„ვაჰ, დრონი, დრონი“
სხვის სკამზე დაბრძენებული
მამუკა არეშიძის ინიციატივას (რომელიც ხელისუფლებამ ყოველგვარი ლაი-ლაის გარეშე მონათლა უპერსპექტივოდ), აფხაზეთის აღიარებაზე საუბრის დაწყების შესახებ, ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც გამოეხმაურა. მოქმედებისგან განსხვავებით, ყოფილმა ხელისუფალმა ზემოხსენებული შეთავაზება დადებითად შეაფასა (ან კი რატომ არ შეაფასებდა, როდესაც მისი არც არაფერი მიდის). მეტიც, დარწმუნებულია, რომ „საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.“ ამ მოსაზრებას კი შემდეგი არგუმენტებით ამყარებს: რაკი, აფხაზეთი, თურმე, საქართველოს ჩვეულებრივი რეგიონი ვეღარასდროს გახდება, მასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებაზე მაინც უნდა ვიზრუნოთ (ვითომ რატომ უნდა ვიზრუნოთ?!), თუმცა ამ მიზნის მიღწევის ვადად 10-15 წელს ასახელებს (რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი აღიარების პროცესი ახლა დაიწყება).
მეორე მხრივ, ცნობილია, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ, კერძოდ, მაშინ, როდესაც ბ-ნი შევარდნაძე თავად იყო ამ ქვეყნის მეთაური (გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა ხანებში) არ დათანხმდა აფხაზეთის ავტონომიას არც საქართველოს ფედერაციის და არც კონფედერაციის შემადგენლობაში. მისი განმარტებით, უარის მიზეზი შემდეგნაირი იყო (სიტყვა-სიტყვით მომყავს ციტატა): „მაშინ სხვა დრო იყო. ჩემს დროს შეცდომა იყო ის, რომ კიტოვანი შევარდა სოხუმში და ქალაქი დაარბია. სოხუმში არ უნდა შესულიყო, მაგრამ კიტოვანი მე არ მემორჩილებოდა; გვარდია არ ემორჩილებოდა სახელმწიფო საბჭოს.“
ექსპრეზიდენტის თანამედროვეთა განმარტებით, ბ-ნი შევარდნაძის მიერ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მის სკამს შეარყევდა. ჰოდა, რაკი შეარყევდა, უკუაგდო. თუმცა, რაკი ჯერი სხვისი სკამის შერყევაზეა, როგორც ჩანს, რჩევებს არ იშურებს, სავარაუდოდ, იმ მარტივი ლოგიკით, რომ სხვა მხოლოდ სხვის სკამზეა ბრძენი!