კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის არის სამსახურებრივი რომანი საშიში და რა უბიძგებს გათხოვილ ქალს ამისკენ

მამაკაცების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ, როცა ოჯახში ცოლის შემოსავალი ქმრისას აღემატება, ურთიერთობები არასწორი სქემით იგება. კერძოდ, ცოლი თამამდება, იმაღლებს ხმას და საკუთარი შეხედულებებისამებრ მოქმედებს, ისე, რომ ქმარს არაფერს უთანხმებს. ასეთ დროს მამაკაცი ძალიან იჩაგრება. უჩნდება არასრულფასოვნების კომპლექსი. შეიძლება, მიეძალოს სასმელს, გახდეს აგრესიული, ნერვიული... გამონაკლისია შემთხვევები, როცა ასეთ სიტუაციაში ქალი იმდენად ღირსეულად იქცევა, რომ მამაკაცი არ გრძნობს დისკომფორტს. რაც შეეხება ფულის მშოვნელი ქალბატონების მორალურ მხარეს, ეს არ შეიძლება, ცალსახად იქნას განხილული, რადგან ყველაფერი პიროვნებაზეა დამოკიდებული, ანუ ყველას თავისი სიმართლე აქვს.



თინიკო (37 წლის): ახლავე მინდა, გითხრათ, რომ მე თავი დამნაშავედ არ მიმაჩნია და არც სინდისის ქენჯნამ მომიყვანა თქვენთან. რა სისულელეა. ვკითხულობ ხოლმე იმ ქალების ინტერვიუებს, დღეს რომ ქმარს უღალატებენ, ხვალ კი ცდილობენ, კვნესა-წუწუნით შეაცოდონ თავი. აქაოდა, მეც არ ვიცი, ეს როგორ დამემართაო. ყველამ ძალიან კარგად იცის, რას აკეთებს და რატომ აკეთებს.

– ანუ, თქვენ ყველაფერი შეგნებულად ჩაიდინეთ?

– ჯერ ერთი, არ მიმაჩნია, რომ ცუდი საქციელი ჩავიდინე. მეორეც, ადამიანს შეგნება უნდა ჰქონდეს, სხვანაირად ის არ იქნება ადამიანი. მხოლოდ ცხოველები ცხოვრობენ ინსტინქტით. ქალი, რომელიც ამბობს, არ ვიცი, ქმარს როგორ ვუღალატეო, იტყუება. ასეთ ქალს არც არაფერი არ უნდა აპატიო.

– თუ ქალი ამბობს, მინდოდა და ვღალატობდიო, უნდა აპატიო?

– იცით, რა გითხრათ? თუ გიღირს მასთან ურთიერთობა ამ პატიებად, მაშინ უნდა აპატიო და ამაში ცუდი არაფერია. ყველა ადამიანი თვითონ წყვეტს და განაგებს საკუთარ ბედს. არ შეიძლება, სიტუაციას, განგებას, ბედისწერას, შემთხვევას დააბრალო ყველაფერი და ასე დაიძვრინო თავი პასუხისმგებლობისგან.

– ხომ თქვით, უნდა უღალატო და მერე სინდისმა აღარ შეგაწუხოსო.

– სინდისი ერთია, პასუხისმგებლობა – მეორე. ადამიანს მოეთხოვება პასუხისმგებლობა. ამაში ორი აზრი არ არსებობს. მეც მაქვს პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ საყვარელი მყავს.

– პასუხისმგებლობა ქმრის წინაშე?

– ქმრის წინაშეც, რატომ გიკვირთ? მიუხედავად ყველაფრისა, მე მასთან განქორწინებას არ ვაპირებ. ნორმალური ოჯახი მაქვს და არაფრის შეცვლა არ მიმაჩნია საჭიროდ.

– თუ ქმარს ღალატობთ, ესე იგი, არ გიყვართ ის. აქვს აზრი იმ ადამიანთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას, რომელიც არ გიყვართ?

– როგორ არ აქვს. ოჯახი მარტო ქმრის სიყვარული და მასზე, როგორც მამაკაცზე, გადარევა არ არის. ეს რომ ასე არ იყოს, უამრავი ოჯახი აღარ იარსებებდა. მე რომ ვამბობ, ქმრის წინაშე პასუხისმგებლობა მაკისრია-მეთქი, ვგულისხმობ იმას, რომ ვზრუნავ მასზე. ყურადღებას ვაქცევ, რომ არაფერი მოაკლდეს. ვიხდი მის ვალებს.

– რა ვალებს?

– იმ ვალებს, რომლის გამოც მოკლავდნენ, მე რომ არ ვყოფილიყავი. ჩემი მეუღლე რომ გავიცანი, ძალიან მალე მივხვდი, რომ მომწონდა. სიმპათიური იყო, იუმორის გრძნობაც ჰქონდა. ნორმალურ სამსახურში მუშაობდა და ერთმანეთს კარგად გავუგეთ. საერთო ინტერესებიც ბევრი აღმოვაჩინეთ და გადავწყვიტეთ, ოჯახი შეგვექმნა.

– თქვენ არ გითქვამთ, რომ შეგიყვარდათ ერთმანეთი.

– მართალია, არ მითქვამს. იმიტომ, რომ არ ვყოფილვარ შეყვარებული. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ მის მიმართ სრულიად გულგრილი ვიყავი. თვითონ რა გრძნობა ჰქონდა ჩემდამი, ეს, ალბათ, მას უნდა ჰკითხოთ. ყოველ შემთხვევაში, ცუდი წყვილი ნამდვილად არ ვყოფილვართ. თავიდან ოჯახს ჩემი ქმარი ინახავდა. მე ბავშვი შემეძინა და იმას ვუვლიდი. მაგრამ მერე აუცილებელი გახდა, რომ მემუშავა. ჩემს ქმარს „უწყინარი“ გატაცება აღმოაჩნდა, რომელმაც ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა.

– ალკოჰოლი?

– არა, აზარტული თამაშები. საკმაოდ დიდხანს მიმალავდა ამ ამბავს. არ ვიცი, რისი იმედი ჰქონდა. ეტყობა, ფიქრობდა, რომ ერთ დღეს ძალიან დიდ თანხას მოიგებდა და „გამოძვრებოდა“ სიტუაციიდან. მაგრამ ვალები რომ დაუგროვდა და მოვალეებმა მოსაკლავად დაუწყეს დევნა, მაშინ მიხვდა, საქმე სერიოზულად რომ ჰქონდა. მომადგა მე და აწკმუტუნდა ნაცემი ლეკვივით. შეიძლება, ვინმემ გამამტყუნოს, მაგრამ საშინლად ვერ ვიტან, მამაკაცი რომ თავმოყვარეობას კარგავს. როცა ჩემი ქმრის დაღრეჯილ, შიშისგან ფერდაკარგულ სახეს შევხედე, მის მიმართ პატივისცემა მაშინ დავკარგე. ხვდებით, რას ვამბობ?

– ვცდილობ, მივხვდე. თუმცა არ მესმის, რატომ არ გაშორდით, თუკი უკვე პატივს აღარ სცემდით.

– ეს ასეთი მარტივი არ არის. პიროვნული გაუცხოვება ერთბაშად არ ხდება, ნელ-ნელა, თანდათანობით ღრმავდება. პირველ ეტაპზე, შემეცოდა კიდეც. ძალიან მძიმე საყურებელია დამფრთხალი და შეშინებული კაცი. ქალს რომ რაღაცის ეშინია, ეს ნორმალურია, მაგრამ კაცი კურდღელივით რომ ეძებს სოროს შესაძრომად, ოღონდ საკუთარი ტყავი გადაირჩინოს, საშინელებაა. ჩემი ქმარი ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ კი მისი პრობლემა მომეგვარებინა.

– თანახმა იყო, თუნდაც სხვა კაცს მოეცა ფული, იმის სანაცვლოდ, რომ თქვენ მისი სიყვარელი გამხდარიყავით?

– არ ვიცი, მაშინ ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა, მაგრამ, არც ეგ არის გამორიცხული. შიში უარეს რაღაცეებს აკეთებინებს ადამიანს. არა, ჩემს ქმარს არ უთქვამს, საყვარელი გაიჩინე და ვალები გადამიხადეო, ამის თქმას ვერც გამიბედავდა, მაგრამ მთხოვა, სამსახური მომეძებნა და თავისი თხოვნა საკმაოდ ცივილიზებულად და კულტურულად „შეფუთა“.

– რას გულისხმობთ?

– ისე გამოიყვანა, თითქოს ჩემი სახლში ჯდომა აწუხებდა, მითხრა, პროფესია გაქვს, ბავშვი გაიზარდა, მე სისულელე დამემართა და ვალები დამედო. თუ იმუშავებ, შენთვისაც კარგი იქნება და ფინანსურ პრობლემებსაც მოვაგვარებთო.

– ეს არ ნიშნავს ღალატზე წაქეზებას.

– მე არ მითქვამს, რომ ჩემმა ქმარმა წამაქეზა ღალატზე. რა სისულელეა. რომ არ მდომოდა იმ ადამიანთან ურთიერთობა, ბევრიც რომ წავექეზებინე, გავაკეთებდი?! იმიტომაც გითხარით, ყველამ ყველაფერი კარგად იცის, რას და რატომ აკეთებს-მეთქი. გულახდილად გეტყვით, მე ჩაფიქრებული არ მქონდა ქმრის ღალატი, როცა მუშაობას ვიწყებდი.

– მაგრამ დაკარგეთ ქმრის პატივისცემა...

– დიახ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაშინვე ღალატზე დავიწყე ფიქრი. უბრალოდ, გეუბნებით, რაც განვიცადე, როცა აღმოვაჩინე, რომ ცოლად სუსტ და უნებისყოფო მამაკაცს გავყოლივარ. ნებისმიერი ქალი ჩემს ადგილზე ჩემსავით იმედგაცრუებული იქნებოდა. სხვა საქმეა, რას მოიმოქმედებდნენ. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ შანსს, როგორიც მე მომეცა, ძალიან ცოტა თუ გაუშვებდა ხელიდან. როცა შევამჩნიე, რომ ჩემი უფროსი „მეპრანჭებოდა“, ცოტათი მეუხერხულა. თავიდან დავკომპლექსდი კიდეც. გამიჭირდა, წარმომედგინა ჩემი თავი საყვარლის როლში.



– ანუ, პირდაპირ საყვარლობა შემოგთავაზათ?

– აბა, საყვარლობანას თამაშს ხომ არ დაიწყებდა იმხელა კაცი. ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ. სულელი ვიქნებოდი, დამეჯერებინა, რომ შევუყვარდი.

– რატომ იქნებოდით სულელი?

– იმიტომ, რომ თავს მოვიტყუებდი. ქალი ყოველთვის ხვდება, რა ამოძრავებს მის მიმართ მამაკაცს – სიყვარული თუ სხვა რამე. არავინ თქვას, მე სხვა რამე მეგონა, სინამდვილეში სხვა ნდომებიაო. მით უმეტეს, როცა საქმე გათხოვილი ქალისა და ცოლიანი მამაკაცის ურთიერთობას ეხება.

– ცოლიან კაცს სხვა ქალის შეყვარება არ შეუძლია? ამას გულისხმობთ?

– გამორიცხული არაფერია, მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი მამაკაცი, რომელიც ოჯახის შექმნის შემდეგ სიყვარულზე ფიქრობს. გაუგებარია ჩემი სიტყვები? უკეთესად აგიხსნით: დაოჯახებულ მამაკაცს, მით უმეტეს, თანამდებობის პირს, ან, თუნდაც ბიზნესის მქონეს, არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სიყვარულზე იფიქროს. ძალიან ბევრი საფიქრალი და საზრუნავი აქვს, რომ დრო დარჩეს ამისთვის. როცა გათხოვილი ქალი და დაოჯახებული მამაკაცი ურთიერთობას იწყებს, ორივეს შეგნებული აქვს თავისი საქციელის სიმძიმეც და სიმსუბუქეც. მე ვიცოდი, რაზე მივდიოდი.

– მაპატიეთ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ვიღაცა, შეიძლება, გააღიზიანოს თქვენმა სიტყვებმა.

– დიახ, მე ვიცი ეს. ყველას თავისი სიმართლე აქვს. მე ეს მინდოდა და გავაკეთე. ვიღაცას სხვა ღირებულებები აქვს. არ არის პრობლემა.

– რაღაც საქმიანი გარიგებასავით გამოდის, არ მეთანხმებით?

– შეიძლება. ყველანაირი ურთიერთობა თავისებური გარიგებაა. არ მითხრათ, რომ ასე არ არის. სიყვარულის შემთხვეაშიც კი, საქმე გარიგებასთან გვაქვს. „იმას ვუყვარვარ – მე მიყვარს“ – ორივე მხარე კმაყოფილია.

– საკმაოდ საინტერესოდ განმარტეთ სიყვარულის არსი.

– დიახ. და, რაც მთავარია, რეალურად. კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ არ უნდა მეთქვა უარი შემოთავაზებულ წინადადებაზე. რატომაც არა-მეთქი, ვთქვი. ხელფასი ცუდი არ მქონდა, მაგრამ „შეფთან“ ურთიერთობით გაცილებით მომხიბვლელი პერსპექტივა მეშლებოდა წინ. ნამდვილად არ მქონია იმის ილუზია, რომ მას თავს შევაყვარებდი, მერე ოჯახს დატოვებდა, ჩემთან წამოვიდოდა და ერთად ბედნიერად ვიცხოვრებდით. ნამდვილად არაფერში მჭირდებოდა ოჯახიდან მისი წამოსვლა და ამასთან დაკავშირებული პრობლემები. მით უმეტეს, რომ მეც არ ვაპირებდი ქმართან გაშორებას.

– საყვარლის როლში არჩიეთ ყოფნა. მაგრამ ქმარი რაღაში გჭირდებოდათ, შირმად?

– მოდი, ნუ ვიტყვით ასე. შირმა რა შუაშია? ჩემი ქმარი არ არის ცუდი ადამიანი და, რაც მთავარია, ძალიან კარგი მამაა. ბავშვი გიჟდება მასზე. იცით, როგორ კარგად უვლის? ყველგან დაჰყავს, ამეცადინებს, ოჯახშიც ყველაფერში მეხმარება. მშვენიერი მეგობრები ვართ. რატომ გავცილდე, სულ ხომ იმ კაცის საყვარელი არ ვიქნები? ჩემი ცხოვრების ეს ეპიზოდი ჩაივლის და მარტო რატომ უნდა დავრჩე?

– თქვენმა საყვარელმა იცოდა თქვენი პრობლემების შესახებ?

– დიახ, ოღონდ, არ იფიქროთ, რომ მე ავუწუწუნდი და მოვთხოვე, დამხმარებოდა. თვითონ გამოთქვა ამის სურვილი.

– შეიძლება. მაგრამ, თქვენ მითხარით, რომ შეფთან ურთიერთობით კარგი პერსპექტივა გეშლებოდათ. ამაში ფინანსურ დახმარებას არ გულისხმობდით?

– ვგულისხმობდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მას რამე კატეგორიულად მოვთხოვე ან თავიდანვე შევუთანხმდი, ჩემი ოჯახის ფინანსური პრობლემები შენ უნდა მოაგვარო-მეთქი.

– თუმცა, იგულისხმეთ. ასე არ არის?

– ნუ ვილაპარაკებთ იმაზე, რა ვიგულისხმე. მთავარი ხომ ფაქტებია. დიახ, არ უარვყოფ, რომ ჩემი საყვარელი ძალიან დამეხმარა ფინანსურადაც და მორალურადაც. მას აქვს ის, რაც ჩემს ქმარს ძალიან აკლია.

– ფული?

– არა, პასუხისმგებლობა და სხვა ადამიანის გაბედნიერების ნიჭი. მან მთლიანად აიღო ჩემზე პასუხისმგებლობა და ძალიან ბედნიერი დღეები მაჩუქა. ფულსაც კი ისე მაძლევდა და მაძლევს, რომ უმნიშვნელო შეურაცხყოფასაც კი არ მაყენებს: მომიმატა ხელფასი, მაძლევს დიდ პრემიებს, თუმცა ისე არ არის, რომ ამ ყველაფერს არ ვიმსახურებდე: ჩემი საქმე კარგად ვიცი და საკმაოდ ბევრს ვმუშაობ. ალბათ, ახლა მეტყვით, რომ ბევრი პროფესიონალი საერთოდ უსამსახუროდაა დარჩენილი, მაგრამ ეს მათი პრობლემაა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს დამცირებას ვცდილობ. უბრალოდ, ყველას თავისი ცხოვრების გზა აქვს გასავლელი. მე გამომიჩნდა ადამიანი, რომლის საიმედო მხარსაც თამამად დავეყრდენი და ამას ერთი წუთითაც არ ვნანობ.

– იმაზე არ ფიქრობთ, რომ თქვენს მეუღლეს ატყუებთ, მაშინ, როცა ის ფაქტობრივად, ბრმად გენდობათ?

– არა, არ ვფიქრობ ამაზე. ჩემი მეუღლე კმაყოფილია იმით, რომ ოჯახში ფული შემაქვს, მოვალეები აღარ აწუხებენ, საკმაოდ შეძლებულად ვცხოვრობთ. თავს იმის უფლებას აძლევს, რომ თავისი პირადი შემოსავალი ჩვენ აღარ მოგვახმაროს და გაფლანგოს. უნდა ვუთხრა, საიდან მოვიდა კეთილდღეობა?! რატომ?! თუ უნდა, მიხვდეს.

– იმის თქმა ხომ არ გინდათ, რომ მან იცის ამ ყველაფრის შესახებ და თავს ისე გაჩვენებთ, თითქოს არ იცის?

– ვერაფერს გეტყვით, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ ამას. თუ იცის და არ ამხელს, ესე იგი, აწყობს ასეთი ვარიანტი. მე ნამდვილად არ ვაპირებ, მის სულში ხელი ვაფათურო. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და არაფრის შეცვლა არ მინდა, ვერ ვხედავ ამის საჭიროებას.

– ანუ, ქმარიც გეყოლებათ, საყვარელიც და იცხოვრებთ ბედნიერად. კი მაგრამ, თქვენს საყვარელს ხომ ჰყავს ცოლი?

– ჰყავს და ჰყავდეს. მე მას ქმარს კი არ ვართმევ, ჩემი ქმარიც მყოფნის. არც დასასვენებლად დავდივარ მის ქმართან ერთად და არც ჩემთან ათენებს ღამეებს. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, რომ ცხოვრება გავილამაზოთ და უფრო ადვილად ასატანი გავხადოთ. „მომავლის კოშკებს“ არც ერთი არ ვაგებთ. აღარ გვენდომება ერთმანეთი? – ტრაგედიას ამისგანაც არ შევქმნით. ასე რომ, ურთიერთსასარგებლო კავშირი გვაქვს და ამის სულაც არ მრცხვენია.

დალი მიქელაძე

скачать dle 11.3