ჯეელები დარჩნენ მარად
ანუ ვინ აძლევს ხმას
მართალია, ჯერჯერობით არა მხოლოდ ამომრჩეველთა ზუსტი სია, არამედ საქართველოს მოსახლეობის ზუსტი რაოდენობაც კი ვერ გაგვირკვევია, მაგრამ, თუ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი ბოლო მოწოდებით ვიმსჯელებთ, შესაძლოა, ამომრჩეველთა რაოდენობა ისე გაგვეზარდოს, რომ მისი თავდაპირველი ოდენობის დადგენა არც დაგვჭირდეს. კერძოდ, ზემოხსენებულმა პატივცემულმა ორგანიზაციამ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართა და ამომრჩეველთა ასაკის 16 წლამდე დაწევაზე დაფიქრება ურჩია. როგორც აღმოჩნდა, ეს არც მთლად ნოვაციაა, რადგან, მართალია, ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის უმეტესობაში ამომრჩეველთა ასაკი 18 წლითაა განსაზღვრული, მაგრამ პირველი მერცხლებიც არსებობენ. მაგალითად, ავსტრიას ჯერ კიდევ 2007-შივე შეუმცირებია ამომრჩეველთა ასაკი 16 წლამდე, თანაც ყველა – მუნიციპალურ, სახელმწიფო თუ ეროვნული დონის არჩევნებში.
ევროსაბჭო იმედოვნებს, რომ ამომრჩეველთა ასაკის დაწევის შემთხვევაში, ახალგაზრდები თავს უფრო ჩართულადაც იგრძნობენ პოლიტიკურ პროცესებში და ეს მათ ზომაზე მეტად ჩართვისკენაც წაახალისებს.
თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენს დემოკრატიასთან წილნაყარ სამშობლოში, ერთი მხრივ, სათანამდებობო ასაკი უსაშველოდ გაახალგაზრდავებულია (ოღონდ არ მგონია, ეს ტენდენცია კიდევ დიდხანს შენარჩუნდეს, იმ მარტივი მიზეზით, რომ ყველა ბერდება, სკამზეც და მის გარეშეც) და თვით მოსამართლეობისთვისაც კი 28 წელია სავსებით საკმარისი; მეორე მხრივ კი, ჩვენივე კანონმდებლობა 12 წლის მოზარდებსაც კი აკისრებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვფიქრობ, ევროსაბჭოს ზემომოხმობილი წინადადება ზედგამოჭრილია. მეტიც, იქნებ ამომრჩეველთა ასაკი, საერთოდაც, 12 წლამდე შეგვემცირებინა?!