რატომ ანდო ლექსო თორაძემ საკუთარი მოწაფეების ბედი ქეთევან ბადრიძეს და როგორი ქორწილი გაუმართა მას თავის სახლში
ქეთევან ბადრიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პიანისტია. მის პროფესიონალიზმს ჩვენი შეფასება აღარ სჭირდება, რადგან მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა პიანისტმა, ლექსო თორაძემ, დიდი ხნის წინ მიიწვია ის ამერიკაში და თავის მოწაფეების ბედს დღეს სწორედ მას ანდობს...
ქეთევან ბადრიძე: დღეს რომ პიანისტი ვარ, გადამწყვეტი როლი დედას მიუძღვის, – სულ თავზე მედგა და მამეცადინებდა. დედა მუსიკოსია, მისი მოწაფეები ჩვენთან სახლში მოდიოდნენ, მთელი ბავშვობა მუსიკას ვისმენდი და, აქედან გამომდინარე, ჩემი ბედიც ასე გადაწყდა... 5 წლის ასაკში როიალზე მუსიკალურ ნაწარმოებებს ვაწყობდი. ამიტომ ჩათვალეს, რომ გამორჩეული ნიჭით ვიყავი დაჯილდოებული (იცინის) და ნიჭიერთა ათწლედში, ქალბატონ ნელი იმედაშვილთან მიმიყვანეს. ნიჭიერთა ათწლედში გატარებული წლები ძალიან საინტერესო იყო, – ორკესტრებთან ერთად ვუკრავდი, საჩვენებელ კონცერტებზე გამოვდიოდი... ნიჭიერთა ათწლედის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიაში ჩავაბარე.
– ყველა კარგი მუსიკოსი, პირველ ყოვლისა, პედაგოგებს ემადლიერება. ვხედავ, არც თქვენ ხართ გამონაკლისი...
– დიახ, ამ მხრივ ნამდვილად ძალიან გამიმართლა... ქალბატონი ნელი იმედაშვილი მზრდიდა ბავშვობიდან მოყოლებული, ნიჭიერთა ათწლედის დამთავრებამდე. შემდეგ ბატონ თემურ მათურელთან მოვხვდი, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა – ჰოლანდიაში ჰქონდა კონცერტი და კონცერტის შემდეგ კულისებში გარდაცვლილი იპოვეს... ბატონ თემურთან მოხვედრა ძალიან დიდი ბედნიერება იყო, რადგან არაჩვეულებრივი მუსიკოსი გახლდათ. მასთან რომ ვსწავლობდი, სწორედ იმ პერიოდში გავიარე პირველი კონკურსი. 1991 წელს ინგლისში ვიმყოფებოდი ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე, სადაც მეორე ადგილი ავიღე. თემურ მათურელის გარდაცვალება ჩემთვის უდიდესი ტრაგედია იყო, ასეთი ახლობელი ადამიანის დაკარგვა ძალიან მძიმედ გადავიტანე... შემდეგ ისევ გამიმართლა და ბატონ ნოდარ გაბუნიასთან აღმოვჩნდი – ასპირანტურა მასთან დავამთავრე. ნოდარ გაბუნია გამორჩეული მუსიკოსი და პედაგოგი იყო. მან უდიდესი როლი შეასრულა ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. ნოდარ გაბუნია უაღრესად საინტერესო პიროვნებაც იყო. ჩვენ (მისი სტუდენტები) ხშირად ვიკრიბებოდით მის სახლში. არასოდეს დამავიწყდება, რა განმანათლებლური იყო ეს საღამოები.
– თემურ მათურელის გარდაცვალების შემდეგ, წინასწარ დაგეგმილ კონცერტებზე თქვენ მის ნაცვლად მოგიხდათ გამოსვლა...
– საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის კვარტეტს კონცერტები ჰქონდა დაგეგმილი თემურ მათურელთან ერთად. ეს კვარტეტი საფრანგეთში მოღვაწეობდა. თემურ მათურელი რომ გარდაიცვალა, კვარტეტის იმპრესარიოს გადაწყვეტილებით (კვარტეტის თანხმობითაც), საკონცერტო სიაში აღმოვჩნდი... მათთან ერთად არაერთხელ მომიხდა გამოსვლა. სამწუხაროდ, კვარტეტი დაიშალა და შემდეგ ტრიო ჩამოყალიბდა. რეზო მაჩაბელთან და გერმანელ მევიოლინესთან, იასობ ჰილმანთან ერთად ევროპაში გამოსვლა ხშირად მიწევდა.
– იმ პერიოდში თბილისის კონსერვატორიის ასპირანტურაში სწავლობდით და ოჯახიც გქონდათ...
– კონსერვატორიაში რომ ჩავაბარე, პირველი შვილი – ილიკო შემეძინა. მშობლები ძალიან მეხმარებოდნენ, მაგრამ ოჯახის პარალელურად სწავლა, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. მახსოვს, კონკურსისთვის რომ ვემზადებოდი, სახლში მეცადინეობას ვერ ვახერხებდი. ბატონ თემურ მათურელს ბინა ჰქონდა, სადაც არავინ ცხოვრობდა და როიალი იდგა. სამეცადინოდ იქ წასვლა ყოველდღიურად მიწევდა... ასპირანტურის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიაში ნოდარ გაბუნიას ასისტენტად ვმუშაობდი. ეს შტატი ნოდარ გაბუნიასთვის საგანგებოდ დაუშვეს, რადგან ერთდროულად კონსერვატორიის რექტორიც იყო და პედაგოგიც.
– როგორ აღმოჩნდით ლექსო თორაძესთან?
– ამერიკიდან საქართველოში ჩამოსული იყო ლექსო თორაძის მოწაფე, გიორგი ვაჩნაძე. მას ჩემი ჩანაწერი ლექსო თორაძესთან გავატანე, ლექსო თორაძემ კი, მოწონების ნიშნად, ინდიანის უნივერსიტეტში, თავის კლასში სასწავლებლად მიმიწვია. ამერიკაში 2000 წელს წავედი, 30 წლის ასაკში და დღემდე იქ ვარ... ილიკო თავიდან ცოტა ხნით საქართველოში დავტოვე და შემდეგ წავიყვანე, მაგრამ, იქ შეგუება გაუჭირდა და ისევ საქართველოში ამჯობინებდა ყოფნას. ვიდრე უნივერსიტეტში არ ჩააბარა, ამერიკაში ყოფნა ძალიან უჭირდა.
– ბავშვის სწორ გზაზე დაყენება, ამერიკაში კარიერის აწყობა... რთული არ იყო?
– ვერ ვიტყოდი, რომ რთული იყო. ამერიკაში უამრავი ქართველი დამხვდა, პატარა საქართველოში ჩავედი და სამშობლოს ნოსტალგია არ მიგრძნია. ლექსო თორაძე უიშვიათესი პიროვნებაა. იგი მხოლოდ პედაგოგი კი არა უფროსი მეგობარი და მამასავით მზრუნველია ჩვენ მიმართ...
თუმცა, სირთულეებიც იყო. თბილისში ჩემი საქმე უკვე აწყობილი მქონდა: კონსერვატორიაში ვმუშაობდი, მეტ-ნაკლებად ყველა მიცნობდა, კონკურსები გავიარე, რაღაც წარმატებები მოვიპოვე... ამერიკაში კი, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ნულიდან უნდა დამეწყო. აქ ოჯახი დავტოვე. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში როგორი ვითარება იყო. მართალია, კონსერვატორიაში ვმუშაობდი, მაგრამ, სასაცილო ხელფასი მქონდა. იმ პერიოდში მეუღლესაც დავშორდი.
– ამერიკაში წასვლამ თქვენი პირადი ცხოვრებაც შეცვალა?
– დიახ, იქ შევხვდი ადამიანს, რომელიც მომავალში ჩემი მეუღლე გახდა. მე და დავით მაჭავარიანი დავქორწინდით და შეგვეძინა შვილი, რომელიც სულ მალე 5 წლის გახდება. ჩემი მეუღლე ჩელისტია და ინდიანის უნივერსიტეტში ისიც ლექსო თორაძის დახმარებით მოხვდა. ლექსო თორაძემ ქართველი სტუდენტების პირველი ნაკადი რომ წაიყვანა, იყვნენ: ალექსანდრე კორსანტია, თამარ გურევიჩი, გიორგი ვაჩნაძე და დავით მაჭავარიანი. დღემდე დათოა ერთადერთი ჩელისტი, დანარჩენი ჩასული ქართველები ყველანი პიანისტები ვართ. დღეს ინდიანის უნივერსიტეტში ვასწავლი, ჩემი საკუთარი კლასიც მყავს და, თან, ლექსო თორაძის ასისტენტი ვარ. ლექსო თორაძეს ხშირად უწევს კონცერტის ჩასატარებლად წასვლა სხვადასხვა ქვეყანაში და იმ პერიოდში მის სტუდენტებს მე ვამეცადინებ. ამხელა მუსიკოსის ასეთი ნდობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
– თქვენ არ მართავთ კონცერტებს?
– ამერიკაში მაქვს სოლო და კამერული ანსამბლის კონცერტები და ვუკრავ ორკესტრებთან. ასევე, ხშირად გამოვდივარ ჩემს მეუღლესთან ერთად. ლექსო თორაძეს ძალიან ხშირად დავყავართ მარათონულ კონცერტებზე ევროპაში. ერთი ან ორი დღე ერთ კომპოზიტორს ეთმობა ხოლმე და ეს მაყურებლისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან ერთი და იგივე კომპოზიტორის ნაწარმოებებს სხვადასხვა ინტერპრეტაციით ისმენს. ვიმყოფებოდით რურისა და ზალცბურგის ფესტივალებზე, ასევე, ლონდონის ვიგმორ ჰოლში და სხვა...
ახლახან მე და ლიზა ბათიაშვილმა ერთად დავუკარით. თბილისის ნიჭიერთა ათწლედის დასახმარებლად გერმანიიდან, „დოიჩე გრამოფონის” თანამშრომლები ფილმის გადასაღებად ჩამოვიდნენ. ნიჭიერთა ათწლედის შენობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ფილმში სწორედ ეს აისახა. ვინაიდან გადაღებისას პიანისტი სჭირდებოდათ, თან, სასურველი იყო, ნიჭიერთა ათწლედი ჰქონოდა დამთავრებული, ამიტომ მე დამიკავშირდნენ. რასაკვირველია, შემოთავაზებულ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. მე და ლიზამ ერთად დავუკარით პარიზში, ბერლინში, თბილისში და, ბედნიერი ვარ, ჩვენი დუეტი რომ შედგა.
– ამერიკას დავუბრუნდეთ... როგორც ვიცი, იქ ქართულ ტრადიციებს არ ღალატობთ, – ვენახები, ღვინის დაწურვა და ასე შემდეგ...
– ღვინოს უფრო ხშირად ჩემი მეუღლე წურავს, ფეხბურთის გუნდის შექმნის ინიციატორიც ისაა. ასაკობრივად ჩემი მეუღლე და ლექსო თორაძე ყველაზე ახლოს არიან ერთმანეთთან... რაც შეეხება ვენახებს, სადღაც დაიბეჭდა, თითქოს საკუთარი ვენახები გვაქვს, მაგრამ, ასე არ არის. სინამდვილეში, ერთ-ერთ ფერმერთან მივდივართ, „ადესის“ ტიპის ყურძენს ვყიდულობთ, რომლიდანაც ყველაზე კარგი ღვინო გამოდის. ყურძენს თავად ვკრეფთ, პიკნიკს ვაწყობთ... მერე კი ჩვენი სახლის სამზარეულოში ქართული წესის დაცვით – ფეხით წურავენ მამაკაცები.
– ქალბატონმა ლიანა ასათიანმა გვითხრა, რომ ყურძნის ფეხით დაწურვაში ლექსოს შვილებიც იღებენ მონაწილეობას. გაგვაცანით ლექსო თორაძის შვილები...
– ლექსო თორაძის შვილები კოლეჯში სწავლობენ. უფროსი შვილი – საყვირზე უკრავს, უმცროსი კი არ აპირებს, მუსიკას გაჰყვეს, თუმცა, ფორტეპიანოზე კარგად უკრავს. მამის მსგავსად, ძალიან თბილი ბავშვები არიან, ჩემს ილიკოსთან ძალიან მეგობრობენ. ლექსოს უმცროს ვაჟს – ალექსის და ჩემს ილიკოს ერთ უნივერსიტეტში მოუწევთ სწავლა.
– თქვენი შვილი, ილიკო, გაჰყვება მუსიკას?
– ილიკომ უნივერსიტეტში ჩააბარა. ის კონტრაბასზე უკრავს და მისი ოცნებაა, კარგ ორკესტრში დაუკრას.
– უმცროს შვილზე რას გვეტყვით?
– უმცროსმა შვილმა ქართული კარგად იცის, რადგან მხოლოდ ქართულად ვესაუბრებით. წელს სკოლაში მიდის და, ინგლისურად აზროვნებას რომ დაიწყებს, ქართულის შენარჩუნება გაუჭირდება, მაგრამ, ყველანაირად შევეცდები, არ დაივიწყოს.
– თუ არ ვცდები, თქვენი ქორწილი ლექსო თორაძის სახლში გაიმართა...
– დიახ. ლექსო თორაძის სახლში რამდენიმე ქორწილი გაიმართა: ჩვენი, ვახტანგ კოდანაშვილის და ედიშერ სავიცკის. ლექსო იმდენად გახარებული იყო ქართული ოჯახების შექმნით, სუფრის დიზაინზეც კი თავად ზრუნავდა. სურათიც მაქვს, ლექსოს რომ მოვყავარ ხელკავით, როგორც მამა მიაცილებს ხოლმე საკურთხევლამდე თავის ქალიშვილს.