„კამელიები“.
მეტი – ქალი, მეტი – დაფინანსება
თუმცა ჩვენს ცხოვრებაში პატრიარქალური მიდგომები ჭარბობს (რასაც ამ ჩვენს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ოდენ შვიდად-შვიდი მდედრობითი სქესის დეპუტატის არსებობის ფაქტიც თვალნათლივ ადასტურებს), შიგადაშიგ ქალთა წამახალისებელი აქტივობებიც იმართება (სხვათა შორის, არც მთლად საკუთარი ნებით, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციაა, რაც შეიძლება, მეტი ქალი ყველა დონესა და მიმართულებითო). ამ თემას მიძღვნილი ერთ-ერთი მრგვალი მაგიდა გასულ კვირასაც გაიმართა „ქორთიარდ-მარიოტში“ (პატიოსანმა გვამებმა იმსჯელეს თემებზე: „პოლიტიკური პარტიების დაფინანსება“ და „ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში“).
იმ პოლიტიკური პარტიების ფინანსური წახალისება, რომლებიც თავიანთ რიგებში ქალბატონებსაც აერთიანებენ, მსჯელობის არახალი საგანია, ოღონდ ისაა, რომ მსჯელობას არც არასდროს გასცდენია, ხოლო იმას, რომ არც გასცდება, მაგალითად, ჩვენი ღრმად პატრიარქალური პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ბ-ნი წერეთლის განცხადებაც ადასტურებს. კერძოდ, ხალხის რჩეული ბრძანებს, რომ მხარს უჭერს პირდაპირი კავშირის დამყარებას პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასა და ამ პარტიაში ქალთა რაოდენობას შორის, თუმცა არ გვიმალავს, რომ არ იზიარებს მოსაზრებას, კანონმა განსაზღვროს პოლიტიკურ პარტიებში ქალთა პროცენტული მაჩვენებელი. მომყავს ციტატა: „შეიძლება, შემუშავდეს წამახალისებელი მექანიზმები. მაგალითად, შეიძლება, ვისაც პარტიაში მეტი ქალი ჰყავს, მეტი დაფინანსება მივცეთ“ (დაახლოებით, ასე: მეტი ქალი, მეტი დაფინანსება!). ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ეღირება თითო ქალი თითო პარტიისთვის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ბ-ნი წერეთელი ამ ინიციატივას ხელისუფლებასთან გაუწევს პროტექციას. ერთი სიტყვით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ქალებს ამ ჩვენს ოცდამეერთესაუკუნურ ცხოვრებაში არა მხოლოდ სუფრის, პოლიტიკის დამამშვენებლების ფუნქციასაც შესძენენ.