კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძია შური ავღანეთში ქართველმა ყმაწვილმა დის მკვლელზე



– ვისი ხარ, ბალღო? – გასძახა ორღობეში მიმავალ თოთხმეტიოდე წლის მოზარდს შავგვრემანმა კაცმა, რომელიც ეკლიანი ღობის იქით იდგა.
– თორღვაანთ გოგიასი, ძია. შენ რომ ვერ გცნობ, რომელი ხარ? – ჰკითხა ბიჭმა.
– მე რომ ჯარში წავედი, შენ ჯერ კიდე იფსამდი, – ჩაილაპარაკა შავგვრემანმა, – ნოდარა ვარ, ძელური. მე და მამაშენი გარე ბიძაშვილები ვართ. საწყალი გოგიას სიკვდილი რუსეთში გავიგე და ძალიან მეწყინა. საით მიდიხარ ამ ავდარში?
– ჩემს დას ვეძებ, ნოდარა ძია, – უთხრა ბიჭმა, – შუადღეს წამოვიდა სახლიდან და მას მერე აღარ მოსულა.
– შენს გახარებას, ბალღო, აი, ეს ტომარა სანაგვემდე მიმითრიე ურიკით, უარს ნუ მეტყვი. საქონელი დავკალი და მისი ნარჩენებია. ჩეხვისას წვივი გავიფუჭე, ვერ დავდივარ და, შენს გაზრდას, მომეხმარე, – სთხოვა შავგვრემანმა ყმაწვილს და გარღვეული ღობიდან ურიკა მიუგორა მას და გაუღიმა.
ბიჭმა ტომრიანი ურიკა სოფლის სანაგვემდე მიაგორა, სისხლიანი ტომარა უზარმაზარ ორმოში ჩააგდო და ცარიელი ურიკა პატრონს დაუბრუნა.
– მადლობა, ბალღო, პატივისცემა ჩემზე იყოს, – უთხრა შავგვრემანმა და ურიკა ეზოში შეიყვანა.
– არაფრის, ძია, – უპასუხა ყმაწვილმა და ორღობეს გაუყვა.
სისხლიანი ტომარა
მარინე თორღვაშვილს მთელი რაიონი უშედეგოდ ეძებდა სამი დღის განმავლობაში. კვალი ვერც თბილისიდან ჩამოყვანილმა სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლებმა აიღეს.
– იმ დღეს ისეთი ავდარი იყო, კვალს ძაღლი კი არა, ეშმაკიც ვერ აიღებდა, – განუცხადა სოფლის კლუბში საგანგებოდ შეკრებილ მოსახლეობას რაიონის მილიციის უფროსმა.
და-ძმა, მარინე და ემზარ თორღვაშვილები, მამით ადრე დაობლდნენ და მათ დედა და ბებია ზრდიდნენ. 13 წლის მარინე დედამ მარილის საყიდლად გაგზავნა მაღაზიაში და იმ დღიდან ბავშვი არავის უნახავს.
– ხალხნო, – მიმართა თანასოფლელებს კოლმეურნეობის თავმჯდომარემ, – მოდი, ერთხელ კიდევ დავირაზმოთ და უფრო გულდასმით მოვძებნოთ ბავშვი, ყველა კუთხე-კუნჭული კარგად დავათვალიეროთ.
თავმჯდომარის წინადადებას ყველა დაეთანხმა და უკვე მარინეს საძებრად წასვლას აპირებდნენ, რომ კლუბში გაფითრებული ქიტესა ყანდოშვილი შევარდა.
– ხალხნო, – ენის ბორძიკით დაიწყო მწყემსმა, – ღორებს ვაგროვებდი სოფლის განაპირას. სამი ღორი მოვისაკლისე და მათ მოსაძებნად გავემართე. სამივე სოფლის სანაგვეზე ვიპოვე, მივედი და რას ვხედავ – ის წყეულები სისხლიან ტომარას ჯიჯგნიდნენ გამალებით. დავუტატანე ღორებს, გავრეკე და ტომარას დავხედე, მაგრამ, ნეტა არ დამეხედა – გარღვეული ტომრიდან ადამიანის ფეხი იყო გამოჩრილი. ზომაზე ეტყობოდა, რომ ბავშვისა იყო. აღარ გავჩერდი, გამოვიქეცი და შაგატყობინეთ, – დაასრულა ქიტესამ თხრობა და ოფლი მოიწმინდა.
სოფლის სანაგვეზე შეკრებილი ხალხის წინაშე საზარელი სანახაობა გადაიშალა. როდესაც მილიციის უფროსმა და კოლმეურნეობის თავმჯდომარემ სისხლიანი ტომარა გახსნეს, შიგ ბავშვის დაჩეხილი სხეულის ნაწილები აღმოჩნდა. ცხედარი ტანსაცმლიანად იყო დანაწევრებული და მატლები ესეოდა.
– ნოდარა ძიას ტომარა! – იღრიალა ემზარ თორღვაშვილმა და სიმწრისგან არაადამიანური ბღავილი მორთო.
ემზარი იმავე საღამოს დაკითხეს. მან დაწვრილებით უამბო გამოძიებას, თუ როგორ გადააგდებინა მას  ნოდარ ძელურმა სისხლიანი ტომარა სოფლის სანაგვეზე. თბილისში ექსპერტიზაზე გაგზავნილი გვამის ნაჭრების ანალიზმა ცხადყო, რომ 13 წლის მარინე თორღვაშვილი ჯერ გაეუპატიურებინათ, შემდეგ კი გაეგუდათ და დაენაწევრებინათ.
სანამ ეს ყველაფერი გაირკვა, ნოდარ ძელურმა რუსეთში  გაქცევა მოასწრო. დაადგინეს, რომ 32 წლის ძელური ურალში, ერთ-ერთი სამხედრო ბატალიონის სპეცნაწილში მსახურობდა და საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდა. მასზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაპატიმრების სანქცია გასცა და კაპიტანი ნოდარ სიმონის ძე ძელური მილიციამ მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში დააპატიმრა.
განაჩენი
ნოდარ ძელურის გადაცემა სამხედროებმა მოითხოვეს, მაგრამ მათ მოთხოვნას პირადად საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორი შეეწინააღმდეგა.
– სამხედროები მას ვითომ გაასამართლებენ, სინამდვილეში კი უფრო ბინძურ საქმეს დაავალებენ, ვიდრე ის აქამდე ასრულებდა, – განაცხადა საკავშირო გენპროკურორმა რუდენკომ და პატიმარი ძელური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გადასცა.
ძელური თბილისში ჩამოიყვანეს და ორთაჭალის ციხეში, ჰომოსექსუალებისთვის განკუთვნილ საკანში მოათავსეს. პირველივე ღამეს ბავშვზე მოძალადე ძელური თანამესაკნეებმა გააუპატიურეს და მას შემდეგ რეგულარულად სჩადიოდნენ ამას. ერთ-ერთი ასეთი მორიგი აქტის დროს, გამწარებულმა ნოდარ ძელურმა პატიმარ გერონტი ლაბაურს კვერცხები მოაგლიჯა კბილებით და მოკლა. ამ შემთხვევის შემდეგ ძელური ცალკე საკანში მოათავსეს და მასთან დაკითხვაზე მისული გამომძიებელი ორი-სამი კაცის თანხლებით შედიოდა ხოლმე.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ნოდარ ძელური ფსიქიკურად ჯანმრთელად ცნო და ის მხოლოდ ამ დასკვნის შემდეგ გაასამართლეს.
– გოგონა სოფლის ორღობეში მიდიოდა, როდესაც მე ის ეკლიან ღობეში გაკეთებული ხვრელიდან შევათრიე ეზოში, – ყვებოდა ძელური სასამართლოზე, – შემდეგ ბოსელში წავათრიე და გავაუპატიურე.
– რამ გიბიძგათ ასეთი საქციელისკენ? – ჰკითხა ძელურს მოსამართლემ.
– ჩვევამ, – მოკლედ მიუგო ძელურმა.
– განმარტეთ თქვენი სიტყვები, – გაოცდა მოსამართლე.
მოსამართლის სიტყვებზე ძელურს პათოლოგიურად გაეცინა. შემდეგ ის ორი საათის განმავლობაში დაწვრილებით უყვებოდა სასამართლოში შეკრებილ უზარმაზარ აუდიტორიას იმ მხეცობის შესახებ, რასაც საბჭოთა ჯარის სპეცრაზმელები სჩადიოდნენ ოკუპირებულ ქვეყნებში.
– ამისთვის ჩვენ არც აზიაში და არც აფრიკაში არავინ გვთხოვდა პასუხს. არც ქალის სიყვარულს გვიშლიდნენ და არც მტრის ჩეხვას, – დაასრულა თავისი საშინელი მონათხრობი ძელურმა.
სასამართლოს ბოლო სხდომაზე ერთ-ერთი უკანასკნელი ჩვენება ემზარ თორღვაშვილმა მისცა. ის ნელა ყვებოდა, როგორ გადააყრევინა მას ძელურმა მოკლული მარინე თორღვაშვილის დაჩეხილი სხეულის ნაწილებით სავსე ტომარა სოფლის სანაგვეზე.
ემზარის ჩვენების დროს, ძელურმა წამოიძახა:
– შენც შენი დის გზას უნდა გამეყენებინე, შე გველის წიწილო!..
გამწარებული მოზარდი საბოლოოდ გამოიყვანა წყობიდან ძელურის სიტყვებმა. ის ბრალდებულიდან სულ რაღაც ორიოდე მეტრში იდგა. მოულოდნელად ავაზასავით ისკუპა მისკენ, ყურში კბილებით ჩააფრინდა და როდესაც ბადრაგმა ის პატიმარს ააგლიჯა, ემზარს მისი დის მკვლელის მარჯვენა ყური ეჭირა კბილებით...
ორი კვირის შემდეგ სასამართლო პროცესი განახლდა და უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ნოდარ ძელურს სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
სისხლიანი როსტომ-ბეკი
ძელურის გასამართლებიდან ექვსი თვე არ იყო გასული, ემზარ თორღვაშვილს ჯერ დედა გარდაეცვალა, შემდეგ კი ბებია და 15 წლის მოზარდი სრულიად მარტო დარჩა. მან კიდევ სამ წელიწადს იცხოვრა სოფელში. 18 წლის რომ შესრულდა, სამხედრო კომისარიატს მიაკითხა და ავღანეთში გამგზავრება მოითხოვა.
– იქ რა გინდა, ბალღო, ომია... თავი მოგბეზრებია? – გაოცდა სამხედრო კომისარი, – შენ კანონით არ გეკუთვნის ჯარში წასვლა, რადგან ობოლი ხარ. იმის ნაცვლად, რომ მომავალზე იფიქრო, ტყვიებს უშვერ თავს?
ემზარ თორღვაშვილმა ყური არ ათხოვა კომისრის შეგონებას, მაინც თავისი გაიტანა და რვა თვის შემდეგ ავღანეთში წავიდა. ემზარი 1981 წლის ოქტომბერში ჩავიდა ქაბულში, ოთხი თვის შემდეგ კი ქალაქ ყანდაღართან ის და მისი ქვედანაყოფი მოჯაჰედების ალყაში მოხვდნენ და გააფთრებული ბრძოლების შემდეგ 150 საბჭოთა მეომარი აფეთქებული კლდოვანი მასივის ნანგრევების ქვეშ მოყვა. საბჭოთა სამხედრო სარდლობას არც უფიქრია დაღუპული მეომრების მოძიება და ისინი ერთიან საძმო საფლავში დარჩნენ სამუდამოდ.
ემზარის დაღუპვიდან ექვსი თვის შემდეგ, ყანდაღარსა და მის შემოგარენში ავღანელი მოჯაჰედების რაზმი გამოჩნდა. ისინი მუსრს ავლებდნენ საბჭოთა სამხედროებს და განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ მათ – ცოცხლად აძრობდნენ ტყავს და საშინელი წამებით ხოცავდნენ. მოჯაჰედებს ვინმე როსტომ-ბეკი ხელმძღვანელობდა და როგორც ყვებოდნენ, სწორედ ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმხეცით. ამის გამო მას „სისხლისმსმელი“ შეარქვეს და საბჭოთა დაზვერვას ნადირობა ჰქონდა მასზე გამოცხადებული, თუმცა, უშედეგოდ. როსტომ-ბეკი მოჩვენებასავით გამოჩნდებოდა ხოლმე, ხან ერთ ადგილზე, ხან მეორეზე და მუსრს ავლებდა საბჭოთა ჯარისკაცებს. სისხლისმსმელი ბეკი განუკითხავად დათარეშობდა სამი წლის განმავლობაში და უამრავი რჩეული საბჭოთა მებრძოლი გაისტუმრა საიქიოს, ის განსაკუთრებით არ სწყალობდა სპეცრაზმელებს და მათ საკუთარი ხელით უსწორდებოდა.
1985 წლის მაისში, საბჭოთა ჯარების შტაბის უფროსმა, გენერალმა გრომოვმა, საგანგებო თათბირი მოიწვია და როსტომ-ბეკის განადგურების საკითხი დასვა.
– ამხანაგებო! – თქვა გრომოვმა, – დროა, სისხლისმსმელი ბეკის თარეშს ბოლო მოვუღოთ. საამისოდ ურალიდან გამოვიძახეთ განსაკუთრებული ქვედანაყოფი. იმედია, როსტომ-ბეკს ისინი მოუვლიან.
„ურალელი ტურები“ – ასე ერქვა საბჭოთა გამანადგურებელ ქვედანაყოფს, რომლებიც ჩამოსვლისთანავე ჩაერთნენ საქმეში და, სულ რაღაც, ორი თვის განმავლობაში უკიდურესი სისასტიკით გაითქვეს სახელი. როსტომ-ბეკის ძებნაში „ტურები“ არავის ინდობდნენ – მათ რამდენიმე მშვიდობიანი სოფელი გადაბუგეს. საბჭოთა გამანადგურებლებს პოდპოლკოვნიკი სოპკო მეთაურობდა. ის ეროვნებით უკრაინელი იყო, თუმცა – თავისი შავტუხა გარეგნობით უფრო კავკასიელს ჰგავდა. სოპკო მუდამ ბენდენაწაკრული დადიოდა და არასდროს იხსნიდა მას.
„ტურების“ აღსასრული
სოპკოსა და მისი „ტურების“ თარეშს ოთხი თვის შემდეგ დაესვა წერტილი: როსტომ-ბეკზე მონადირე რაზმი თვითონ გაება სისხლიანი ბეკის მახეში – ქალაქ ყანდაღართან 23 „ტურა“ მოკლეს, 14 კი ტყვედ აიყვანეს და მათ შორის იყო პოდპოლკოვნიკი სოპკო.
– როსტომ-ბეკ, – მოახსენა მეთაურს ერთ-ერთმა მეომარმა, – დუშმანები მოვათრიეთ.
სისხლისმსმელმა როსტომმა, რომელიც მუდამ ყაბალახშემოხვეული დადიოდა, საბჭოთა ტყვეთა მწკრივს ჩამოუარა და სოპკოს წინ შეჩერდა. შემდეგ შეცბა, ბენდენა მოაძრო თავიდან და დაინახა, რომ მას მარჯვენა ყური არ ჰქონდა.
– ცოცხალი ხარ, ძაღლო? დიდება ალაჰს, რომ ამ დღეს მომასწრო! – ქართულად წამოიძახა და ხელები ცისკენ აღაპყრო როსტომმა. შემდეგ კი ყაბალახი მოიხადა, სოპკოს მარცხენა ყურში ჩაავლო ხელი და მწკრივიდან გამოათრია, – ნოდარ ძელურო, ემზარ თორღვაშვილი ვარ, ვერ მიცანი? – კბილებში გამოსცრა ბეკმა და „ტურების“ თვალწინ ჯერ გააშიშვლა მათი მეთაური, შემდეგ კი თავად გააძრო ცოცხლად ტყავი...
ბოლოს, ნახევრად ცოცხალი ძელური გიურზებით სავსე ორმოში ჩააგდო ემზარმა და, ყველაფერი რომ დასრულდა, ორმოშივე ამობუგა...
როსტომ-ბეკმა დანარჩენ ტყვეებს ხელი არ ახლო და ავღანელ მოჯაჰედებში გაუცვალა საბჭოელებს...
P. S. როსტომ-ბეკი ავღანეთის ომის შემდეგ  სულიერი ლიდერი გახდა. ერთი ვერსიით, ის ბინ-ლადენის ერთ-ერთი დაჯგუფების განადგურებისას დაიღუპა. თუმცა, არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის თანახმადაც, როსტომ-ბეკი დღესაც ცოცხალია და ერთ-ერთი ისლამური ქვეყნის დახურულ მედრესეში მოღვაწეობს...
ნიკა ლაშაური

скачать dle 11.3