თამთა ბერძენიშვილი: „ორივეს გვიყვარს ძალიან მხიარული და გიჟური გართობა“
მოდელები 19 წლის თამთა ბერძენიშვილი და 20 წლის თათია ხურცილავა, თითქმის ორი წელია, ერთმანეთს იცნობენ და მეგობრობენ. ახლო მომავალში ისინი ეგვიპტეში აპირებენ გამგზავრებას, სადაც სხვადასხვა ჩვენებებში მიიღებენ მონაწილეობას.
თათია: დაახლოებით, ორი წლის წინ „ჯეობარში“, ზალიკო ბერგერის ჩვენებაზე გავიცანი თამთა, მაგრამ აშკარად არ მახსოვდა. მოგვიანებით, უფრო კარგად გავიცანი კონკურსზე „მის ბიკინი“, მას შემდეგ სულ ერთად ვართ.
თამთა: ორი კვირა სულ ერთად ვიყავით, ზაფხული იყო და ძალიან მაგრად ვერთობოდით.
თათია: ხანდახან ვგავართ ერთმანეთს, ხანდახან – არა. ზოგჯერ კი ძალიან მიშლის ნერვებს, უაზრო რაღაცეები იცის ხოლმე. ძალიან ბევრი დაქალი მყოლია, მაგრამ ბოლომდე არავისთან დავრჩენილვარ. ზოგი რაღაცაში ჩაიჭრა, ამას კი ვერ ვპატიობ.
თამთა: თათია ძალიან მიყვარს, მასაც ვუყვარვარ, მაგრამ ცოტა უხეში ადამიანია, ოღონდ ჩემთან მიმართებაში – არა. ძალიან კეთილია.
თათია: პირადად მე, წყენას ყოველთვის გულში ვიტოვებ, განსაკუთრებით ბიჭების მიმართ, „ვიგრუზები“, თამთა კი სულ გაღიმებულია, „სმაილიკია“. მოწყენილი ჯერ არ მინახავს.
– ერთად როგორ ერთობით?
თამთა: ერთად ძალიან მაგრად ვერთობით. სულ ერთად ვართ, მთელი დღის განმავლობაში და ღამეც, ერთმანეთის სახლში ვრჩებით ხოლმე. ორივეს გვიყვარს ძალიან მხიარული და გიჟური გართობა. კლუბშიც სულ ერთად დავდივართ, ჩვენს პონტში ვერთობით.
თათია: ყველგან ჩვენ ვართ და ხშირად გვეუბნებიან, არ მოხვიდეთ, ცოტა ამ ხალხს თავი მოანატრეთო.
თამთა: სადმე რომ მივალთ, შურიანი გოგონები ამბობენ, აუ, მოვიდნენ, რა ბანძები არიან, რატომ მოვიდნენო.
თათია: სამაგიეროდ, ბიჭებს უხარით ჩვენი დანახვა.
– როცა ერთობით, ალკოჰოლურ სასმელსაც სვამთ?
თათია: ხანდახან, ხშირად არა. ღვინო არ მიყვარს, ერთხელ დავლიე და ძალიან ცუდად მახსოვს, ყველაფერი დამიტრიალდა, რაღაცეები დავანგრიე, ძალიან გიჟი ვარ ამ დროს. უფრო არაყს ვსვამ, მაგრამ არ მათრობს. შვიდი-რვა ჭიქა უნდა დავლიო, რომ რამე ქნას.
– რა ხდება, როდესაც ორივე ერთად მიდიხართ ქუჩაში, თავს თუ გაბეზრებენ ბიჭები?
თათია: ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვარ და ზოგჯერ ეს ძალიან მოსაბეზრებელია. ქუჩაში სტვენას და დასიგნალებას აღარ ვაქცევთ ყურადღებას, ვიცი, რომ მისიგნალებენ, მაგრამ რეაქცია არ მაქვს და ამაზე უფრო ღიზიანდებიან.
– როგორი ფიქრობთ, ქალმა უნდა გამოაჩინოს ის, რაც ლამაზი აქვს?
– გააჩნია, სად მივდივართ. თუ საჭიროა გამომწვევად ჩაცმა, ვიცვამთ. ქუჩაში ქუსლიანი ფეხსაცმლისა და მოკლე კაბის ჩაცმას ვერიდებით, მაგრამ ზაფხულში გვაცვია გამომწვევად. ქალმა უნდა გამოაჩინოს ის, რაც ლამაზი აქვს. მაგრამ, საქართველოში არ მოსწონთ, როდესაც რაღაცას აჩენ.
– თქვენ რას აჩენთ ხოლმე?
თამთა: მოკლე კაბაც მიყვარს და ამოღებული მაისურიც, მაგრამ ორივეს ერთად არასდროს ვიცვამ, ძალიან ყვირის. უფრო მოკლე კაბას ვიცვამ. გრძელი ფეხები გვაქვს და რატომ უნდა დავმალოთ?!
– მამაკაცებთან დაკავშირებით ემთხვევა თქვენი გემოვნება?
თათია: ბიჭებთან დაკავშირებით უფრო განსხვავებული გემოვნება გვაქვს, ოღონდ იმ გაგებით, რომ მე თუ ვიღაც მომეწონება, თამთასაც მოეწონება ის, ოღონდ ჩემთვის და არა თავის პონტში.
თამთა: მე უფრო მომწონს სიმპათიური მამაკაცები. ლამაზი ბიჭი კაცად არ მიმაჩნია. ძალიან გამხდრები არ მიყვარს და კიდევ თონთლო ბიჭები. რაც მთავარია, უნდა იყოს ზრდილობიანი, იუმორის გრძნობა ჰქონდეს, პატივს მცემდეს და ყურადღებიანი იყოს. კიდევ, სიტყვის კაცი უნდა იყოს, რასაც იტყვის, ის აღარ უნდა გადათქვას. მაღიზიანებს, როდესაც კაცი თავის სიტყვას არ ასრულებს. ამის გამო შეიძლება, აღარც შევხვდე. მის მიმართ ყველანაირი ინტერესი მეკარგება.
თათია: მამაკაცი თუ ყურადღებიანი არ არის, მეც მაშინვე „ვიკიდებ“. რად მინდა ისეთი მამაკაცი მყავდეს გვერდით, რომელიც ათასში ერთხელ გამოჩნდება. კიდევ, არ უნდა მომატყუოს, ტყუილს არავის ვაპატიებ. გარეგნობით ძალიან სიმპათიური უნდა იყოს, შავგვრემანი და ჩემზე მაღალი. ასევე, საქმიანი უნდა იყოს. მარტო გოგონები, გოგონებიო, არ უნდა იძახდეს. მეცოდებიან ისეთი კაცები, რომ ადგებიან დილით და მარტო იმაზე ფიქრობენ, რომელი გოგონა „დაკერონ“. ძლიერი პიროვნებაც უნდა იყოს, მე კი არ უნდა „მეჭიროს“ ხელში, იმას უნდა „ვეჭირო“. არ მომეწონება, სადმე თავისუფლად რომ გამიშვას. რაღაცეები უნდა დამიშალოს, ოღონდ ზომიერების ფარგლებში, თან უნდა ამიხსნას, ამას რატომ აკეთებს. მაგრამ, თუ მიბრძანებს, არაფერი გამოუვა, ნამდვილად წავალ. რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა შემიყვარდეს მამაკაცი, რომ ყველანაირად შეძლოს ჩემი დამორჩილება. ძალიან ვარ თავისუფლებას მიჩვეული და რაღაც საკითხებში შეიძლება დამიმორჩილოს, მაგრამ თავს ვერ გავა, შევეწინააღმდეგები.
თამთა: მე არ ვარ ძალიან თავისუფალი ადამიანი, მაგრამ რა დონეზე უნდა შემიყვარდეს მამაკაცი, რომ მან დამიმორჩილოს. თანაც, როცა უყვარხარ, არ უნდა გაწყენინოს.
– მამაკაცის მხრიდან კონტროლი მოგეწონებათ?
თათია: მამაკაცის მხრიდან მსუბუქი კონტროლი მისაღებია, მაგრამ შემოწმებებს ვერ ავიტან. ეს იმას ნიშნავს, რომ არ გენდობა. ისე, კაცებს უფრო სჭირდებათ კონტროლი. თუ რაღაცაში ეჭვი შემეპარება, აუცილებლად გავაკონტროლებ.
თამთა: მამაკაცები ქალთან ხშირად თამაშობენ, ამიტომ მე ყველა ვარიანტში გავაკონტროლებ, სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდები, რომ არსად დადის.
– ზოგიერთი გოგონა ამბობს ხოლმე, მერე რა, მიღალატოს მამაკაცმა, მთავარია, მე ეს არ გავიგოო. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
თათია: როცა შეყვარებულია, ჰყავდეს სხვა ქალებიც, მათთან სხვანაირად გაერთობა, ჩემთან კი გულწრფელი გრძნობით იქნება. მაგრამ, როცა უკვე ქმარია, მაშინ ხამივით ქალებში სიარული აღარ შეეფერება.
თამთა: რა თქმა უნდა, მე არ მეტყვის, რომ ქალებში დავდივარო, მაგრამ, თუ ჩემი შეყვარებულია და გავიგე, არ მექნება პრობლემა. მთავარია, დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემს მიმართ გულწრფელი გრძნობა აქვს და სხვა ქალებთან სხვა რამის გამო დადის. თუმცა, რომ გამაფრთხილოს ქალებთან მივდივარო, შეიძლება გადავირიო. მაგრამ თუ წავა და მერე მეტყვის, მეწყინება. ჯობია, ეს თავად მითხრას, ვიდრე სხვისგან გავიგო.
თათია: ერთი ამოჩემებული ქალი რომ ჰყავდეს და მასთან იაროს, ეს უკვე ღალატია, მაგრამ თუ სხვადასხვა ქალთან გაივლის იშვიათად, ეს შეიძლება.
– მამაკაცებთან თამაში გიყვართ?
თათია: მამაკაცთან თამაში აუცილებელია, თუ არ ეთამაშე, თავს გავლენ. კაცმა არ უნდა იფიქროს, რომ ბოლომდე მისი ხარ, შენი დაკარგვის შიში უნდა ჰქონდეს და უფრო ყურადღებით იქნება. მამაკაცს უნდა აფიქრებინო, იქნებ აღარ მოვწონვარ, სხვა ხომ არ ჰყავსო. მე, მაგალითად ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს, თავიდან მომწონს ბიჭი, მაგრამ მერე მასზე უცებ ამიცრუვდება გული. გრძნობა მიქრება და რაც უნდა გააკეთოს, არაფრის შანსი არ აქვს.
თამთა: მეც ასე ვარ, უცებ შეიძლება ისე ამიცრუვდეს ბიჭზე გული, რომ მეც ვერ მივხვდე რატომ.
– მესაკუთრეები ხართ?
თათია: ძალიან ეგოისტი და მესაკუთრე ვარ, მინდა, მამაკაცი სულ ჩემი იყოს, ბოლომდე ჩემთან იყოს. ისე, ამ ბოლო დროს რაღაც საშინელება ხდება, კაცები უფრო იფასებენ თავს, ვიდრე ქალები. რატომ ჰგონიათ, ასე რომ მოიქცევიან, უფრო დააინტერესებენ ქალებს, არ ვიცი.
თამთა: რა გოგონები ვართ, ვინმეს შესახვეწი გვჭირს რამე? მით უმეტეს – კაცების.
ტატა დევდარიანი