რატომ არ ნანობს ანუკა ქებურია თექვსმეტი წლის ასაკში გათხოვებას და ვისი მოტყუება არ უცდია მას
დიზაინერ ანუკა ქებურიას გარშემო არასდროს არ ყოფილა სკანდალები და ჭორები. მისი პირადი ცხოვრების შესახებ ის არის ცნობილი, რომ სახელოვანი, უნიჭიერესი ბაბუები ჰყავდა. თუმცა ანუკას ცხოვრება საინტერესო მხოლოდ ამ მხრივ არ არის, დიზაინერს დატვირთული და სავსე პირადი ცხოვრება, უსაყვარლესი შვილი და გრანდიოზული გეგმები აქვს.
ანუკა ქებურია: გავიზარდე არაჩვეულებრივ გარემოში, ზღაპრული ბავშვობა მქონდა დედაჩემის და მამაჩემისგან გამომდინარე. საოცარი მშობლები მყავს, რომლებიც, ძალიან საინტერესო პიროვნებები არიან – საუკეთესო დედა და მამა, ნიჭიერი ადამიანები, საინტერესო ბიოგრაფიებით. ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში, უდიდესი წვლილი აქვთ მათ შეტანილი.
– ისინიც დაშორდნენ ერთმანეთს არა?
– ისინი ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როცა გავთხოვდი. ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, უკვე დაშორებულები იყვნენ, მაგრამ არ უნდოდათ მე მტკენოდა გული და დაშორებას ოფიციალურ სახეს არ აძლევდნენ. ჩემს მეუღლესთან რომ გადავედი სახლში, ანუ დამაბინავეს, მერე დაშორდნენ ერთმანეთს (იცინის). არასდროს მიგრძნია, სიმართლე გითხრათ, მათ შორის თუ ამ დონეზე იყო ურთიერთობა გაციებული. დღემდე გადასარევი ურთიერთობა აქვთ, მეგობრობენ და დისკომფორტი იმის გამო, რომ ჩხუბობდნენ ან რაღაც ასეთი, არ მიგრძნია. არც ერთხელ არ მითქვამს მათთვის, რაღა დროს დაშორებაა, ან რამე მაგდაგვარი. პირიქით, მომხრე ვიყავი, რომ, თუ ცალ-ცალკე უფრო ბედნიერები იქნებოდნენ, დაშორებოდნენ ერთმანეთს. თუ ადამიანებს გრძნობა აღარ აქვთ ერთმანეთის მიმართ, ჯობია, დაშორდნენ და ისე იყვნენ კარგად, ვიდრე ერთად და ცუდად. სტატუსის გამო, ფორმალური ურთიერთობა ჩემთვის სრულიად გაუგებარია. სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოში ძალიან ბევრი ყალბი ოჯახია.
– ბავშვისთვის ეს ცოტა გაუგებარია.
– მე იმ ასაკში ვიყავი, რომ ნორმალურად გავიგე ეს ყველაფერი. მაგრამ, მერე თვითონაც მომიწია გაშორება და ისევ ჩემი მშობლებისგან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდი სიფრთხილით, ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე. საშინლად ვინერვიულე და მინდოდა, ყველაფერი ისე გამეკეთებინა, ნატუკას გული არ სტკენოდა, რაიმე ტრავმა არ დარჩენოდა. უცებ, ავდექი და გავშორდი – ასე არ მოვქცეულვარ. მრავალი წლის განმავლობაში ცივდებოდა ურთიერთობა, ვხვდებოდი, რომ სხვადასხვა ენაზე ვიწყებდით ლაპარაკს და ამ გადაწყვეტილებამდე სხვადასხვა ეტაპის გავლის შემდეგ მივედი.
– გამოცდილებიდან გამომდინარე, არ გიფიქრია, რომ შენი სურვილები ცოტა მიგეჩქმალა და ბავშვის სურვილისა და ინტერესების მიხედვით გეცხოვრა?
– არასდროს დამიყენებია ჩემი ინტერესები ჩემი შვილის ინტერესების წინ. ჩემთვის, უპირველესი ყოველთვის ნატუკაა. უმთავრესია, რომ ის იყოს მოვლილი, გამოკვებილი, ნასწავლი. მე თვითონ უნდა წავიყვანო სკოლაში, ვამეცადინო, ვაჭამო, მოვაწესრიგო და რა დროც დამრჩება, მერე ვფიქრობ უკვე პირად რაღაცეებზე. ნატუკას დროის ხარჯზე არასდროს არაფერს ვაკეთებ. რაც შეეხება გაშორებას, ისევ ნატუკადან გამომდინარე მივხვდი, რომ ჯობია, ის გაიზარდოს ჯანსაღ ურთიერთობებში – დედა ცალკე იყოს ბედნიერი, ლაღი, ასევე – მამაც, ვიდრე ერთად და სიყალბეში. შეიძლება არც იჩხუბო. ისე დავშორდით, არასდროს მიჩხუბია ყოფილ მეუღლესთან, მით უმეტეს, ნატუკას წინაშე. მაგრამ, მაინც, რაც არ უნდა დამალო, ბავშვს ვერ მოატყუებ, ძალიან გონივრები და მგრძნობიარენი არიან. ინტუიციით მაინც ხვდებიან, რაღაც ისე რომ ვერ არის. ის, რომ ნატუკა ტყუილში გაზრდილიყო და ეს ტყუილი მისთვის ნორმა ყოფილიყო, ამას მერჩივნა, ცალ-ცალკე და ჯანსაღ ურთიერთობებში ვყოფილიყავით. თან, ასაკსაც ხომ გააჩნია. როდესაც სამოცი წლის ან უფრო დიდი ხარ, შეიძლება, გარკვეული ნაბიჯები არ გადადგა, შეეგუო იმას, რაც არ მოგწონს და საკუთარ სურვილებზე უარი თქვა, რაღაც უფრო მნიშვნელოვანის გამო. მაგრამ, ოცდაექვსი წლის ასაკში, ნატუკაც ფიქრობდა, რომ ერჩივნა, დედა ბედნიერი ყოფილიყო. არ მიმაჩნია, რომ გათხოვებაშია ბედნიერება. სულ ვამბობ იმას, რომ ქალისთვის შვილი, ოჯახი, ყველაზე მნიშვნელოვანია. კარიერია, ყველაფერი კარგია, წარმატებაც მაქვს ჩემს საქმეში, მაგრამ ოჯახი მაინც პირველი მგონია. თუმცა, თუ ამ ოჯახში კარგად არ ხარ, უნდა წახვიდე.
– არასდროს გვიჩხუბიაო და რატომ დაშორდით?
– ნატუკას მამა, ირაკლი, არაჩვეულებრივი ადამიანია. ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ, სკოლიდან ერთად მოვდივართ, საერთო წრე გვყავდა. ძალიან მიყვარს როგორც მეგობარი და მინდა, ბედნიერი იყოს. მაგრამ, მეგობრობა სხვაა და ცოლქმრული ურთიერთობა კიდევ სხვა. ცამეტი, თხუთმეტი და მერე ოცდაექვსი წლის ასაკში, სულ სხვადასხვა რაღაც გინდა ცხოვრებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მე და ირაკლი ერთად გავიზარდეთ, აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის ადამიანებად ჩამოვყალიბდით. თან, ისე, რომ საერთო ძალიან ცოტა გვქონდა. „ადნალუბი” ვარ, საშინლად ერთგული და თან მაქსიმალისტი. მინდა, ყველაფერი ან არაფერი და იგივეა, სიყვარულშიც, თუ მიყვარს, მიყვარს ძალიან და თავიდან ბოლომდე. გაბზარულ და შეწებებულ ურთიერთობებში, ცხოვრება ჩემთვის ტანჯვა იქნებოდა.
– სხვადასხვანაირად განვვითარდითო ახსენე. სად აცდით ერთმანეთს, როდის შეწყდა დიალოგი?
– ვერ ვიტყვი იმას, რომ ირაკლი იყო ცუდი ქმარი, ან მე ცუდი – ცოლი. რაღაც თავისთავად, ეტაპობრივად მოხდა ის, რომ ერთმანეთთან საერთო ძალიან ცოტა დაგვრჩა. მთავარი ის არ არის, რომ ქმარი სამსახურიდან სახლში დროზე მოვიდეს, მთავარია, ერთ ენაზე ლაპარაკობდეთ, რაც ძალიან იშვიათია. როგორც კი მივხვდი, რომ დიალოგი შეწყდა, დავშორდით ერთმანეთს. ეს მოხდა დაქორწინებიდან ათი წლის შემდეგ.
– პატარა გათხოვდი არა?
– თექვსმეტი წლის. ჩვიდმეტისას უკვე ნატუკა მყავდა. ოცდაექვსი წლის ასაკში გავშორდი. ისეთი ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ყველა სიტუაციაში ოპტიმისტად რჩება. რაღაც საქციელზე რომ ვინანო და ამის გამო დეპრესიაში ჩავვარდე, არ არსებობს. უშეცდომო ადამიანი არ არის, მაგრამ ამ ნაბიჯს შეცდომად არ მივიჩნევ. ნატუკას ფაქტორი საერთოდ რომ გამოვრიცხოთ, მაინც არ ვნანობ. როდესაც ცოლად გავყევი, უბედნიერესი ვიყავი, მომწონდა ეს ყველაფერი და მიხაროდა. როცა მივხვდი, რომ აღარ ვარ ბედნიერი, დავშორდი. არ დამიტანჯავს თავი ამის გამო.
– დედამ და მამამ შექმნეს მეორე ოჯახი?
– დედამ კი. ლიტველი მეუღლე ჰყავს, რომელიც მე და ნატუკას ძალიან გვიყვარს. ის თბილისში მუშაობდა, აქ გაიცნეს ერთმანეთი. შვიდი წლის წინ გათხოვდა დედა, უკვე შვილიშვილი ჰყავდა. ძალიან გამიხარდა, რომ გათხოვდა. ბედნიერია და ძალიან უყვართ ერთმანეთი. ის, რომ ორმოცდაშვიდი წლის ასაკში შეგხვდება ადამიანი, რომელიც ასე შეგიყვარდება და ასე ბედნიერს გაგხდის, სასწაულია. ეს, ალბათ, ყველა ქალისთვის ძალიან დიდი სტიმულია.
– არც ერთხელ არ გითქვამს – კარგი რა, დედა, რაღა დროს ესაა?
– არასდროს. არ მიმაჩნდა, რომ ის დედა და ბებიაა მხოლოდ და მისი პირადი ბედნიერება, იმიტომ რომ ბებია გახდა, უნდა დამთავრებულიყო. არაჩვეულებრივად გამოიყურება, ძალიან ლამაზია და ნებისმიერ ასაკში ის ჯერ არის ქალი! მერე დედა და ბებია. ძალიან მიყვარს ალგისი და მიხარია, რომ ოჯახში ასეთი გადასარევი წევრი შემოგვემატა.
– მამას?
– მამა აღარ დაოჯახებულა. თავის დროზე, დედამდე, ბევრი ცოლი ჰყავდა და ეყოფა (იცინის), ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. მყავს უფროსი და, სოფო და ორი უსაყვარლესი დისშვილი. ძალიან მინდა, რომ მამამაც ცოლი მოიყვანოს, იპოვოს თავისი ბედნიერება. წლებთან ერთად, შვილებს თავისი ცხოვრება, პრობლემები, საქმე, ოჯახი აქვთ. სულ განვიცდი იმას, რომ არ მაქვს იმდენი დრო, ყოველდღიურად უფრო მეტხანს ვიყო მშობლებთან. მინდა, საღამოს ტელევიზორთან რომ დაჯდება, გვერდით მოსიყვარულე ადამიანი ჰყავდეს.
– შენმა ყოფილმა მეუღლემ ცოლი მოიყვანა, ამაზე ოდნავ მაინც არ გიეჭვიანია?
– არა, რატომ?! პირიქით, ძალიან გამიხარდა, მგონი უკვე გაიზარდა და მზად არის დასაოჯახებლად (იცინის).
– შენ თუ ხარ მზად ახალი სიყვარულისთვის?
– საერთოდ ძალიან მიყვარს თავად ეს გრძნობა – ყველაზე ლამაზი, ლაღი და მსუბუქი. გამიმართლა იმაში, რომ ასეთი არაჩვეულებრივი შვილი, მშობლები, ოჯახი, საქმე მაქვს. ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და თან, ამისგან შედეგსაც ვიღებ. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, ამაზე საუბარი, განხილვა საზოგადოებრივი მასშტაბით, არ მიყვარს. ზოგადად, სიყვარული ყველა ქალისთვის აუცილებელია... იმისთვის, რომ იყოს ბედნიერი. არ ვარ თექვსმეტი წლის, არ ვარ მარტო, მყავს ნატუკა. ჩემთვის ზერელე, მარტივი ურთიერთობები არ არის საინტერესო, უფრო ღრმა ურთიერთობებია მისაღები. მაქვს ჩემი ფასეულობები და ღირებულებები, რაც ახლა აღარ არის მოდაში.
– თვისებები ახსენე, რა არის ეს თვისებები?
– კაცი უნდა იყოს, რაც ასე ელემენტარული და ძალიან იშვიათია.