აპატიე!
გაწყენინა? – ამაში სახარბიელო არაფერია. ძნელია, აიტანო დაუმსახურებელი წყენა ადამიანისგან, რომელიც განსაკუთრებული და გამორჩეულია შენთვის. მაგრამ, მაინც უნდა მოერიო საკუთარ თავს, დადგე ამ წყენაზე მაღლა და აპატიო. ის ხომ შენთვის სულერთი არ არის?!
1. უპირველესად, აღიარეთ, რომ გეწყინათ და გეტკინათ კიდეც. თქვით ეს ხმამაღლა. ნუ მოახდენთ ამის იგნორირებას, ეს გამოსავალი არ არის. ვითომ არაფერი მომხდარა – ძალიან ცუდი პოზიციაა. როგორც თქვენთვის, ისე იმისთვის, ვინც გაწყენინათ. ნეგატიური ემოცია, რომელიც გამოსავალს ვერ პოულობს, ძალიან მტკივნეულია. თუ საჭიროა, უნდა გაბრაზდეთ კიდეც. ზოგჯერ ეს აუცილებელია.
2. დაფიქრდით, ეს რატომ მოხდა. იქნებ, პროვოცირება თავად მოახდინეთ; იქნებ, თქვენც ხართ დამნაშავე მომხდარში? თუ ამას არ გააანალიზებთ და არ აღიარებთ, გული ისევ გეტკინებათ. თუმცა, აუცილებელი არ არის, გამუდმებით ამაზე იფიქროთ. ეს უკვე თვითგვემაა.
3. სიტუაცია მრავალმხრივ შეაფასეთ. დაელაპარაკეთ მას და უთხარით, როგორ გეტკინათ. არ არის საჭირო აგრესიის გამოვლენა. მაგრამ თუ გრძნობთ, რომ წყენა-ტკივილი თქვენი ურთიერთობის მუდმივ თანამგზავრად იქცა, თუ პატიება შვებას არ მოგგვრით და ტკივილს არ დაგავიწყებთ, თუ სულ იმის შიში გექნებათ, რომ ეს კიდევ განმეორდება... მაშინ, რად გინდათ ეს ადამიანი? უნდა აპატიო იმას, ვინც პატიების ჭეშმარიტი ფასი იცის და ვისაც თქვენ რამედ უღირხართ.