რისი აღიარების არ რცხვენია დათო ოქიტაშვილს და რატომ დარჩებოდა ის გაუთხოვარი, ქალი რომ ყოფილიყო
დათო ოქიტაშვილი: მე რომ ქალად დავბადებულიყავი?! არა, არ მიფიქრია ამაზე (იცინის). მაგრამ დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასეთი ხასიათის ვიქნებოდი, როგორიც ახლა ვარ.
– ანუ, როგორი ქალი იქნებოდით?
– მოწესრიგებული, პუნქტუალური, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობით. ვერ ავიტანდი ღალატს, ტყუილს, ქარაფშუტობას, უწესობას.
– გაუთხოვარი დარჩებოდით.
– შეიძლება (იცინის). თუმცა, რატომ უნდა დავრჩენილიყავი გაუთხოვარი?
– იმიტომ, რომ ასეთი ქალები კაცებს არ უყვართ.
– ვითომ? მე პირიქით, სწორედ ასეთი ქალები მომწონს. მეტსაც გეტყვით: ქარაფშუტა და ჩერჩეტ ქალებს პატივს არ ვცემ. მით უმეტეს, ვერაფრით შევეგუები მოუწესრიგებელსა და უპასუხისმგებლოს.
– აბა, ცოტას უნდა მოისულელებდე, რომ მამაკაცს მოეწონოო?!
– ვინ თქვა ეგ? შეიძლება, ვინმეს მოსწონს უჭკუო ქალები, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ასეთის გვერდით ვერ ვიცხოვრებდი. მოღალატეზე ხომ საერთოდ არ არის ლაპარაკი. მე მიმაჩნია, რომ ერთგულება ორივე სქესს თანაბრად მოეთხოვება. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ კაცი მაინც კაცია და ის ერთხელ სადღაც გაძვრება. თუმცა ესეც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა კაცი აუცილებლად ასეთია.
– იმის თქმა გინდათ, რომ იცნობთ მამაკაცებს, რომლებიც არსად დაძვრებიან?
– სიმართლე გითხრათ, მე ასეთ მამაკაცებს არ ვიცნობ, მაგრამ, მაინც ვალდებული ვარ, დავიცვა მამაკაცების უფლებები და ვთქვა, რომ ასეთები არსებობენ (იცინის).
– მე არ მესმის, რატომ უნდა ეპატიოს კაცს ის, რასაც არ ვპატიობთ ქალს.
– იმიტომ, რომ ის მამაკაცია – ეს ასეა და ახსნა არ სჭირდება. ოცდამეერთე საუკუნეში ქალებმა უზარმაზარი უფლებები მოიპოვეს, ფეხი მოიკიდეს პოლიტიკაში და მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პირიქით, ძალიან მიხარია. რაც მეტი ქალი მოვა პოლიტიკაში, მით მეტი სტაბილურობა და სიმშვიდე იქნება. ქალის მიმართ მაინც არსებობს მოწიწება და შეთანხმების მიღწევაც თითქოს იოლდება. მე ვერ წარმომიდგენია მამაკაცი, რომლის ცხოვრებაშიც არ არის ქალი და პატივს არ სცემს ქალებს.
– თქვენ საკუთარ ოჯახში უმცირესობაში ხართ. თავს დაჩაგრულად არ გრძნობთ?
– პირიქით, ბედნიერი ვარ, რომ სამი უმშვენიერესი ქალის გარემოცვაში ვცხოვრობ. მეტსაც გეტყვით: თუკი რამეს ვაკეთებ და რამისთვის მიმიღწევია ცხოვრებაში, ეს მათი დამსახურებაა, განსაკუთრებით – ჩემი მეუღლის. მე არ მრცხვენია ამის აღიარების. ირინამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა, ბევრ რაღაცაზე ამიხილა თვალი, გარდატეხა მოახდინა ჩემში, ამ სიტყვის კარგი გაგებით და, თუ მე დღეს, როგორც დათო ოქიტაშვილს, პატივს მცემენ, ირინას უნდა ვუმადლოდე.
– რატომ ამჯობინებს თქვენი მეუღლე ჩრდილში ყოფნას?
– მე არ ვმალავ. თვითონ იმალება. მარტო მეუღლე კი არა, შვილებიც ასე არიან და მე სულ ვამბობ, ჩემი შვილები პრესას და კამერას როგორ უნდა ემალებოდნენ, როცა მე ყველასთვის ხელმისაწვდომი რესპონდენტი ვარ-მეთქი. (იცინის). არც ერთ თემაზე საუბარი არ მიჭირს. მიმაჩნია, რომ, რადგან საზოგადოებას აინტერესებ, არ გაქვს უფლება, დაიმალო. სამსახური სამსახურია და თუ ვინმეს უნდა, გაიგოს, როგორი ხარ კაბინეტის მიღმა, ეს ძალიან კარგია.
– რას ნიშნავს მამაკაცისთვის კარგი ცოლი?
– ყველაფერს. მე და ირინა მეთექვსმეტე წელია, ცოლ-ქმარი ვართ. რა თქმა უნდა, გვიკამათია კიდეც და ჩხუბიც მოგვსვლია, მაგრამ არასდროს ზღვარს არ გადავსულვართ. არ არსებობს ოჯახი, სადაც ყველაფერი იდეალურად არის. ის ცოცხალი ორგანიზმია და ეს ბუნებრივია. ოჯახის უფროსი ვარ მე, მაგრამ მთელ საოჯახო საქმეებს განაგებს ირინა. ის ძალიან კარგი ორგანიზატორი აღმოჩნდა და არაჩვეულებრივად უძღვება საქმეს. ყველაფერში ვენდობი. თორემ, მე რომ გამოვდივარ დილით სახლიდან, გვიან საღამომდე ვერ შევდივარ.
– ამბობენ, ყველა წარმატებული კაცის უკან ჭკვიანი ქალი დგასო.
– მე ამაში ჩემი ცხოვრების მაგალითით დავრწმუნდი. ისიც მართალია, რომ, თუ ქალი რაღაცას აშავებს, პასუხი მის გვერდით მდგომ მამაკაცს მოეთხოვება – ესე იგი, ის არ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე. თუ კაცი ხარ, შენს საყვარელ არსებას პატივი უნდა სცე და ყველაფერი გააკეთო მისი ბედნიერებისთვის. თუ სითბოს მოაკლებ, თუ სიყვარულს მოაკლებ, თუ ყურადღებას არ მიაქცევ, ნუღარ გექნება იმის პრეტენზია, რომ თვალებში გიყუროს. იმიტომ ინგრევა ოჯახები, მამაკაცები რომ ვერ დგანან თავის სიმაღლეზე. მეტსაც გეტყვით: მე არ მჯერა, რომ არსებობენ ავი ქალები. ისინი გარემომ, პირობებმა გახადა ასეთი. ყველა კაცი, რომელიც ვერ გაუფრთხილდა მეუღლეს, ვერ გაუგო მას და თუნდაც თავისი ინიციატივით დაშორდა, მერე აუცილებლად ნანობს ამას. არც ერთ კაცს არ უხარია ოჯახის დანგრევა. ტყუილია ეს. ის ბოლოს აუცილებლად ინანებს.
– რა ვქნათ ქალებმა, ვაპატიოთ ჩვენს მამაკაცებს ცელქობები?
– არ ვიცი, ეს თქვენი გადასაწყვეტია. მე მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ, თუ არსებობს სიყვარული, ძალიან უნდა მოუფრთხილდეს მას ქალიც და კაციც, შეინარჩუნონ ნებისმიერ ფასად. ისეთი დრო მოვიდა, ერთმანეთს ჩვენ თუ მაინც არ გავუფრთხილდით და მივუტევეთ, აუტანელი გახდება ცხოვრება. სიყვარულის დაკარგვა ძალიან ადვილია, პოვნაა ძნელი. მაგრამ ღალატიც ძალიან მძიმე თემაა. მე ღალატს მამაკაცს, მეგობარს ვერ ვაპატიებ. რომ ვენდობი და ის ამ ნდობას ბოროტად გამოიყენებს, შეიძლება, სამუდამოდ არ დავკარგო, მაგრამ მასთან ურთიერთობას მოვერიდები. თუ ადამიანს ღალატი ბუნებაში აქვს, ის მეორედაც გიღალატებს. ამიტომ, მირჩევნია შორს ვიყო მისგან.
– თუ სწორად მივხვდი, კაცი რომ სხვა ქალთან წავა, ეს ღალატად არ ითვლება.
– მე კაცების მხარეს ვარ (იცინის) – არ ჩაითვლება ღალატად, თუ ამას ისე გააკეთებ, რომ ვერავინ გაიგებს. არ უნდა ატკინო შენს საყვარელ ქალს გული და ოჯახს ჩირქი არ უნდა მოსცხო, მაგრამ ჩვენ ისეთ პატარა და ჭორიკანა ქალაქში ვცხოვრობთ, სადაც დიდხანს არაფერი იმალება და, დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად გაგიგებენ. აქ ყველა ყველას ნაცნობი და ახლობელია და, გაძვრე ისე, რომ ვინმემ ფაქტზე არ გამოგიჭიროს, წარმოუდგენელია. ამიტომ, გაფრთხილება მამაკაცებს: ამ ქალაქში „ძრომიალს“ მოეშვით (იცინის)!
– ქალი მართლა არის საშიში არსება?
– გააჩნია, რა კონდიციამდე მიიყვან. თუ გააგიჟებ, შეიძლება, მამაკაციც იყოს საშიში. მე საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა აქციო სათუთი და ნაზი არსება საშიშად, ან, როგორ უნდა აქციო. ქალი თავისი ბუნებით მიმტევებელია. თუ, როგორც უკვე გითხარით, კრიტიკულ ზღვრამდე არ მიიყვან. არ უნდა შეუწყო ხელი, რომ ქალი გაავდეს.
– პროგრესის მამოძრავებელი ქალია თუ კაცი?
– ორივე. მე ქალსა და კაცს ცალ-ცალკე ვერ განვიხილავ. იმიტომ, რომ ვერც იარსებებდნენ უერთმანეთოდ. ეს ბალანსი ჯერ არ დარღვეულა და, დარწმუნებული ვარ, არც დაირღვევა, გამორიცხულია. ხომ ამბობენ, რომ თითქოს ქალს შეუძლია გაძლოს კაცის გარეშე. ტყუილია. აბა, ჰკითხეთ გაუთხოვრად დარჩენილ ქალებს, როგორ ნანობენ რატომ არ გავთხოვდი, შვილი მაინც მყოლოდაო?! ასე რომ, უკაცოდ ვერც ერთი ქალი ვერ იქნება ბოლომდე რეალიზებული.
– კაცი თავია, ქალი – კისერი და ამ თავს როგორც უნდა, ისე ატრიალებსო.
– ვერავინ ვერავის დაატრიალებს, თუ თავს თვითონ არ უნდა ეს. ჩემმა ცოლმა რამდენიც უნდა „მატრიალოს“, თუ რომელიმე ნაბიჯის სისწორეში დარწმუნებული არ ვარ, არავითარ შემთხვევაში არ გადავდგამ. თუ რომელიმე მამაკაცს ქალი თავის ჭკუაზე ატრიალებს, ესე იგი, ის მამაკაცი ძალიან უნებისყოფოა ან რაღაც ისეთი აქვს ჩადენილი, რომ იძულებულია, მის ნება-სურვილზე იაროს. მე ასეთ კაცს პატივს არ ვცემ.
– მამაკაცები წუწუნებენ, რომ უჭირთ ქალების გაგება.
– წუწუნებს ის, ვისაც ქალი ბოლომდე შესწავლილი არ ჰყავს, არ იცნობს ქალებს და არც უნდა, რომ მათი ესმოდეს. მე და ირინა, ერთმანეთს რომ შევხედავთ, უკვე ვიცით, რა გვაქვს სათქმელი. მისი სახის გამომეტყველებით ვხვდები, როგორ გუნებაზეა, ბავშვებმა ხომ არ გააბრაზეს. ისიც მაშინვე გრძნობს, დაღლილი ვარ თუ რამეზე გულმოსული. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.
– წარმოიდგინეთ, რომ ერთ დილით იღვიძებთ და ქალად ქცეულხართ. რას გააკეთებდით?
– ვაიმე, თავს მოვიკლავდი! ან, მაშინ მოვკვდებოდი – გული გამისკდებოდა. ჩემს განვლილ ცხოვრებას რომ გადავხედავდი და მივხვდებოდი, რაც ამ ხნის განმავლობაში კაცობაში გამიკეთებია, ოხრად მრჩება, ვერ გადავიტანდი ამას.
ნინო წულუკიძე