კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წაართვეს მოსკოვში დავით კაკაბაძეს მნიშვნელოვანი გამოგონება© და რატომ წამოვიდა ის პარიზიდან, ჰოლივუდის ნაცვლად საქართველოში



მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მხატვარს – დავით კაკაბაძეს შარშან დაბადებიდან 120 წელი შეუსრულდა. რადგან იმ დროს „ცისფერ გალერეაში“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, დავით კაკაბაძის პერსონალური გამოფენა ახლო მომავალში იგეგმება.
დავით კაკაბაძის შვილმა – ამირ კაკაბაძემ მამის განვლილ ცხოვრებას ჩვენთან ერთად გადაავლო თვალი.
ამირ კაკაბაძე: დავით კაკაბაძე თავის თავზე ნაკლებად საუბრობდა, ამიტომაც მოკლე ავტობიოგრაფია ჰქონდა – მხოლოდ ციფრები, ანუ მნიშვნელოვანი თარიღები მის ცხოვრებაში... მისი მშობლები იყვნენ ნესტორ კაკაბაძე და ედუკი სანოძე. სამწუხაროდ, მამას მშობლები არ მახსოვს, რადგან 1925 წელს გარდაიცვალნენ... ეს კი არადა, მამაჩემიც ლანდად მახსოვს – რომ გარდაიცვალა, ათი წლის ვიყავი. მამა ბოლოს ავადმყოფობდა და დედაჩემის მამის სახლში გადავიდა ბოლო ორი წელი (დედაჩემის მამა ექიმი იყო). ჩვენ კი მამას სახლში, ზემელზე ვცხოვრობდით და სკოლაც – პირველი საშუალო სკოლა – იქ დავამთავრეთ. მამას ავადმყოფობის მიზეზი ნერვიულობა გახდა. 1948 წელს სამხატვრო აკადემიიდან გაათავისუფლეს. ორი წელი იავადმყოფა და გულის შეტევით გარდაიცვალა... თქვეს, თითქოს ფორმალისტია, პარიზში მუშაობდა და ახალგაზრდობას რყვნისო. ჩვენი ოჯახი გადასახლებას ძლივს გადაურჩა. მოსკოვიდან ჩამოსული კომისია სამხატვრო აკადემიაში შემოწმებაზე მივიდა. კომისიის თავმჯდომარე იგორ გარბარი იყო. მათ დავით კაკაბაძეს უთხრეს, თქვენ აფუჭებთ ახალგაზრდებს, რომლებიც ასე მიილტვიან ნათელი კომუნისტური მომავლისკენო (მე თავად მაქვს წაკითხული კომისიის დასკვნა). ჩვენი შესანიშნავი მხატვარი –  აპოლონ ქუთათელაძე სამხატვრო აკადემიაში დეკანი იყო და უთქვამს, ასე როგორ შეიძლება, დავითს ჩემს საათებს მივცემ, ოღონდ არ გაათავისუფლოთო... მოგეხსენებათ, ასეთი საქციელი იმ დროს, გმირობის ტოლფასი იყო. ასე მოიქცა სერგო ქობულაძეც. აპოლონ ქუთათელაძემ და სერგო ქობულაძემ ხმა აიმაღლეს დავითის დასაცავად, მაგრამ მამა მაინც გაათავისუფლეს აკადემიიდან.
– ამის შემდეგ როგორ გაგრძელდა დავით კაკაბაძის ცხოვრება და მოღვაწეობა?
– დავითმა ისიც არ იცოდა, ოჯახი როგორ ერჩინა. მე პატარა ვიყავი და ჩემი და სულ რაღაც სამი წლის. მამა მთავრობაში მივიდა და შესთავაზა, ხელფასი რომ მქონდეს ოჯახის სარჩენად, სადმე ფრანგულის მასწავლებლად მაინც ვიმუშავებო. მაგრამ, ნება არ მისცეს, როგორც გინდა, ისე იყავიო... შემდეგ ერევანში გააგზავნა წერილი. იქ თუ მასწავლებლად ამუშავებდნენ, ოჯახით აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას. საქართველოს კულტურის სამინისტროდან კი ერევანში წერილი გაგზავნეს, რომ დავით კაკაბაძისთვის იქაც აეკრძალათ, სადმე მასწავლებლად მუშაობა... დედაჩემს სამხატვრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული, ოპერაში ქართულ კაბებს აკეთებდნენ და იქ რაღაც ხელფასი ჰქონდა. მამა რომ აკადემიიდან გაათავისუფლეს, მეგობარმა, ლადო გრიგოლიამ ორი წიგნი მისცა გასაფორმებლად – პუშკინის თხზულებებს რაღაც მცირე ილუსტრაციები გაუკეთა. ეს მცირე შემოსავალი იყო და ამიტომაც, ძირითადად, ბებია-ბაბუა გვეხმარებოდა...
– ცოტა უკან დავბრუნდეთ და დავით კაკაბაძის პარიზში გატარებული წლები გავიხსენოთ.
– პარიზში დავითი 1919 წელს წავიდა. ჭიათურის მარგანეცსა და ტყიბულის ქვანახშირს ასოციაცია ჰქონდა და მათი დახმარებით მოახერხა წასვლა... ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი და ქეთევან მაღალაშვილი გააგზავნეს სტაჟირებაზე და ახალგაზრდა მხატვრებს პარიზში სტიპენდიას უხდიდნენ. 1921 წელს საქართველოში გადატრიალება მოხდა და ბოლშევიკებმა ამ მხატვრებს ფულის გადარიცხვა შეუწყვიტეს. ისინი მაინც დარჩნენ პარიზში 1927 წლამდე და თავის სარჩენად თავის ნამუშევრებს ყიდდნენ. პარიზში უკვე, გარკვეულწილად, ცნობილები იყვნენ. გამოფენაზე პიკასოს და სხვა ცნობილი მხატვრების გვერდით იყო გატანილი მათი ნახატები. პარიზში ანონიმური მხატვრების ასოციაცია იყო, რომლის წევრი მამაჩემიც გახლდათ და მათ გამოფენებში მონაწილეობდა. მაშინ კუბისტური მიმდინარეობა ძალიან გავრცელებული იყო და დავითიც დაინტერესდა ამ ხედვით.
– როგორც ვიცით, დავით კაკაბაძეს სამხატვრო აკადემია დამთავრებული არ ჰქონდა...
– დავითმა პარიზში წასვლამდე ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დამთავრა პეტერბურგში. მხატვრის დიპლომი კი არ ჰქონდა. პეტერბურგში ცხოვრობდა მეცენატი –  დიმიტრი კავკაზსკი, რომელსაც თავისი სამხატვრო სტუდია ჰქონდა. იგი იმ სტუდენტებს ასწავლიდა, ვისაც ხატვის სწავლა სურდა. დავითმა მასთან ისწავლა ხატვა, როგორც პროფესიონალმა...
– დავით კაკაბაძის სახელს მნიშვნელოვანი გამოგონებაც უკავშირდება.
– დიახ. რადგანაც მან ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა, ძალიან დაინტერესდა თანამედროვე კინემატოგრაფიით და ამ საკითხზე პარიზში დაიწყო მუშაობა. იმ პერიოდში სტერეო და უხმო კინო იყო გავრცელებული... სტერეო-კინოზე დარბაზში მაყურებელს სათვალეებს ურიგებდნენ, რადგან იმ სათვალით უფრო სიღრმის შთაბეჭდილება იქმნებოდა. დავითმა კი ისეთი ხელსაწყო გამოიგონა, სათვალე საჭირო აღარ იყო. ეს ძალიან დიდი გამოგონება იყო და მას პატენტი მისცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და ბელგიამ. 1927 წელს ერთ-ერთმა ფრანგმა ბიზნესმენმა დავითს უთხრა, კავშირი შევქმნათ – თქვენი შესანიშნავი გამოგონება, ჩემი ფინანსები და ჰოლივუდში წავიდეთო... ფრანგი ბიზნესმენი ძალიან მონდომებული იყო, რადგან გათვლილი ჰქონდა, რომ დიდ ფინანსურ მოგებას ნახავდა... დავითი არ დათანხმდა. იგი უკვე საქართველოში მოდიოდა, რადგან მამამისი უკვე ძალიან ავად იყო. საფრანგეთში არ იცოდნენ, რა საშინელება ხდებოდა აქ. დავითიც იმ სულისკვეთებით დაბრუნდა, რომ მთელ ჩამოტანილ „მასალას“ ანუ მარაგს, რაც საფრანგეთში მიიღო, საქართველოს მოახმარდა. სამხატვრო აკადემიაში თავად წავიდა და მეორე წელს მიიღეს, როგორც პედაგოგი... სტერეო-კინოს შესახებ მოსკოვში გააგზავნა წერილი, თავისი ნახაზებითა და პატარა მაკეტით... მათ გააცნო, ასეთი გამოგონება რომ ჰქონდა და დახმარებას ითხოვდა, საქართველოს კინოს ტექნოლოგიაში შესატანად. მოსკოვში წაართვეს ეს გამოგონება და შემოუთვალეს, თქვენამდე ეს გამოგონება ივანოვმა შექმნა და შეეშვით ამ საქმესო. დავითმა დასახმარებლად სტალინსაც მისწერა წერილი და ბერიასაც, მაგრამ უშედეგოდ. როდესაც ივანოვის ბროშურა გამოვიდა, დავითის ნამუშევარი ზუსტად იყო გადატანილი, მხოლოდ ტექსტი იყო რუსულ ენაზე. მამაზე ამ ფაქტმა საშინლად იმოქმედა და ჩვენი ოჯახის მეგობარს, მიხეილ ჭიაურელს მიმართა. მიხეილმა უთხრა, ჩემო საყვარელო დათიკო, შეეშვი ამ საქმეს, უარესს არ გადაეკიდოთო... მას მხედველობაში ჰქონდა გადასახლება და დაპატიმრება.
– საქართველოში დაბრუნებას არ ნანობდა?
– პარიზიდან რომ ჩამოვიდნენ, მთავრობამ მოსთხოვა, გამოფენა გაეკეთებინათ, რომ ვიცოდეთ, რას აკეთებდით პარიზშიო. (თითქოს მათ გაუშვეს სასწავლებლად). სურათები რომ წარმოადგინეს, მამაზე მაშინვე თქვეს, ბურჟუაზიული სტილის ნამუშევრები აქვსო. გამოფენის შემდეგ ფორმალისტი უწოდეს, მაგრამ აკადემიაში მაინც მიიღეს. სამხატვრო აკადემიაში 23 წელი მოღვაწეობდა – პროფესორის წოდებაც მისცეს... ვიდრე პეტერბურგში წავიდოდა, იმერეთის პეიზაჟი დახატა და მისი ბოლო სურათიც იმერეთზეა, 1944 წელს დახატული „წითელი მთა“. მთელი ცხოვრება იმერეთს ხატავდა. იმერეთი მისთვის სამშობლოში სამშობლო იყო. ერთ-ერთ ცნობილ სურათს, ბებიაჩემი რომ ზის და ქსოვს, ასე დაარქვა – იმერეთი-დედაჩემი. გაგიჟებით უყვარდა თავისი სამშობლო და იმერეთი. 1934 წელს რომ დაიწყო „პატარა იმერეთების“ ხატვა, იქ უკვე გეომეტრიული ხაზით აკეთებდა. ამაზე მთელი ამბავი ატყდა. რას გულისხმობთ, გლეხი მესაკუთრეა, ყველას თავისი მიწა რომ აქვსო?! უბრძანეს, არავითარი საკუთარი პატარ-პატარა მიწები არ უნდა ყოფილიყო ნახატებში... ბოლშევიკები რომ მოვიდნენ ყველაფერი ხომ საერთო გახადეს.
– შეკვეთით ხატავდა?
– კომუნისტები ვერ გაექცეოდნენ, დავით კაკაბაძე რომ კარგი მხატვარი იყო და რუსთავის ქარხანა დაახატვინეს (ამაში ჰონორარი გადაუხადეს). ექსპოზიციაშია ეს დიდი სურათი დაცული. დავითს დაახატვინეს, ასევე, ყაზბეგში მადნეულის დამუშავება, ფოთის პურის ელევატორი, რიონჰესი... იმერეთზე კი მუზეუმშია ერთი სურათი, სადაც მთაა, გეომეტრიული პატარ-პატარა მინდვრები და ქვევით ჩამწკრივებული მუშების მიტინგი... ამ სცენაზე კაცი გამოდის სიტყვით, ლენინის, სტალინისა და ბერიას პლაკატების ფონზე. ამ სურათს საინტერესო ისტორია აქვს: ხრუშჩოვმა სტალინის კულტი რომ მოსპო, სურათზე სტალინს შავი „ლატკა“ დაადეს. სტალინის შემდეგ ხომ ბერია მოსპეს და ბერიასაც შავი „ლატკა“ დაადეს... ამდენად, ახლა რომ სურათს ნახავთ, იქ მხოლოდ ლენინის პლაკატია შემორჩენილი.
– თეატრსა და კინოშიც ხომ მუშაობდა?
– დავითმა 1930-იან წლებში კოტე მარჯანიშვილთან სპექტაკლები გააფორმა. ქუთაისის თეატრშიც იმუშავა, მაგრამ ქუთაისის თეატრი დაიწვა და დავით კაკაბაძის ესკიზები განადგურდა. დახატა ნინოშვილის „გურია“, გააფორმა ოპერაში ბალეტი – „ამირანი“, რომლის ესკიზებიც შემონახული გვაქვს. კინოში მიიწვია რეჟისორმა პიპინაშვილმა და მან ფილმები – „დაკარგული სამოთხე“, „აკაკის აკვანი“ გააფორმა. უფლება მისცეს, რადგანაც „დაკარგულ სამოთხეში“ გაღლეტილი თავადაზნაურობა იყო ასახული, ნინოშვილის „გურიაც“ სიღატაკეს წარმოაჩენდა და ეს აწყობდათ. „იმერეთზე“ კი ამბობდნენ, რომ პატარ-პატარა მესაკუთრეები ჩვენთან არ არიანო.
– მუდმივ წნეხს განიცდიდა?
– დავითს ეშინოდა, როგორც სამხატვრო აკადემიიდან გამოგდებულ ფორმალისტს და მთელი პარიზის სურათები 1948 წელს სარდაფში გადამალა. ეს ნახატები 1953 წელს ამოვიტანეთ. კულტურის სამინისტროში შტატი შექმნეს, რომელი მხატვრის სახელოსნოში შეიძლებოდა ყოფილიყო ნებადართული ტურისტებისა და საინტერესო პიროვნებების მიყვანა... კულტურის სამინისტროს მიერ ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანისა და დავით კაკაბაძის სახელოსნოები შეირჩა. საინტერესო პიროვნებებს შორის, ჩვენთან იყო ცნობილი დრამატურგი არტურ მილერი თავის ცოლთან ერთად. მახსოვს, ჩვენი სახლის წინ ჩეკისტები იყვნენ ჩამწკრივებულნი გაზეთებით და უყურებდნენ, როდის გავიდოდნენ ჩვენთან მოსული სტუმრები ქუჩაში. სტუმრები რომ ქუჩაში გავიდნენ, მიყვებოდნენ ეს გაზეთიანი ხალხი პიჯაკებში, კოსტიუმებში, შლაპებით და უსმენდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთი ჩვენთან სახლში მოვიდა და თქვა, ხელოსანი ვარ, ელექტროგაყვანილობა უნდა შევამოწმოო...
– დავით კაკაბაძის ოჯახსაც ავიწროებდნენ?
– 1960 წელს სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და აპოლონ ქუთათელაძემ თავის კაბინეტში გამომიძახა. მასთან რომ შევედი, აპოლონმა მითხრა, ეს ბატონი უშიშროებიდან გახლავთ და დაილაპარაკეთო... (უშიშროების წარმომადგენელი აპოლონ ქუთათელაძეს კაბინეტში ეჯდა). მან მითხრა, ვიცი, გიჭირთ და მოგზაურობა, საფრანგეთში წასვლა, ლუვრის დათვალიერება – ეს ყველაფერი გექნებათ, ოღონდ შეკითხვების ნუსხას მოგცემთ და თქვენთან რომ უცხოელები მოდიან, დღიურების სახით მათი შთაბეჭდილებები დაგვიწერეთო... კვირაში ერთხელ ეს დღიური ცეკაში უნდა მიმეტანა და ეს „ადვილი სამსახური“ შემესრულებინა... ვიცოდი, რა ხალხთან მქონდა საქმე და მოვიმიზეზე, თითქოს მეხსიერებადაკარგული ვიყავი და წერის უნარი არ მქონდა. მათ კიდევ არაერთხელ გამომიძახეს, მაგრამ საბედნიეროდ, არაფერი გამოუვიდათ.
– ამდენი წინააღმდეგობის შემდეგ თქვენც მხატვრის პროფესია აირჩიეთ?
– დიახ. სამხატვრო აკადემია 1967 წელს დავამთავრე, შემდეგ ასპირანტურა – სერგო ქობულაძესთან, როგორც თეატრის მხატვარმა. შემომთავაზეს აკადემიაში მესწავლებინა, მაგრამ პედაგოგობის მოთხოვნილება არ მაქვს. წლების განმავლობაში სახლში ვხატავდი და გამოფენებში ვიღებდი მონაწილეობას... 60-იან წლებში რევაზ მირცხულავა გავიცანი და მარჯანიშვილის თეატრში „წმიდანები ჯოჯოხეთში“, კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“ და ვაჟა-ფშაველას ორი პოემა გავაფორმე... ასევე, გავაფორმე სპექტაკლები თუმანიშვილის თეატრში, რუსთაველისა და მუსკომედიის თეატრებში...
– დავით კაკაბაძის ოჯახში სხვა ქართველი მხატვრების ნახატები თუ ინახება?
– ლადო გუდიაშვილის პატარა სურათი და ფიროსმანის ნახატები გვაქვს. დავითმა ფიროსმანის ნახატები ძველ თბილისში იპოვა... ფიროსმანი „კლიონკაზე“ ხატავდა დუქნებში და მედუქნეები რულონებად ყიდულობდნენ. წლების განმავლობაში ფუჭდებოდა ეს „კლიონკა“ და მამაჩემმა სქელ ტილოზე დააწება, რომ არ დამსკდარიყო... დავითის გარდაცვალების შემდეგ, ძალიან რომ გაგვიჭირდა, ერთ-ერთი ნახატი გავყიდეთ.
– როგორც ვიცი, დავით კაკაბაძის ნახატები არ გაყიდულა...
– დიახ, დავითი პროდუქტიული მხატვარი არ იყო სხვა მხატვრებთან შედარებით და ბევრი ნახატი არ ჰქონდა... მისი 600-მდე სურათი „იმერეთი“ სახლში გვაქვს. ჩვენთან ერთხელ მოვიდა ჟურნალისტი – მელორ სტურუა და გვითხრა, ამერიკაში მაქვს ოფისი, ქართველი მხატვრების რეკლამას ვაკეთებ და დავითის სურათი მათხოვეთო... მას „იმერეთი“ გავატანეთ, რამდენიმე წელი ეკიდა ეს სურათი მის ოფისში და შემდეგ დაგვიბრუნა. 60 წლის განმავლობაში დავითის ნახატი მხოლოდ ორჯერ გავყიდეთ, ისიც ვიცოდით, რომ ძალიან კარგ ოჯახში მიჰქონდათ... დღემდე არ ვიცით, პარიზში ყოფნის დროს დავითმა რამდენი ნახატი გაყიდა. როცა პარიზში ჩავედი, მითხრეს, რომ ქართველთან – კედიას ოჯახში იყო მამას ნახატი, მაგრამ სამწუხაროდ, კედიამ კატეგორიული უარი განაცხადა, მათთან ოჯახში მივსულიყავი. დავითი ამ ნახატების გაყიდვით ირჩენდა პარიზში თავს. ცოტა ფულს ბაბუა უგზავნიდა. იგი სოფელ კუხში ცხოვრობდა და იქ მეურნეობა ჰქონდა. შემდეგ ბაბუა ქუთაისში გადასახლდა, ბორანი იყიდა და ხალხი გადაჰყავდა რიონზე...

скачать dle 11.3