კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რატომ არის თმისთვის აუცილებელი დამატენიანებელი შამპუნი?
პასუხი: ხისტი წყალი, ფენით გაშრობა, შეღებვა, ქიმიური დახვევა, კონდიციონერი სახლში და სამსახურში, ზამთარში – ცივი ქარი და ყინვა, ზაფხულში – ცხელი ქარი და მზის მცხუნვარება... ეს ის მიზეზებია, რაც აშრობს და ფიტავს თმას. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ძნელია, ამ ყველაფერს თავი ავარიდოთ. ამიტომ, აუცილებელია, გამოვიყენოთ არა მხოლოდ დამატენიანებელი შამპუნი, არამედ გავიკეთოთ (კვირაში ერთხელ მაინც) დამატენიანებელი და მკვებავი ნიღბები.
კითხვა: რატომ არ შეიძლება თმის საღებავის გახსნა ლითონის ჭურჭელში?
პასუხი: თმის საღებავის ლითონის ჭურჭელში გახსნისას ხდება მჟავური რეაქცია, რამაც, შეიძლება, საღებავს ფერი შეუცვალოს.
კითხვა: რატომ არ არის რეკომენდებული უშუალოდ თმის შეღებვის წინ თავის დაბანა?
პასუხი: დაბანის დროს თმას შორდება ბუნებრივი ცხიმოვანი გარსი, რომელიც იცავს ღერებს გამოშრობისა და არასასურველი ქიმიური პროცესებისგან. დაბანის დროს კი ეს გარსი შორდება და თმა დაუცველი რჩება.
კითხვა: რა ფუნქცია აქვს მელისას ჩაის და როგორ უნდა მოვამზადოთ ის?
პასუხი: მელისას ჩაი აღადგენს წონასწორობას, იცავს ადამიანს სტრესებისგან და აქვეითებს მადას.
2 ჩაის კოვზი ფოთოლი ჩაყარეთ ჭიქაში, დაასხით მდუღარე და გააჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ კი გადაწურეთ და დალიეთ.
კითხვა: რაში იყენებენ კოსმეტოლოგები ცისფერ თიხას?
პასუხი: თეთრი და ცისფერი თიხა ბუნებრივი ადსორბენტია, რომელიც, თავისი სტრუქტურის წყალობით, ღრუბელივით იწოვს კანიდან მტვერსა და ცხიმს. ცისფერი თიხა შესანიშნავი საშუალებაა გამონაყარისა და ფერისმჭამელების სამკურნალოდ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, კვირაში ორჯერ გაიკეთოთ ნიღაბი: 2-3 ჩაის კოვზ თიხას დაასხით გრილი წყალი და კარგად აზილეთ (უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის მასა, რომ არ ჩამოგეწვეთოთ). თანაბრად, სქელ ფენად წაისვით მთელ სახეზე (მხოლოდ თვალების გარშემო არ შეიძლება წასმა). 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. ეს ნიღაბი შეგიძლიათ, გაიკეთოთ ბეჭებზე ან მკლავებზე, თუკი ამის საჭიროება არსებობს.