რომელ საფეხბურთო კლუბს ფლობს ფრანგი მეცენატი და კოლექციონერი ფრანსუა პინიო და რომელ ესპანურ კლუბს ქომაგობს „ზარას” ბრენდის მფლობელი ამანსიო ორტეგა
ისინი, სამრეწველო მაგნატები არიან, რომელთა ბიზნესიც სანავთობო და მეტალურგიულ, სამოდელო და მასმედიის სფეროებს მოიცავს. თუმცა, ამას გარდა, ისინი მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო კლუბების მფლობელნი არიან და მათი საერთო ქონება გასულ წელთან შედარებით, 36 მილიარდი დოლარით გაიზარდა. კაპიტალის ზრდა ფეხბურთს სულაც არ უკავშირდება და მათი გამდიდრების მთავარი საიდუმლო საფონდო ბირჟებზე აქციათა ფასის გაზრდაა. ფეხბურთი კი მათთვის მხოლოდ და მხოლოდ გართობისა და განტვირთვის საშუალებაა. ამჯერად გთავაზობთ ცნობილი და პოპულარული საფეხბურთო კლუბების ათ ყველაზე მდიდარ მფლობელ-მილიარდერს.
ლაკშმი მიტალი – 31,3 მილიარდი დოლარი – „ქუინზ პარკ რეინჯერსი” (ინგლისი)
ინდური წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე – ლაკშმი მიტალი ფოლადის მწარმოებელ, მსოფლიოში უმსხვილეს კონცერნს, „არცელორმიტალს” ფლობს, რომელიც მხოლოდ შეერთებულ შტატებში, ყოველწლიურად 65 მილიარდი დოლარის ღირებულების ლითონს ყიდის. 2007 წლიდან მიტალი საფეხბურთო კლუბ „ქუინზ პარკ რეინჯერსის” აქციონერია და მის საკუთრებაში აქციათა 20 პროცენტია, რომელიც მან ქარიზმატული იტალიელისგან, ფლავიო ბრიატორესგან შეიძინა. ჯერჯერობით „ქუინზ პარკ რეინჯერსი” დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის. კლუბი პრემიერლიგაში 15-წლიანი პაუზის შემდეგ, მომავალი სეზონიდან ითამაშებს. თუმცა, ქომაგები იმედოვნებენ, რომ „ფორბსის” მეექვსე ნომერი, აბრამოვიჩის მსგავსად, ერთ მშვენიერ დღეს უფრო დიდ დროს და მეტ თანხებს დაუთმობს ლონდონურ კლუბს.
ამანსიო ორტეგა – 31 მილიარდი დოლარი – ლა კორუნიის „დეპორტივო” (ესპანეთი)
ამანსიო ორტეგას მსოფლიოში, „მოდის დირექტორის“ სახელით იცნობენ. მისი კუთვნილი კომპანია „ინდიტექსი” ფლობს მსოფლიოში განთქმულ ბრენდებს – „ზარა“, „მასიმო დუტი“, „ბერშკა“, „სტრადივარიუსი“ და სხვა. წარმოშობით გალისიელი ორტეგა საფეხბურთო კლუბ „დეპორტივოს” პატრონია, რომელმაც წელს პრიმერადივიზიონში ამაზრზენად ითამაშა და სეგუნდას საგზური მოიპოვა.
ალიშერ უსმანოვი – 17,7 მილიარდი დოლარი – „არსენალი” (ინგლისი)
რუსი ოლიგარქი, რომლის სახელი უკავშირდება სატელეკომუნიკაციო და ფოლადის მწარმოებელ ბიზნესკომპანიებს, 2007 წლიდან ლონდონის საფეხბურთო კლუბ „არსენალის” აქციონერია. სულ ახლახან, მან უფრო გაიმყარა პოზიციები კლუბის აქციონერთა შორის და აქციათა თავისი წილი 29 პროცენტამდე გაზარდა. ლონდონში მცხოვრები უსმანოვი გაზეთ „სანდი თაიმსის” ვერსიით, დიდი ბრიტანეთის ათ ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის ფიგურირებს.
რომან აბრამოვიჩი – 13,4 მილიარდი დოლარი – „ჩელსი” (ინგლისი)
რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი 2003 წლიდან ფლობს ლონდონელი არისტოკრატების საფეხბურთო კლუბ „ჩელსის” და კლუბისა და განსაკუთრებით ქომაგების გულის გასახარად, ყოველი სეზონის დაწყების წინ ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს ახალი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების გადმოსაბირებლად. სულ ახლახან აბრამოვიჩმა ახალი მწვრთნელი დაუქირავა „ჩელსის” – 33 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ანდრე ვილაშ-ბოაში. მასთან ერთად აპირებს „ჩელსი”, აბრამოვიჩის საოცნებო ჩემპიონთა ლიგის მწვერვალის დასაპყრობად დაირაზმოს მომავალი სეზონიდან.
პოლ ალენი – 13 მილიარდი დოლარი - „სიეტლ საუნდერსი” (ამერიკის შეერთებული შტატები)
„მაიკროსოფტის” ერთ-ერთი დამაარსებელი და კომპანია „ვულკან სპორტს ენდ ენთერთეიმენთის” მფლობელი – პოლ ალენი ამერიკული საფეხბურთო ლიგის კლუბის „სიეტლ საუნდერსის” ერთ-ერთი მეწილე გახდა. მას გარდა, კლუბის აქციონერები არიან: კინოპროდიუსერი ჯო როტი, ბიზნესმენი ადრიან ჰანა და კომიკოსი დრიუ ქერი. სპორტში და კერძოდ, საფეხბურთო კლუბისთვის გაწეული ღვაწლისთვის, 2011 წელს პოლ ალენი სიეტლის წლის მოქალაქედ დაასახელეს. ცნობისთვის, სტადიონი, სადაც „სიეტლ საუნდერსი” მართავს თამაშებს – „სენჩურილინკ ფილდი”, ასევე ალენის მიერ კონტროლდება.
ფრანსუა პინიო – 11,5 მილიარდი დოლარი – „რენი” (საფრანგეთი)
ფრანგი მილიარდერი, მეცენატი და კოლექციონერი – ფრანსუა პინიო კონცერნ PPR-ის მფლობელია, რომლის შემადგენლობაში შედის სამოდელო სახლი: „გუჩი”, „ივ სენ ლორანი”, „ბალენსიაგა” და სხვა. მის პირად კოლექციაში კი ინახება – პაბლო პიკასოს, ჯეფ კუნსისა და ენდი უორჰოლის ფერწერული ნამუშევრები. პინიო იმითაც არის ცნობილი, რომ მისი რძალია, ჰოლივუდის ვარსკვლავი – სელმა ჰაიეკი. 1998 წლიდან პინიო ფრანგულ საფეხბურთო კლუბს, „რენს” სრულად აკონტროლებს. მართალია, კლუბი დიდი მიღწევებით ვერ იწონებს თავს, მაგრამ საფრანგეთის მოწინავე კლუბებისთვის კონკურენციის გაწევა კი შეუძლია.
ჯონ ფრედრიკსენი – 10,7 მილიარდი დოლარი – „ვალერენგა” (ნორვეგია)
კვიპროსის მოქალაქე, ნორვეგიელი მილიარდერი – ჯონ ფრედრიკსენი ბიზნესში ხისტი სტილის მოყვარულია, და ამის შედეგად, მან მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობმზიდავი ფლოტის აშენება შეძლო. სწორედ მის სახელს უკავშირდება, ყველაზე თანამედროვე და ტექნიკის უმაღლეს დონეზე აღჭურვილი ნავთობპლატფორმების ფლოტის ჩამოყალიბება. ცნობილია, რომ მას სურს შეიძინოს ინგლისური პრემიერლიგის რომელიმე კლუბი. ამჟამად კი იგი ნორვეგიულ კლუბ „ვალერენგას” აქციების საბაზო პაკეტის მფლობელია.
სილვიო ბერლუსკონი – 7,8 მილიარდი დოლარი – „მილანი” (იტალია)
იტალიის სკანდალური პრემიერ-მინისტრი – სილვიო ბერლუსკონი, ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან უდგას სათავეში მილანურ კლუბს და ამ ხნის განმავლობაში, არაერთ მსოფლიო დონის ვარსკვლავს მოურგია მილანური სუპერკლუბის მაისური. თუმცა, ბერლუსკონი კლუბის შიდა საქმიანობაში ნაკლებად ერევა და მთლიანი პასუხისმგებლობა ვიცე-პრეზიდენტს ადრიანო გალიანის აკისრია. „მილანის” გარდა, ბერლუსკონი მედია-კომპანიებს – „მედიასეტს” და „მედიალანუმს” აკონტროლებს.
ფილიპ ანშუცი – 7,5 მილიარდი დოლარი – „ლოს-ანჯელეს გელექსი”, „ჰიუსტონ დინამო”, „ჩიკაგო ფაიერი” – (ამერიკის შეერთებული შტატები); „ჰამარბი” (შვედეთი)
ამერიკელი ბიზნესმენი, რომლის სახელს უკავშირდება პროფესიული საფეხბურთო ლიგის ჩამოყალიბება ამერიკის შეერთებულ შტატებში – ანშუცი რამდენიმე ამერიკული საფეხბურთო კლუბების აქციონერია. მისი ინიციატივით, საფეხბურთო დონის ასამაღლებლად, ამერიკაში ევროპიდან იწვევენ ცნობილ ფეხბურთელებს – დევიდ ბექჰემს, ფრედრიკ ლუნგბერგს, ჰრისტო სტოიჩკოვს, აბელ შავიერს და სხვებს. ანშუცი შვედური კლუბის, „ჰამარბის” მეწილეც გახლავთ.
ბერნარდ ეკლსტოუნი – 4,2 მილიარდი დოლარი – „ქუინზ პარკ რეინჯერსი” (ინგლისი)
ბრიტანელი მილიარდერის, ბერნი ეკლსტოუნის სახელი მსოფლიოში „ფორმულა ერთის” რბოლებთან ასოცირდება, რადგან სწორედ ის არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ავტორალის პრეზიდენტი. ამის გარდა, ეკლსტოუნს საფეხბურთო ინტერესებიც აქვს და ინდოელი ლაკშმი მიტალის მსგავსად, საფეხბურთო კლუბ „ქუინზ პარკ რეინჯერსის” აქციებს ფლობს. ბოლო დროს ეკლსტოუნის სახელს რამდენიმე სკანდალი დაუკავშირდა, მათ შორის სექსუალური და ანტისემიტური ხასიათის, რასაც მეუღლესთან, სლავიკა ეკლსტოუნთან განქორწინება მოჰყვა.