როგორ დაიწყო ყველაფერი თავიდან ავთო ცქვიტინიძემ და რას ვერ ბედავს თიკა ფაცაცია
მათი საქმიანობა, შემოქმედებითი გზა ერთმანეთთან ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული და დღეს უკვე კარგი მეგობრები არიან. ავთო ცქვიტინიძისთვის თიკა ფაცაცია იყო ის მოდელი, რომელიც მის სამოსს განსაკუთრებულ იერს აძლევდა.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია თიკა ფაცაცია
– თავიდანვე მინდა, ურთულესი კითხვით შემოვიჭრა – რა არის შენთვის ბედნიერება?
– არ მიფიქრია ამაზე, თუმცა ვიცი, რომ ეს წამიერი შეგრძნებაა და არ უნდა გაგექცეს. იმ მომენტში უნდა იგრძნო, რომ არის შენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები და ეს არ არის ყოველთვის და მუდმივად.
– იცი, როგორი მომენტი მინდა გაიხსენო? უცებ რაღაცეები რომ ხდება, ძალიან გახარებული რომ ხარ და თან, ხვდები, რომ აი, ზუსტად ეს არის ბედნიერების წუთები.
– ბედნიერება არის შვილი და ოჯახი. ბედნიერი ხარ, როდესაც თვალს ახელ და ხვდები, ანასტასიამ გაგაღვიძა. გვერდით გყავს მეუღლე, რომელიც ძალიან გიყვარს. ამ დროს გრძნობ, რომ ძალიან ბედნიერი ხარ. შემოპაკუნდება ოთახში, თავისთვის ტიკტიკებს და გელოდება, როდის ადგები... შენი საქმის გამოც ხარ ბედნიერი, როცა ხარ სავსე, ეიფორიულ მდგომარეობაში, როცა ძალიან ხანგრძლივ სამუშაო პროცესს რაღაც საოცარი შედეგი მოჰყვება. ამ დროს ბედნიერი ვარ. ბოლო ინფორმაცია, რომელიც ჩვენმა ფიარმა ლორანს სუშელმა მოგვცა, იყო, რომ ფრანგულმა „ვოგმა” შენი ტანსაცმლის ოთხი ბლოკი აიღოო, არ ვუჯერებდი. გადავურეკე და ჩავეკითხე სექტემბერ-ოქტომბერში ეს ყველაფერი „ვოგში” იქნება?! იმ წამებში მართლა ბედნიერი ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ, მაინც არ ვიცი, რა არის ბედნიერება.
– მაგრამ ეს გიგრძნია.
– რა თქმა უნდა. შეიძლება, უბედნიერესი იყო, როცა ისვენებ, სკამს გაიტან აივანზე და ღრმად ჩაისუნთქავ ჰაერს. მაგრამ ეს ბედნიერებას ვერ მოგანიჭებს თუ ოჯახში, საქმეში, მეგობრებთან ყველაფერი წესრიგში არ გაქვს. ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. შეიძლება, წამებში ასპროცენტიანი ბედნიერი იყო, მაგრამ მერე ეგრევე მოდის ინფორმაცია, რომ აი, იქ ცუდად ხარ, იქაც ცუდად ხარ და ეს შენი ბედნიერება არ არის სრულყოფილი. თუმცა, უნდა იგრძნო და გაიაზრო, რადგან თუ ეს წამები არ დააფასე, ვერასდროს იქნები ბედნიერი.
– მგონია, რომ მე ვლაპარაკობ, გეთანხმები თავიდან ბოლომდე.
– ქართველებს გვაქვს ერთი მინუსი, გვჩვევია რაღაცეების არდანახვა ან დანახვა და არშემჩნევა. შეიძლება, ერთმა კარგმა მილოცვამ, ძალიან კარგმა მოკითხვამ, უბრალო ზარმა, უცებ ისე ბედნიერი გაგხადოს, მერე თვითონ გიკვირს ეს.
– ამ ბედნიერებას არ ახლავს შიში, რომ აი როდემდე, სადამდე იქნება ეს ყველაფერი?
– შიში ყოველთვის არის და ამიტომ ვამბობ, სულ უნდა ხედავდე და უფალს მადლობას ეუბნებოდე იმისთვის, რაც გაქვს. არ უნდა იყო უმადური ცხოვრების. სულ უნდა გახსოვდეს, რომ ზუსტად ამ წუთებში, ვიღაც ძალიან ცუდად არის.
– ისევ დიდი თემით უნდა გავაგრძელო – სიყვარული შენს ცხოვრებაში. ვიცი, რომ ეს არის ხათუნა – მანამდე, მას მერე არაფერი არსებობდა და დამთავრდა. ცოტა მეტი მინდა, ვიცოდე მის შესახებ. ვიცი, რომ ის შენი დიდი ინსპირაციაა, სულ ერთად ხართ... მგონია, რომ გარდა სიყვარულისა, ძალიან ძლიერი ჭკუა გყავს გვერდით, ძლიერი ადამიანი გიდგას მხარში, მართლაც მეორე ნახევარი. მინდა, ცოტა განავრცო ეს თემა. რა პროფესიის არის და სად მუშაობს ის მაინც გვითხარი...
– (იცინის) საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია აქვს დამთავრებული. უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და პარალელურად, მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში საკმაოდ წამყვან თანამდებობაზე. რაც შეეხება სიყვარულს, როცა ორი ადამიანი ერთდება, ერთიანდება, ორი ხდება ერთი და თუ რაღაც ჰარმონია არ არსებობს, როგორი დიდი სიყვარულიც არ უნდა იყოს, იქ ვერ იქნება სულიერი, ფიზიკური კომფორტი... ვარ ბედნიერი ადამიანი, რადგან ღმერთმა დამასაჩუქრა და ჩემ გვერდით ჩემი მეორე ნახევარია. როცა ამბობენ, მამაკაცებს ურჩევნიათ, სულელი ქალი ჰყავდეთ გვერდშიო, არ ვეთანხმები არაფრით. როცა ქალი ჭკვიანია, იქ ყოველთვის კარგად არის საქმე. ცხოვრებაში წინ მიდიხარ, მისგან სულ მოდის სტიმული და ხელშეწყობა. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი. ქმრისგანაც ზუსტად იგივე უნდა მიიღოს ჭკვიანმა ქალმა. სხვანაირად მათი ერთად ყოფნა არ გამოვა.
– გაერთიანება როგორ ხდება?
– ამას წლები სჭირდება. თავიდან ბობოქარი, მღელვარე, ეიფორიული და ფანტასტიკური პერიოდია. შემდეგ ამას ემატება ურთიერთობა, რომელიც ყველანაირ ეტაპს გადის, სირთულეები, სიმარტივეები, გვერდში დგომა თუ მხარდაჭერა. ბევრი რამ ხდება, რომელიც უფრო მეტად აწრთობს ამ გრძნობას. გადის დრო და ხვდები, რამდენი გამოცდა ჩააბარე ისე, რომ ვერც იგრძენი. ამით ხარ ბედნიერი, რომ ერთად ცხოვრობთ, ერთად ქმნით, ერთად გიხარიათ და გწყინთ. ხათუნა ჩემს შემოქმედებაში არასდროს ერევა. ყოველთვის შემფასებელია, თან ყველაზე კრიტიკული.
– ამ კრიტიკას იოლად იღებ?
– ძალიან რთულია საყვარელი ადამიანისგან უარყოფითი რაღაცეების მოსმენა. ყოველთვის გინდა, რომ ის შენით იყოს აღფრთოვანებული და გადარეული... (იცინიან) ხათუნა გარდა იმისა, რომ გეტყვის კარგს, აუცილებლად ხაზს გაუსვამს მინუსებს. პირველი, ვისი აზრიც მაინტერესებს და ვინც არასდროს მატყუებს, არ გიცოდებს იმის გამო ამდენი იშრომე თუ ამდენი ენერგია ჩადე, ეს ხათუნაა. არ ვარ უპასუხისმგებლო ადამიანი, რაც ჩემს საქმეს ეხება, მაგრამ არის პატარ-პატარა ნიუანსები, რომელიც უნდა დაინახო და მეც დამანახვო.
– მის სამუშაო პროცესში ვიცი, რომ არა, მაგრამ მის ჩაცმულობაში თუ ერევი, რადგან ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესოდ და გამორჩეულად აცვია. ამ ბოლო დროს „ფეისბუქზე” ხშირად გვანებივრებ ფოტოებით. ეს შენი შემოქმედებაა თუ მხოლოდ მისი არჩევანი, რადგან ეს ჩაცმულობა არ ჰგავს იმას, რაც შენს სალონში გვინახავს.
– დავიწყოთ იმით, რომ „ფეისბუქი” ჩემს ცხოვრებაში აეროპორტში მოლოდინის რეჟიმის დროს შემოვიდა. ჩემი და კომპიუტერის, ზოგადად, ტექნიკისადმი დამოკიდებულება, ყველა ჩემმა მეგობარმა იცის – საერთოდ ვერ ვუგებთ ერთმანეთს (იცინიან). „აიფონის” შეძენამ მაიძულა, რომ კარგი ხარისხის ფოტოები გადამეღო – ხან რას ვიღებდი, ხან რას... ანასტასიას ფოტოები რომ დავდე „ფეისბუქზე”, მკითხა – მამიკო, რას აკეთებო და რომ გაიგო, ამას ყველა ნახულობდა და უამრავი კომენტარი იწერებოდა, აღარ ჩერდებოდა – გადამიღე ვიდეო, გადამიღე ფოტო, დადე იქ... ამიტომაც მის „კიკობას” ხშირად ვდებ ხოლმე. ხალისობენ ადამიანები და მეც ვერთობი, ყოველთვის დადებითი ენერგეტიკა მოდის. მერე უკვე ხათუნას რამდენიმე ფოტო დავდე მის დაუკითხავად. ხომ არის, გინდა, რაღაცეების დაფიქსირება, რაც შენ თვითონ ძალიან მოგწონს. მერე ერთი კვირა რომ აღარ დავდე და დავფიქრდი, თუ რად მინდა ამის კეთება, მივხვდი, რომ მოთხოვნა და მოლოდინი დიდი იყო. თან, ამ ყველაფერს რაღაც მანიაკალური დამოკიდებულება აქვს. გადავწყვიტე, ხათუნას ყოველდღიური ვიზუალი არ დავაფიქსირო, თორემ უკვე გაჩნდნენ ადამიანები, მერე ინბოქსში, ამის მიხედვით რჩევებს რომ მთხოვენ. არადა, ასეთი დოზით კომპიუტერთან არ ვარ. თუ სადმე წავალთ, სადაც განსაკუთრებულად გამოიყურება, მაშინ გადავიღებ და დავდებ ხოლმე.
– შენ ურჩევ სამოსს?
– რაღაც პერიოდი გაჩნდა პრობლემა, როცა გარდერობის წინ დგას ხათუნა და ამბობს, არაფერი მაქვს და რა ჩავიცვაო. სამსახურებრივი გარდერობი სხვაა, მაგრამ ახლა აქვს შვებულება და გაფერადება მოუნდა. ყოველდღეა იმის საშუალება, როგორც გინდა ისე გამოიყურებოდე. ხანდახან გარდერობთან მარტო ვტოვებ, მაგრამ უფრო ხშირად, დილაობით ვახვედრებ, რა ჩაიცვას. ერთხანს გაუჩნდა კომპლექსი, რომ თუ არ ვურჩევდი სამოსს, დაბნეული იყო.
– რა მაგარია, დილით ავთანდილის აწყობილი სამოსი რომ გხვდება. რატომ უნდა მოგინდეს, შენ თვითონ აირჩიო რამე?! ბოლოს მინდა, გკითხო – სადამდე ავთო? სადამდე აპირებ ეს ყველაფერი მიიყვანო? როდის ჩაჯდები სავარძელში და იტყვი, მორჩა.
– მივედი რაღაც ეტაპამდე, რომ მეტი განვითარება იმ ქვეყნებში, რომლებშიც ჩემი შემოქმედება ჩამქონდა, შეუძლებელი იყო. ამ მომენტში მიშველა პარიზში „ბრისტოლში” ჩვენებამ, რომელსაც პირველად დაესწრო ის ხალხი, ვისზეც შეიძლება, შენი ბედი იყოს დამოკიდებული. ახლა დავიწყე ყველაფერი თავიდან, ოღონდ შეგნებულად, „გრამატნად”, როგორც იტყვიან, სადაც ყველა ნიუანსი გათვლილია. მინდა, ახლანდელმა მუშაობამ მოიტანოს ის შედეგი, რომელსაც ველოდებით. არ ვმუშაობ იმისთვის, რომ ჩავიტანო ჩემი სამოსი, ემიგრანტებს ვაჩვენო, ჩავალაგო ჩემოდანში და უკან წამოვიღო. მინდა „ავთანდილი” სერიოზულ ბიზნესკომპანიად იქცეს.
– მოასწარით ხალხო, ავთანდილის შეძენა, სანამ საოცარ ფასებამდე ავა (იცინიან).
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ავთო ცქვიტინიძე
– ჩემი პირველი შეკითხვა ასეთი გლობალური არ იქნება. თიკა, ჩემთვის უზარმაზარ დადებით აურასთან და ენერგიასთან ასოცირდება. მას შემდეგ, რაც ჩემდა გასახარად დიდი დოზით ხარ ეკრანზე, კიდევ უფრო კარგად ჩანს, როგორი ხარ, – უშუალო, მარტივად შეგიძლია ადამიანებთან კონტაქტის დამყარება. ამას ემატება საოცარი ვიზუალი. იმ სფეროში, სადაც ვტრიალებთ, ყველა აღფრთოვანებულია შენით. მიუხედავად იმისა, რომ ვიცნობ შენს მეუღლეს და ვიცი, როგორი ურთიერთობა გაქვთ, მაინც მინდა, გკითხო, როგორ გაქვს მთელი ეს ენერგია გადანაწილებული ოჯახსა და საქმეზე. ხომ არ მოაკლდა მეუღლეს შენი ენერგია, თუ ისეთი ტექნიკური ხარ, რომ ახერხებ ყველაფერს ერთად?
– აი, ზუსტად გეტყვი, რა ხდება. სულ ვცდილობ, ძალები თანაბრად გადავანაწილო და როცა დაკავებული ვარ, ამას უფრო ვახერხებ. იმდენად მჭირდება სულიერად, რომ ვიყო რეალიზებული საქმეში, ვიყო დაკავებული, ვაკეთებდე ჩემს საყვარელ საქმეს, რომ ქმარი შეგნებულად არ მეუბნება სახლში იყავი და სხვა არაფერი აკეთოო. თუ საქმე მაქვს, სახლშიც გაცილებით ლაღი, ბედნიერი, თავისუფალი, მხიარული ვარ. ეს რომ არ მქონდეს და სულ სახლში ვიყო, ალბათ, საშინლად უჟმური ვიქნებოდი. ჩემს ქმარს ურჩევნია გაიღოს ეს მსხვერპლი, რომ იმ ხანგრძლივობით არ ვიყო მის გვერდით ან სახლში, როგორც ეს უნდა. ახლა სახლში პატარაც გვყავს, რაც კიდევ უფრო მეტად აგიჟებს ჩემს გრაფიკს. ხანდახან თვითონ მიკვირს, როგორ ვასწრებ და ვახერხებ ყველაფერს. თან, ძიძა არ გვყავს, ყველა ერთად ვზრდით ბავშვს და ამის გამოც, სულ დაჭიმული ვარ – ფიქრით, აზრით სულ სახლში, მასთან ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ქმარს ყურადღებით ვანებივრებ, თუმცა სულ გვაქვს იმის დრო, ერთად ვიყოთ, მარტო დავრჩეთ, ის, რაც ცოლ-ქმარს აუცილებლად სჭირდება.
– საყოველთაო მოწონების გოგო ხარ, მამაკაცები გადარეულები არიან შენზე. ასეთი ანგელოზივით ქალი დგახარ, სულ მოწესრიგებული, საოცარი ენერგეტიკა, ვიზუალი... არ აქვს ის მომენტი, რომ – თიკა (იცინიან)!
– პირიქით, ჩემიას მომენტი აქვს. ანუ, ეს ყურადღება, კომპლიმენტები, რაღაცეები, ალბათ, მოქმედებს მასზეც. მაგრამ, აი, ეს გოგო ჩემია, – აძლევს იმის საბაბს, არაფერი დამიშალოს და შემიზღუდოს. მე მისი ვარ და ეს ჩემს ყოველ ნაბიჯში იგრძნობა. ის მომენტი არ არის ჩვენს ურთიერთობაში, რომ რადგან ჩემს კარიერაში რაღაც წინ მიდის, ამით ვიცვლები ან მასთან დამოკიდებულებაში იცვლება რაღაც. პირიქით, ალბათ, ეამაყება, ვეამაყები, უფრო სწორად.
– და, ალბათ, შენც მადლიერი ხარ ამისთვის.
– ამის გამო ასჯერ მეტად მიყვარს. ასჯერ მეტად ვაფასებ მას და ვუფასებ ამ მიდგომას ჩემდამი. ალბათ, როგორც კი სიმკაცრე და რაღაცის აკრძალვა იქნება, აუცილებლად აირევა ურთიერთობა. ეს ზუსტად ვიცი. ამ თვისებების გამო მიყვარს ის ასე ძლიერ. მისი ჭკუაც ამაშია, ყველაფერს ისე ახერხებს, რომ საკუთარი თავის რეალიზებაც მოვახდინო, შევძლო მისი მეუღლეობა და მისი შვილების დედობაც.
– სერიოზული დეფიციტია ტელესივრცეში, ბევრი რაღაც არაპროფესიონალურად კეთდება. მაშინ როდესაც ამის უდიდესი პოტენციალი გაქვს, არ გიფიქრია, საკუთარი შოუ გაგეკეთებინა? ძალიან საინტერესო იქნებოდა შენი თოქ-შოუ წაგეყვანა. შეიძლება, იდეის დონეზე ეს გაწუხებს კიდეც, მაგრამ ამის განხორციელება გვინდა, დავინახოთ, უფრო მეტს ვითხოვთ შენგან.
– მივხვდი და მესმის. შეიძლება, ამ ეტაპზე მეშინია ამ ყველაფრის. ამხელა პასუხისმგებლობის აღება მაშინებს. უფრო მყუდროდ ვგრძნობ თავს შემსრულებლის როლში, როცა სხვისი, პროფესიონალის მიერ მოცემულ დავალებას ხუთიანზე ვასრულებ. ის, რომ გადაცემის იდეის ავტორიც ვიყო, მისი პროდიუსერიც, წამყვანიც, ჯერ ამისთვის მზად არ ვარ. თუმცა, ვისაც კი ტელევიზიასთან შეხება აქვს, ალბათ, ყველას სურვილია საავტორო გადაცემა ჰქონდეს. ეტყობა, მშიშარა ვარ. წარმომიდგენია, მაგრამ არ მიფიქრია, როგორი შეიძლება იყოს ჩემი გადაცემა. რომ მეფიქრა, ალბათ კონკრეტულ ნაბიჯებსაც გადავდგამდი.
– ის მომენტიც გაღელვებს ალბათ, ოცდაოთხი საათი იმაზე რომ უნდა იფიქრო, რა რეიტინგი გაქვს.
– ახლა ისეთი გამძვინვარებულია ეს რეიტინგების თემა, რომ ყველგან ამაზე ლაპარაკობენ. კმაყოფილი ვარ იმით, რომ გადაცემა, რომელიც მიმყავს, ყველაზე რეიტინგულია. უდიდესი პასუხისმგებლობაა საავტორო გადაცემა, ბრავო მათ, ურთულესია ეს საქმე.
– ვთანამშრომლობ მაიკოსთან და სულ ვეკითხები, როგორ ახერხებ, რომ გადაცემას საოცარი რეიტინგი ჰქონდეს-მეთქი?! ნანუკასთვისაც მიკითხავს იგივე. ორივე ძალიან ძლიერი ადამიანია.
– ეტყობა, არ ვარ ასეთი ძლიერი ან ჯერჯერობით არ ვარ მისული იმ ეტაპამდე. როგორი გინდა, რომ სხვა ამპლუაში მნახო. იქნებ მითხრა როგორც მხედავ, და მეც დავინახო ეს, გავბედო რაღაც...
– მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიდი დოზითა და ისტერიით შემოიჭრა მოდა ჩვენს ცხოვრებაში, ტელესივრცეში ეს მხოლოდ გაშუქებით შემოიფარგლება. შენ გხედავ ადამიანთა გადაკეთებები რომ ხდება, რაღაც მაგ ტიპის შოუში. შეიძლება ცნობილ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, სხვადასხვა სტილი მოარგო. დიდი სიამოვნებით ვუყურებდი ასეთ გადაცემას და თან, შენგან ეს მისაღები და დამაჯერებელი იქნება. არ გაქვს ის მინუსები, რომ ვიღაცამ თქვას, სხვას რა უნდა ასწავლოსო (იცინიან).
– როგორც ჩანს, ადამიანებს აქვთ სურვილი სხვა ამპლუაშიც მნახონ და, ავთო, შენგან ეს პირველად გავიგე. მიხარია და ვიფიქრებ, გპირდები. რა კარგია, როცა ადამიანს შეუძლია, გამოხატოს დადებითი ემოციები. ბოლოს აუცილებლად მინდა, ვთქვა, „ნიჭიერის” ფინალზე „ავთანდილის” კაბა მეცვა, რომლითაც სრულიად საქართველო „აღშფრთოვანებული“ იყო. არ ვიცი, უყურე თუ არა...
– კი, უყურა „ავთანდილმაც” (იცინიან). არაჩვეულებრივად გამოიყურებოდი და ძალიან მიხაროდა. მოკლედ, ველით თიკას ახალი პროექტით.