობილებს გაცილებით ნაკლები აქვს გარბენი, უკეთ არის შენახული და უფრო იაფიც ღირს. ესეც იქიდან მომდინარეობს, რომ იაპონელები მანქანებს მალ-მალე იცვლიან. ისევ „სუბარუს” მაგალითს რომ დავუბრუნდეთ. ის მოდელები, რომლებიც აწყობილია ამერიკისთვის უფრო კომფორტზეა გათვლილი, ვიდრე სხვა პარამეტრებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სპორტული სედანია, ანუ გათვლა ტიუნინგურ დეტალებზეა გაკეთებული, ამერიკისთვის მას სხვა დატვირთვაც აქვს და ეს არის ამორტიზატორები, ანუ მანქანის შასი, რბილი მანევრი და სხვა. მათ ძირითადად დიდ ტრასებზე, ანუ „ჰაივეიზე” უწევთ სიარული და ამიტომ, მეტი კომფორტი სჭირდებათ.
– ამერიკულ მანქანებს საქართველოში არ წყალობენ. რისი ბრალია ეს?
– თუ ხარისხის თვალსაზრისით დაწუნებაზე ვისაუბრებთ, მაშინ გააჩნია მარკას. ანუ, ვერ ვიტყვი, რომ ისინი უხარისხოა, უბრალოდ, ჩვენთვისაც და ევროპელებისთვისაც მაინც უცხო სისტემად მიიჩნევა. ჯერ ერთი, რომ ასეთი მანქანა სიჩქარესაც კი მილებში თვლის. ელექტროსისტემებიც თავისებურად არის მოწყობილი, სხვანაირია ექსპლუატაციის პირობები. ანუ, სხვაგან არიან (იცინის). სხვაგვარი სერვისი აქვთ. თუ ამერიკულ მანქანას შეიძენ, ავტომატურად, ბევრი თავსატეხი გიჩნდება.
– რომელია ყველაზე მაგარი ამერიკული მანქანა?
– „კადილაკი”, რომელიც ამერიკის სიამაყეა. მაგრამ ის აზრი, რომ ამერიკულ მანქანებში ცუდი, უხარისხო დეტალებია და სხვა, მცდარია. ძალიან ცნობილი იაპონური გრანდმწარმოებლები ამერიკისთვის ცალკე უშვებენ ავტომობილებს, რომელიც მათზეა მორგებული, ანუ მათ სისტემაზე. ესენია: „ტოიოტა” „ლექსუსი”, „ნისანი” „ინფინიტი” და „ჰონდას” „აკურა”, რომლებიც ნელ-ნელა ჩვენთანაც იხვეჭს პოპულარობას. თუმცა, მაინც უნდა ითქვას, რომ ეს მანქანებიც ამერიკულ სტილზეა მორგებული და საქართველოსთვის მაინცდამაინც საიმედო არ არის. რაც შეეხება იაპონურ მანქანებს, მას ქარხნიდანვე აქვს ისეთი ტიუნინგური დეტალები, რომელთა გაკეთებისთვისაც უკვე მზა, ევროპულ მანქანებს ძალიან ბევრ ფულს ახარჯავენ. მაგალითად, ძარაზე სპოილერის, შასის ანუ ტრანსმისიის დამუშავებისთვის. თან, ეს ხდება ნებისმიერ, ჩვეულებრივ მანქანაზე. ანუ, სტანდარტული მანქანაც კი თავიდანვე „ნავაროჩენია” და შემდეგ უკვე ტიუნინგური ფირმების სიმრავლე და იაპონელების სიყვარული ტიუნინგის მიმართ იწვევს იმას, რომ როდესაც ესა თუ ის მანქანა საქართველომდე ჩამოდის გადასარევ ფორმაშია.
– ასე რომ, შენ მაინც გვირჩევ იაპონური მანქანის ყიდვას?
– რა თქმა უნდა. ამის რამდენი მიზეზი ჩამოვთვალეთ. აქ მხოლოდ ერთი პრობლემაა, როცა მარჯვნივსაჭიან მანქანას ყიდულობენ და მერე საჭე გადმოაქვთ, მართალია, ამის კეთდება აქ შეიძლება, მაგრამ ძალიან სკურპულოზური მიდგომა სჭირდება. უნდა ენდობოდე ხელოსანს. მაგრამ, მაინც ვიტყვი, რომ ეს ძალიან ფაქიზი მომენტია. რაც არ უნდა იდეალურად იყოს საჭე გადაკეთებული, ის მაინც კარგავს ბალანსს. ანუ, ირღვევა საჭის მართვა – ის ვეღარ უხვევს ისე, როგორც საჭიროა. ახლა ძალიან ბევრმა ხელოსანმა დაიწყო საჭის გადმოტანა და შემიძლია ვთქვა, რომ ამას არცთუ ისე ხარისხიანად აკეთებენ. ამიტომ, თუ მაინცდამაინც მარცხნივსაჭიანი მანქანის ყიდვა გინდათ, მაშინ ევროპისთვის შექმნილი იაპონური მანქანა შეიძინეთ. აქ მოქმედებს მარტივი ლოგიკა, იაპონური მანქანის ხარისხის, გამძლეობის, დიზაინის, ასაკის, კლასის მქონე ევროპული მანქანის საყიდლად გაცილებით მეტი ფული დაგჭირდებათ.