ვინ „ემუქრება” მამუკა გამყრელიძეს ჩინეთში წასვლამდე და რატომ ვერ თქვა მან უარი ელჩის მისიაზე
მომავალი ოთხი წელი, დიდ ჩინეთში საქართველოს ღირსებას და ინტერესებს „ვის უნდა 20 ათასის” უკვე ყოფილი წამყვანი – მამუკა გამყრელიძე დაიცავს. მისი დიპლომატიური მისია ძალიან მოულოდნელად დაიწყო. თუმცა, სამზადისს უკვე შეუდგა და იმ პროტოკოლური ეტიკეტების შესწავლაც დაიწყო, რაც აქამდე მისთვის მართლა ჩინური იყო. რისკს შეჩვეულ მამუკა გამყრელიძეს, რომელიც საქმიან „პროფილს” ხშირად იცვლის, ეს მისია დიდად არ „აფრთხობს” – არა მხოლოდ ჩინეთში, ვიეტნამსა და მონღოლეთშიც იმ გამოცდილების იმედად მიდის, რაც ცხოვრებამ დაუგროვა. როგორც ჩანს, პოპულარულ ექსტელესახეს, რომელმაც ბიზნესშიც წარმატებით გამოსცადა საკუთარი ძალები, ეს ყოველთვის ზუსტ დროს ადგება..
– ბატონო მამუკა, ჩინეთში ელჩად დანიშვნას გილოცავთ. როგორ მოხვდით ამ ამბებში – ამაზეა ნათქვამი, საიდან სადაო.
– როგორც შევატყვე, ამ ამბავმა, მსუბუქად რომ ვთქვათ, დიდი გაკვირვება გამოიწვია თბილისში. თუმცა, მეც არ მესმის, რატომ მოხდა ასე. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ, რადგან ასე გადაწყდა, ეტყობა, ასე იყო საჭირო. ამასთან დაკავშირებით, მე ჩემი ახსნა მაქვს – მილიონების პატრონი არ გახლავართ, მაგრამ საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ბიზნესში, ჩინეთთან კი მაქსიმალურად აქტიური ეკონომიკური კავშირების დამყარებაა საჭირო. ამას გარდა, ძალიან კომუნიკაბელური ვარ და ალბათ, ამანაც განაპირობა ეს გადაწყვეტილება. სიმართლე გითხრათ, როცა ამ გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვე, ცოტა არ იყოს, შემეშინდა. თუმცა, მშიშარა ადამიანი ნამდვილად არ ვარ, პირიქით, მიყვარს სიახლეები და ექსპერიმენტები. ეს მარტივია, როცა ექსპერიმენტს ატარებ საკუთარ თავზე, მაგრამ, როცა ხარ შენი ქვეყნის წარმომადგენელი სხვა ქვეყანაში, ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. მე, ჩემი მხრიდან, მცდელობას არ დავაკლებ, რომ გავამართლო ის იმედები, რასაც ჩემზე ამყარებენ და დარწმუნებული ვარ, საქმეს თავს გავართმევ. ძალიან რისკიანი ადამიანი ვარ, ოღონდ უაზროდ არასდროს ვრისკავ. ცოტა ავანტიურისტიც ვარ, თუმცა ის, რაც ახლა ხდება ჩემს ცხოვრებაში, ავანტიურა ნამდვილად არ არის.
– როგორც ჩანს, დიპლომატია თქვენთვის ჩინურია?!
– ჩინური შეიძლება აქამდე იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე ეს ასე აღარ იქნება და მაქსიმუმ ორ თვეში, ყველაფერში სრულიად გავერკვევი. ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა მქონდა, როცა ახალი ტელევიზიის შექმნა დავიწყეთ. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა. სატელევიზიო ტექნიკაში საერთოდ ვერ ვერკვეოდი. ახლა, არც ერთი ტელევიზიის დირექტორზე ნაკლებად არ ვერკვევი იმ ტექნიკურ საკითხებში, რისი ცოდნაც მჭირდება. ძალიან ბევრი, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებით მაქვს ნამუშევარი.
– თბილისში იმასაც ამბობენ, რომ თქვენი „გადიპლომატება” პრეზიდენტთან სიახლოვის და მის მიერ თქვენი გადაცემის ქების შედეგი იყო.
– ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ახლობლური დამოკიდებულება. ის სიტყვები, რაც პრეზიდენტმა წარმოთქვა „ვის უნდა 20 ათასთან” მიმართებაში, მან გადაცემაზე თქვა და არა პირადად ჩემზე. ეს ჩემი ქება არ ყოფილა. პრეზიდენტს, ალბათ, ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია ჩემს შესახებ. მერე ჩვენ გვქონდა პირადი შეხვედრაც. მასთან რეზიდენციაში, არაფორმალურ ვითარებაში შევხვდით ერთმანეთს და საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მან მაჩვენა ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, მათ შორის კომუნიკაციების განვითარებასთან დაკავშირებულიც, რამაც მე ძალიან დამაინტერესა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დამიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ჩემი ელჩად დანიშვნის შესახებ მაცნობეს. უარს, ალბათ დამეთანხმებით, ასეთ წინადადებებზე არ ამბობენ.
– როგორი იქნება თქვენი პოპულარული გადაცემის ბედი, „ვის უნდა 20 ათასი” გაგრძელდება?
– არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე მაინც ვაპირებდი ამ გადაცემიდან წასვლას. ეს გადაწყვეტილება იქამდე მივიღე, სანამ ჩემს ელჩად წარდგენაზე დაიწყებოდა საუბარი. ყველა ადამიანს აქვს თავისი შესაძლებლობების ზღვარი და მგონია, რომ ჩემი თავი ამ გადაცემაში ამოვწურე. მე იმასაც ვფიქრობ, რომ გადაცემის ფორმატი უნდა შეიცვალოს, ალბათ, მეტი სიახლე, ახალი სახეა საჭირო. ჩემი აზრით, ცნობილი სახეების გარდა, ჩვეულებრივი, მაგრამ საინტერესო ადამიანების მოყვანაც ძალიან კარგი იქნებოდა.
– რაც შეეხება თქვენს ტელევიზიას, ვის ჩააბარებთ ბიზნესს?
– ჩემს მაგივრად იქნება ერთი ცნობილი პიროვნება, ჩემი ახლო მეგობარი, რომელსაც ძალიან ვენდობი – ეს ბიზნესი მასაც ეკუთვნის და ბოლომდე მისი ნდობა შეიძლება (იცინის).
– ჩინური ენა ისევ ჩინურია თქვენთვის, თუ დაიწყეთ მისი შესწავლა?
– ელემენტარული სიტყვების შესწავლა, რაც ყოველდღიურ ურთიერთობაში დამჭირდება, უკვე დავიწყე. ძალიან კარგია, ელჩმა იცოდეს იმ ქვეყნის ენა, სადაც სამუშაოდ მიდის, მაგრამ მე როგორც მივხვდი, ჩინელები მიჩვეულები არიან იმას, რომ იქ ჩასულებმა არ იციან ჩინური. ისინი საკმაოდ კარგად საუბრობენ რუსულად, რადგან იქაური ჩინოვნიკების უმეტესობას უმაღლესი სასწავლებელი რუსეთში აქვს დამთავრებული. ჩინეთში მივდივარ ინგლისურისა და რუსულის იმედად, ჩემი მისია მონღოლეთსა და ვიეტნამსაც ფარავს. ახლა ვიეტნამური და მონღოლურიც რომ ვისწავლო, ეს უკვე მეტისმეტია (იცინის). საერთოდ, თუ ადამიანს სურვილი აქვს, ყველაფრის სწავლა შეიძლება. ახლა სიმართლე გითხრათ, მიხარია კიდეც შორს რომ ვიქნები, არც ახლობლები მომაცდენენ და არც მეგობრები.
– ჩინეთშიც შეიძლება ჩააკითხო მეგობარს.
– კი „მემუქრებიან“ და მპირდებიან ამას, მაგრამ ხომ იცით, ხანდახან როგორ გვავიწყდება დაპირებები, ისე, იმ სიშორეზე თუ ვინმე ჩამოვა, ძალიან გამიხარდება (იცინის). ახლა ვზივარ და ინტერნეტში ვკითხულობ ყველაფერს, რაც ჩინეთსა და ზოგადად, აღმოსავლეთის ქვეყნებს ეხება. ძალიან მეხმარება საგარეო საქმეთა სამინისტრო, საჭირო ლინკებს მაძლევენ. სიმართლე გითხრათ, ამ ხალხის ფსიქოლოგიასაც ვსწავლობ. გაგიკვირდებათ და ჩემი სამაგიდო წიგნი ლაო ძია, მე მისი მოყვარული გახლავართ. ეს ინტერესი ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი კავშირი ჩინეთთან. თუმცა, ასევე ძალიან მიყვარს ჩინური კინო, მათი სამზარეულო. დიდი ხანია, მაინტერესებს ტაიჯი ჩუანი. ეს არის ჩინური ტანვარჯიში, ძალიან მშვიდი და წყნარი მოძრაობებით, რომელიც სუნთქვას არეგულირებს.
– დიპლომატიურ ეტიკეტში გაერკვიეთ?
– რა თქმა უნდა, არსებობს პროტოკოლური ფორმები, რომელთა გაცნობა და შეჩვევაც მომიწევს, უკვე დავიწყე კიდეც ამ ყველაფრის შესწავლა. ჩინელები ხელსახოცს მაგიდაზე სხვანაირად მოიხმარენ, თეფშის ქვეშ დებენ. არის რაღაც ნიუანსები, რაც იმ ხალხის პატივისცემის ნიშნად შეიძლება, აითვისო. განსაკუთრებული არაფერია, ჩვეულებრივი ზრდილობის წესებია. რაც შეეხება ზოგად ქცევის ეტიკეტს, მე საკმაოდ კარგად ვფლობ იმ წესებს, თუ სად როგორ უნდა მოვიქცე. ეს დედაჩემისა და მამაჩემისგან ვიცი.
– ჩინელების, მონღოლებისა და ვიეტნამელებისთვის თქვენი სიმაღლისა და აღნაგობის ადამიანი უცხო ხილი უნდა იყოს.
– არ მგონია, ჩემმა სიმაღლემ შეაშინოს ჩინელები. არც ეგენი არიან პატარები, იმხელა კალათბურთელები ჰყავთ NBA-ში. როგორც ჩანს, ძალიან დიდებიც იზრდებიან. ვიეტნამელები და მონღოლები შეიძლება არიან დაბლები, მაგრამ ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. არ მგონია, ან მაგათ ეშინოდეთ ვინმესი (იცინის).
– ბოლო წლებში ჩვენთან ჩინელების ნამდვილი „შემოსევაა”. თქვენი ელჩობის დროს საქართველოს „კარი” მათთვის უფრო მეტად გაიხსნება?
– მე ვერ ვიტყოდი ასე, ვერ აღვიქვამ ამას განსაკუთრებულ შემოსევად. ჩინელების რაოდენობა პროცენტულად გაცილებით მეტია რუსეთში, ვიდრე – საქართველოში. ჩემი აზრით, ჩვენთან ძალიან ცოტა ჩინელიც კი ჩამოვიდა. ზოგადად, მათი ჩამოსვლა ცუდი არაა, ისინი აქ ხომ ხელცარიელები არ მოდიან? მოდიან თავიანთი საქონლით, ფულით, რაც საქართველოში დამატებითი ინვესტიციის შემოტანაა.
– ბარგის ჩალაგება უკვე დაიწყეთ?
– არა, ჯერ გარკვეული პროცედურები მაქვს გასავლელი. უნდა ჩატარდეს შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ აქედან ხელცარიელი არ წავიდე და პრიორიტეტების გარკვეული პაკეტი უკვე მომზადებული იყოს. ბევრი ბარგი ალბათ, არც მექნება წასაღები. ალბათ, სუვენირებს წავიღებ საჩუქრებისთვის. ნებისმიერი ურთიერთობის დაწყების დროს ეს ჩვეულებრივი რამ არის. შევხვდი რამდენიმე ჩინელს. მათ მითხრეს, რომ ჩინელებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირად და ოჯახურ ურთიერთობებს. მეც, ალბათ, არ მექნება ადაპტაციის პრობლემა. თუ ვერ გავძლებ, გამოვიქცევი (იცინის). იმდენი წელიწადი რუსეთში გავატარე და ჩინეთში რა უნდა იყოს გასაძლები? ჩინეთში თან წავიყვან მეუღლეს. ერთხელ მასზე ვთქვი, დეკაბრისტის ცოლივითაა, ყველგან დამყვება-მეთქი და ამაზე დიდი ამბები ატყდა – როგორ ბედავს რუსული კულტურიდან მაგალითების მოყვანას საკუთარ თავზეო. რა ვქნა, მე კვლავ იგივეს გავიმეორებ და ჩემი ცოლი, როგორც დეკაბრისტის ცოლი, ახლა ჩინეთის გზას გამოუყვება ჩემთან ერთად, მერე ისევ ერთად დავბრუნდებით უკან. ჩვენ სულ ასე ვართ (იცინის).