ასოებგადანაცვლებული
ჰქონდა „საქართველო“, უნდა „ჯორჯია“
იმის პარალელურად, რომ საგარეო პრობლემებს აგვარებს, მშობლიური საგარეო უწყება ლექსიკაზეც ზრუნავს. ამ მიზნით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანას მიმართა ოფიციალური თხოვნით, რომ ეს ჩვენი „საქართველო“ ამიერიდან და სამარადჟამოდ „ჯორჯიათი“ მოიხსენიონ, თუმცა ამ თხოვნა-ინიციატივას ოდენ სამხრეთ კორეამ აუბა მხარი (გინდამც, „ჯოჯოხეთის მაშხალას“ ან „ეკბატანას ვარდს“ დაგარქმევთო).
თავისი უარი, მაგალითად, ლატვიის სახელმწიფო ენის ცენტრის ხელმძღვანელმა ასე ახსნა: „ყველა ენაში სხვა სახელმწიფოს სახელწოდება ენის ლოგიკისა და კანონების, ასევე, ისტორიის მიხედვით ეძლევა. თუ სიტყვა „გრუზია“ ლატვიურ ენაში დაახლოებით 130 წლის განმავლობაში გვხვდებოდა, არ გვაქვს საფუძველი, რამე შევცვალოთ.“ ამიტომაც, თუმცა თქვენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ არაო („ლატვიურ ენაში არ არის საფუძველი იმისთვის საქართველოს „ჯორჯია“ ეწოდოს“). იმავე აზრზეა ლიტვაც. უარზეა ამომავალი მზის ქვეყანაც: იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აზიისა და კავკასიის განყოფილების წარმომადგენელმა შემოგვითვალა, რომ იაპონიის მთავრობა „საქართველოს“ „ჯორჯიად“ მოხსენიებას არ აპირებს.
ჩვენ, სამწუხაროდ, იქნებ საბედნიეროდაც, არაფერი ვუწყით, რა გახდა გაჯორჯიების მიზეზი (არ გამოვრიცხავ, ჩემი „იწრო დედაკაცური“ ჭკუით, ეს იმის ბრალიც იყოს, ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორის არანაკლებ უტკბეს ენაზე ჯორჯიად რომ გვიხმობენ), მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ჩვენი მსოფლიოს სახელმწიფოებში (რომლებსაც, ჩვენგან განსხვავებით, საკუთარი ანბანიც კი არ აქვთ) თავიანთ ენის ნორმებს პატივს სცემენ (რაც ენადავიწყებულებისთვის შესაძლოა, სულაც არ იყოს არგუმენტი), თუმცა ისიცაა, თუ შესაკრებთა გადანაცვლება შედეგს არ ცვლის, ასოების გადანაცვლება რამეს მოგვიტანს ვითომ?!