როგორ შეეძლო „ედეპეს“ ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის დაბლოკვა
ერთი კვირის წინათ ხელისუფლებამ ხანგრძლივი პაუზა დაარღვია და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციურ ჯგუფს („რვიანად“ წოდებულს) საკუთარი წინადადებები შესთავაზა. როგორც მოსალოდნელი იყო, „ჩვენ თვითონ“ და გია თორთლაძის პარტიამ შეთავაზებას ხელი უყოყმანოდ მოაწერა, ისევე, როგორც „ქრისტიან-დემოკრატებმა“, თუმცა ყველაზე მეტი ხმაური „ახალი მემარჯვენეების“ ხელმოწერას მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ეს ხელისუფლებასთან ვაჭრობის მცდელობად შეაფასა. მეორე მხრივ, „მემარჯვენეები“ ამგვარი ეჭვის მქონეთ არ ეწინააღმდეგებიან (კერძოდ, ბ-ნი მამუკა კაციტაძე ბრძანებს, ვინც რაც უნდა, იფიქროსო). თუ გავიხსენებთ, „სახალხო კრების“ გააქტიურებისთანავე შენიშნეს ექსპერტებმა, რომ რადიკალური პროცესები „რვიანის“ სასარგებლო აღმოჩნდებოდა (რასაც უკავშირებდნენ კიდეც 26 მაისის მოვლენების შეფასებისას „რვიანის“ თავშეკავებულ პოზიციას), ჩნდება კითხვა: ნებსით თუ უნებლიეთ, რა როლი შეასრულეს ნინო ბურჯანაძემ და ირაკლი ოქრუაშვილმა ხელისუფლებისა და კონსტრუქციულად წოდებული ოპოზიციის დაახლოებაში? თემას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე განგვიმარტავს.
– მივუდგეთ საკითხს რომაული პრინციპით: იხეირა „რვიანმა“ ყველაზე მეტად 26 მაისის მოვლენებით?
– არის თუ არა ამ პროცესებთან კავშირში მაისში განვითარებული მოვლენები, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ძნელი სათქმელია. მაისის მარცხმა ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ყურადღება და ემოციები იმდენად გადაიტანა სხვა მოვლენებზე, რომ „რვიანი“ ადამიანების პოვნის საკითხშიც კი არ ჩაერია.
– დათა თუთაშხიას პოზიცია აირჩიეს?
– არ ჩაერია, რადგან მიიჩნია, რომ სიტუაცია მისთვის ხელსაყრელი იყო. ასე რომ, „სახალხო კრების“ პროცესმა და მისმა შედეგებმა „რვიანის“ წისქვილზე დაასხა წყალი.
– თუმცა „ქართული პარტიაც“ უნთებდა ცეცხლს: დღეს თუ არა ხვალ ჩამოვაგდებთ ხელისუფლებასო?
– ოპტიმისტური შეძახილები პოლიტიკის აუცილებელი ატრიბუტი გახდა: „ჰოპს“ მანამ იძახიან, სანამ გადახტებიან. ეს ქრონიკული მოვლენაა და, ამდენად, ოქრუაშვილს ავტორობას ვერ დავაბრალებთ. რაც შეეხება შედეგს: შედეგი „რვიანზე“ მუშაობდა.
– მარცხი ახსენეთ. გამარჯვების რამე ეტყობოდა იმ პროცესს?
– ჩვენი ოპოზიციური ხის ორივე შტოს: ერთ – რადიკალურს და მეორე – კონსტრუქციულს, ერთი და იგივე პრობლემა ჰქონდა. რა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფს ეტყობოდა რამე გამარჯვების?
– თითქოს არა.
– არც ერთი მხარე არ პასუხობდა კითხვას: როგორ უნდა მიეღწიათ მიზნისთვის. ჟურნალისტები ოპოზიციის ორივე ჯგუფს მიზნის მისაღწევ გზებზე ჯიუტად ეკითხებოდნენ, მაგრამ ისინი, ასევე, ჯიუტად ამბობდნენ, არ ვიტყვითო.
– თუმცა გვაიმედებდნენ, ჩვენ ვიცითო.
– დიახ, ამას ამბობდა ოპოზიციის როგორც რადიკალური, ისე კონსტრუქციული ჯგუფი. მეტიც, „რვიანის“ ხურდა – „ექვსიანი“ ახლაც განაგრძობს იმავეს „თორმეტი სკამის“ ფორმულით და ამბობს, უცხოეთი ჩვენთან არისო.
– არ არის?
– თუ უცხოეთს ჩარევა უნდოდა, წესით, აქამდე უნდა ჩარეულიყო; თუ ხელისუფლებაზე ზეწოლის უნარი ჰქონდა, მაშინ ხელისუფლებას ისეთი პროექტი უნდა დაედო, რომელიც ხელსაყრელი იქნებოდა დემოკრატიული პროცესისთვის. ხოლო, რადგან ხელისუფლების მიერ დადებული პროექტი ასეთ განცდას არ იწვევს, ესე იგი, უცხოეთი პასიური იყო და, თუ „რვიანის“ შემთხვევაში იყო პასიური, „ექვსიანის“ შემთხვევაში რატომ იქნება აქტიური?!
– უფრო პასიური გახდება?
– რა თქმა უნდა. მიუხედავად მოვლენების ასეთი განვითარებისა, ეს პოლიტიკური ჯგუფები ახერხებენ, რომ დასკვნა არ გამოიტანონ რეალობიდან და ახლაც განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ დასავლეთი დაგვეხმარება და მივიღებთ უკეთეს შედეგს. ამიტომ, უნდა განვაგრძოთ ბრძოლაო, მაგრამ ისევ გაუგებარია, როგორ განაგრძობენ ბრძოლას. მეორე ინსტრუმენტია სამოქალაქო პროცესი, მაგრამ, თუ სამოქალაქო პროცესის გააქტიურება ინსტრუმენტად გეგულებოდა, აქამდე სად იყავი?! სრულიად გაუგებარია, რატომ არ გაერთიანდა ქუჩისა და კაბინეტის პროცესი, რასაც გააკეთებდა ყველა ჭკუათმყოფელი პოლიტიკური მხარე. თუ არ გაერთიანდებოდნენ, ყოველ შემთხვევაში, „რვიანს“ შეეძლო თავისი ძალებით შესაბამისი მიტინგები მოეწყო, ხმაური აეტეხა და ზეწოლა განეხორციელებინა, რომ ხელისუფლებას არ მისცემოდა ისეთი თავისუფლება, როგორიც მიეცა, რის გამოც ასე მსუბუქად და მხიარულად მიიღო გადაწყვეტილება და საკუთარი შეთავაზება ულტიმატუმის ფორმით წამოაყენა. ასე რომ, არ არის დამაჯერებელი „ექვსიანის“ მტკიცება, რომ მას შეუძლია რომელიმე ზემონახსენები ინსტრუმენტის გამოყენება. არც უცხოეთი ავლენს დიდ ინტერესს, თუმცა სიტყვიერად დაგეთანხმებიან, დემოკრატიულ არჩევნებს ვუჭერთ მხარსო და არც „ექვსიანს“ ეტყობა, რომ აქვს ან შეუძლია ხალხის მხარდაჭერის გამოყენება.
– ასე გკითხავთ: სჭირდება „ექვსიანს“ ხალხის მხარდაჭერა?
– ალბათ, რაღაცეები დასჭირდებათ, რადგან ძალიან ახლოს დგას „რვიან“-„ექვსიანი“ მარგინალიზაციასთან.
– მართალია, „ქრისტიან-დემოკრატები“ ამბობენ, რომ მათი რეიტინგი ლოგიკურია და პარლამენტში რამდენიმეთვიანი პარტია საკუთარი დამსახურებით მოხვდა, მაგრამ ეჭვიც ბევრია. სავარაუდოა, რომ ხელმოწერის შემდეგ „მემარჯვენეების“ რეიტინგიც გაიზრდება?
– მაგრამ „ქრისტიან-დემოკრატები“ უფრო მოგებულები აღმოჩნდებიან ამ შემთხვევაში.
– რა თქმა უნდა. ისინი ადრე ჩაებნენ მარათონში და ფორა აქვთ.
– გარდა ამისა, „ქრისტიან-დემოკრატები“ მაინც უფრო თანმიმდევრულად გამოიყურებიან იმ არასახარბიელო როლშიც კი, რომელშიც არიან და თავადაც იციან, რომ არიან. ისინი არ ხტუნავენ ერთი პოზიციდან საწინააღმდეგო პოზიციაზე, რითაც „მემარჯვენეები“ ვერ დაიკვეხნიან. ერთ დროს პარლამენტის მანდატები დახიეს და ახლა პარლამენტში შედიან.
– სამუდამოდ ხომ არ დაუხევიათ?
– მაგრამ რეიტინგში საკმაოდ მძიმე დანაკარგით შედიან ახლა პარლამენტში. მე მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ეს შეცდომა იყო. თუმცა პოლიტიკაში ისიც ფასობს, როდესაც შეცდომა მოგივა და იმ გზიდან მაინც არ გადაუხვევ და საწინააღმდეგოს არ გააკეთებ, იმიტომ რომ მაშინ გაჩნდება კითხვა: ესე იგი, ვერ გათვალე?!
– ხელისუფლება ყველაზე კარგად თვლის?
– ხელისუფლება ყველაზე კარგად თვლის. ცდილობს, რაც შეიძლება, მარტივი სიტუაცია შექმნას და ამ სიტუაციაში მოიგოს.
– პაატა დავითაიას და კონსტანტინე გამსახურდიას ამბავი გასაგებია, პოლიტიკურად დასაკმაყოფილებელთა რიგში არიან, „მემარჯვენეები“, ირაკლი ალასანიას პარტია და „ფორუმი“?
– „მემარჯვენეებს“ გაუჩნდება ასეთი შესაძლებლობა პარლამენტის სკამების სახით. რაც შეეხება „ფორუმს“: დანარჩენებთან შედარებით მათ სერიოზული ძალა ჰქონდათ, ყოველ შემთხვევაში, მათ პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ეწერება მოსაზრება, რომ შეეძლოთ ხალხის მასის წამოწევა, ოღონდ არ ვიცი, რას აკეთებენ ამ ბოლო დროს. მაგრამ, თუ ეს პარტიები დარჩებიან ხელისუფლებასთან პარტნიორობის გარეშე, მათი მარგინალიზაცია პრობლემას არ წარმოადგენს. თქვენი ნებართვით, ისტორიულ წიაღსვლას გავაკეთებ: სააკაშვილიც, ჟვანიაც და ბურჯანაძეც შევარდნაძის გუნდის წევრები იყვნენ, თან რიგითი კი არა, აქტიური წევრები. თუმცა შემდეგ მათ ისე მოახერხეს პროცესის შეტრიალება, რომ ლიდერები აღმოჩნდნენ. სხვათა შორის, იმ პერიოდში „ედეპეს“ ჰქონდა შანსი, აღმოჩენილიყო შევარდნაძის გვერდით და „მწვანეები“ ჩრდილში მოქცეულიყვნენ. მოვლენები ასე რომ განვითარებულიყო, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არც ჟვანია იარსებებდა და არც სააკაშვილი. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ პოლიტიკაში ასეთი სტრატეგია „მოსულა“: შეყვე რომელიღაც დიდ ორგანიზმს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს იყო სახელისუფლო ორგანიზმი. შეყოლის პროცესში მოიპოვო რეიტინგი და პოლიტიკური წონა და, როდესაც იპოვი შესაბამის მომენტს – „მოქალაქეთა კავშირის“ იმ ახალგაზრდულმა ფრთამ სწორედ ასეთი მომენტი შეარჩია, შეუტრიალდე და გააჩაღო ბრძოლა.
– იმას გულისხმობთ, რომ „მემარჯვენეებს“ შეყოლა უნდათ?
– ამის ყველაზე დიდი შანსი აქვთ „ქრისტიან-დემოკრატებს“.
– ხელისუფლება მათ კონკურენტებს უჩენს?
– რა თქმა უნდა. ბევრი მექანიზმია ჩართული. ხელისუფლებამ თვითონ გაიარა ეს გზა და ძალიან კარგად იცის, როგორ ჩაკეტოს ის გზები, რომლებზეც თვითონ იარა. გამარჯვებული გამარჯვებით ფასდება, ასე რომ, არ არის გასაკვირი, რომ „ქრისტიან-დემოკრატებმა“, მოგვიანებით კი, „მემარჯვენეებმა“ გააქტიურებისთვის ასეთი სტრატეგია აირჩიეს.
– სტრატეგია შეიძლება, გასაკვირი არ არის, მაგრამ არის ამდენი ადგილი პარლამენტში?
– ხომ ზრდიან ადგილების რაოდენობას.
– 40 ადგილი ოპოზიციისთვის ემატება?
– მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება კარგად თვლის, დაუფიქრებლობაც ახასიათებს გრძელვადიან პროცესებში. მაშინ არ დათვალეს „ნაციონალებმა“, რომ პარლამენტში ადგილები დასჭირდებოდათ ვიღაცეების მოსამადლიერებლად. შევარდნაძე იმიტომაც არ ამცირებდა პარლამენტის წევრთა რაოდენობას, რომ ვიღაცეები მოემადლიერებინა. ასე რომ, იქ არის რესურსი ხელისუფლებისთვის.
– მე გავაკეთე მასალა ამის შესახებ და აღმოჩნდა, რომ 235-წევრიანი პარლამენტის შენახვა ბიუჯეტს უფრო იაფი უჯდებოდა, ვიდრე 150-იანის.
– თუ თავის დროზე პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირების მიზანი ის იყო, რომ პოლიტიკური ძალაუფლება შემცირებოდა სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მაშინ, ბუნებრივია, შემცირება უფრო ხელსაყრელი იქნებოდა. მაგრამ შესაძლოა, ახლა მიხვდნენ, რომ საპარლამენტო სკამები საჭირო გახდება ახლად შეძენილი ოპოზიციონერების დასაკმაყოფილებლად.
– „ლეიბორისტების“ ადგილი როგორ გესახებათ? პარტიული დაფინანსებაც აქვთ, საპარლამენტო ხელფასებიც, პროტესტის ნიშნად არც შევიდნენ და კიდეც შევიდნენ?
– როგორც ჩანს, ისინი მეტ-ნაკლებად კმაყოფილი არიან თავიანთი ბედ-იღბლით, თან ახერხებენ, პოპულარულებიც იყვნენ. ეს პარტიული ჯგუფი საკმაოდ მობილურია, მაგრამ, ეტყობა, უკეთესი პირობები აქვთ, ვიდრე სხვა პარტიებს. რაც შეეხება დანარჩენებს: ფაქტობრივად, ყველა მათგანი ცდილობს, იპოვოს საკუთარი ნიშა და ერთი საფეხურით მაინც წინ წაიწიოს. აი, ამ წინ წაწევის ვარიანტი კი რამდენიმეა: ერთი ის, რომ შეუერთდეს ხელისუფლებას, როგორც ოპოზიცია და პარლამენტში მოითხოვოს ის საფეხური, რომლითაც პოლიტიკაში უფრო მაღლა გამოჩნდება; მეორე, მოიმოქმედოს ის, რაც მის პოლიტიკაში ყოფნას უფრო მკაფიოს გახდის და მესამე ვარიანტია ის, რასაც ეძებს დარჩენილი ექვსი პარტია, რომელმაც უარი თქვა პარლამენტზე, ქუჩაზე კი კიდევ უფრო დიდი ხნის წინათ თქვა უარი.
– ანუ მესამე გზა არ არსებობს. როგორც ვხედავთ, ზურაბ ნოღაიდელმა დაასრულა პოლიტიკური აქტივობა. პეტრე მამრაძის გარდა, იმ პარტიიდან თვალით აღარავინ გვინახავს.
– რაც მთავარია, თვითონ მამრაძესაც არ უნახავს ნოღაიდელი.
– იმის თქმა მინდა, რომ ოქრუაშვილმა და ბურჯანაძემ ხომ არ ამოწურეს პოლიტიკაში დაბრუნების პოტენციალი?
– არ ვიცი, ბევრი რამაა დამოკიდებული კონკრეტულ ვითარებაზე. ისევე, როგორც 26-ის ტრაგედიამ დაასხა წყალი „რვიანის“ წისქვილზე, არ არის გამორიცხული, რომ ნაკლებად ტრაგიკულმა და ასე გახმაურებულმა დღევანდელმა ნაბიჯმა დაასხას წყალი იმათ წისქვილზე. დღეს, როგორც ჩანს, ამომგდები ძალის მქონე, ფიზიკას თუ დავესესხებით, მხოლოდ ბურჯანაძე და მის გარშემო არსებული პარტიებია. ღია პროტესტის გამომხატველი პარტიული ჯგუფი აღარ დარჩა საქართველოში. ოქრუაშვილმა მარცხი განიცადა და, ფაქტობრივად, შეურიგებლობის დროშა ახლა მხოლოდ ბურჯანაძესა და „ეროვნულ კრებას“ დარჩათ. მაგრამ ამავე დროს ბურჯანაძეს აქვს ის პრობლემა, რაც გააჩნია „რვიანსაც“: შეუძლია პროცესების ისე გათვლა, რომ, თუ მაქსიმალურ არა, მნიშვნელოვან შედეგამდე მიიყვანოს ქართველი საზოგადოება? ეს ეჭვი ყველა ოპოზიციურ პარტიასთან მიმართებაში ჩნდება.
– უმადური საქმეა ახლა ამის პროგნოზირება, მაგრამ არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, 2012 წლის მოწვევის პარლამენტიც ისეთი იქნება, სადაც ერთი პარტია ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას? გასამდება?
– თუ მოახერხებს, რატომ არ გაიმეორებს ხელისუფლება იმავეს?
– არ იქნება უხერხული?
– ვისთან? ხომ ვატყობთ, რომ ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური პლუსი: ის უხერხულობას არ გრძნობს.
– არც ოპოზიცია გრძნობს.
– ნელ-ნელა ეჩვევა, ოღონდ ხელისუფლებას ამის უნიკალური ნიჭი აქვს. ხელისუფლება არ იმჩნევს, როდესაც პრობლემა აქვს და ეს სტრატეგია მას შედეგს აძლევს. მაქსიმუმი, რასაც შეიძლება, ცდილობდეს დღეს პოლიტიკური სპექტრი არის ის, იმ დოზით მოვიდეს ხელისუფლებაში, რომ ხელისუფლებას მოუწიოს მასთან გარიგება გადაწყვეტილების მიღებისას და მხოლოდ ერთ ძალას არ შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება, თან არა მარტო საკონსტიტუციო საკითხებში, არამედ სხვა ნებისმიერი დონის საკითხში. სწორედ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკის ამოცანა, ხოლო, თუ საპარლამენტო რესპუბლიკაში გადაწყვეტილებას ისევ ერთი ძალა მიიღებს, არანაირი პლურალიზმი არ იქნება და მინისტრთა კაბინეტიც ერთი პარტიიდან იქნება დაკომპლექტებული. სხვა ქვეყნებში შედეგიანი იმიტომ არის საპარლამენტო რესპუბლიკა, რომ არსად არ არის წარმოდგენილი ასეთი დიდი დოზით ერთი პარტია და სახელისუფლო პარტიას უწევს სხვადასხვა პარტიებთან ალიანსების შექმნა. ეს კი შემდეგ ქმნის საპარლამენტო და პოლიტიკური ცხოვრების პლურალიზმს. თუ ასეთი რაოდენობა ვერ შეიყვანა ოპოზიციამ პარლამენტში, მაშინ არანაირი დინამიკა არ იქნება და იმავე სურათს მივიღებთ, ოღონდ უბრალოდ პირველ პირს ერქმევა პრემიერ-მინისტრი. დღეს ოპოზიცია ამ ამოცანაზე თითქმის არ ლაპარაკობს. ასე რომ, შესაძლოა, 2012 წელსაც ისეთივე პარლამენტი მივიღოთ, როგორიც დღეს გვაქვს და არც ის დაგავიწყდეთ, რომ 2003 წლის შემდეგ არასდროს ყოფილა ოპოზიცია ისეთი სუსტი, როგორიც დღეს არის.