რატომ ვერ აიცილეს საომარი მოქმედება ქართლ-კახეთის მეფეებმა ნათესაობის მიუხედავად
უდიდესი ქართველი პოეტის, დავით გურამიშვილის დაბადებიდან სამას წელზე მეტი გავიდა, თუმცა, ჩვენი რესპონდენტის, ფსიქოლოგ გელა გარაყანიძის აზრით, მისი შემოქმედების მკვლევართ კიდევ ბევრ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა.
გელა გარაყანიძე: „დავითიანში” მეთვრამეტე საუკუნის ოციანი წლების ქართლისა და კახეთის მეფეთა დაპირისპირებაა მოთხრობილი. ვახტანგ მეექვსე დამარცხდა და მისმა მეტოქემ კონსტანტინე მეორემ თბილისი აიღო.
თბილისი ვიღას არ აუღია – ხაზარებს და არაბებს, თურქებს და სპარსებს, მონღოლებს და რუსებს... მურვან-ყრუს და თემურ-ლენგს, ორჯონიკიძეს და კიტოვანს...
კონსტანტინე ვახტანგს ოთხნაირად ენათესავებოდა...
– ბატონო გელა, მკითხველს განვუმარტოთ, როგორ ენათესავებოდნენ ერთმანეთს ქართლ-კახეთის მეფენი?
– უპირველესად, როგორც ბაგრატიონები – ერთი საერთო წინაპრის შთამომავალნი. შემდეგ – ვახტანგის ალალ ბიძას არჩილს, ცოლად ჰყავდა კონსტანტინეს მამიდა ქეთევანი... მათი ქალიშვილი დარეჯანი, ვახტანგის ბიძაშვილი გახლდათ და კონსტანტინეს მამიდაშვილი. გარდა ამისა: ვახტანგის ქალიშვილი თამარი კონსტანტინეს ძმის, თეიმურაზის ცოლი იყო და ბოლოს – ვახტანგის ძმას იესეს ცოლად ჰყავდა კონსტანტინეს და, ელენე.
– ამგვარი ნათესაობის მიუხედავად, საომარი მოქმედება მაინც ვერ აიცილეს თავიდან.
– „დავითიანის” მიხედვით, ვახტანგის ბრალი უფრო იკვეთება... თუმცა არის სხვაგვარი კომენტარებიც.
პოემაში გვხვდება ასეთი ადგილი, კახელი დიდებულები შეახსენებენ კონსტანტინეს: „მამი-შენის ერეკლესი მაზე დიდი ამაგი ძე.” ალბათ, უინტერესო არ უნდა იყოს, რა ამაგი მიუძღოდა კონსტანტინეს მამას, ერეკლე პირველს ვახტანგის მიმართ?
– საინტერესო საკითხია. თუ ასეთს (ამაგს) ადგილი ჰქონდა, ვახტანგს მეტი ტაქტი მოეთხოვებოდა კახეთის სამეფო კარისადმი. უმადურსა და სიკეთის დაუნახავს, არავინ მიაგებს პატივს.
– მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულს ქართლში ერეკლე მეფობდა, 1703 წლამდე. ბუნებრივია, იგი მწყრალად ექცეოდა თავისი მთავარი მეტოქის, გიორგი მეთერთმეტის ნათესავებს და მათ შორის მის ძმისშვილს, ვახტანგსაც. ვახტანგი იმერეთში იყო გახიზნული და ერთობ ხელმომჭირნე ცხოვრებას ეწეოდა. ასეთი ყოფით შეწუხებულმა რუსეთში აზნაური ზაალ შანშიაშვილი გააგზავნა არჩილთან, რათა რუსეთში მისი გაგზავრებისთვის ეშუამდგომლა...
გიორგი მეთერთმეტე, მისი ძმა ლევანი და ლევანის შვილი ქაიხოსრო (ვახტანგის ძმა), ამ დროს სპარსეთში იყვნენ და ყაენის მიმართ ამბოხებულ სხვადასხვა ტომებს ებრძოდნენ. მათი გარჯით კმაყოფილმა ყაენმა, მათივე თხოვნის საფუძველზე, ერეკლეს მოსწერა ვახტანგისთვის ქართლში საუფლისწულო მამულები დაებრუნებინა.
ერეკლემაც მყისვე გაუგზავნა ევდემოზ კათალიკოსი და სარდალი ლუარსაბ ყაფლანიშვილი ვახტანგს და ქართლში მოიწვია. ვახტანგმა ბჭობა გამართა იმერელ წარჩინებულებთან – რუსეთში წავიდე, თუ ქართლშიო... იმერლებმა ქართლში მისვლა ურჩიეს. ვახტანგი ჯერ ალში ჩამოვიდა, სადაც კათალიკოსმა და თავისმა ნათესავმა (ბებიის – როდამ ყაფლანიშვილის მხრიდან), სარდალმა ლუარსაბმა უვნებლობისთვის შემოჰფიცეს. ამის შემდეგ იგი თბილისში ეწვია მეფე ერეკლეს, რომელმაც „კეთილად შეიტკბო და სცა პატივი დიდი”... მოგვიანებით ვახტანგმა თავისი ცოლ-შვილიც დაიბარა და სურამში დააბინავა, თუმცა „იყოფებოდა ოდესმე ნაზარ-ალი-ხანისა თანა”. ეს ამბები 1701 წელს მომხდარა.
– „ამაგი” თვალსაჩინოა, ნუთუ ვახტანგს პატივისცემის დაფასება არ ხელეწიფებოდა?
– როცა მისი შვილი ვახუშტი ამ ამბებს აღწერს, არ ავიწყდება ხაზი გაუსვას, რომ „ხოლო ერეკლე მეფე, დაღათუ არა მნებებელი ამის, ვერ ურჩ ექმნებოდა ყეენსა”.
– ესე იგი, მხოლოდ ყაენის დავალებას ასრულებდა და თავის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებდაო?
– ეგრე გამოდის. მაშინ, როცა ყაენმა მხოლოდ საუფლისწულო მამულების დაბრუნება უბრძანა და არა „კეთილად შეტკბობა”. ყაენს არ დაუვალებია ერეკლესთვის, ვახტანგი შენთან აცხოვრეო.
– კონსტანტინემ თბილისი 1723 წლის 4 მაისს აიღო. გურამიშვილს აქვს ასეთი სტრიქონები: „გაუთენდათ სომეხებსა დღე შაბათი საზარელნი, ზოგი მოკლეს, ზოგი დასჭრეს, ზოგს წაგვარეს საყვარელნი!” კი მაგრამ, იმდროინდელ თბილისში, სომხების მეტი სხვა არავინ ცხოვრობდა?
– იმდროინდელ თბილისში ქართველებიც ცხოვრობდნენ, სპარსელებიც და სხვა ერების წარმომადგენლებიც. სომხები კი უმრავლესობას ნამდვილად შეადგენდნენ.
ვახტანგი უაღრესად პატრიოტი მეფე გახლდათ, მაგრამ სპარსეთისადმი ვასალური დამოკიდებულების გამო, მას არ შეეძლო, დამოუკიდებელი ეროვნული პოლიტიკა (ქართველთათვის სასურველი დემოგრაფიით) ეწარმოებინა.
– გურამიშვილი ღრმად ღვთისმოსავი პოეტია. როდესაც იგი კონსტანტინეს მიერ ქართლში გაგზავნილი ელჩების თაობაზე საუბრობს, რომლებიც უკლებლივ ყველანი სასულიერო პირები არიან (დიაკვნები), მაინცდამაინც კარგი კუთხით არ წარმოაჩენს მათ. იყო კი ეს ყველაფერი ნამდვილად ასე? ან რა აუცილებლობას წარმოადგენდა მათი ფიქრების მკითხველთათვის მიწოდება? გახსოვთ, ალბათ, მხედველობაში მაქვს სტრიქონი: „გვაწირვინებენ ქართველნი, ვიშოვნით მრავალს ფრულებსა, საქონლით სავსეს მოვასხამთ ჯორ-აქლემთ დაყათრულებსა”! და ასე შემდეგ.
– ნაცვლად სიტყვისა „ფრულებსა” აჯობებდა „ფლურებსა”... პოეტი ძალზე მკაცრი და მომთხოვნი ჩანს – საკუთარი თავის და სხვების მიმართაც. მისი მხრიდან შეგნებული ცილისწამება გამორიცხულია... მისი ძმა გახლდათ ცნობილი სასულიერო პირი – იღუმენი ქრისტეფორე. შესაძლოა, ეს პასაჟი მან მისი მონათხრობის შემდეგ შეიტანა თავის პოემაში, ანდა რომელიმე სხვა ღვთისმსახურის მონათხრობის საფუძველზე, თუნდაც ბერი ზებედე იყოს.
– მე კი მახსოვს ბერი ზებედე, მკითხველსაც შევახსენოთ მის შესახებ.
– ზებედემ (ერისკაცობაში ზაალი) მეჩვიდმეტე საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან 1710 წლამდე, თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაატარა – ხან რუსეთში, ხანაც სტოკჰოლმში – შვედების ტყვეობაში. იგი არჩილს გადაჰყვა რუსეთში და ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში რუსულ ენასაც დაეუფლებოდა. ყველაზე ახლო მეზობელი გურამიშვილებისა ზებედეს ოჯახია... (თუმცა, ჩემი პირადი ვერსიით, იგი ამავე დროს მათი ახლო ნათესავიცაა, მაგრამ დღეს ამაზე აღარ ვისაუბროთ).
„დავითიანში” არის სტრიქონი: „რუსულად „ხლება” პურს ერქვა, უწინვე გამეგონაო”... ერთადერთი პიროვნება, რომლისგანაც დავითს ამ რუსული სიტყვის გაგონება შეეძლო მხოლოდ ზებედე იყო, სხვა არავინ ჩანს ჰორიზონტზე... და არც ზებედესა და ქრისტეფორეს დაწყვილებაა შემთხვევითი.
– კონსტანტინეს მიერ მათ ელჩებად გაგზავნას გულისხმობთ რუსეთის სამეფო კარზე?
– დიახ. მაგრამ კონსტანტინეს მიერ თბილისის აღებისა და მისი ცუდი იმიჯის გამო, არც მისი ელჩების პიროვნული გამორკვევა ხდება ჯეროვნად, მეცნიერულად. ის კი არა, კურიოზული ვითარებაც კი იქმნება ამ საკითხის გაშუქებისას.
– ისტორია მეცნიერების სერიოზული დარგია, მაგრამ კურიოზების თემაც არაა ხელწამოსაკრავი. მაინც რა კურიოზი გაქვთ მხედველობაში?
– 1724 წლის სექტემბრის ბოლოს, კონსტანტინე ზედაველას ბრძოლაში დამარცხდა თურქებთან „შინათვე ნაღალატევით”. ამის შემდეგ იგი რუსეთში ელჩობას აგზავნის პეტრე დიდთან. ელჩები – ზებედესა და ქრისტეფორეს გარდა კიდევ დავით ბეჟანის ძე, მოსკოვში შეაჩერეს (სამეფო კარი პეტერბურგშია) და ოფიციალურ მიღებას არც უმართავენ – თურქეთის გაბრაზების ეშინიათ. რუსეთმა უკვე კარგა ხანია ცნო თურქეთის უფლებები ქართულ მიწა-წყალზე... მისი გაღიზიანება არ უნდათ და ზეპირად ეუბნებიან დახმარებაზე უარს ელჩ დავითს. თუ კახთა მეფეს ძლიერ ავიწროებენ, რუსეთის იმპერატორი ეკატერინე პირველი მათ ახლად შემოერთებულ კასპიისპირეთის მიწებს სთავაზობს. ეს ამბავი თარჯიმან ლევან ზაალიშვილის დახმარებით გააცნეს დავითს.
– მგონი, მივხვდი, სადაც უნდა გავიცინო – თარჯიმნის ვინაობა ცნობილია, ელჩის კი მხოლოდ სახელი და მამის სახელი.
– რადგან თქვენი გაღიმება მოვახერხე, თქვენის ნებართვით, კიდევ ერთ კურიოზს გავიხსენებ. ვინც გურამიშვილის ბიოგრაფიას იცნობს და ჩემი გვარიც იცის, აუცილებლად დაებადება კითხვა – მართლა იყო თუ არა გურამიშვილი ლამისყანელების სიძე?
– ამაში არაბუნებრივი არაფერია.
– ჰოდა, ერთ-ერთი მკვლევარი ასეთ მოსაზრებებს ავითარებდა: ლამისყანა ორბელიანებს ეკუთვნოდა. შეიძლება, იმ დროს დავითი ან სიძე იყო ორბელიანების, ან სასიძო. ალბათ, უფრო სასიძო, რადგან მას რომ საქართველოში ცოლ-შვილი დარჩენოდა, უმემკვიდრეოდ გადაგებაზე ჯავრი ასე ძლიერ არ შეაწუხებდა. გარდა ამისა, მისი ცოლი და სიმამრი ასეთ უყურადღებობას არ გამოიჩენდნენ, ეცდებოდნენ გამოესყიდათ იგი. ორბელიანებს ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ლეკებთან კონტაქტი დაემყარებინათ და მორიგებოდნენ.
– ამ მსჯელობაში რაციონალური მარცვალი დევს. კურიოზი არ ჩანს.
– საქმე ისაა, რომ ორბელიანები მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში გამოჩნდნენ ლამისყანაში, მაშინ როცა დავითი 1792 წელს გარდაიცვალა მირგოროდში, ღრმად მოხუცებული.
– კონსტანტინეს მოღვაწეობას, როგორც ჩემთვის ცნობილია, ძალზე დადებითად აფასებს ისტორიკოსი – თურქოლოგი მიხეილ სვანიძე. უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით, კონსტანტინე დიდ პიროვნებად მიაჩნია. თურქებმა იგი მუხანათურად მოკლეს.
– ვიცნობ ბატონი მიხეილის შრომებს, ერთგან ფრანგი დიპლომატის, პეისონელის ციტირებასაც ახდენს: „მაჰმად ყული-ხანი დაიღუპა თავისი ასაკის გაფურჩქვნის ხანაში და საფლავამდე მას გაჰყვა რეპუტაცია, როგორც თავისი საგვარეულოს ერთ-ერთი ყველაზე მამაცი უფლისწულისა. მას ჰქონდა ყველა თვისება იმისთვის, რომ გამარჯვება მოეპოვებინა. პატივმოყვარეობა, ნიჭთან ერთად, მას შესაძლებლობას აძლევდა, დიდი გეგმები განეხორციელებინა და მას ჰქონდა ამის უნარი. მაგრამ, ის მათ შეუსრულებელს ტოვებდა თავისი ფიცხი ხასიათის გამო.”