მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, ვის ენიჭება არქიმანდრიტის წოდება და ვის ემორჩილებიან იერარქიულად ბერები?
პასუხი: არქიმანდრიტი – ეს არის ყველაზე მაღალი საეკლესიო ხარისხი, რომელიც შეიძლება მიენიჭოს ბერს. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვის ემორჩილებიან ბერები, ისინი იერარქიულად ეპისკოპოსებზე არიან დაქვემდებარებულნი.
კითხვა: პირველ მეუღლესთან ჯვარი მქონდა დაწერილი, მაგრამ დიდი ხანია, ერთმანეთს დავშორდით. მეორე ოჯახი შევქმენი, შემეძინა შვილიც, მაგრამ ჩემი პირველი მეუღლე ჯიუტად აცხადებს უარს ჯვრისწერის გაუქმებაზე. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თუ თქვენ და თქვენი ყოფილი მეუღლე ერთად დიდი ხანია აღარ ცხოვრობთ, შესაძლებელია, ჯვრისწერის ცალმხრივად გაუქმება. თუმცა, ამის შესახებ უნდა აცნობოთ მეორე მხარეს. მიმართეთ ადგილობრივ ეპისკოპოსს.
კითხვა: მე ილია ჭავჭავაძეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ტელევიზიით ერთ-ერთ გადაცემაში მოვისმინე, როდესაც მის ბიოგრაფიას განიხილავდნენ, რომ ის დაუნდობელი იყოო. კიდევ მოიხსენიებდნენ ისეთ ფაქტებს, რაც არ შეეფერებოდა წმიდანის ცხოვრებას. შეიძლება თუ არა წმიდანზე ასეთი ლაპარაკი და თუ ეს სიმართლეა, რატომ ხდება ასეთი, თუნდაც დიდი პიროვნებების წმიდანად შერაცხვა?
პასუხი: ილია ჭავჭავაძე მეუდაბნოე მამა არ ყოფილა. მას სარწმუნოებრივი და ზნეობრივი ამაღლებით უნდოდა, თავისი ხალხი ქრისტიანულ ფესვებზე დაებრუნებინა, ეროვნული სული გაეღვიძებინა მათში. დაუნდობელი კი იყო ყველაფერი იმისადმი, რაც მის ხალხს ამ ფესვებს აშორებდა. ექიმიც დაუნდობელია სნეულების მიმართ. როდესაც ილია მართალზე ვსაუბრობთ, ეს უნდა გავითვალისწინოთ. ილია არ იყო ასკეტი, ის საერო პირი იყო და თუკი მას რაიმე ცოდვა ჰქონდა, მოწამეობრივი სისხლით გამოისყიდა.
კითხვა: რატომ არსებობს სხვადასხვა კონფესიური მიმდინარეობა?
პასუხი: წმიდა მამათა გადმოცემით, ჩვენი ცხოვრების მტერმა – ეშმაკმა შექმნა მრავალი ცრუ მოძღვრება, ერესი, სექტა და ასე შემდეგ, რომელთა მეშვეობითაც ის სამუდამოდ აშორებს ადამიანს ღმერთს.