კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში კვდება მანდევილა და რა სიხშირით მოვრწყათ ზაფხულში პლუმბაგო



„ფლორა ინტერნაციონალის“, ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე, ამჯერად, დაახასიათებს მანდევილასა და პლუმბაგოს. თურმე მათი გაზრდა განსაკუთრებით ზაფხულშია სასურველი. თუ როგორ გავახაროთ ეს ორი მცენარე ზაფხულში, როგორ ვაყვავილოთ ისინი უხვად და რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო ამირან, როგორ დაახასიათებთ მანდევილას?
– მანდევილა ქოთნის ულამაზესი მცენარეა. მისი სამშობლო ავსტრალიის კუნძულებია. მცენარეს არ ახასიათებს პრეტენზიულობა. ძალიან ლამაზი ტანის ფორმა აქვს და შესანიშნავად ხარობს ბინაში. ის უხვად მოყვავილე ჯიშია და მისი სიმაღლე 60 სანტიმეტრს აღწევს. მცენარე ბუჩქოვანია.
– პრეტენზიული მოსავლელია ეს მცენარე?
– მანდევილა იოლად გასახარებელი მცენარეა, ის სინათლის მოყვარულია, არ უყვარს არც სიცხე და არც ჩრდილი. ამიტომ ეცადეთ, მცენარე გაფანტული მზის სხივების ქვეშ დადგათ.
– წელიწადის რომელ სეზონზე ყვავის მანდევილა და როგორ შევუწყოთ ხელი, რომ უხვად იყვავილოს?
– ეს მცენარე მთელი წლის განმავლობაში ყვავის, ახლა გარეთ დადგით, რომ უკეთ აყვავდეს. ზამთარში კი, ოთახში შეიტანეთ და 25 გრადუსზე ამყოფეთ. მისი ულამაზესი ყვავილები სასიამოვნო სურნელს გამოსცემს და ტროპიკულ გარემოს შექმნის თქვენს ბინაში.
– რა სიხშირით მოვრწყათ მცენარე და შესაძლებელია თუ არა მისი გასხვლა?
– ზაფხულში მორწყეთ კვირაში ერთხელ, ხოლო ზამთარში – ორ კვირაში ერთხელ. ის ექვემდებარება გასხვლასაც და შეთხელებასაც. ამიტომ, უშიშრად შეურჩიეთ მცენარეს თქვენთვის სასურველი ფორმა.
– რა მოსდის მცენარეს ტემპერატურის დაკლების შემთხვევაში, ხომ არ გაფუჭდება?
– მანდევილა ტემპერატურის მხრივ ძალიან ფაქიზია. ზამთრის სეზონზე, თუ ტემპერატურამ 9 გრადუსამდე დაიკლო, მაშინ მოგიკვდებათ. ამიტომ, ეცადეთ, ტემპერატურა 18 გრადუსი მაინც იყოს.
– ემუქრება თუ არა მანდევილას მავნებლებისგან საფრთხე და როდის გვირჩევთ ამ სეზონზე მის ბინაში დაბრუნებას?
– შესაძლებელია მცენარე დაავადდეს. ამიტომ, ყოველთვის გამოიყენეთ კარატე ან აკტელიკი. ერთი გრამი წამალი გახსენით ორ ლიტრ წყალში და შეასხურეთ მანდევილას კვირაში ერთხელ. სექტემბრიდან უკვე შეგიძლიათ, მცენარე ოთახში დააბრუნოთ და ის 18-20 გრადუს ტემპერატურაზე ამყოფოთ.
– როდის არის სასურველი მანდევილას გადარგვა და როგორ ნიადაგში გვირჩევთ მის ჩარგვას?
– მცენარე გადარგეთ შემოდგომით. მისი ნიადაგის შემადგენლობაში კი უნდა შედიოდეს: მიწა, ტორფი, ნაკელი და ქვიშა.
– რით მრავლდება მანდევილა და კიდევ რა გავითვალისწინოთ მისი გახარებისას?
– მანდევილა იოლად მრავლდება. მისი გამრავლება შესაძლებელია როგორც თესლით, ასევე ტოტითაც. უმჯობესია ზამთარში გასხლათ, როდესაც მცენარე ნახევრად ისვენებს. მას დიდი ფესვები არ აქვს და ნებისმიერი ზომის ქოთანში თავს მშვენივრად გრძნობს. ასევე, შეგიძლიათ მცენარეს ზედმეტად გაზრდილი და გადატვირთული ფოთლებიც შეაცალოთ.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ ამ სეზონზე, რომ მანდევილა რთული გასაზრდელი არ იყოს?
– ახლა ყველაზე მთავარია, გარეთ დადგათ, წყალი რეგულარულად დაასხათ და მცხუნვარე მზეს მოარიდოთ. მანდევილა იოლად გასაზრდელია და სხვა დამატებითი მოვლა ახლა არ სჭირდება.
– რაც შეეხება პლუმბაგოს, როგორ მოვუაროთ?
– მომხიბლავ და სწრაფად მზარდ მცოცავ პლუმბაგოს ღია მწვანე ფერის ფოთლები და იისფერი, გადაშლილი ყვავილედები აქვს. ამ მცენარეს ოთახში დიდი სივრცე სჭირდება, რომ თავი ვიწროდ არ იგრძნოს. ის ძალიან ლამაზია და შეგიძლიათ, კარკასზე ააყოლოთ.
– როგორ დავამაგროთ კარკასზე?
– მავთულის კარკასზე ან ბადეზე მიმაგრებით პლუმბაგოს სასურველ ფორმას მიაღებინებთ. ამ მცენარეს ყვავილები მხოლოდ პირველი წლის ტოტებზე ამოსდის, ამიტომ გაზაფხულზე გასხალით და კარკასზე მხოლოდ გახევებული ტოტები დაუტოვეთ, რათა ახალი საყვავილე ღეროები განუვითარდეს.
– როგორი სინათლე სჭირდება?
– პლუმბაგოს უყვარს კაშკაშა სინათლე. ზაფხულის განმავლობაში მზის გულზე ყოფნასაც აიტანს, თუ ფესვები ტენიანი ექნება.
– ანუ, ახლა ხშირად უნდა მოვრწყათ?
– დიახ, ახლა ნამდვილად ხშირად სჭირდება მცენარეს მორწყვა. მისი მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს, რომ არ გაფუჭდეს. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტი ტენი სჭირდება და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ ამ სეზონზე.
– ასეთივე სიხშირით უნდა მოვრწყათ პლუმბაგო წელიწადის სხვა სეზონებზეც?
– ზამთარში ამ მცენარეს დასვენების პერიოდი აქვს, ამიტომ იშვიათად მორწყეთ.
– როგორია მისთვის სასურველი ტემპერატურა?
– ზამთრობით პლუმბაგოს სჭირდება დაახლოებით 10 გრადუსი, მას ზამთრის სეზონზე სინათლე და სითბო არ უნდა მოაკლდეს. ზაფხულში კი მისთვის ნებისმიერი ტემპერატურა მისაღებია.
– როგორ ვაყვავილოთ პლუმბაგო უხვად და კიდევ რა პირობები გავითვალისწინოთ მის უკეთ გასაზრდელად?
– ეს მცენარე მთელი ზაფხულის განმავლობაში ყვავის. თუ გრძელ ღეროებს ზაფხულში შეაჭრით, ნაკლებად იყვავილებს, ამიტომ ადრიან გაზაფხულზე გასხალით. თუ რეგულარულად მორწყავთ ბალანსირებული, თხევადი სასუქით და არც სინათლეს მოაკლებთ, პლუმბაგო მშვენივრად გაიზრდება. დადგით სამხრეთის ფანჯარაზე და დატკბით მისი სილამაზით.

скачать dle 11.3