რატომ შეუძლია ქალს მამაკაცზე ადრე სქესობრივი ცხოვრების დაწყება და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი პუბერტატის კრიზისულ ასაკში
თანამედროვეობაში სქესობრივი ცხოვრების დაწყების ასაკად 18-20 წელი ითვლება, თუმცა ჩვენში ნაადრევი ქორწინების გამო, მას უფრო ადრეც იწყებენ. სპეციალისტების აზრით კი, ეს გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და ადამიანის ფსიქო-ფიზიოლოგიური ჯანმრთელობისთვის საზიანოა. თუ რა ასაკში უნდა დაიწყოს ადამიანმა სქესობრივი ცხოვრება და რატომ არის თუნდაც ელემენტარული სექსუალური განათლების აუცილებლობა, ამის შესახებ სექსოლოგი გია ბეროშვილი გვესაუბრება.
გია ბეროშვილი: სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთვის ნორმალურ ასაკად დაახლოებით 18-20 წელია დადგენილი. მანამდე ადამიანი არც ფიზიოლოგიურად არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული, არც ფსიქიკურად. მაგრამ მეორე მხრივ რომ შევხედოთ საკითხს, სქესობივი ცხოვრების დაწყება შეუძლიათ, ცოტა უფრო გვიანაც და ადრეც, მაგალითად – შუა საუკუნეებში 15-16 წლის ასაკში თხოვდებოდნენ. იყო შემთხვევები 13-14 წლის ასაკშიც ქორწინდებოდნენ და შვილებიც უჩნდებოდათ. მაგრამ დიდი იყო მძიმე მშობიარობისა და არასრულფასოვანი ნაყოფის გაჩენის შესაძლებლობა.
– გაცილებით ადრე ქორწინდებოდნენ და შესაბამისად უფრო ადრეც იწყებოდა სქესობრივი მომწიფება?!
– ნამდვილად ვერ ვიტყვით იმას, რომ რუსთაველის ეპოქაში ადამიანების სქესობრივი მომწიფება უფრო ადრე იწყებოდა, ვიდრე დღეს. მაშინაც და დღესაც სქესობრივი მომწიფების ასაკი თითქმის იგივეა. თუმცა, გოგონები ცოტა ადრე იწყებენ სქესობრივ მომწიფებას, ვიდრე ვაჟები. სქესობრივი ცხოვრების დაწყება სქესობრივ მომწიფებამდეც შეუძლიათ, მაგრამ ეს ადამიანის ფსიქო-ფიზიოლოგიური ჯანმრთელობისთვისაა საზიანო. მე აქ მხედველობაში მაქვს რეკომენდებული ასაკი, რომ ადამიანებს სქესობრივი ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე სირთულეები არ შეექმნათ და მათი ინტიმური ურთიერთობა მეტ-ნაკლებად ჰარმონიული იყოს.
სქესობრივი მომწიფება იწყება საშუალოდ 12-13 წლის ასაკში, როცა ვითარდება მეორადი სასქესო ნიშნები – თმიანობა იღლიის ფოსოებსა და გენიტალიების არეში, მკერდის ზრდა, ვაჟებში სასქესო ორგანოს ზომაში ზრდა და სხვა. ზოგიერთ შემთხვევაში, მეორადი სასქესო ნიშნები უფრო ადრეულ ასაკშიც არის გამოხატული, დაახლოებით 9-10 წლის ასაკში. ზოგადად, ეს რეგიონალურ არეალზე დამოკიდებული ფაქტორიცაა. თუ ავიღებთ კავკასიის, აზიის, აფრიკის, ხმელთაშუაზღვისპირეთის არეალს, ვნახავთ, რომ სამხრეთის ქვეყნების მცხოვრებნი უფრო ადრე იწყებენ მომწიფებას ჩრდილოელებთან შედარებით. თუმცა, ეს მათ შემდგომ სექსუალურ ცხოვრებაზე მაინცდამაინც არ მოქმედებს.
– აღმოსავლეთში კულტურული არეალი და ტრადიციებიც სხვანაირია.
– გააჩნია აღმოსავლეთს და აზიას. ერთია არაბული სამყარო, ჩინეთი და ინდოეთი კი სხვაა. არაბულ ქვეყნებში, მაგალითად, ცოლს ქმრის ღალატისთვის საჯაროდ აჭრიან თავს. ოღონდ, მხოლოდ ქალს, მამაკაცი არ ვიცი, ისჯება თუ არა. ქალი საყოველთაო გაკიცხვის საგანი იყო არა მარტო ბნელ აღმოსავლურ ქვეყნებში, არამედ „ცივილიზებულ” საქართველოშიც არის აღწერილი ასეთი შემთხვევები.
– ჩინეთსა და ინდოეთში რომ სექსუალური კულტურის საკმაოდ მაღალი დონე იყო, ამის მაგალითად კამასუტრაც იკმარებს, ალბათ?!
– ზოგადად, სქესობრივი ცხოვრების დაწყების ასაკი ქალებსა და მამაკაცებში დიდად არ განსხვავდება. მაგრამ, რადგანაც ქალი არის დონორი, ანუ მიმღები მამაკაცის სასქესო ორგანოსი, შეუძლია, გაცილებით ადრე ჰყავდეს სექსუალური პარტნიორი, ვიდრე მამაკაცს. მამაკაცს სქესობრივი ცხოვრების დასაწყებად აუცილებლად სჭირდება ერექციის განვითარება, ეს უკანასკნელი კი საკმაოდ რთული ფენომენია. 12-13 წლის ბიჭს, რომელიც ჯერ კიდევ ფსიქიკურად ჩამოუყალიბებელია, რომ მოუყვან მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და აიძულებ, მასთან სქესობრივი კონტაქტის დამყარებას, მას შესაძლოა, ერექცია აღარ განუვითარდეს. ამისთვის საჭიროა, ლტოლვა, სურვილი, ურთიერთმოწონება. თუმცა, ჩვენში ბიჭები უფრო ადრე იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას, ვიდრე გოგონები და როგორც წესი, ამაზე მათი მამები, ბიძები ან უფროსი ძმები ზრუნავენ. კიდევ გეუბნებით, რეკომენდებულია შედარებით გვიანი ასაკი – 18-20 წელი. მანამდე კრიზისული პერიოდი როგორმე უნდა გადალახონ. ამისთვის განტვირთვის სხვა საშუალებებიც არსებობს, მაგალითად, მასტურბაცია.
– მამაკაცისთვისაც მტკივნეულია პირველი აქტი?
– მამაკაცისთვის პირველი სექსუალური აქტი მტკივნეული არ არის, თუ რა თქმა უნდა, რაიმე ანატომიურ პათოლოგიასთან არ გვაქვს საქმე. ქალისგან განსხვავებით, ამაში დაინდო მამაკაცი ბუნებამ (იცინის).
– თქვენ წეღან „თანმხლები პირები” ახსენეთ, მამას მიჰყავს, ბიძასო... ეს ნორმალურია?
– ალტერნატივას ხედავთ სხვას? ვიღაცამ ხომ უნდა წაიყვანოს. უფრო მნიშვნელოვნად ის პრობლემა მესახება, რომ 12-კლასდამთავრებულმა 6 ათასმა ბავშვმა საატესტატო გამოცდების მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა!
მართალია, სექსს არ სჭირდება დიდი ინტელექტი, მაგრამ „აი-ქიუს“ გარკვეულ კოეფიციენტს მაინც მოითხოვს. სექსი არ არის მხოლოდ მექანიკური მოძრაობების ერთობლიობა. სექსუალურ კონტაქტს თავისი ფაზები აქვს – პრელუდია, ერექცია, ლუბრიკაცია, მერე უშუალოდ აქტი, ორგაზმი და რეფრაქტერული ფაზა, ანუ ბევრი კომპონენტისგან შედგება, მოკლედ, ისე არ არის, რომ მხოლოდ ჟინი დაიკმაყოფილონ. მერე ერთმანეთს ზურგი შეაქციონ და ამოუშვან ხვრინვა (იცინის).
ამიტომაც ვამბობ, რომ სექსუალური და ზოგადად, ყველანაირი აღზრდის საკითხების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ სკოლაში სახელმძღვანელოებს არ შევიტანთ, მშობლებისთვის მაინც საჭიროა, ჩატარდეს შესაბამისი ტრენინგები – როგორ მიაწოდონ საკუთარ შვილებს სექსუალური აღზრდის საკითხები დელიკატურად. ჩვენ გვინდა თუ არა, ვიბადებით გარკვეული სექსუალობით და ამას სჭირდება განვითარება. მე არ ვამბობ, რომ 5 წლის ბავშვს უნდა ვასწავლოთ სექსის ტექნიკა და სასქესო ორგანოების ანატომია, მაგრამ უნდა ავუხსნათ, რომ წეროს არ მოჰყავს ბავშვები.
– ჩემი აზრით, ქართველ მშობელს ასეთ სემინარსა და ტრენინგზე დასწრება გაუჭირდება.
– არა, რატომ უნდა გაუჭირდეს? ვინ არის წინააღმდეგი, რომ მათ ან მათ შვილს რამე ასწავლონ – აქ საუბარია სექსუალობის ფსიქოჰიგიენაზე, სქესობრივი მომწიფების ასაკზე ზოგადად და ასე შემდეგ. ჯობია, ასე მიიღოს მოზარდმა განათლება, კომპეტენტური სპეციალისტისგან და არა არაფრისმომცემი სამხრეთამერიკული სერიალებიდან, ან ვულგარული პორნოფილმებიდან. იგივე ეთნოკულტურული განსხვავებები – მაგალითად, ახლო ნათესავებს, ბიძაშვილებს შორის ქორწინება, რომელსაც უშვებს კათოლიციზმი. არა, ინცესტურ კავშირებს მთლად ამას ვერ დავარქმევთ, ეს იყო და არის ახლაც, მაგრამ, გარკვეულწილად, წაქეზების მომენტიც ხომ ახლავს საპნის ოპერებს?
– პატარა ასაკში ჰომოსექსუალური კავშირები თუ არის ხშირი?
– ეს უფრო ძალადობასთანაა დაკავშირებული. ნორმალური, ჰეტეროსექსუალი ადამიანის გადაქცევა ჰომოსექსუალად შეუძლებელია, რადგან ეს მისი ორიენტაცია არ არის.
– ხშირად არის, რომ ნორმალურ ჰეტეროსექსუალ ადამიანსაც უჩნდება საკუთარი სქესის მიმართ ლტოლვა?
– მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჰეტეროსექსუალი ადამიანების უმრავლესობას გაცნობიერებული აქვს ჰომოსექსუალური კონტაქტები, ანუ ამაზე უფიქრია. მაგრამ, ფიქრი ქმედებას არ გულისხმობს. არიან კიდევ ბისექსუალები, რომლებიც მამაკაცთანაც და ქალთანაც ერთნაირად კარგად გრძნობენ თავს. არც ეს არ მიიჩნევა პათოლოგიად მედიცინაში.
– კი მაგრამ, ლესბოსურ კავშირებში ხომ კოიტუსი არ იგულისხმება და ეს როგორ ითვლება სქესობრივ ცხოვრებად?
– კოიტუსი – ანუ უშუალოდ აქტი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ლესბოსელებს შორის, მაგრამ აქ სექსუალური დაკმაყოფილება მიიღწევა სექსუალური ტექნიკის სხვანაირი ხერხებით. ბოლოს და ბოლოს არსებობს მამაკაცის სასქესო ორგანოს იმიტატორები, ვიბრატორები. ამას იყენებენ.
– როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუკი მას ჭარბი ლიბიდო აქვს?
– მიმართოს ექიმს. არის ჭაბუკური ჰიპერსექსუალიზმის პერიოდი – როცა ჰორმონალური ფონი ყალიბდება, ტესტოსტერონის რაოდენობა მაღალია, შესაბამისად, მაღალია სქესობრივი აქტების სიხშირე და პარტნიორების ცვლა. ეს პერიოდი გადის და გადადის ნორმალურ ფიზიოლოგიურ რიტმში, ასე ხდება 90 პროცენტში.
სხვათა შორის, მამაკაცს მოზღვავებული ენერგია წარმატებით შეუძლია, დახარჯოს სპორტში ან ფიზიკურ თუ სხვა სახის აქტივობაში. მამაკაცს ყოველდღე, დღე-ღამეში 5, 10 და მეტი სქესობრივი აქტი თუ ექნება, მაშინ მას აღარაფრისთვის დარჩება დრო და ენერგია. ასე რომ, ვურჩევ მათ, რომ სექსის გარდა, კიდევ ბევრი საინტერესო რამ არსებობს!
ჰიპერსექსუალიზმი ახასიათებს ფსიქიკურ დაავადებებსაც. თუმცა შეიძლება ეს ჯანმრთელ ადამიანებშიც შეგვხვდეს. ჰიპერსექსუალიზმი არ გულისხმობს, აუცილებლად სქესობრივი აქტის მრავალჯერადობას. შესაძლებელია, ეს გამოხატული იყოს თვითდაკმაყოფილებითაც.
– მნიშვნელოვანია თუ არა, ვინ იქნება პარტნიორი პირველი სქესობრივი აქტისას?
– რასაკვირველია, მნიშვნელოვანია. სასურველია ახალგაზრდა ვაჟმა ეს მიიღოს გამოცდილ პარტნიორთან. ასევე, სამედიცინო თვალსაზრისით უკეთესია, თუ ქალიშვილს გათხოვებისას, ეყოლება გამოცდილი მეუღლე. ამით ნაკლები რისკია პირველი ღამის პრობლემებისა და სექსუალური ფსიქოტრავმებისა.
– ანუ მეძავობის ინსტიტუტი ძალიან საჭირო რამ ყოფილა.
– რას ამბობთ, უძველესი პროფესიაა (იცინის). ეს რთული თემაა და სამედიცინო სექსოლოგია მხოლოდ ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენი კულტურიდან გამომდინარე, არ არის პოზიტივად მიჩნეული, როდესაც ქალს აქვს გამოცდილება. ამიტომ სასურველია, ვიდრე დაქორწინდებოდნენ, ბიჭს მაინც ჰქონდეს სათანადო სექსუალური გამოცდილება. არის მამაკაცების გარკვეული კატეგორია, რომელიც თავს არიდებს სქესობრივ კავშირებს მანამდე, ვიდრე არ შეუყვარდება, მაგრამ ასეთი კონტინგენტი ძალიან მცირეა.