საიდან „გამოაქცია” ნაზი არონია ცხოვრების მკათათვემ და როგორ გაჩნდა მის ოჯახში ორი „თავდადებული“
სამი წელია, რაც ნაზი არონია საქართველოს პარლამენტის წევრი აღარაა, თუმცა ქართულ საზოგადოებას ეს აქტიური და მომხიბვლელი ქალბატონი კარგად ახსოვს. მისი შრომის წიგნაკი, ძალიან მრავალფეროვანია და მასში დიპლომატის რანგში გატარებული ერთი წელიც მოხვდა, რომელიც ნაზი არონიასთვის ცხოვრების განსხვავებული ეტაპი იყო. გზა რუმინეთსა და საქართველოს შორის დიდ ემოციებსა და ნოსტალგიაზე გადიოდა. ამიტომაც, შორს დიდხანს ვერ გაძლო და უკან დაბრუნდა. ახლა ქუთაისში „გადაბარგებული” ექსდეპუტატი იმით ცხოვრობს, რაც ის ერთი წელი აკლდა – მშობლიური, ნაცნობი „მარშრუტი” და ადამიანური ურთიერთობები, რომელთა გარეშეც ყველაზე ძალიან უჭირს.
– ქალბატონო ნაზი, ამ ბოლო დროს აქტიურად აღარ ჩანხართ, რუმინეთში დიპლომატიური მისიის შემდეგ, რას საქმიანობთ?
– შეიძლება, აქტიურად არ ვჩანვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აქტიური არ ვარ და ცხოვრებას პასიური რეჟიმით ვაგრძელებ. ეს ჩემს ხასიათში არაა, ახალგაზრდობიდან მოყოლებული ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს ერთი დღეც კი, ერთად ბევრი რამ არ მეკეთებინოს და დატვირთული არ ვყოფილიყავი. ასეთ ცხოვრებას ისე მივეჩვიე, რუმინეთშიც კი ვერ გავძელი (იცინის). იქ ეს ძალიან მაკლდა. მე არ შემიძლია ცხოვრება ყოველდღიური ფუსფუსის, ადამიანებთან ურთიერთობების გარეშე. შინაგანად ძალიან თავისუფალი ვარ და დიპლომატის ჩარჩოებში მოქცეული ცხოვრება, ჩემთვის რთული გამოდგა. გარდა ამისა რუმინეთში ვიყავი მარტო, ჩემი ოჯახის წევრები საქართველოში იყვნენ. აქ ყველა თავისი საქმით არის დაკავებული, მე ხომ ვერ გამომყვებოდნენ თან, რატომ უნდა შემეცვალა მათი ცხოვრების წესი? რუმინეთში ერთი წელი დავყავი და მივხვდი, ჩემს ქვეყანაში უნდა დავბრუნებულიყავი. თუმცა იმ პერიოდმა ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება გამიჩინა ემიგრაციაში მყოფი ქართველების მიმართ. რაც არ უნდა უზრუნველყოფილი იყო სხვაგან, როგორი კომფორტიც არ უნდა გქონდეს, შენი მიწისა და ჰაერის სურნელს მართლა არაფერი ცვლის. შეიძლება, ოდესმე სადმე გავძლო ისე, რომ თვეში ერთხელ მაინც არ ჩავირბინო ჩემს ზუგდიდში? ხანდახან ქუჩაში უცნობი ადამიანები მაჩერებენ და მეუბნებიან: თქვენ ხომ ნაზი არონია ხართ, იცით, თქვენ მე გამასამართლეთ. უი, უცებ გული შემიწუხდება, ვაიმე ბევრი ხომ არ მივუსაჯე-მეთქი, გავიფიქრებ ხოლმე. მაგრამ, ის ზუსტად ვიცი, რომ უსამართლოდ არ მოვექცეოდი. ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველას ვცნობ. ადამიანის ბედს რომ გადაწყვეტ და მერე ის დაგავიწყდეს, შეუძლებელია. ყველა მახსოვს, ვინც კი გამისამართლებია, რადგან ყველა მათგანზე ერთი ღამე მაინც ხომ მაქვს ფიქრსა და ნერვიულობაში გათენებული. ახლა მე ჩემი ცხოვრების მკათათვე მიდგას. ეს მკათათვე შენიანებთან ერთად უნდა გაატარო. მიკვირს მათი, ვინც ამბობენ, ზედმეტმა ყურადღებამ დაგვღალაო, ეს მეტიჩრობაა. როგორ შეიძლება, დამღალოს იმან, როცა ქუჩაში მივდივარ და ადამიანები თბილად მკითხულობენ? როცა ზურგს უკან ჩემთვის უცნობი ადამიანების ჩურჩულით ნათქვამი მესმის: ეს ნაზი არონიაა. ხომ ნიშნავს, რომ ტყუილად არ მიცხოვრია, რაღაც მიკეთებია, რაღაც დავთესე და ახლა ვიმკი...
– თქვენი შრომითი ბიოგრაფია ძალიან მრავალფეროვანია. რომელი იყო ამ სამსახურებს შორის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
– სადაც არ უნდა წავიდე, რა სამსახურშიც არ უნდა ვიყო, ჩემს ბიოგრაფიაში ყველაზე დიდი თანამდებობა მოსამართლეობაა. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ადამიანებს ორი მსაჯული ჰყავთ – ზეცაში ღმერთი, დედამიწაზე კი მოსამართლე, რომელსაც აქვს უფლება განსაჯოს ადამიანის ქმედება. მე საკმაოდ ახალგაზრდა, 28 წლის ასაკში გავხდი მოსამართლე და ძალიან მეამაყება, რომ 14 წელი ვემსახურე ჩემს საყვარელ საქმეს, თანაც, სამეგრელოში, სადაც დიდი და რადიკალური ემოციები ჩვეულებრივი რამ არის. ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა დიპლომატიურმა საქმიანობამ. მე ვიცი, რას ნიშნავს ხედავდე შენს ქვეყანას გარედან. ეს სულ სხვა რამაა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პარლამენტში გატარებული პერიოდი. მე სულ ვამბობ, რომ ადამიანი პარლამენტში უნდა მიდიოდეს პროფესიული ნიშნით. მას ჯერ სიტყვა უნდა ეთქმოდეს თავის პროფესიაში, რომ პოლიტიკაშიც შეძლოს წარმატების მიღწევა. ზოგიერთს პოლიტიკა კარგი თამაში ჰგონია. რა თქმა უნდა, პოლიტიკა არის თამაში და როგორც ჭადრაკში, პოლიტიკაშიც საჭიროა სწორი სვლები, მაგრამ მე არ მწამს იმ პოლიტიკოსების, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკური თამაშის წესებს იცავენ და პროფესიონალიზმს ივიწყებენ. ჩვენი პარლამენტი ძალიან საინტერესო შემადგენლობით გამოირჩეოდა. მე დღევანდელ პარლამენტს შეურაცხყოფას ნამდვილად არ ვაყენებ, მაგრამ ჩვენს პარლამენტში იყო ძალიან მძაფრი დებატები თემებზე, რომელიც ამ ქვეყნისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პარლამენტში გატარებული წლები იმ გამოცდილების გამოცდაა, რითიც მე პარლამენტში მივედი და მგონი, ეს გამოცდა ცუდად არ ჩავაბარე (იცინის). არ შემიძლია, განსაკუთრებულად არ აღვნიშნო ჩემი დღევანდელი სამსახური კონტროლის პალატაში. როცა დრო გავა, მე დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ჩემი ცხოვრების ერთი ლამაზი ფურცელი, არა მხოლოდ იმ მნიშვნელოვანი საქმეების გამო, რასაც დღეს კონტროლის პალატა აკეთებს და ჩვენი საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს, ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა ურთიერთობა მქონდეს კარგ, განათლებულ, წარმატებულ ახალგაზრდებთან, რომლითაც დღეს ეს კოლექტივია დაკომპლექტებული. საოცრად მიკვირს, ჩემი ხელმძღვანელისა და მეგობრის, ლევან ბეჟაშვილის ნიჭი, როგორ შეუძლია შეარჩიოს ასეთი პროფესიონალები, რომლებიც ხანგრძლივი და მრავალსაფეხურიანი ტესტირებების შემდეგ ხვდებიან კონტროლის პალატაში. მე ლევანთან საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს პარლამენტიდან, მაშინ ჩვენ კოლეგები ვიყავით, მაგრამ ახლა, როცა მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მიწევს მუშაობა, მასში საოცარი თვისებები აღმოვაჩინე. ლევანი საოცრად გაწონასწორებული, კეთილსინდისიერი და უაღრესად განათლებული ადამიანია, არასდროს კეკლუცობს საზოგადოების წინაშე და ჩუმად აკეთებს საქმეს, რომელიც ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანის გვერდით მიწევს მუშაობა.
– ქუთაისში „გადაბარგება” ხომ არ გაგიჭირდათ?
– ქუთაისი არის სუფთა ქართული მენტალობის ქალაქი. ძალიან მწყდება გული, რომ ბევრი ამ ქალაქს „გავლით” იცნობს. ქუთაისი კი დიდი კულტურის ქალაქია. პირველად ამ ქალაქში დაიდგა ქართული ოპერა, პირველად აქ არსებობდა თეატრალური დასი, მუსიკალური ხელოვნება. პირველი გიმნაზიის სტენდზე ისეთი გვარ-სახელები წერია, ვისაც იქ უსწავლია, მოწიწების საოცარი განცდა დაგეუფლება. მე ძალიან მიხარია, რომ სახელმწიფომ აიღო კურსი, რომლითაც ქუთაისი უფრო მეტად გაცოცხლდება, დაუბრუნდება ის მნიშვნელობა, რაც ყოველთვის ჰქონდა. როცა მშენებლობა დასრულდება, საოცარად ლამაზი გამოვა ის ახალი რაიონი, სადაც პარლამენტი, მთავრობის სახლი, კონტროლის პალატა და იუსტიციის სახლი იქნება. საქართველო გეოგრაფიულად არც ისეთი დიდია, თბილისელს ქუთაისში სამუშაოდ წასვლა ტრაგედიად მიაჩნდეს. ევროპაში სამსახურიდან სახლამდე 80-კილომეტრიანი მანძილი ჩვეულებრივი რამ არის. მართალია, იქ სწრაფი მატარებლებით მოძრაობენ, მაგრამ ჩვენთანაც უკვე იმდენი რამ კეთდება, არც ეს იქნება მომავალში პრობლემა. ყველაფერი ერთად სად აშენებულა, რომ ეს ჩვენთან მოხდეს? მე ძალიან მიხარია, რომ ჩემს „გეოგრაფიულ ბიოგრაფიაში” გაჩნდა ახალი მისამართი – ქუთაისი. ბოლო პერიოდში ერთი საცხოვრებელი ადგილი აღარ მაქვს და ერთი ცნობილი სიმღერის პერიფრაზის მიხედვით, ჩემი მისამართი საქართველოა (იცინის). ამას წინათ, რაღაც გამოვიწერე, კვირაში ხუთი დღე ქუთაისში ვარ და მივუთითე, რომ ის ნივთი ქუთაისში მოეტანათ. ერთ დღესაც, როცა დამირეკეს, ვუთხარი, თბილისში ვარ-მეთქი; მეორედ დამირეკეს, ზუგდიდში აღმოვჩნდი; გადავრიე ხალხი. ახლა ჩემი მარშრუტი თბილისი-ზუგდიდი-ქუთაისია, მაგრამ ეს მე არ მღლის. ქუთაისში უკვე მყავს ბევრი კარგი მეგობარი. მათ შორის პოეტი ელისო ქაროსანიძეცაა. ამ წრეში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. პარასკევს მივდივარ ჩემს მშობლიურ ზუგდიდში, სადაც ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, ვატარებ შაბათ-კვირას. ბოლო პერიოდში, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მე და ჩემს მეუღლეს ცალ-ცალკე გვიწევდა ცხოვრება. მას, მგონი, ყველაზე მეტად გაუხარდა ჩემი გადასვლა ქუთაისში, როგორც იქნა „დამიბრუნა” წლების შემდეგ (იცინის). ძალიან ხშირად მოვრბივარ თბილისში, ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან. ჩემი შვილები ნიკა და მარიამ საჯაიები იურისტები არიან, ნიკა მუშაობს აღსრულების ეროვნულ ბიუროში და სიამაყით ვიტყვი, რომ კარგი იურისტია. შესაბამისად, დამსახურებულად, კარგი ავტორიტეტითაც სარგებლობს. მარიამი მესამე კურსზე სწავლობს. ჩემი აზრით, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ უმაღლეს სასწავლებელში, კავკასიის უნივერსიტეტში, მარიამიც მომავალი ჩემი კოლეგაა. აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, ადამიანის უფლებების დაცვის განხრით. მისი ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დეასთან“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან” ერთად, უკვე დააფინანსა ევროკავშირმა. ვფიქრობ, მარიამი ახალი თაობის იურისტების ღირსეული წარმომადგენელი იქნება. მყავს არაჩვეულებრივი რძალი, რომელმაც ორი ვაჟკაცი აჩუქა ჩვენს დიდ და ტრადიციულ ოჯახს.
– ამ დიდ ოჯახს თქვენ უძღვებით, ამისთვის იცლით?
– კი, და ყოველთვის ყველაფერს ვასწრებ. ჩემი ხელი ოჯახის არც ერთ წევრს არ აკლია (იცინის). როცა მოსამართლე ვიყავი, მრავალბინიან კორპუსში ვცხოვრობდით. ჩემი მეზობელი, თურმე გაკვირვებული ყვებოდა სკოლაში: ნაზი არონია ყოველ დილით კიბეებს რეცხავსო. მე არ ვარ „ბელარუჩკა”, ყველაფერი გამომდის. იმის მიუხედავად, რომ ვმუშაობ, ვზრდი სამ ვაჟკაცს – დემეტრე, ცოტნე საჯაიებს, რომლებსაც სახელებიდან გამომდინარე, თავდადებულებს ვეძახი და მყავს ერთი მერაბი, ბუკა, სამარგულიანი, ჩემი ქალიშვილის შვილი, რომელიც ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ როგორც ნაღდი მეგრელი, უკვე ღომის ჭამას სწავლობს (იცინის). ბებიობა ახლა კი ძალიან შევიფერე, თუმცა თავიდან ბევრი ვიფიქრე, ეს როლი როგორ მომერგო. ბებია ვიცოდი ის, „იმერულ ესკიზებში” თავწაკრული და მოხუცი, რომელსაც მე ნამდვილად არ ვგავდი, თუნდაც, ჩემი ქვედაბოლოს სიგრძის გათვალისწინებით (იცინის). ბევრი ვიფიქრე, ბებია რითი შემეცვალა. რა აღარ მოვიფიქრე – ბებე, ბუბუ, ბიბი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ერთ დღეს დედაჩემი სასაფლაოზე წავიყვანე, დედამ მითხრა: ეს ღვინო დადის საფლავზე დაასხიო. ვაიმე, რა კარგია-მეთქი, ვიკივლე, ისე მომეწონა „დადი”, რაც მეგრულად ბებიას ნიშნავს. მოკლედ, ასე გავხდი დადი, თუმცა ეს ჩემი ექსკლუზივია და ჩემს საახლობლოში მისი გამოყენების უფლება არავის აქვს (იცინის).