ვინ აიყვანა გიორგი მიქაძე ბერკლის ყველაზე რეიტინგულ ანსამბლში, რომელშიც მხოლოდ გამოცდებით ხვდებიან და რა სიგიჟეებში ეხვეოდა ის იქ
გიორგი მიქაძე ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში ერთწლიანი სწავლის შემდეგ თბილისში დაბრუნდა. თუმცა, სექტემბრიდან ისევ აპირებს წასვლას და სწავლის გაგრძელებას. საოცრად ნიჭიერი პიანისტი „თბილისელებს“ ბერკლიში და ზოგადად, ბოსტონში მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ ესაუბრა.
გიორგი მიქაძე: ეს პირველი წელი საკმაოდ რთული და ნაყოფიერი იყო. ბერკლიში არის ძალიან ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა, გაძლევენ დიდ ინფორმაციას, რომლის გადახარშვაც გჭირდება. ახლა ის პერიოდი მაქვს, როცა ინფორმაცია, რომელიც იქ მივიღე, ჩემს ტვინში ლაგდება და რჩება.
– წელსაც მიდიხარ ბერკლიში სწავლის გასაგრძელებლად?
– ჩვენთან სწავლა ძალიან ძვირია და ბედნიერი ვარ, რომ მე სწავლის მთლიანი დაფინანსება მაქვს. ცხოვრების ხარჯებს შარშან განათლების სამინისტრო მიფარავდა და ამისთვის დიდი მადლობელი ვარ. იმედი მაქვს, წელსაც დამიფინანსებენ და დიპლომის აღებაში დამეხმარებიან. ბერკლიში კრედიტული სისტემაა, ერთ მეიჯერზე არის 120 კრედიტი. მე, ალბათ, გავაკეთებ ორმაგ მეიჯერს და ამას კი ხუთი წელი დასჭირდება. ვნახოთ, როგორი ფინანსური მდგომარეობა მექნება შემდეგ ზაფხულს. შეიძლება, არ ჩამოვიდე. ბოსტონში ცხოვრება, თავის გატანა ძალიან ძნელია. ჩვენთვის რთულია სადმე მუშაობა, ანუ ყოველ საღამოს სადმე რომ დაუკრა, რადგან მთელი დღე გიწევს მეცადინეობა, ფაქტობრივად, ტვინი უნდა დაასხა. მაგრამ წელს მუშაობა, ალბათ მომიწევს. „აუთ ლაიფი“ მხოლოდ ამით ისწავლება, როდესაც კოლეჯის გარეთ გადიხარ, ცხოვრებაში თავს ყოფ და იგებ, სინამდვილეში რა ხდება.
– ისევ სწავლას დავუბრუნდეთ.
– ბერკლიში გავიარე ძალიან ბევრი საგანი, მათ შორის, სადირიჟოროც, რომელიც ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, კლასიკურ მუსიკას ვდირიჟორობდით: ბახი, მოცარტი, მერე გადავედით იმპრესიონისტ კომპოზიტორებზე – ეს ერთგვარი კლასია, რომლის გავლა ყველასთვის აუცილებელია.
– ორკესტრთან გიწევდა მუშაობა?
– ვირტუალური ორკესტრია, და ის სტუდენტები გიკრავენ, რომლებიც გაკვეთილებზე სხედან. ყველაფერი კომპიუტერული სისტემით ხდება. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ შევდიოდი სააბაზანოში, სადაც დიდი სარკე მქონდა და საათობით ვმეცადინეობდი, საკუთარ თავს ველაპარაკები – ხელს უყურე, ხელი გაასწორე, არ ვარგა, კარგია, თავს არ უნდა ასცდეს ჯოხი... რაც მთავარია, ყველაზე მაგარ და თან, მკაცრ პედაგოგთან მომიწია მუშაობა. საბოლოოდ, საგანი 94 ქულით დავამთავრე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ბერკლიში სწავლა ძალიან რთულია.
– შენ ისეთი კომუნიკაბელური ხარ, არ მგონია, ადამიანებთან ურთიერთობის მხრივ სირთულეები შეგქმნოდა?
– თავიდან ენის ბარიერი იყო, მაგრამ მივეჩვიე, ინგლისურის კლასებიც გვაქვს. ბერკლი ცდილობს, არა მხოლოდ მუსიკოსად ჩამოგაყალიბოს, არამედ ადამიანადაც, ძალიან ბევრ ნიუანსს გასწავლიან. როგორც ყველგან იქაც ხდება, თუ მაგარი არ ხარ, შენთან არ მეგობრობენ. მქონდა ასეთი შემთხვევა, ჩემთვის ვმეცადინეობდი, შემოვიდა ერთი ბიჭი და მეუბნება: – იცი, ძალიან მომწონს, შენ როგორც უკრავ და მოდი, ჩემს კონცერტზე დაუკარიო. ეს ბიჭი დრამერია, დამამთავრებელ კურსზე სწავლობდა. ხუთ დღეში იყო კონცერტი, ოთხი რეპეტიცია მქონდა, ხუთი თემა, ძალიან რთული. ეს ჯაზი კი არა, ფიუჟენი იყო – ეს არის სტილი, რომელიც თითქმის ყველა სტილს შეიცავს. კონცერტზე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ისეთი ხალხი უკრავდა ჩემთან ერთად, ინსტრუმენტს „ჭამდნენ“. ბერკლიში მსოფლიოდან საუკეთესო მუსიკოსები ჩამოდიან, სწავლობენ. ბერკლი მთელ მსოფლიოს ამარაგებს მუსიკოსებით, კომპოზიტორებით, რეჟისორებით, ხმის ინჟინრებით, დირიჟორებით. ბერკლიში ხშირად ჩამოდიან ძალიან ცნობილი კინოკომპოზიტორები, მაგალითად, ალან სილვესტრი – ის ბევრი ცნობილი ფილმის საუნდთრეკის ავტორია. ყველაზე მაგარი ის არის, რომ თავად ხარ კომპოზიტორი, დირიჟორი, თვითონვე უნდა იყო ჩაწერაზე. მოკლედ, ყველაფერი შენ უნდა გააკეთო და თუ ჰოლივუდში ხარ, დიდ ფულსაც აკეთებ. ჩვენთან არის დეპარტამენტი – „ფილმს ქორინგ“ და მინდა, მომავალ წელს იქ გადავიტანო საბუთები, რომ სიღრმისეულად შევისწავლო გაორკესტრების ტექნიკა. იქ ეს ძალიან კარგად ისწავლება და ეს საშუალებას მომცემს, არ ვიყო მხოლოდ პიანისტი.
ბერკლიში ერთი ბასისტი გავიცანი. საუბარში მოგვეწონა ერთმანეთი, ჩვენი იდეები დაემთხვა, შევედით ოთახში და დავუკარით. მერე კიდევ გავაკეთეთ რეპეტიცია, ერთი დრამერიც გვყავდა და ეს სამი ემოცია ისე შეეჯახა ერთმანეთს, მუსიკალური აფეთქება მოხდა. ბასისტი უკრავდა, თან ხტუნაობდა – იე, რა მაგარია! ერთმანეთს ვეუბნებოდით, – ეს იცი, ის იცი... სტრავინსკის „ფასკუნჯის“ ბოლო ნაწილი დავუკარით, რომელიც ძალიან ლამაზია. ბასზე ისეთი აკორდები აიღო, ოთხი სიმიდან მთელი აკორდი გამოიყვანა. მე სწორედ ამაზე გავგიჟდი. მერე მეც რაღაცას ვაკეთებდი და დიდი სიგიჟეები ხდებოდა (ძალიან მინდოდა ტრიოს საქართველოში ჯაზ-ფესტივალზე ჩამოყვანა. იმედია, მომავალ წელს ჩამოვიყვან). მერე ვიღაც შემოიხედავდა და იტყოდა – ვა, „ჯემი“ მიდის, მაგარია! ყველა მუსიკალურ კოლეჯში ასე ხდება, ყოველ შემთხვევაში ამერიკაში ასეა – ჯემით იზრდება ადამიანი. არ იცნობ და პირდაპირ ჯდები ინსტრუმენტთან და მათთან ერთად უკრავ რაღაც თემას. ეს გზრდის და შემდეგ უნივერსალურს გხდის. მოკლედ, სიგიჟეების პიკი ხდებოდა ბერკლიში. მეორე სემესტრში მქონდა ბრაზილიური ანსამბლი. საქართველოში, რომ გვიყვარს ბოსანოვა და გვგონია, კარგად ვუკრავთ, სინამდვილეში, საერთოდ ვერ ვუკრავთ. ბრაზილიური მუსიკის მგრძნობელობა პედაგოგმა საკმაოდ რთულად აგვიხსნა, არ არის მარტივი. პირველ გაკვეთილზე შეიკერები დაგვირიგა და სანამ ეს ინსტრუმენტი არ შევიგრძენით, ანუ ორი კვირა, დაკვრაზე არ გადავსულვართ. ასე ვისწავლე და გავიგე ნამდვილი ბრაზილიური მუსიკის ხასიათი. ბერკლის ერთ-ერთი საუკეთესო ანსამბლი გოსპელის ანსამბლია, რომელსაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. მისი ხელმძღვანელია დენის მონტგომერი. მან გამოცდა უნდა ჩაგიტაროს, რომ მიგიღოს. თუ არ მოეწონები, შანსი არ არის, აგიყვანოს. მანამდე ის მასწავლიდა ჰამონდზე დაკვრას. ეს არის ორღანი, რომელიც ზანგების ეკლესიებში დგას და ძალიან მაგარი ხმა აქვს. ყველაზე კარგად დავამთავრე ეს კლასი, ვიდეოზეც დამიწერა – „ბესტ პერფომენს“. შემდეგ თავად მითხრა, ჩემს ყველაზე კარგ ანსამბლში აგიყვანო.
– წარმომიდგენია, რა ხდებოდა გაკვეთილებზე.
– საოცრება. ყველანი შავკანიანები არიან, ერთი მე და ბას-გიტარისტი ვიყავით თეთრები. ყველას საოცარი ხმა აქვს. ყოველ წელს იმართება ბერკლიში გოსპელის საღამო და მეც მივიღე მონაწილეობა. პირველად დავუკარი „ბერკლის პერფომენს ცენტრში“, ანუ დიდ დარბაზში.
– როგორი იყო შეფასებები?
– დენის მონტგომერი ჩემი ყველაზე საყვარელი პედაგოგია. მაგალითად, გაკვეთილზე ზის და მოსწავლე მომღერლებს უხსნის, რა იმღერონ, ამ დროს აკომპანირებას რომ ვუწევდი, სხვა ნოტს თუ ვიღებდი, მაშინვე ამბობდა – „ო, იეს“. ანუ, თუ უფრო „გემრიელ“ აკორდს შევთავაზებდი, მაშინვე თავს გამოსწევდა – არანორმალურად განვითარებული ყური აქვს. კონცერტმა ძალიან მაგრად ჩაიარა, საოცარი მუხტი მივიღე, ამის მერე სულ გოსპელს ვუსმენ. პოპ-მუსიკასავით ისმინება, მაგრამ ძალიან ბევრ სტილს შეიცავს.
– როგორც მივხვდი, საკმაოდ დატვირთული რიტმი გქონდა.
– დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე ბერკლიში ვიყავი. ბერკლიში სულ ტარდება კონცერტები, ჩამოდის ძალიან ბევრი ცნობილი მუსიკოსი და მასტერ-კლასებს ატარებენ. ბობი მაკფერენი ბევრჯერ იყო ჩამოსული. მისი შვილი ბერკლიში სწავლობს, მომღერალია, ერთი და იმავე სემესტრზე ვართ. გავიცანი, გავესაუბრე, მის შემთხვევაში, ბუნება ისვენებს. ბობი მაკფერენი მასტერ-კლასებს ატარებს მომღერლებისთვის. ჯონ მეირიც იყო ჩამოსული, რომელიც ძალიან დიდი ვარსკვლავია, მასაც ბერკლი აქვს დამთავრებული. მის მასტერ-კლასებზეც ვიყავი, ისევე, როგორც სხვა ცნობილი მუსიკოსებისაზე. იქ ყველაფრის საშუალება გაქვს, ისეთი დემოკრატიაა. როდესაც ბერკლის პრეზიდენტი გამოდის, ყველა ვესალმებით. მე ადრე ისიც ვუთხარი, საქართველოდან ვარ-მეთქი, მე კიდევ – ჯორჯიის შტატიდანო. ის მეთოდები, რაც ბერკლიში ვისწავლე, ძალიან მომეხმარება იმაში, რომ მერე ქართული ხალხური მუსიკა შევისწავლო. როცა გაორკესტრების ტექნიკას ვისწავლი, კომპოზიციურად წერას, ტექნიკურადაც კიდევ უფრო გავიზრდები, მერე მარტივი იქნება მთელი ყურადღება ქართულ მუსიკაზე გადავიტანო. ანუ, მინდა, დავწერო ქართული მუსიკა – სხვა ელემენტებით და არა სხვა მუსიკა – ქართული ელემენტებით.
– ახლა ისიც მითხარი, როგორ ზრუნავდი საკუთარ თავზე.
– როდესაც მარტო ცხოვრობ, ყველა პრობლემასთან შენ გიწევს შეჯახება და არა მშობელს. ძალიან ბევრი სერიოზული პრობლემა მქონდა თითქმის ყველაფერში, მაგრამ გადავლახე და კიდევ უფრო გავიზარდე, ჭკუაც ვისწავლე. შაბათ-კვირას მთელი ქართველობა ჩემთან ვიკრიბებოდით ან სადმე მივდიოდით. გემრიელ კარტოფილს ვწვავდით, სალათებს ვაკეთებდით, ზომიერების ფარგლებში ვსვამდით. მე და ჩემი მეგობარი ხინკალს ვაკეთებდით. ის ხორცის „მასტერია“. მე ცომის მოხვევაზე ცოტა პრობლემები მქონდა, მაგრამ ახლა საქართველოში ჩამოვედი და დედაჩემმა დამახელოვნა. ლობიოს გაკეთებაც მასწავლა და ერთხელაც ბოსტონში დაგპატიჟებ ლობიოზე...