რომელი ვიტამინები სჭირდება კბილებს სიჯანსაღის შესანარჩუნებლად
კარიესი კბილის მაგარი ქსოვილის ანუ მინანქრისა და დენტის დაავადებაა. დროთა განმავლობაში ქსოვილი თანდათან კარგავს გამძლეობას და იშლება, კბილში ჩნდება ღრმულები. კარიესის პროვოცირებას კარიესოგენური ფაქტორები იწვევს, კერძოდ კი:
კბილის ქსოვილის განვითარების გენეტიკური დეფექტი;
სუსტი, დაქვეითებული იმუნიტეტი;
ღრძილების ანთება;
საკვებ რაციონში ცილების, მიკრო და მაკროელემენტების, ვიტამინების დეფიციტი და ნახშირწყლების დიდი რაოდენობა;
პირის ღრუს ჰიგიენის არასწორი დაცვა;
ნერწყვის გამოყოფის დარღვევა;
ორგანიზმში სისხლძარღვოვანი და ნერვული ბოჭკოების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა.
კარიესოგენური ფაქტორების ზემოქმედებით წარმოიქმნება კბილის ქვები. იქ კი იბუდებენ მიკრობები და გლუკოზისგან რძემჟავას წარმოქმნიან. ეს მჟავა მინანქარს შლის და კარიესული პროცესი იწყება, შემდეგ კი თანდათან ვითარდება.
ნერწყვში შაქარი რძის მჟავას შემცველობას ზრდის. ამიტომ, კარგია ის ზომიერად მიიღოთ. შოკოლადი კი თამამად ჭამეთ, რადგან ის შეიცავს ფტორს, რომელიც ამაგრებს მინანქარს; თეობრომინს, რომელიც ასტიმულირებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას და სხვა ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც სისხლში ენდორფინს ანუ სიხარულისა და ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას უწყობს ხელს.
კარიესის პროფილაქტიკისთვის დღის განმავლობაში სვით ბევრი სითხე, იქნება ეს მინერალური წყალი თუ უშაქრო მწვანე ჩაი, ამით ნერწყვის გამოყოფა რეგულირდება. ასევე, ეცადეთ რაციონი გაამდიდროთ A, B, C, D, E ვიტამინებით, რომელსაც ახალი ხილი და ბოსტნეული შეიცავს, ასევე, მიკროელემენტებით, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ნიგოზი და თხილი. ფტორის შენაერთითა და კალციუმით კი რძის ნაწარმი მოგამარაგებთ. აგრეთვე, კარგი იქნება, თუ შაქარს ნატურალური თაფლით ჩაანაცვლებთ.
ჭამის შემდეგ პირში გამოივლეთ ანადუღარი წყალი ან დაღეჭეთ საღეჭი რეზინი, სამი წუთის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ დიდი ხნით საღეჭი რეზინის ღეჭვა ემალს აზიანებს. კბილები გაიხეხეთ დღეში ორჯერ, კერძოდ, დილით და საღამოს. ღრძილები რომ არ დაგიზიანდეთ, რბილი ჯაგრისი შეარჩიეთ.
კბილის პასტის შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ მის შემადგენლობას. კერძოდ, ის უნდა შეიცავდეს ფტორის ნაერთებს, ვიტამინებს, სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებს, ფერმენტებს, მიკროელემენტებს, მინერალურ მარილებს, თუთიის ნაერთს და კალციუმს.