პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ბაჰრეინისა და საუდის არაბეთის სამეფო ოჯახები დანათესავდნენ
ბაჰრეინის ემირის ვაჟი – ჰალიდ ბენ ჰამად ბინ ისა ალ-ჰალიფა საუდის არაბეთის მეფის, აბდულა იბნ აბდელ აზიზ ას-საუდის ერთ-ერთ ქალიშვილზე დაქორწინდება. გავრცელებული ცნობის თანახმად, მომავალ მეუღლეებს შორის უკვე გაფორმდა, წინასწარი საქორწინო კონტრაქტი, რომელსაც ხელი სამეფო ოჯახის წევრებმა მოაწერეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის და სად შედგება საქორწინო ცერემონიალი და ასევე უცნობია, მეფის რვა ქალიშვილიდან რომელი გახდება ბაჰრეინის ემირის რძალი. ჰალიდ ბენ ჰამადი, ემირ ჰამად ბენ ისა ალ-ჰალიფას მეხუთე შვილია. სულ კი ემირს რვა ვაჟი და ხუთი ქალიშვილი ჰყავს. დასავლეთში, მსგავს ქორწინებებს „სტრატეგიულ გათვლად“ მიიჩნევენ, იმისთვის რომ ბაჰრეინის და საუდის არაბეთის მთავრობები უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს.
უპრეცენდენტო ამნისტია სირიაში
სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა უპრეცედენტო განკარგულებას მოაწერა ხელი და საერთო-სახალხო ამნისტია გამოაცხადა. განკარგულების თანახმად, ამნისტია შეეხო აბსოლუტურად ყველა პატიმარს და დროებით დაპატიმრებულ პირებს, რომელთაც დანაშაული ჩადენილი აქვთ 2011 წლის 20 ივნისამდე. აღნიშნული ამნისტია ასადმა იმ პროგრამასთან ერთად წარადგინა, რომელმაც სირია კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს. ამნისტია შეეხო ასევე უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარს და მათ შორის, აკრძალული ისლამისტური მოძრაობის, „ძმები-მუსლიმანების” წევრებსაც.
მიშელ ობამა სტუმრად მანდელასთან
ამერიკის პირველი ლედი, მიშელ ობამა სამუშაო ვიზიტით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, და ნელსონ მანდელას შეხვდა. მიშელი, ქალიშვილებთან – მალიასთან და საშასთან ერთად, მანდელას იოჰანესბურგის ფეშენებელურ რაიონში მდებარე აპარტამენტებში ესტუმრა და შეხვდა 92 წლის, აპარტეიდის რეჟიმთან მებრძოლ ყველაზე ცნობილ ადამიანს. აღსანიშნავია, რომ პირველ ლედისთან შეხვედრა მანდელას ინიციატივა იყო. საინტერესოა, რომ მანდელას კაბინეტში უკიდია ფოტოსურათი, რომელზეც იგი ბარაკ ობამასთან ერთად არის გადაღებული. ფოტო 2006 წელს, ჯერ კიდევ ობამას სენატორობის პერიოდში, მობილური ტელეფონის საშუალებით გადაიღო მანდელას თანაშემწემ, როდესაც ობამა მას სახლში ესტუმრა.
ბერლუსკონი – კომპიუტერული თამაშის გმირი
სპეციალურად „აიფონისთვის” და „აიპადისთვის” კომპანია „ებიმობმა” კომპიუტერული თამაში გამოუშვა, სადაც მთავარი მოქმედი პირი იტალიის პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონია. თამაშის მოტივები ბოლო დროს გახშირებულ სექს-სკანდალებზეა აგებული და ბერლუსკონის კომპიუტერული ვერსია მოსამართლეებს ებრძვის, რომლებიც მისთვის განაჩენის გამოტანას ცდილობენ. სათამაშო „ბერლუსკონი” მოსამართლეების მიმართულებით ხილს და ბოსტნეულს ისვრის და ასეთი გზით უსწორდება მათ. თუკი ააცდენს, იმ შემთხვევაში, ეკრანზე შიშველი გოგონა ჩნდება, რომელიც საჰაერო კოცნას უგზავნის სილვიოს. თამაშის სახელია „ენგრი ბუნგა” (ბუნგა-ბუნგა – ბერლუსკონისთან დაკავშირებული მაროკოელი მოცეკვავის, ქარიმა ელ-მარუგის მიერ წარმოთქმული ფრაზიდან ამოიღეს) და მის შესახებ ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა ბერლუსკონის გარემოცვიდან.
35 წელი ექსპრეზიდენტისთვის
სახელმწიფო ქონების მიტაცებისა და საბიუჯეტო თანხების პირადი სარგებლობის მიზნით გამოყენების გამო, ტუნისის დევნილობაში მყოფ ექსპრეზიდენტს – ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის და მის მეუღლეს – ლეილა ტრაბელსის, ტუნისურმა სასამართლომ, დაუსწრებლად 35-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბენ ალიმ 50 მილიონი ტუნისური დინარი (25 მილიონი ევრო), ხოლო ლეილამ 41 მილიონი დინარი უნდა გადაიხადონ ჯარიმის სახით, ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამჟამად ბენ ალი საუდის არაბეთში იმყოფება მეუღლესთან ერთად და ადვოკატების საშუალებით აცხადებს, რომ არ ცნობს სასამართლოს განაჩენს და საკუთარ თავს, ისევ ტუნისის მოქმედ პრეზიდენტად მიიჩნევს.