ვინ გახდა იტალიის ჩემპიონატის აღმოჩენა და ევროპის რომელ სუპერკლუბში განაგრძობს კარიერას პერუელი ალექსის სანჩესი
მაისში დასრულებული იტალიის საფეხბურთო პირველობის, ანუ უბრალოდ, სერია A-ს ტრიუმფატორი და სკუდეტოს ღირსეული პატრონი, მილანის „მილანი” გახდა. მან თანაქალაქელი „ინტერის” მრავალწლიანი ჰეგემონია დაამხო და სეზონი ჩემპიონის ტიტულით დაასრულა. 2010-2011 წლების სეზონში იტალიაში არაერთი ფეხბურთელი გამოირჩა და მათ შორის ათ საუკეთესოს „თბილისელების” ამ ნომერში გაგაცნობთ.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „მილანი”
სეზონის დასაწყისში კატალონიური „ბარსელონადან” „მილანში” გადასულ შვედ სუპერვარსკვლავს ბოლო ტურებში თითქოს მიზანმა უმტყუნა – გოლებს ვეღარ იტანდა, ისეთი სიხშირით, როგორც ჩემპიონატის დასაწყისში. თუმცა, საერთო ჯამში, წლევანდელი სეზონი „იბრაკადაბრას” აქტივში აუცილებლად ჩაიწერება, რადგან სწორედ მისმა დამაჯერებელმა თამაშმა და გოლებმა განაპირობა ის, რომ „მილანი” სკუდეტოს დაეპატრონა. იბრაჰიმოვიჩისთვის ახალი გუნდის რიგებში მოგებული სკუდეტო, რიგით მესამეა. მანამდე მას იტალიის ჩემპიონობა „იუვენტუსისა” და „ინტერის” რიგებში ჰქონდა მოპოვებული.
ტიაგო სილვა – „მილანი”
ახალგაზრდა, ათლეტური ბრაზილიელი მცველი „მილანის” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო გასულ სეზონში. ტიაგო სილვამ, პრაქტიკულად უშეცდომოდ განვლო სეზონი. სილვას ორივე ფეხით შეუძლია თამაში და იშვიათად აგებს ორთაბრძოლებს მეორე სართულზე. ის ბრწყინვალედ კითხულობს თამაშს. რამდენიმე მატჩში მასიმილიანო ალეგრიმ სილვა საყრდენი – ჰავბეკის პოზიციაზე გამოსცადა და იქაც, ბრაზილიის ნაკრების მცველმა დაკისრებულ დავალებას თავი მშვენივრად გაართვა. ასე რომ, ის „მილანისთვის” უაღრესად სასარგებლო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
სამუელ ეტოო – „ინტერი”
„ინტერის” კამერუნელი ლეგიონერი რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავია, ამაში დასარწმუნებლად სტატისტიკური მონაცემების მოყვანაც საკმარისია. გასულ სეზონში, სისტემით „გოლს+პასი”, ეტოომ 30 ქულა დააგროვა და გუნდის შეუცვლელ ლიდერად იქცა. „ინტერის” პრეზიდენტის, მასიმო მორატის თქმით, იგი ყველა ღონეს იხმარს, ეტოო და სხვა ლიდერები – უესლი სნეიდერი და მაიკონი „ინტერში” დატოვოს. თუმცა, ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ეტოო შესაძლოა, „პარი სენ ჟერმენში” გადავიდეს, სადაც მას წელწადში, ხელფასის სახით, 15 მილიონ ევროს ჰპირდებიან პარიზული კლუბის ახალი არაბი მეპატრონეები.
გიოქჰან ინლერი – „უდინეზე”
უდინური კლუბის ცენტრალურ ნახევარმცველზე, თურქული ფესვების მქონე შვეიცარიელ გიოქჰან ინლერზე ევროპის ტოპ-კლასის კლუბებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული. გასულ სეზონში ინლერი „უდინეზეს” ლიდერი გახდა და სწორედ მისმა კარგმა თამაშმა განაპირობა, რომ მომავალი სეზონიდან ეს მოკრძალებული კლუბი ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს. ინლერის საბაზრო ღირებულება 15 მილიონი ევროა და ამბობენ, ახალი სეზონიდან იგი ახალი კლუბის მაისურს მოირგებსო.
ანდერსონ ერნანესი – „ლაციო”
საფეხბურთო სპეციალისტების აზრით, „ლაციოს” შემტევი ანდერსონ ერნანესი, წლევანდელი სერიის ნამდვილი აღმოჩენაა. ბრწყინვალე დრიბლინგი, პასის კულტურა და მარცხენა ფეხით შესრულებული მომაკვდინებელი დარტყმები. ეს არის ერნანესის კოზირი და მომავალი სეზონიდან, როდესაც „ლაციოს” მაისურს გერმანელი გოლების მანქანა მიროსლავ კლოზე მოირგებს, ერნანესთან დაწყვილებით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტანდემი შეიქმნება იტალიის ჩემპიონატში.
მარეკ ჰამშიკი – „ნაპოლი”
სლოვაკი ფეხბურთელი სეზონიდან სეზონამდე იხვეწება და ტოპ-კლასის ფეხბურთელად ყალიბდება. ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ სულ მალე, იგი გაცილებით ამბიციური კლუბის ფორმას მოირგებს. ნეაპოლურ კლუბში კი იგი ამჟამად შეუცვლელი ფეხბურთელის სტატუსით სარგებლობს. ფაქტობრივად, მასზეა დამოკიდებული გუნდის თამაში. ჰამშიკი „ნაპოლის” ხერხემალი და ლიდერია.
ალექსის სანჩესი – „უდინეზე”
პერუელი ფეხბურთელი სერია A-ს აღმოჩენაა და უკვე თამამად შეიძლება, ითქვას, რომ მომავალი სეზონიდან იგი კატალონიური სუპერ-გრანდის, „ბარსელონას” მაისურს მოირგებს. ამბობენ, „უდინეზეს” ძლიერ გაუჭირდება მის გარეშე, რადგან თავისი ჩქაროსნული და ტექნიკური ფეხბურთით სანჩესმა უკვე შეაყვარა თავი უდინეს ფეხბურთის მოყვარულებს.
ხავიერ პასტორე – „პალერმო”
„ელ ფლაკო”, როგორც უწოდებენ ქომაგები პასტორეს, სიცილიური კლუბის ნომერ პირველი ფეხბურთელია. მის მიმართ ინტერესს ღიად იჩენენ ევროპის ბობოლა კლუბები. პასტორეს ყველა მონაცემი აქვს, რომ არგენტინული ფეხბურთის ტოპ-კლასის ვარსკვლავად იქცეს და შესაძლოა, ამ ნომრის გამოსვლისას, ის უკვე სხვა, რომელიმე გაცილებით ამბიციური კლუბის მაისურით ვიხილოთ.
ედინსონ კავანი – „ნაპოლი”
ურუგვაელი კავანი, მეტსახელად „მატადორი”, „ნაპოლის” ჭეშმარიტ ლიდერად იქცა გასულ სეზონში. ნეაპოლელი ფეხბურთის გულშემატკივრები მასზე ლოცულობენ და სიყვარულში უტყდებიან. სამმა ჰეთ-ტრიკმა – „იუვენტუსთან”, „ლაციოსთან”, „სამპდორიასთან” კავანი ქომაგთა კერპად აქცია და საერთო ჯამში კი, ერთ სეზონში გატანილი 26 ბურთით მან „ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და ამით გრანდების დაინტერესება გამოიწვია.
ანტონიო დი ნატალე - „უდინეზე”
33 წლის ფორვარდი, ზედიზედ მეორე წელია, სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს ინარჩუნებს და ამ მოკრძალებულ კლუბში ჭეშმარიტად ლიდერობს. დი ნატალეს დიდი ხანია, აღარ ამოძრავებს იმის ამბიცია, რომ რომელიმე სუპერკლუბის წევრი გახდეს. იგი კმაყოფილია უდინეში ცხოვრებით და მომავალი სეზონიდან ახალი მწვერვალის დაპყრობას შეუდგება – ჩემპიონთა ლიგაზე „უდინეზეს” დებიუტი უნდა შედგეს.