სიბრძნე მინიატურებში
ბედნიერების საიდუმლო
ერთმა ვაჭარმა თავისი ვაჟი ბედნიერების საიდუმლოს გასაგებად ბრძენთა ბრძენთან გააგზავნა. უდაბნოში ორმოცი დღის სიარულის შემდეგ ყმაწვილი, როგორც იქნა, ულამაზეს მთის მწვერვალზე აღმართულ ციხე-დარბაზს მიადგა. ბრძენი, რომელსაც ის ეძებდა, სწორედ აქ ცხოვრობდა. ყმაწვილი შევიდა დარბაზში, სადაც დიდი ორომტრიალი დახვდა: ვაჭრები მიდი-მოდიოდნენ, ზოგი კუთხეში შეჯგუფებულიყო და საუბრობდა. საამურად უკრავდნენ მუსიკოსები. სუფრა იმ მხარის საუკეთესო კერძებით იყო გაწყობილი. ბრძენი ხან ერთს ესაუბრებოდა, ხან – მეორეს. ორი საათის ლოდინის შემდეგ ყმაწვილის ჯერიც დადგა. ბრძენმა მას ყურადღებით მოუსმინა და მოსვლის მიზეზი რომ გაიგო, უთხრა, რომ ბედნიერების საიდუმლოს ასახსნელად დრო არ ჰქონდა. დარბაზში გასეირნება და ორი საათის შემდეგ მოსვლა შესთავაზა.
– კიდევ ერთი რამ უნდა გთხოვო, – უთხრა ბრძენმა და ყმაწვილს გაუწოდა კოვზი, რომელზეც ორი წვეთი ზეთი დაასხა. სეირნობისას ეს კოვზი ისე გეჭიროს, რომ ზეთი არ გადმოიღვაროს.
ყმაწვილი სასახლის კიბეზე ადი-ჩადიოდა და კოვზს თვალს არ აშორებდა. ორი საათის შემდეგ კი ბრძენთან დაბრუნდა.
– აბა, – ჰკითხა ბრძენმა, – მოგეწონა სპარსული ხალიჩა ჩემს სასადილოში? ნახე ჩემი ბაღი, რომლის გაშენებას მთავარმა მებაღემ ათი წელი მოანდომა? შეამჩნიე მშვენიერი ეტრატები ჩემს ბიბლიოთეკაში?
შემცბარ ყმაწვილს უნდოდა ეთქვა, რომ არაფერი დაუნახავს. მისი ერთადერთი საზრუნავი ის იყო, რომ ბრძენის დავალება შეესრულებინა და ზეთი არ დაეღვარა.
– ჰოდა, წადი ახლა და ჩემი სამფლობელოს სასწაულებს გაეცანი, – უთხრა ბრძენმა და კოვზზე კვლავ ორი წვეთი ზეთი დაასხა, – ადამიანს არ უნდა ენდო, თუ მისი სახლი არ გინახავს.
ყმაწვილი დამშვიდდა. აიღო კოვზი და ისევ სასახლეში გაისეირნა. ამჯერად ყურადღებით გაეცნო ხელოვნების ყველა იმ ნიმუშს, რომელიც სასახლის კედლებსა და ჭერს ამშვენებდა. ნახა მთით გარშემორტყმული ბაღები, უნაზესი ყვავილები, – აქ ხელოვნების ყველა უნატიფეს ქმნილებას თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. ბრძენთან რომ დაბრუნდა, ყმაწვილმა ნანახის შესახებ დაწვრილებით უამბო.
– სად არის ის ორი წვეთი ზეთი, რომელიც მოგეცი? – ჰკითხა ბრძენმა. ყმაწვილმა დახედა და ნახა, რომ კოვზზე ზეთი აღარ იყო, – აი, ეს არის ერთადერთი რჩევა, რომელიც შემიძლია მოგცე: ბედნიერების საიდუმლო ის არის, უყურო და დატკბე სამყაროს ყველა მშვენიერებით, მაგრამ შენს კოვზზე დასხმული ორი წვეთი ზეთი არასოდეს დაივიწყო.
წიგნი და ბიბლია
ერთი ბრძენი ბერთან მივიდა, ნახა, რომ სენაკში ბიბლიის გარდა მას არაფერი ჰქონდა და აჩუქა თავისი წიგნი – ბიბლიის კომენტარები. ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია ბერს და ჰკითხა:
– მამაო, დაგეხმარათ ჩემი წიგნი, ბიბლიის უკეთ გაგებაში?
– პირიქით, – უპასუხა ბერმა, – მე მომიხდა, კიდევ ერთხელ მიმემართა ბიბლიისთვის, რათა შენი წიგნი გამეგო უკეთ.