არის თუ არა, ყველა მამაკაცი ერთნაირი და რა ემართება ქალს, როცა ქმართან საერთო ენას ვერ პოულობს
თითოეული ადამიანი ინდივიდია, თავისი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმითა და ხასიათით. არ არსებობს არანაირი სტანდარტი... ჩარჩო... სტერეოტიპი... ყოველი ჩვენგანი თავად აკეთებს არჩევანს და არის თავის ბედის მჭედელი. თუმცა, მიუხედავად ამ ინდივიდუალიზმისა, ხშირად იდენტურ შეცდომებს ვუშვებთ. რატომ ვერ ვიპოვეთ ჯერ კიდევ ბედნიერების ფორმულა? ან საერთოდ, არსებობს კი ის და რატომ გვგონია, რომ ურთიერთობას სწავლა არ სჭირდება?..
რთულია ადამიანების ურთიერთობა და ურთულესია ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის. აქ შეცდომები, პრაქტიკულად, გარდაუვალია, მაგრამ გააჩნია შეცდომასაც. ხშირ შემთხვევაში, ეს შეცდომათა მთელი ჯაჭვია, რგოლებივით ერთმანეთზე აკინძული. ანუ, ვუშვებთ შეცდომას, ვფიქრობთ, რომ მისი გამოსწორება მარტივად შეიძლება, მერე კი აღმოვაჩენთ, რომ უკვე საკმაოდ ღრმად შევტოპეთ იქ, საიდანაც გამოსავალი თითქოს არ არსებობს... გამოსავალი კი, მაინც ყოველთვის არის.
სოფო (37 წლის): მე ის იშვიათი გამონაკლისი ვარ, რომელიც საკუთარ ცხოვრებას ნათელ ფერებში არ ხატავს და ამბობს, რომ ბედმა უღალატა. ბედი რა შუაშია, როცა სერიოზული შეცდომები თავად დავუშვი. ექვსი წლის განმავლობაში ვხვდებოდი ჩემს მომავალ ქმარს. ვხვდებოდი-მეთქი, რომ ვამბობ, ზუსტად იმას ვგულისხმობ, რაც იფიქრეთ, მაგრამ ღამე ჩემთან არ ვტოვებდი. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ერთად არ ვცხოვრობდით.
– საყვარლები იყავით?
– ამ ურთიერთობას საყვარლების ურთიერთობას ვერ დავარქმევ. არც მას ჰყავდა ცოლი და არც მე ვიყავი ოჯახის პასუხისმგებლობით შეწუხებული. ორი ზრდასრული ადამიანი ერთმანეთს შევხვდით და გავუგეთ ერთმანეთს. ყოველ შემთხვევაში, მეგონა, რომ გავუგეთ. თურმე, ასეც ხდება. უცნაურად გეჩვენებათ?! – მე, უკვე აღარ. ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც გავთხოვდი, იმდენი რამ გადავიტანე, აღარაფერი მიკვირს. თუმცა, რაღაც დასკვნები კი გავაკეთე და დავრწმუნდი – ქალს თუ ჭკუა აქვს, საერთოდ არ უნდა გათხოვდეს. ამას სრული სერიოზულობით ვამბობ. პრინციპში, მე გათხოვებაზე გაგიჟებული არც არასდროს ვყოფილვარ.
– ექვსი წლის განმავლობაში ხვდებოდით კაცს და ერთხელაც არ შეგითავაზებიათ მისთვის დაქორწინება?
– შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ არა. ამის გარეშეც ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. ვიცოდი, რომ ქორწინება ყველაფერს აფუჭებს.
– მაგალითად, რას აფუჭებს?
– უპირველესად – ურთიერთობას. საკუთარ მაგალითზე გამოვცადე და ჩემი მეგობრების ცხოვრებაც ამას ადასტურებს. ხომ მიყვებიან... არც ერთი არ არის ბედნიერი. არადა, გათხოვებამდე დაფრინავდნენ ბედნიერებისგან. ჭკუა ეკეტებოდათ მომავალ ქმრებზე. თქვენ ახლა უნდა ნახოთ, რა მდგომარეობაში არიან. ლანძღავენ ზუსტად იმ ქმრებს, რომელთა გარეშეც სიცოცხლე არ შეეძლოთ. მარაზმი არ არის ახლა ეს? მათი ოთხმოცი პროცენტი მზადაა, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად, მძაფრი ვნებები განიცადოს სხვა კაცთან. ერთი პატარა ბიძგი უნდათ და ეგ არის. სულ პატარა ბიძგი – ხელსაყრელი შემთხვევა. მომენტი თუ ჩაუვარდებათ, უარს არც ერთი არ იტყვის.
– ნუთუ, სხვა მაგალითი არ გაქვთ? ყველა გათხოვილი ქალი ნამდვილად არ არის უბედური.
– მე არ მითქვამს, უბედურები არიან-მეთქი. მხოლოდ აღვნიშნე, რომ ბედნიერები აღარ არიან. მათმა ყოფამ მოკლა ეს განცდა, ისე, როგორც ჩემს შემთხვევაში. ექვსი წელი კაცს ვიცნობდი და თურმე, არ მცნობია. თითქმის ყოველდღე ხომ ვხედავდი, პრინციპში, ბევრი არაფერი უნდა შეცვლილიყო ერთ ჭერქვეშ ცხოვრების შემდეგ, მაგრამ...
– თქვენი მშობლებიც არ ყოფილან ბედნიერები?
– იცით, რაშია საქმე? ჩვენი მშობლების თაობა სხვა იყო და მათ სხვა ღირებულებები ჰქონდათ. არ ლაპარაკობდნენ არც თავიანთ ინტიმურ ცხოვრებაზე, არც ქმართან დამოკიდებულებაზე. თითქოს ეს ინტიმური ცხოვრება, საერთოდ არც იყო. ეგუებოდნენ და ითმენდნენ ბევრს, ოჯახის პატიოსნების სადარაჯოზე მდგარნი. გმირულად მიუტევებდნენ ქმრებს ღალატს... დედაჩემს ყველაფერზე ერთი პასუხი აქვს: – მოუთმინე, დაუთმე... რატომ უნდა მოუთმინო ან რატომ უნდა დაუთმო, გაუგებარია. სადამდე მივყავართ ამ გაუაზრებელ და უსაზღვრო დათმობას?! ვინმე ფიქრობს ამაზე? მამაკაცს რომ დაუთმობ, საკუთარი თავი მართალი ჰგონია და მერე კიდევ უფრო უარესს აკეთებს. მამაკაცებმა ხომ არ იციან, რა უნდათ. ზოგადად ასეა. თორემ რატომ უნდა დაენგრია ჩვენი ექვსწლიანი, ჰარმონიული ურთიერთობა ქორწინებას?
– თუ არც თქვენ გინდოდათ დაქორწინება და არც იმას, საერთოდ რატომ დაქორწინდით?
– კარგი შეკითხვაა. მე საერთოდ, ალბათ, მინდოდა დაქორწინება. ყველა ქალი ხომ ბოლოს ამისკენ მიდის – შეუცნობლად თუ სრულიად გააზრებულად, ამას რა მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ, რადგან თავად არ იღებდა ამაზე ხმას, მეც არ „ვაწვებოდი“.
– არ „ვაწვებოდი“ რას ნიშნავს, ანუ, არ გიყვარდათ?
– რატომ? მიყვარდა. აუცილებელია, კაცზე გათხოვება გინდოდეს? ისედაც ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულებების გარეშე. თან, რომ ვუყურებდი ჩემს მეგობრებს, გულახდილად გეტყვით, ნამდვილად არ მქონდა სურვილი, დოღის ცხენივით მერბინა აქეთ-იქით ნავაჭრით სავსე პარკებით, გადასახადების ქვითრებით, სარეცხი მერეცხა და დილიდან დაღამებამდე ქმრის ნება-სურვილის შემსრულებელი ვყოფილიყავი. თან იმაზეც მენერვიულა, ხომ არ მღალატობს-მეთქი.
– მაინცდამაინც ქმრის ღალატია მტკივნეული? შეყვარებულის და საყვარლის არა?
– რა თქმა უნდა. როცა თხოვდები, ერთგულების პასუხისმგებლობასაც იღებ. ეს ასეა. ცუდი სწორედ ის არის, რომ ამ ხალხს ბოლომდე კიდევ არა აქვს გაცნობიერებული ქორწინების არსი. ოჯახი, საკუთარი თავისთვის ბევრი რამის აკრძალვას ნიშნავს – ნებაყოფლობით და არა იძულებით. თუ ეს არ გესმის, მაშინ, ოჯახი ნამდვილ ჯოჯოხეთად გექცევა. სამწუხაროდ, მე ეს თავიდან არ მესმოდა. უფრო სწორად, ცუდად მესმოდა. ხელი საკმაოდ უცნაურად მთხოვა: საღამო იყო, ერთად ვიყავით. მე რაც მუშაობა დავიწყე, ცალკე ვცხოვრობდი. ბინა მქონდა. უცებ თქვა, აუ... ახლა რა ადგება თბილი ლოგინიდან და ამ ამინდში რა წავა ქალაქის მეორე ბოლოშიო... ხომ არ გადმოვიდე შენთან საერთოდო. თავი გავიგიჟე. რა უნდა გადმოხვიდე, მე პატიოსანი ქალი ვარ და მშობლები მყავს. გინდა, გამიგიჟდნენ და გადამერიონ? მაშინ, ჩვენი ურთიერთობა ოფიციალური უნდა გავხადოთ-მეთქი. გაიზმორა და კარგიო, მიპასუხა. პრინციპში, მე უკვე მზად ვარ ამისთვისო. მისმა ასეთმა სწრაფმა დათანხმებამ დამაბნია და ცოტა არ მესიამოვნა. უფრო სწორად, შემაშინა. ერთბაშად ვერ წარმოვიდგინე, როგორ უნდა გვეცხოვრა ერთად. იმან ამას ყურადღება არ მიაქცია. თავისი გასაჭირი ჰქონდა. ბარემ დავრჩები, მაშინო... არაფრით არ დავთანხმდი. რომ იტყვიან, გავაგდე და ეს ჩემი შეცდომა იყო. რამ გამაგიჟა. რა ქორწილი-ოფიციოზი ამიტყდა! გვეცხოვრა ცოტა ხანს ერთად და ვნახავდი, შევეგუებოდი თუ არა. ყველაფერს რომ ოფიციალური იერი მივეცი, შევყარე მთელი სამეგობრო და სანათესაო. აბა, ორასკაციანი სუფრა და თეთრი კაბა! აბა, ეგ ბინა პატარააო და ჩემმა მშობლებმა სასწრაფოდ დასამატებელი ფული გამოიტანეს ბანკიდან... იმისმა მშობლებმა რემონტის ფული მოგვცეს და ერთი სიტყვით, პირველი სამი თვე სრულ ეიფორიაში ვიყავით. რომ იტყვიან, ერთბაშად აღმოვჩნდი სხვა განზომილებაში. ქორწილამდე რომ ფეხი არ გადმოვადგმევინე ჩემთან... სულელი ვიყავი... ზედმეტად სერიოზულად და შემოქმედებითად მივუდექი ამ საკითხს. არადა, რად მინდოდა ამხელა აჟიოტაჟი?! გადმოსულიყო ჩემთან და ის იქნებოდა, რომელი 17-18 წლის ბავშვები ჩვენ ვიყავით.
– თვითონ რა აზრის იყო ამ ყველაფერზე?
– რომ იტყვიან, დამყვა. ხათრი არ გამიტეხა, თორემ აშკარად არ უნდოდა არც ქორწილი და არც ბინის გაცვლა-გარემონტებაზე სირბილი. მაგრამ ღრეჯა-ღრეჯით აკეთა საქმე. ქორწინებიდან სამი თვის შემდეგ მოვედით გონზე და ნელ-ნელა დაიწყო... იცით, რა მაინტერესებს, რატომ ვერ ხვდება კაცი, რა უნდა მას ქალთან ურთიერთობისას.
– თუ, ჩვენ ვერ ვხვდებით?
– რა თქმა უნდა, ვერც ჩვენ ვერ ვხვდებით. გათხოვებამდე გაცილებით ნაკლებ შეცდომებს ვუშვებთ, ვიდრე გათხოვების შემდეგ. როგორ ძალიანაც უნდა გიყვარდეს ადამიანი, მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება მის ხასიათთან და „პრივიჩკებთან“ შეგუება, მაინც ჭირს. საკუთარ შვილებს ვერ ეგუებიან და როგორ გინდა, სხვისი გაზრდილი შვილი აიტანო.
– ოჯახი და ქორწინება ატანაა?
– აბა, რა არის? ზუსტადაც ატანაა. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ ამაში. მე ვერ ავიტანე. შეიძლება, ეს ჩემი სისუსტეა, მაგრამ ძალიან მალე დამეწყო „წიკები“. მაღიზიანებდა ყველაფერი: ჩემი ქმრის უწესრიგოდ მიყრილი ტანსაცმელი და ნივთები... მისი ჩვევა, სავარძელში ჩაწოლილს ეჭამა ყველაფერი... ნამცეცები ხომ მე უნდა ამეწმინდა... ლაქებსა და სუნზე აღარაფერს ვამბობ. აბაზანაში პირს ისე იბანდა, გუბეები დგებოდა, იქიდან მისი გამოსვლის შემდეგ თუ არ ავწმენდდი იატაკს, მე ვეღარ შევდიოდი... ერთი სიტყვით, ბევრი ისეთი, ვითომ, წვრილმანი იყო, რომ ლამის შევიშალე. ნელ-ნელა აგრესიული გავხდი მის მიმართ და ყველა წვრილმანზე ვჩხუბობდით. პირველ ეტაპზე ჩვენი ყოფითი გაღიზიანება ინტიმურ სფეროზე არ აისახებოდა. მერე იქაც გაგვიჩნდა პრობლემები.
– იმას აღარ უნდოდა თუ თქვენ?
– უფრო მე. ვიხსენებდი, ქორწინებამდე როგორი სექსი გვქონდა და ვცოფდებოდი. იგივე მამაკაცის მიმართ ვნების ნასახიც კი აღარ დამრჩა: განა შემეძლო წარმომედგინა, რომ ერთობლივი ცხოვრება კაცთან, რომელთანაც მანამდე ყველანაირი ურთიერთობა მქონდა, უსერიოზულეს პრობლემად და ნამდვილ კატასტროფად გადამექცეოდა... ვინმეს რომ ეთქვა, ექვსწლიანი რომანი ქორწინებით დამთავრდება და ეს ბედნიერებას არ მოგიტანსო, გამეცინებოდა. ვიტყოდი, – ამან რა იცის-მეთქი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ექვსი წელი ცოტა არ არის. მე ვფიქრობდი, რომ ჩვენმა ურთიერთობამ გამოცდას გაუძლო. ჩემი დაქალი დამცინის, ხომ ამბობენ, ქორწინების მეშვიდე წელი ყველაზე რთულიაო. ჰოდა, თქვენ ეგ მეშვიდე წელი, უკვე პირველ წელსვე დაგიდგათ. ექვსი წელი ხომ უკვე იყავით ერთადო... იქნებ, მართლაც ასეა? ყოველ შემთხვევაში, აშკარად ვგრძნობ, რომ ცუდად არის საქმე. რომ გავეყარო, ეგეც არ მინდა, მაგრამ ასე რანაირად ვიცხოვრებთ, უკვე ვერ წარმომიდგენია. ან შვილი რანაირად გავაჩინო, ასეთ არასტაბილურ და არასაიმედო ვითარებაში. თან, ახლა ვატყობ, რომ ვნანობ გათხოვებას. ვფიქრობ, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე.
– ანუ, არსებობდა სხვა?
– ახლაც არსებობს, ჩემი თანამშრომელი, რომელსაც სულ მოვწონდი. მე კი სასაცილოდ არ მყოფნიდა. რატომღაც ახლა დავინახე მისი რაღაც-რაღაც ღირსებები. ან, უბრალოდ, ასე მეჩვენება. იმიტომ, რომ ის არ არის ჩემი ქმარი. მგონი, ყველა მამაკაცი მაინც ერთნაირია. არ მინდა, ერთ დიდ შეცდომას მეორე დიდი შეცდომა მივუმატო...
– რას გულისხმობთ?
– ქმართან გაყრას და ახალი რომანის დაწყებას. კი მიყურებს შეყვარებული თვალებით, მაგრამ ოჯახში არც ეგ იქნება ანგელოზი. უკვე ასეთი ეჭვი მაქვს. როგორ გადავდო თავი და ჩავატარო ექსპერიმენტი. მგონი, აჯობებს, შეჩვეული ჭირი ვარჩიო.
– რატომ ფიქრობთ, რომ თქვენს ურთიერთობას ქორწინება ანგრევს?
– აბა, მანამდე მშვენივრად ვიყავით. მენატრებოდა და ერთი სული მქონდა კისერზე ჩამოვკიდებოდი. ახლა, ზოგჯერ ისე ვარ, მისი დანახვაც არ მინდა. პირდაპირ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. ეგ რომ დივანზე წამოწოლილი და ფეხებაშვერილი ისვენებს, მე ჭურჭლის რეცხვით ხელებს ვიტყავებ. რატომ? სამსახურში მე არ დავდივარ თუ რა... ვერც საერთო სასაუბრო თემას ვეღარ ვპოულობთ. საერთოც აღარაფერი გვაქვს. ვგიჟდები, ეს მართლა ის კაცია, თუ შემიცვალეს. კინოში წასვლას ვერ აიძულებ. არადა, მანამდე ხომ დამყვებოდა?! ერთი სიტყვით, უკვე ვფიქრობ, რელაქსაციისთვის საყვარელი ხომ არ გავიჩინო. იქნებ, უფრო მარტივად შევხედო ცხოვრებას.