ისევ ცელულიტის შესახებ
ცელულიტი – ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც ქალების 90 პროცენტს აწუხებს და, შესაბამისად, უამრავი შეკითხვა მოდის რედაქციაში, თუ რა არის ცელულიტი, რა იწვევს მას და ბრძოლის რა მეთოდები არსებობს მის წინააღმდეგ.
დავიწყოთ თავიდან.
სიტყვა „ცელულიტი“ პირველად გაჟღერდა 1979 წელს ერთ ამერიკულ ჟურნალში. მანამდე მას „ფორთოხლის ქერქს“ უწოდებდნენ და დიდადაც არ აქცევდნენ ყურადღებას, რადგან ეს ბუნებრივ მოვლენად, უფრო მეტიც – სხეულის ერთგვარ სილამაზედაც კი მიაჩნდათ (მაგალითად, თუ გავიხსენებთ რუბენსის მზეთუნახავებს).
„ცელულიტის“ ზუსტი თარგმანია – „უჯრედების ანთება“, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, არანაირ ანთებასთან არ გვაქვს საქმე. ამიტომაც, სერიოზულ სამედიცინო საიტებზე ტერმინ „ცელულიტის“ ნაცვლად ნახავთ საკმაოდ შიშის მომგვრელ შესიტყვებებს: ჰინოიდური ტიპის ადიპოდისმორფიზმი, ლოკალიზებული ჰიდროლიპოდისტროფია (იგივე ადიპოდისტროფია), დერმის დეგენერაცია, ლიპოსკლეროზი... სინამდვილეში კი, პრობლემურ ადგილებში გროვდება ცხიმი, რის შედეგადაც ირღვვა ადგილობრივი სისხლის მიმოქცევა... და ასე შემდეგ.
ჩვენთვის მთავარია, ვიცოდეთ, რა იწვევს ცელულიტის გაჩენას, ამის მიზეზი კი საკმაოდ ბევრია:
* ჰორმონალური დისბალანსი;
* ფარისებრი ან კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის დარღვევა;
* ვენური და ლიმფატიკური უკმარისობა (მათ შორის – ვარიკოზი);
* დაბინძურებული გარემო;
* არასწორი კვება;
* სტრესები;
* ორსულობა;
* სწრაფი და მკვეთრი გახდომა ან გასუქება;
* ზოგიერთი მედიკამენტის უკონტროლოდ მიღება;
* სიგარეტი და ალკოჰოლი.
სია მართლაც შთამბეჭდავია.
ახლა გავარჩიოთ ერთმანეთისგან მითი და სინამდვილე:
მითი პირველი: საკმარისია, დაიკლოთ რამდენიმე კილოგრამი და ცელულიტი გაქრება...
– ეს ტყუილია. ცელულიტი ძალიან გამხდარ ადამიანებსაც აქვთ.
მითი მეორე: ეს პრობლემა „ბალზაკის ქალების“ ასაკისთვის არის აქტუალური.
– სინამდვილეში ცელულიტი ჩნდება სქესობრივი მომწიფების ასაკში და სწორედ 40 წლის შემდეგ არის მისი დამარცხება უფრო ადვილი.
მითი მესამე: ცელულიტის გაჩენის მთავარი ხელის შემწყობია ცხიმიანი საკვები.
– არადა, ტკბილეული (კერძოდ, გლუკოზა) გაცილებით უფრო აქტიურია ამ საქმეში.
მითი მეოთხე: შველა სპორტშია.
– ეს სიმართლესთან ახლოსაა, თუმცა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ, სასურველია, პარალელურად ანტიცელულიტური კოსმეტიკა გამოიყენოთ.
მითი მეხუთე: ანტიცელულიტური კრემის მუდმივად გამოყენების შემთხვევაში ცელულიტი გაქრება.
– თუ ამ კრემის წასმის წინ შესაბამისად შეამზადებთ პრობლემურ ადგილებს (მიიღებთ ცხელ შხაპს, გაიკეთებთ მასაჟს, ანუ ის ზონები უნდა გახურდეს) და კრემს წაისვამთ სპეციალური ხელთათმანით, ჯაგრისით ან მასაჟორით, 3-4 წუთის განმავლობაში, შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება.
მითი მეექვსე: კარგი კრემი პრობლემას 7-10 დღეში აგვარებს.
– ძალიან საეჭვოა. შედეგი, შეიძლება, ერთი ან, სულაც სამი თვის შემდეგ შეამჩნიოთ. თანაც, უნდა გახსოვდეთ, რომ მხოლოდ კრემი ვერ გიშველით, საჭიროა კომპლექსური „შეტევა“ – სწორი კვება, აქტიური ფიტნესი, ცურვა, მასაჟი, აბანო, მექისე და ასე შემდეგ.
მითი მეშვიდე: მჭიდრო ჯინსი (ან სხვა ტანსაცმელი) ზღუდავს ცელულიტის გაჩენას.
– სინამდვილეში პირიქით ხდება: მჭიდრო, შემოჭერილი ტანსაცმელი მხოლოდ ხელს უწყობს „ფორთოხლის ქერქის“ გაჩენას, რადგან „ჭყლეტს“ კანქვეშა სისხლძარღვებს და აუარესებს ისედაც დაქვეითებულ სისხლის მიმოქცევას.