როგორ გახდა გაყიდული ბინის წილი დედის სასტიკი მკვლელობის მიზეზი და რატომ გაითამაშა შვილმა ყაჩაღობის ინსცენირება
61 წლის ციალა აფრიაშვილის დასახიჩრებული გვამი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, აღმოაჩინეს. გვამი ორ ნაწილად იყო დანაწევრებული – თავი ტანს მთლიანად ჰქონდა მოშორებული, გარდაცვლილს ერთი დიდი ჭრილობა აღენიშნებოდა მხრის არეშიც. პირველადი დათვალიერების შედეგად ცხადი იყო, რომ ოპერატიულ სამსახურს საქმე ყაჩაღობასა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობასთან ჰქონდა. სისხლის სამართლის საქმე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით სწორედ ამ მუხლით აღიძრა.
გარდაცვლილი ქალის გვამი, სოფელ ჭონაკში, მისმა მეზობელმა, ლიანა მიგრიაულმა აღმოაჩინა. შეტყობინება პოლიციის განყოფილებაშიც მისგან შევიდა. მოგვიანებით, ლიანა მიგრიაულმა თავის ჩვენებაში დეტალურად აღწერა ის, თუ რა ვითარებაში აღმოაჩინა გარდაცვლილი ციალა აფრიაშვილის გვამი და ამის შესახებ ოპერატიულ სამსახურში განაცხადა. ამონაწერი მოწმის, ლიანა მიგრიაულის ჩვენებიდან: „ციალა აფრიაშვილის ოჯახთან, ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. გარდა იმისა, რომ ახლო მეზობლები ვართ, ციალას მეუღლე, რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა, ჩემი შვილის ნათლია იყო. აფრიაშვილების ოჯახი ძირითადად თბილისში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც შვილები წამოიზარდნენ და დაოჯახდნენ, მშობლები სოფელში დაბრუნდნენ და სოფლის მეურნეობას მიჰყვეს ხელი. უფროსი ბიჭები – გელა და გიორგი, თბილისში დარჩნენ, უმცროსი ქალიშვილი კი, მეზობელ სოფელში გათხოვდა და დედ-მამასთან ძალიან ხშირად იყო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ციალა სახლში მარტო ცხოვრობდა. დროდადრო თავის შვილიშვილს, 5 წლის ანას დაიტოვებდა ხოლმე. ბოლო პერიოდში ბიჭები იშვიათად ჩამოდიოდნენ თბილისიდან. ციალა ამის გამო მათზე ძალიან იყო განაწყენებული, მაგრამ ძვირს მაინც არ ამბობდა. – საქმეები აქვთო, – ასე ამართლებდა მათ.
მკვლელობის დღეს, აფრიაშვილებთან უჩვეულო არაფერი შემიმჩნევია. საღამოს ერთად ვისხედით ჩემს ეზოში. იმ დღეს ანა ჰყავდა სტუმრად და ციალა სახლში დაბინდებამდე შევიდა – ბავშვი ადრე უნდა დავაძინოო. იმ ღამეს არანაირი ხმაური არ გამიგონია, ციალას სახლი უბნის განაპირას დგას. მისი ეზოს შემდეგ საკარმიდამო ნაკვეთები იწყება და არც ერთი მოსახლე აღარ ცხოვრობს. სახლიც ისეთი დაგმანულია დარაბებით, ხმაური რომც ყოფილიყო, ვერაფერს გავიგებდით. დილით მე და ციალა ჭინჭრის მოსაკრეფად ვაპირებდით მინდორში წასვლას. გზად გავუარე, ეზოში რამდენჯერმე დავუძახე, მაგრამ არ გამომეპასუხა. სახლის კარი შევხსენი და საშინელება დავინახე – მთელი სახლი თავდაყირა იდგა, იატაკი სისხლით იყო მოსვრილი, გულგახეთქილი სისხლის კვალს გავყევი და აბაზანამდე მივედი. ენით ვერ აღვწერ, იქ ისეთი საშინელება დავინახე. გვამს თავი ისე ჰქონდა მოჭრილი, თითქმის მთლიანად იყო დაშორებული ტანს. იქვე ციალას თმა ეყარა, ქალს გადაჭრილი ჰქონდა მკლავიც. შეშინებული გარეთ გამოვვარდი, მეზობლებს ვეძახდი. სანამ ხალხი მოგროვდა, ისევ სახლში შევვარდი, რადგან გამახსენდა, რომ სახლში პატარა ბავშვიც იყო. ანა არსად ჩანდა. ხალხი უკვე მოგროვილიყო, როდესაც ერთ-ერთმა მეზობელმა ბავშვს საწოლის ქვეშ დამალულს მიაგნო. ისეთი შეშინებული იყო, მეტყველება ჰქონდა დაკარგული. ჩვენ ხელი არაფრისთვის გვიხლია, მაშინვე პოლიციას შევატყობინეთ ეს ამბავი”.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ოდოროლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის თანამშრომლებიც მივიდნენ. გვამის გარეგანი დათვალიერებით ცხადი გახდა, რომ ჭრილობები დიდი ზომის, ბასრი საგნით იყო მიყენებული. თუმცა, მკვლელს იარაღი დანაშაულის ადგილზე არ დაეტოვებინა. საკმაოდ მწირი აღმოჩნდა დაქტილოსკოპიური სამსახურის მონაცემებიც – მკვლელს შემთხვევის ადგილზე ანაბეჭდები თავად გაექრო. ერთადერთი კვალი, რაც მას შემთხვევის ადგილზე ჰქონდა დატოვებული, ფეხსაცმლის ნაკვალევი იყო სისხლის გუბეზე, რაც ცოტა უცნაური გახლდათ. მკვლელს, რომელმაც თითის ყველა ანაბეჭდი წაშალა, რატომ უნდა დარჩენოდა შეუმჩნეველი ფეხის ანაბეჭდები?! გვამის სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა, რომ მკვლელობა გვამის აღმოჩენამდე 10-12 საათით ადრე იყო ჩადენილი.
სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარება დაიწყეს. პირველი ვერსია იყო ყაჩაღობა, მით უმეტეს, რომ გამოძიებისთვის ცნობილი გახდა შემდეგი ფაქტი – მკვლელობამდე ორი თვით ადრე, ციალა აფრიაშვილს 45 ათას დოლარად გაეყიდა თბილისში მდებარე კუთვნილი ბინა. აღებული თანხის ნაწილი უფროსი შვილებისთვის გაენაწილებინა, ძალიან მცირე ნაწილი კი, ქალიშვილთან ჰქონდა შენახული. ეჭვი იმის შესახებ, რომ დამნაშავეს სხვა მიზნები ჰქონდა და ყაჩაღობა მხოლოდ ინსცენირების მიზნით იყო დადგმული, გააჩინა ერთმა გარემოებამ – ციალა აფრიაშვილის ბინაში ხელუხლებლად დაეტოვებინათ რამდენიმე ოქროს სამკაული, რომელთა ღირებულება დიდი არ იყო, თუმცა ყაჩაღი მას აუცილებლად გააყოლებდა ხელს. ძალიან უცნაურად იყო გადმოყრილი ავეჯიც, რაც ბადებდა ეჭვს, რომ მკვლელი სახლში ფულს და ძვირფასეულობას არ ეძებდა.
მკვლელობიდან მეორე დღეს, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს დანაშაულის იარაღი – ცული, რომელიც მკვლელს თავიდან მოეშორებინა და ციალა აფრიაშვილის მეზობლის ნაკვეთში გადაეგდო. მასზე გარდაცვლილის სისხლის კვალი იყო დარჩენილი. მოკლულის მეზობლებმა განაცხადეს, რომ ცული გარდაცვლილს ეკუთვნოდა და მისგან ხშირად თხოულობდნენ. მკვლელობას ჰყავდა ერთადერთი მოწმე – მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც მხოლოდ ის ახსოვდა, რომ ღამე სახლში ყვირილის ხმამ გამოაღვიძა, შეშინებული საწოლის ქვეშ შეძვრა, სადაც ჩაეძინა კიდეც. ბავშვის ჩვენება სამართალდამცველებისთვის ხელჩასაჭიდ ინფორმაციას არ იძლეოდა, სამაგიეროდ, ოპერატიული სამსახურისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გარდაცვლილის დის, ნანა ქოქიაურის დაკითხვა, რომელმაც განაცხადა, რომ მკვლელობის ღამეს, მოულოდნელად, დისშვილი ეწვია. სამართალდამცველებისთვის ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი სტუმრობა, მხოლოდ უცნაური დამთხვევა არ იყო. ამონაწერი ნანა ქოქიაურის ჩვენებიდან: „მე, ჩემი დის მეზობელ სოფელში ვცხოვრობ. მკვლელობის ღამეს ჩემთან სახლში ჩემი დისშვილი, გელა მოვიდა. დაახლოებით ღამის ორი საათი იქნებოდა. გელამ მითხრა: დედასთან უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ მანქანა გამიფუჭდა, ამ ღამეს თქვენთან გავატარებ და მასთან ხვალ დილით მივალო. მეორე დღეს გელას მეც გავყევი ჩემს დასთან, იქ საშინელება დაგვხვდა”.
გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ გელა აფრიაშვილს ბოლო პერიოდში დედასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ციალა აფრიაშვილს, გაყიდული სახლიდან შვილებში ყველაზე მცირე რაოდენობით თანხა მისთვის ეწილადებინა. გელა აფრიაშვილი ნარკოტიკების მოხმარებისთვის ორჯერ იყო დაკავებული. დედამ კი, იმისთვის, რომ საპროცესო გარიგებით შვილი გაეთავისუფლებინა, თანხა ორჯერ გადაიხადა. ამის გამო უსიამოვნება არა მხოლოდ დედა-შვილს, ძმებს შორისაც არსებობდა. უფროსი შვილი – გიორგი აფრიაშვილი დედას სთხოვდა, ძმისთვის სახლის წილი აღარ მიეცა. გელა აფრიაშვილი კი, რომელიც ცოლის ბინაში ცხოვრობდა, დედისგან გაყიდული ბინის სანაცვლოდ 20 ათას დოლარს ითხოვდა. როგორც სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, დედაზე განაწყენებული გელა აფრიაშვილი მასთან იშვიათად ჩადიოდა, შესაბამისად, მაინცდამაინც მკვლელობის ღამეს მისი ყოფნა შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, არსებული ალიბის მიუხედავად, მაინც საეჭვო იყო. ეს ოპერატიული სამსახურისთვის, გელა აფრიაშვილის დაკითხვის შემდეგ, უფრო ცხადი გახდა. მან დაკითხვის დროს, ისიც უარყო, რომ დედასთან ნაჩხუბარი იყო და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. გამოძიებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ციალა აფრიაშვილის მეზობლის მიერ გავრცელებული ხმა, რომ მკვლელობის ღამეს გარდაცვლილის სახლთან მისი შვილის ავტომობილი დაინახა. გელა აფრიაშვილი თავიდან უარყოფდა დედის მკვლელობას, მაგრამ ბოლოს ჩადენილი დანაშაული აღიარა: „როცა დედამ ბინა გაყიდა და მე წილის გარეშე დამტოვა, ძალიან გავბრაზდი. რამდენჯერმე მოვთხოვე, რომ თანხა ძმებს შორის შუაზე გაეყო და ჩემთვის 20 ათასი დოლარი მოეცა. ბინის დაგირავება და პატარა ბიზნესის წამოწყება მინდოდა, მაგრამ ვერ დავითანხმე. მკვლელობის დღეს მასთან ფულზე მოსალაპარაკებლად ჩავედი. დედის მოკვლა გადაწყვეტილი არ მქონდა, მაგრამ ჩვენი საუბარი არ გამოვიდა. დედამ სულ ნარკომანი და ყაჩაღი მეძახა. ძალიან აგზნებული ვიყავი, ჩვენი საუბარი ჩხუბში გადაიზარდა, მე გარეთ გამოვედი. გადავწყვიტე, იმ ღამესვე თბილისში წავსულიყავი. ეზოში ცული დავინახე, როცა სახლში შევტრიალდი, დედა სააბაზანოში იყო შესული. ისე შევყევი უკან, ვერ დამინახა. თმაში ხელით ვწვდი. დედა ძლიერი იყო ფიზიკურად და გამიძალიანდა. მე ძირს დავაგდე და ორჯერ მთელი ძალით დავარტყი ცული.“
გელა აფრიაშვილმა მკვლელობის ადგილი მალე დატოვა, თუმცა იქამდე ყველა კვალის წაშლა სცადა. შეუმჩნეველი დარჩა 5 წლის ბავშვის სახლში ყოფნა, რომელიც ჩხუბის დაწყებისთანავე, შეშინებული საწოლის ქვეშ შეძვრა და იქ დაიმალა. სახლიდან გამოსულმა მკვლელმა მკვლელობის იარაღი მეზობლის ნაკვეთში გადააგდო. თვითონ წყაროზე სისხლიანი ფეხსაცმელები გარეცხა, თუმცა მასზე სისხლის კვალი მაინც იყო დარჩენილი. ალიბის შესაქმნელად მკვლელი დეიდასთან მივიდა. თუმცა, მას ვერც ამან უშველა – მკვლელობის დრო და მისი დეიდასთან სტუმრობის პერიოდი, არათუ ალიბად გამოდგებოდა, საეჭვოც კი იყო. სასამართლოზე გელა აფრიაშვილმა ჩადენილი დანაშაული კიდევ აღიარა და სასჯელის შემსუბუქება ითხოვა. სასამართლომ არ გაიზიარა მისი დაცვის მხარის შუამდგომლობა, მკვლელობაში ეჭვმიტანილის ემოციური და ფსიქიური მდგომარეობის შესახებ და დედის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიუსაჯა.